კინწმარიშვილი ”მაესტრო 2”-ით იმუქრება
05-12-2011
ეროსი კიწმარიშვილი: "მე ჯერ დაბალი კოზირებითაც არ დამიწყია თამაში, ჩვეულებრივი კარტებით ვთამაშობ"

"ბიძინა ივანიშვილისგან
ან გოგელიასგან დაიმედებულები, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მომტეხონ!"

"რაც ზემოთ ვარ, ორი იმდენი მიწის ქვემოთ ვარ, ღლონტისგან განსხვავებით მე ქვემოთ გავიზარდე, რაღაც-რაღაცები კიდევ მაქვს შემონახული"

"ამ ერთლარიან გარიგებაში პირობებს მე დავაყენებდი"

მამუკა ღლონტი:"იქ ვირთხასავით რომ ზის და ეს ცირკი რომ მოაწყო, არ შეიძლებოდა ყველაფერი სასამართლოში გაერკვია?"


საქართველოში მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა უკვე წესად დამკვიდრდა. საკმარისია, პოლიტიკურ
რინგზე ორი დაპირისპირებული ძალა ერთმანეთს შეეჭიდოს, მედია უკვე თავდასხმის საფრთხის წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ყველაზე მშვიდად წინა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა, რადგან მაშინ "ბურთიც, მოედანიც და ელექტრონული მედიაც" ხელისუფლების კონტროლქვეშ უბრძოლველად აღმოჩნდა. გაცილებით რთული იყო სხვა წინასაარჩევნო პერიოდები, მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილსა და მიხეილ სააკაშვილს
შორის ორთაბრძოლას "იმედის" დარბევა და მფლობელისთვის მისი წართმევა მოჰყვა. ახლა კი ისტორიულად მნიშვნელოვანი არჩევნების წელი გვიახლოვდება და მედიასთან ბრძოლა გაძლიერდა. ჯერ იყო და, პრესის ჯიხურებზე განახლდა შეტევა და ის მაინც გაირკვა, ვინ ვის და რატომ ებრძოდა. ქალაქის მერის ფანდები ბეჭდური პროდუქციის გამავრცელებლების შესაზღუდავად ახალი არ არის. აი, "მაესტროში" კი შედარებით რთული ვითარება შეიქმნა, - შედეგი იგივეა, ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ ეძლევათ, თუმცა კი საფუძველი "მაესტროს" დამფუძნებლებსა და მართვის კომპანიას შორის კონფლიქტია. არის თუ არა ხელისუფლება მხოლოდ სეირის მაყურებელი? - ამ კითხვას "მაესტროს" გულშემატკივრებმა კიწმარიშვილისთვის მიძღვნილი სლოგანით უპასუხეს: "მიშას უნდოდა დაესწრო, შენ დაარბიე "მაესტრო"!. როცა კიწმარიშვილი "საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში" (როგორც ამბობს) შენობაში გამაგრდა, ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია დატოვეს და ძირითადი გადაცემები რადიო "მაესტროდან" გადაიცა.

როცა კონფლიქტი ძალზე გამწვავდა, გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც რატომღაც "მაესტროს" ტერიტორიაზე დამფუძნებლების შეშვება "ვერ მოახერხა". ყოველივე ამის თაობაზე რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა: პირველი - კიწმარიშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდა; მეორე - მან უნებლიეთ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი; მესამე - დამფუძნებლები მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდნენ, კიწმარიშვილმა ჩათვალა, რომ ამით დიდ თანხას დაკარგავდა და ღობეზე გადაძრომის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.

თეა სიჭინავა:
- არ გავაკეთებ ისეთ შეფასებას, რამაც შეიძLლება ჩემი პროფესიული ინტერესი დააზიანოს, იმიტომ, რომ სუბიექტური ვიქნები. ჩემთვის მთავარია სარედაქციო დამოუკიდებლობა, რასაც იმ ისტერიაში, ტელეკომპანია "მაესტროს" შენობაში რომ დაიწყო, ვერ შევინარჩუნებდით. კიწმარიშვილმა უნდა თქვას, რამ აიძულა ეს გაეკეთებინა. ის შენობაში შევიდა იმ პირებთან ერთად, რომლებიც "მაესტროს" თანამშრომლები არ იყვნენ. მე მხოლოდ ერთი რამით ვარ დაინტერესებული, - მუშაობაში ხელი არავინ შემიშალოს. რასაკვირველია, აზროვნების უნარი მაქვს და შემიძლია დასკვნის გამოტანა, რომელზეც საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ.

