"რიგითი ლაბაძის გადასარჩენად" - კვირის პალიტრა

"რიგითი ლაბაძის გადასარჩენად"

"ხალხს უკვირს, ეს რატომ გააკეთა უგულავამო"

ბუკიას ბაღში, წყლის სოკოსთან ახლოს, ცოტა ხნის წინ გაზეთების ჯიხური იდგა. გამვლელ-გამომვლელი გაზეთს ყიდულობდა. ისეთი კლიენტებიც ბევრი ჰყავდა ჯიხურს, გაზეთს რომ იქვე გადაიკითხავდნენ. ესენი, ძირითადად, ბუკიას ბაღის ყოველდღიური სტუმარი პენსიონერები იყვნენ. სარგებლობდნენ ჯიხურის მეპატრონე ნუნუ დეიდას კეთილგანწყობით, მიეყრდნობოდნენ ჯიხურის კედელს და იწყებოდა ახალი ამბების გარჩევა. ყველას უყვარდა ჯიხურის დიასახლისი ნუნუ ლაბაძე და დილას თურმე ბაღში ისე მიდიოდნენ, როგორც ნუნუსთან სტუმრად. ზოგი ნუნუ ფოსტალიონსაც კი ეძახდა თურმე, უთენია გარბის ჟურნალ-გაზეთების მოსატანადო.

ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ წარსულს ჩაჰბარდა. ერთ დილას ბაღში გამოსულ პენსიონერებს ჯიხური აღარ დახვდათ, ქალაქის მერიას აუღია, ეს ადგილი სარფიანია და იყიდება, ახალი მეპატრონე ახალ ჯიხურს დადგამს და გამყიდველიც ახალი ეყოლებაო. გაოცდნენ ბუკიელები,” ყველამ იცოდა, რომ ეს ადგილიც და ჯიხურიც ნუნუმ არცთუ დიდი ხნის წინ საკუთრებად დაიმტკიცა (ნუნუ ლაბაძისა და მისი ჯიხურის თავგადასავალი ერთხელ უკვე მოგითხროთ "კვირის პალიტრამ"), მაგრამ იმის გამო, რომ მერიას რაც შეიძლება მეტი ფულის მოხვეჭა სურს, მზად არის ხალხს კანონით დამტკიცებული საკუთრებაც კი წაართვას და მეორედ აყიდვინოს, თუ, რა თქმა უნდა, შესწვდებიან. ნუნუ ლაბაძე 7 წელი ქუჩაში ყიდდა ჟურნალ-გაზეთებს, მერე დანაზოგით ბუკიას ბაღში ჯიხური ჩადგა, სადაც მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებით ვაჭრობდა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში საკადასტრო რუკაზე ეს მიწის ნაკვეთი წითელი ხაზებით აღინიშნა იმის ნიშნად, რომ ამ ფართით სარგებლობის უფლება კანონიერად გადაეცა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს. ყველა გადასახადს კეთილსინდისიერად იხდიდა: მიწის იჯარის, ქონების გადასახადს და საშემოსავლოს. ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტიც კი გადაუხდია, მაგრამ...

ახლა ნუნუ დეიდა ქუჩაში დგას და ისევ ყიდის ჟურნალ-გაზეთებს. წინათ შვიდი საათისთვის მიდიოდა სადისტრიბუციო ქსელში ახალი ჟურნალ-გაზეთების წამოსაღებად, ახლა ერთი საათით ადრე უწევს, რომ მოასწროს პროდუქციის სახელდახელო დახლზე დაწყობა და მუშაობის დაწყება. ძალიან უჭირს ქუჩაში დგომა, - ონკოლოგიური დაავადება აქვს, რამდენიმე წლის წინ მკერდი მოჰკვეთეს. მაინც არ აპირებს დანებებას, ისევ ჩემი შრომით და პატიოსნებით გავიტან თავს, ოღონდ კანონმა იკანონოს და ყველაფერს შევძლებო, ამბობს ქალბატონი ნუნუ. ოჯახში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული მეუღლე და საოპერაციო შვილი ჰყავს, თირკმლის გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება.

ნუნუ ლაბაძე: - ჩემი ვაჟი 28 წლის არის, ექიმია, უმუშევარი. ოპერაციის საკითხი უნდა მოგვეგვარებინა დროულად. ახლა რას ვიზამთ, არ ვიცი. ამ ჯიხურის ამბებმა ყველაფერი თავდაყირა დაგვიყენა.

- თქვენი საშუალო შემოსავალი როგორია, რაზე გყოფნით, როდესაც ამდენი მკურნალობა გჭირდებათ ოჯახის ყველა წევრს?

- დღეში 10-15 ლარი მქონდა, მეუღლესაც მინიმალური ხელფასი აქვს, მაგრამ როგორღაც თავი გაგვქონდა.

ნუნუ დეიდა ხელებს ისრესს, იყინება. ახლა ძველ ნაცნობთაგან ვინმეს სთხოვს, ცოტა ხნით დარჩნენ გაზეთებთან და გასათბობად წავა.

- აქვე, კაფე "ნიკალაში" შევდივარ, ჩაის ვსვამ და ვთბები. მაგათაც ვეცოდები. მეხმარებიან უშურველად. ხალხს უკვირს, ეს რატომ გააკეთა უგულავამო? მეც მიკვირს, მაგრამ, ალბათ, ყველაფერი დალაგდება, მთავარია, ვინმე თაღლითი არ გადამეღობოს წინ, უკანონობამ არ შეუწყოს ხელი.

- რას გულისხმობთ?

- აქ ერთი გაიძახოდა, ჩემია ეს ბაღი, ყველაფერი მე მეკუთვნისო. შეიძლLება ახლაც გამოჩნდეს და თქვას, ჯიხური ჩემიაო, მაგრამ მე ყველაფერი კანონით მაქვს დამტკიცებული, კანონი კი, როგორც ვიცი, საქართველოს მოქალაქეებს იცავს. რა უნდა მერიას, უმუშევარი რომ დავრჩეთ? იცით, ჩემისთანა რამდენია? თუ იჯარის დაწესება უნდათ, დააწესონ, გადავიხდით, უარს არ ვამბობთ, მაგრამ არც ამაზე არიან თანახმა. ჩემისთანა ადამიანები კი ვერ გაუწევენ კონკურენციას იმ ხალხს, ვისაც უნდა, ასეთ ადგილებზე კვების პროდუქტებით სავაჭრო ჯიხურები დადგას და მზად არის, იჯარის სახით წელიწადში 19.000 ლარიც გადაიხადოს. მხოლოდ ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა ამხელა ფულს ვერ მოიტანს. ეს წლების გამოცდილებამ მასწავლა.

P.S. ბუკიას ბაღში მოსეირნე საზოგადოებასაც გავესაუბრე, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მზად არიან "რიგითი ლაბაძის გადასარჩენად".