შალვა რამიშვილი:
- ვითარება იმიტომ გამწვავდა, რომ კიწმარიშვილს პრეტენზიები ჰქონდა დამფუძნებლებსა და მენეჯერებთან, რისი დაკმაყოფილებაც ნორმალურ ვითარებაში ვერ მოხერხდა. ჩემი აზრით, კიწმარიშვილმა  უკადრისი რამ ჩაიდინა, - "მაესტროს" ღობეზე გადაძვრა, ღობის აქეთ კი მთელი ტელევიზია აღმოჩნდა.

- იყო თუ არა ეს განპირობებული იმის შიშით, რომ დამფუძნებლები მასთან კონტრაქტს გაწყვეტდნენ?
- კონტრაქტის გაწყვეტას არავინ აპირებდა. როგორც ვიცი, ერთი წლის განმავლობაში მაინც!

- ე. ი. კიწმარიშვილმა ხელისუფლების თამაში ითამაშა?
- ამის თაობაზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ არ მინდა ლაპარაკი. ეს ფინანსური დავაა... კიწმარიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ღობეზე არ უნდა გადამძვრალიყო.

- "ნაციონალური არხების" ჟურნალისტები თუ გიცხადებენ სოლიდარობას?

- "ნაციონალურ არხებზე" ჟურნალისტები არ მუშაობენ.

ეროსი კიწმარიშვილის "რუსთავის მართვის კომპანია", რომელსაც "მაესტროს" დამფუძნებლებმა უკვე გაუწყვიტეს კონტრაქტი, დანებებას არ აპირებს. კიწმარიშვილი "მაესტროს" მაუწყებლობის აღდგენას უახლოეს მომავალში აპირებს და აცხადებს, რომ ყველაფერი წინ არის.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც "მაესტროს" ადვოკატებმა კიწმარიშვილის  მართვის კომპანიას წერილი გაუგზავნეს და აუწყეს, რომ მასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდნენ, თუ დათქმულ ვადაში არ შეასრულებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ ფინანსურ პირობებს. "მაესტროს" დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ  რუსთავის მართვის კომპანია ვალებს არ იხდიდა, რის გამოც "მაესტრო" უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეროსი კიწმარიშვილს ამ საკითხზე სხვა მოსაზრებები აქვს და "მაესტროში" არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
თავის მხრივ, ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში "მაესტრო" (ალბათ, "მაესტრო-2") გავა ეთერში.

რა მოხდა "მაესტროში", ჯერჯერობით, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ... ცხადი ის არის, რომ მონასტერი მას შემდეგ აირია, რაც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიის ყიდვის სურვილი გამოთქვა.  მართალია, "მაესტროში" კიწმარიშვილს წილი არა აქვს, მაგრამ მმართველ კომპანიასა და "მაესტროს" შორის გაფორმებულ კონტრაქტში მითითებულია, რომ თუ კონტრაქტის მოქმედებისას "მაესტროს" 51%-ს ზემოთ წილი გაიყიდება, მაშინ მმართველ კომპანიას მიღებული თანხიდან 25% ეკუთვნის.

დიმიტრი გაბუნია,
"მაესტროს" ადვოკატი: - მართვის კომპანიასთან დაახლოებით ერთი თვის წინ დავიწყეთ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა. მმართველი კომპანია არ იხდიდა დავალიანებებს, ხელფასს, კომუნალური ხარჯებს; მას "მაესტროს" პარტნიორი "ტურსათისთვისაც"  (რომელიც სატელიტზე "მაესტროს" მაუწყებლობას უზრუნველყოფს) არ გადაუხდია დავალიანება. დავალიანება დაგვიგროვდა ტელეკომპანია "მირთანაც", რის გამოც მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გვიჩივლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წერილობით შევატყობინეთ. 5 დეკემბერს დადგენილი ხელშეკრულებითა და ჩემ მიერ მიცემული ვადა გადიოდა და კიწმარიშვილმა პროვოკაცია მოაწყო, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა შეეფერხებინა. მართალია, პროვოკაციას ველოდით,  მაგრამ თუ ღობეზე გადაძვრებოდა "მაესტროს" ოკუპაციის მიზნით, ვერ წარმოვიდგენდით.
ეროსი კიწმარიშვილი: - მმართველმა კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ  წლის განმავლობაში ორმილიონ-ნახევარ დოლარს მოიზიდავდა. პირობები შარშან, დეკემბერ-იანვარში შეიცვალა, როცა ბექაურმა და ღლონტმა აჯანყება მოაწყვეს. ამის შემდეგ შემუშავდა ახალი საინვესტიციო გეგმა, რომელიც ზედმიწევნით შესრულდა. შედარების აქტი და შეთანხმებაც არსებობს. ჩვენ არათუ ვალდებულებები არ გვქონდა შესრულებული, არამედ წინმსწრებად ერთი მილიონი გვქონდა დახარჯული, მაგრამ ეს თანხა არ ჩანს.

- რას ნიშნავს "არ ჩანს"?

- ეს ნიშნავს, რომ თანხა მიღებული აქვთ, მაგრამ სად წაიღეს, არ ჩანს. პრეტენზიების წამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. მომწერეს აბსურდული წერილი, თითქოს არ ვასრულებდი ვალდებულებებს, არ გაქვთ გადახდილი დავალიანება, რომელიც თქვენ შექმენითო და ა. შ. ამას მწერდა ჩემი დანიშნული დირექტორი, ილია(ბაჩო) კიკაბიძე. რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის - შენატანებზეც. ყველა დავალიანება, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, მათი დასაფარია, ანუ იმ დირექტორის, რომელიც ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

- ტელეკომპანიის მართვა ხომ თქვენს კომპანიას ევალებოდა?
- "მაესტროში" დირექტორად კიკაბიძე სწორედ იმიტომ დავნიშნე, რომ კომპანია ემართა. სწორედ ის წარმოადგენს ჩემს ინტერესებს "მაესტროში", მათ შორის - დამფუძნებლებთან ურთიერთობაშიც. უცბად კი მოხდა საოცრება და ამ ჩემმა დანიშნულმა კაცმა აქეთ წამომიყენა პრეტენზია, ჩაატარა ტრიუკი და ახლა დამფუძნებლები მეუბნებიან, შენ რომ ფული მოიტანე, არ იყო საკმარისი, ჩვენ ვალები გვაქვს გადასახდელიო. პასუხად მივწერე, რომ არანაირი დავალიანება არ მქონდა, მაგრამ მზად ვიყავი, განმეხილა წინადადება დავალიანებების დაფარვაზე, მაგრამ კონკრეტული პირობებით. მზად ვიყავი, გადამეხადა ეს თანხა, თუ მომავალი თვეების შესრულებაში ჩაითვლებოდა. მე გადავიხდიდი, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო უპირობოდ მისატანი ფული. ამათ კი უნდოდათ, მე დავალიანება დამეფარა და  მერე გაეწყვიტათ კონტრაქტი უკვე სხვა მიზეზით. სინამდვილეში, იცით, რა მოხდა?  ივანიშვილთან შეხვედრის შემდგომ დამფუძნებლებმა ისტერიულად დაიწყეს რეკვა ყველასთან, ვისთანაც დავალიანება ჰქონდათ, სთხოვდნენ, სასწრაფოდ მოგვთხოვეთ დავალიანება, ვალი დაგვადეთ ერთიანადო. კიკაბიძემ მითხრა, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს, ვალები გვახრჩობს, ვიღუპებითო. გამიკვირდა, რა ვალები-მეთქი? "როიტერმა" თქვა, რესივერს წაიღებს და სერვისს გათიშავსო. "როიტერის" დისტრიბუციის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია. დავურეკე, ნუ დამახრჩობ, ვალის რესტრუქტურიზაცია გამიკეთე-მეთქი. სიცილით მოკვდა, ასეთი რამ ჩვენ არ მოგვითხოვიაო.

- "მირმა" რომ დავალიანების გამო მოსკოვის სასამართლოში გიჩივლათ?

- "მირმა" რომ იჩივლა, ამის მერე მიმოწერა დაიწყო. ამ თანხის გადახდა პრობლემა არ არის, მაგრამ კონკრეტული პირობის მიღება იყო საჭირო... ეს პრეტენზიები ერთ მიზანს ემსახურებოდა: ბიძინა ივანიშვილისგან ან გოგელიასგან დაიმედებულები,
ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მომტეხონ!

არადა, არხი მე შევქმენი, კონცეფცია, ვიზუალური მხარე,  ცოდნა, რომელიც  მქონდა და რომელიც მანამდე არც დასიზმრებიათ, მივეცი, ფული სახლიდან მოვიტანე, ჩემი უძვირფასესი ნივთი გავყიდე, რომ ეს ტელევიზია გადამერჩინა. ამ ტელევიზიისგან ფული არ მინდოდა, მაგრამ ამიერიდან რასაც გავაკეთებ, იქნება სასჯელი მათთვის, ვისაც ჩემი გადაგდება მოუვიდა თავში. იფიქრეს, მოდი, ეროსი გადავაგდოთ ისე, რომ მადლობაც არ ვუთხრათ და ტერორისტად გამოვაცხადოთო. აი, ამისთვის დავსჯი ამ ხალხს! ამას საჯაროდ ვპირდები, მაშინაც კი, თუ არბიტრი მოსყიდული იქნება.

- ვის დასჯით, ამ ხალხს თუ ობიექტურ მედიას, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირს?

- ეს ძალიან დააზარალებს მედიას, მაგრამ გურული ანეკდოტისა არ იყოს, მე დევიწყე, ნენა? ის აგრესია, რაც დაიწყეს, კლასიკური ბიზნესსვლაა. მომეწონა ეს ძალიან საინტერესო სვლა და მივიღე კიდეც, მაგრამ თავზე არავის დავისვამ, არც ბიძინა ივანიშვილს! რაც ზემოთ ვარ, ორი იმდენი მიწის ქვემოთ ვარ, ღლონტისგან განსხვავებით მე ქვემოთ გავიზარდე, რაღაც-რაღაცები კიდევ მაქვს შემონახული. ამ პროცესს მე მოვიგებ! მაგრამ მოვიგებ ისე, რომ მოიგოს ქართულმა მედიამ. ვირეშმაკობა ჩემთან არავის გაუვა. ამ ამბების დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ლევან გაჩეჩილაძის ძმა, გია გაჩეჩილაძე, რომელიც ამ შემთხვევაში საზოგადოდ  გაჩეჩილაძეებს წარმოადგენს, თავისი 25%-იანი წილის გასაყიდად დარბოდა. მაგრამ საჯარო რეესტრის შეთანხმებით გაყიდვის უფლება არ ჰქონდა. თუ ოდესმე გადაწყვეტდა გაყიდვას, იმ თანხად უნდა გაეყიდა, რა თანხადაც შეიძინა.

- იურიდიულად მას წილი არ გაუყიდია, არამედ მართვის უფლებით გადასცა ბაჩო კიკაბიძეს.
- ეს თაღლითური გარიგებაა. სინამდვილეში, ამის უკან შეთანხმება იდგა, მან წილი გაყიდა. ეს დანამდვილებით ვიცი, რადგან ამ გარიგებაზე საუბრისას მას ჩემმა მეგობარმა შესთავაზა ფასი, რომელიც მის მოლოდინს იმ მომენტისათვის ბევრად აღემატებოდა. თუმცა, რეაგირება ამ წინადადებაზე არ მოუხდენია, რადგან უკეთესი შეთავაზება მიიღო.

- ვინ არის ეს თქვენი "ახლობელი", ოქრუაშვილი?

- ამას არა აქვს მნიშვნელობა.

- თუ წილის ყიდვა სხვისთვის არ შეიძლებოდა, თქვენი ახლობლისთვის დასაშვები იყო?

- სწორედ იმიტომ ვაკეთებდი ამას, რომ ვიცოდი, ვისთან და რასთან მქონდა საქმე, ვიცოდი, რაზე იყო ლაპარაკი. რა არ მოვიმოქმედე, ბიძინა ივანიშვილი დამერწმუნებინა, რომ ჩემი და მისი სწორი ურთიერთობა იყო და არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში მაღალრეიტინგული ობიექტური ტელევიზია შექმნილიყო.

- მახსოვს, ამბობდით, ერთ ლარად მივყიდი ივანიშვილს ტელევიზიასო.
- აბსოლუტურად სერიოზულად ვთქვი. ეს ვთქვი, მაგრამ ეშმაკი დეტალებში იმალება. ეს წინადადება მთავრდებოდა იმით, რომ ერთ ლარად  მივყიდდი "მაესტროს" მენეჯმენტთან საინვესტიციო ვალდებულებების შეთანხმების პირობით. არხის ყიდვის შემთხვევაშიც კი ივანიშვილი ვერაფერს მიიღებდა ამ არხისაგან, გარდა წილისა. ის ვერ მართავდა არხს. იყო მეორე გზაც, - უნდა ეყიდა მართვა იმ პირობებით, რომელთაც მე წამოვაყენებდი. კი ბატონო, ყოფილიყო ერთი ლარი, მაგრამ ამ ერთლარიან გარიგებაში პირობებს მე დავაყენებდი. მაგრამ პირობებს არ დავაყენებდი მაშინ, თუკი ივანიშვილი გადაიხდიდა იმ თანხას, რაც ღირს ჩემი კონტრაქტი ამ კომპანიასთან.

- რა ღირს თქვენი კონტრაქტი?

- რა ღირს და რას გადაიხდიდა ივანიშვილი, ესეც პირობა იყო... ამ ტელევიზიას აქვს შანსი, იყოს ობიექტური ტელევიზია, ოღონდ ახლა პრობლემა ის არის, რომ მოედანზე გამოვიდა კიდევ ერთი მოთამაშე - მიხეილ სააკაშვილი. მანამდე ჩვენ შეგვეძლო ეს საკითხი გადაგვეწყვიტა. ახლა სააკაშვილი ჩადგა ჩვენ შორის და არბიტრის ფუნქცია იკისრა. ეს კატასტროფაა და ეს გააკეთა ბიძინამ, - გამოუცდელი, სრულიად უმწეო და ინფალტილური დამფუძნებლები აცდუნა. ძალიან ძნელია მილიარდერთან ურთიერთობა, თუ გამოუცდელი ხარ. ბურჟუაზიული ყოფითი ელემენტები თუ არ იცი, წარმატებას ვერ მიაღწევ ბურჟუაზიულ ყოფაში. ვერ მოუგებ ოპონენტს. წარმატებას რომ მიაღწიო, სანამ ივანიშვილთან ურთიერთობას დაიწყებ, ის რა ღვინოსაც სვამს, გასინჯული მაინც უნდა გქონდეს.  უნდა იცოდე, "შატო მარგო", "სანსერი", "ბრუნელი" რა გემოსია, რომ აბაზანაში დაწურული ღვინო არ მოგეჩვენოს მირონად. ჩემი და ღლონტის მამები უახლოესი მეგობრები იყვნენ, ისე, რომ ერთმანეთთან თავიანთ საცოლეებსაც ათანხმებდნენ. ღლონტს კომპლექსები აქვს, მე მას ყველაფერი გავუკეთე, რომ კუთხეში მიმეყენებინა და დავანახე, რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ მას მოსწევს საშინელებას. ღლონტის ზღვარი "ამტანია".

- "მაესტრომ" გაავრცელა ვიდეოფირი, სადაც თქვენ ტელეფონით ანგარიშს აბარებთ თანამოსაუბრეს.
- ეგ სატელეფონო საუბარი ხომ ანეკდოტია! რა ან რისი მტკიცებულებაა, ვერ გავიგე.

- ვის ელაპარაკებოდით?

- ჯერ ისაა საკითხავი, რას ვლაპარაკობდი, ხოლო ვის ველაპარაკებოდი, არავის საქმე არ არის, ეს გასაღების ჭუჭრუტანაში ჭვრიტინს ნიშნავს...
ყველაფერი გამზადებული მაქვს, კიდევ უამრავი სვლა მაქვს. მე ჯერ დაბალი კოზირებითაც არ დამიწყია თამაში, ჩვეულებრივი კარტებით ვთამაშობ.

- მარეგულირებელმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ "მაესტროს" ლიცენზია თქვენ არ გეკუთვნით.
- მარეგულირებლის განცხადებაში არ წერია, რომ ეთერში გასვლის  უფლება არა მაქვს. იქ წერია, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია. მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ ლიცენზია ჩემი საკუთრება არ არის. დიახ, ლიცენზია არ არის ჩემი. არც ის უთქვამთ, რომ ლიცენზია უნდა გამოართვან ღლონტს და მე მომცენ, მაგრამ მე ეთერში გავალ.

- ერთ ლიცენზიაზე ორი მაუწყებლობა როგორ წარმოგიდგენიათ, "მაესტრო 2" გავა ეთერში?

- დანარჩენი დეტალებია, წინასწარ არაფერს ვიტყვი. კოხტად და ლამაზად გავალ ეთერში. 2012 წლის ბოლომდე "მაესტროს" არ დავტოვებ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ "მაესტროს" ჟურნალისტები თქვენს "მაესტროში" დაბრუნდებიან?

- მე ვიცი, რას ვაკეთებ და  რას ვამბობ. ჩემსა და ღლონტის გაკეთებულ ტელევიზიებს შორის რა განსხვავება იქნება, ეს ხომ იცის ყველამ? ერთადერთი ხელის შემშლელი მიშა სააკაშვილია, მიშა, სავარაუდოდ, ძალიან ცუდ თამაშს ითამაშებს.
დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარების რესურსი მას აქვს და არა მამუკა ღლონტს.

ჩვენ ვესაუბრეთ მამუკა ღლონტსაც:

- ეროსი კიწმარიშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება პირნათლად აქვს შესრულებული.
- მე უკვე აღარა ვარ "მაესტროს" გენერალური პროდიუსერი, ამიტომ ზედმეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. თუ ვალდებულებები შესრულებული აქვს, სასამართლოს მიმართოს.

- უკვე იჩივლა.
- ძალიან კარგი... იქ ვირთხასავით რომ ზის და ეს ცირკი რომ მოაწყო, არ შეიძლებოდა ყველაფერი სასამართლოში გაერკვია?
იცით, რა მაკვირვებს? რომ დაუჩემებიათ, როგორ მივიდნენ ამ ზომამდე ღლონტი და კიწმარიშვილიო, კი მაგრამ, მე ავიღე შტურმით შენობა? მე გადავძვერი ღობეზე? მაგ კაცს სინდის-ნამუსი არა აქვს, რომ გაიძახის, "მაესტროს" წინსვლა მინდოდაო, მაშინ რატომ დაუბრუნა სამშენებლო კომპანია "რედიქსს" "მაესტროსათვის" აღებული ოფისი, რომელსაც 6 თვე ვარემონტებთ?
იმ ახალი ოფისის ფული ჩვენ გადავიხადეთ. რაც ეგ შემოვიდა, იმდენი ვალი დააგროვა, რომ არხი კატასტროფის პირას მიიყვანა.

- კიწმარიშვილი ამბობს, რომ თქვენ მისი "მოტეხა" გინდოდათ, რადგან ივანიშვილისთვის უნდა მიგეყიდათ ტელევიზია.
- დავიღალე ამ აბსურდებზე პასუხის გაცემით. არ გაიყიდება "მაესტრო", არა! ამ კრიზისიდან რომ გამოვსულიყავით, თანახმა ვიყავი, მიუხედავად დავალიანებისა, აღდგენილიყო სტატუს კვო, - ანუ კიწმარიშვილის კომპანიას დარჩენოდა ძველი უფლებები. ეს შევთავაზე მოლაპარაკებისას ეროსის, მაგრამ თქვა, დათმობა არ იქნებაო. ეს იყო სააკაშვილისა და ოქრუაშვილის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია "მაესტროს" დასახურავად. "იმედივით" სპეცრაზმით ვეღარ შემოცვივდებოდნენ "მაესტროში" და ეს გზა გამოძებნეს.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ესაუბრეთ ივანიშვილს "მაესტროს" ფინანსურ გასაჭირზე. ბიძინა ივანიშვილისაგან ფული მიიღეთ?

- არა, ბატონო, არც ერთი თეთრი არ მიმიღია მისგან. თუ ფულს მომცემს, აუცილებლად მივიღებ. ფულს მიხეილ სააკაშვილისაგანაც მივიღებ.

ბატონო მიშა, მოიტანეთ "მაესტროში" "ნაციონალური მოძრაობის" რეკლამა!

ის, ვინც თავისიანებს გაურბის, დიდხანს მოუწევს სირბილი
პლავტიუსი

ხათუნა პაიჭაძე
ეკა ასათიანი


kokorina
10 დეკემბერი 2011 21:33
რატომღაც მგონია,რომ ეს "დაპირისპირება" ბლეფია და მეტი არაფერი.რაღაცის გამო დადგეს ეს სცენარი,რათქმაუნდა შეთანხმებულად.
sesisesi
09 დეკემბერი 2011 19:14
ზალიან ბევრი ადამიანია ეროსის მხარეს! გია ხუხაშვილს კიდე უკეთესია სახეზე არ ეცეროს შეცვლილი სიტუაციის პრასვეტები!
sesisesi
09 დეკემბერი 2011 19:11
რას მოდექით ყველა ეროსის...გარიყვა რომ მოუნდომეს და მიჩმორება...ვერ მოუტრიალდა ვებხვივით? ყოჩაგ ეროსი ! მართალი ხარ და იცოდე ამ Yველაპრიდან გაცილებით სიმპატიურად გამოიყურები! აბა ჩაციხვლას ჩუმად შეხვდებოდა ბლოკი რომ შეუკრეს ?

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?