მაჯაზე ამოტვიფრული მამის წერილი - კვირის პალიტრა

მაჯაზე ამოტვიფრული მამის წერილი

"იქნებ მამა მაპოვნინოთ..."

25 წლის რუსი გოგონა ქართველ მამას, ნიკოლოზ ხურცილავას დაეძებს

ყველაფერი იწყებოდა უბრალოდ... სხვანაირად ვერც მე დავიწყებ. იყო სოფლად ძალიან ლამაზი ეზოები მაგნოლიებით, დაფნებით, აკაციებით დაჩრდილული... ამ დაჩრდილულ ეზოებში იდგა ლამაზი სახლები, აივანზე ჯოხის ცხენებით დარბოდნენ პატარა ბიჭები. მერე ეს ბიჭები იზრდებოდნენ, სხვის მოსაჩვენებლად დინჯდებოდნენ, სინამდვილეში ძარღვებში სისხლი უდუღდათ და თვალხატულა ასულების დანახვაზე გულში ჩიტები უჭიკჭიკებდათ. მერე ბიჭებს გადახოტრავდნენ თავებს, აცმევდნენ საბჭოთა ჯარისკაცის ფორმას, ჩასვამდნენ მატარებლებში და  წაიყვანდნენ ცივი ქალაქების ცივ ყაზარმებში...

უკან რჩებოდა დაჩრდილული ეზოები, ლამაზი სახლები, კოხტა გოგონები. გულში კი - დარდი. დარდს გაფანტვა უნდოდა, აბა, რა დარდს აიტანდა მათი ასაკი? ჰოდა, ფანტავდნენ კიდეც - ცივ ქალაქებში მოულოდნელად გამოჩნდებოდა თბილი გოგონა და... იბადებოდა ახალი სიცოცხლე.

მერე? მერე რა გითხრათ, თქვენც ხომ გაგიგიათ ასეთი ამბები თავისი გაგრძელებებით? თუ არ გაგიგიათ, ჩვენ  გიამბობთ. გიამბობთ, როგორ ეძებს ერთი მშვენიერი გოგო ასეთი ბიჭებიდან ერთ-ერთს. ვინ არის ეს გოგო? რა გითხრათ, პირადად არ ვიცნობთ, მაგრამ მას ქართული სისხლი აქვს და ერთი სული აქვს, როდის ნახავ მამას, რომელსაც 25 წელიწადია ელოდება. სამაგიეროდ, მამის ერთადერთ წერილს და ფოტოს სულ თან დაატარებს და როგორც კი ქართველს გადაეყარა, შეევედრა, - ამ წერილში რა წერია, მითარგმნეთო! ამ უკანასკნელმა გაკვირვებულმა შეხედა, გაყვითლებული ფურცელი ჩამოართვა და წაუკითხა: "იმის მიუხედავად, რომ არასოდეს მინახიხარ, შენ მუდამ ჩემს გულში ხარ...".

ახლა იმასაც გეტყვით, რომ ქალი, რომელმაც ეს წერილი წაიკითხა, უცხოეთში ცხოვრობს და ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველია. მეტიც, "კვირის პალიტრის" საიტზე ქვეყნის ტკივილსა თუ სიხარულს გულმხურვალე კომენტარებით ეხმაურება, უცხოეთში ხომ ათასობით ქართველი ქალი მუშაობს, რომ სამშობლოში შვილებს ლუკმაპური არ მოაკლოს... მოკლედ, ეს ჩვენი მეგობარი ოლღა ხარშილაძე შვილის ტოლა გაფითრებულ გოგონას რომ დააკვირდა, შეკრთა: - მიამბე, შვილო, რა გაწუხებსო. იმანაც, ისეთი რამ უამბო, ლამაზი სოფლითა და ჯარში გაწვეული პირტიტველა ბიჭებით რომ იწყებოდა... დაბოლოს, ფურცელზე ის მონაცემები ჩამოუწერა, რამაც შესაძლოა მამა აპოვნინოს.

მაშ ასე:

ოლგას დედა: ტატიანა სერგეევნა სემანოვსკაია. უკრაინა, ნოვი ვუკი. ეროვნებით რუსი. ამჟამად მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად იტალიაში ცხოვრობს.

ოლგას მამა: ნიკოლოზ (მეორე სახელი ზაური) მიხეილის ძე ხურცილავა. დაბადებული აფხაზეთის დაბა დრანდაში (თბილისის გზატკეცილი #427).

ოლგას დაბადება: 25. 07. 1986 წელი.

საერთო ნაცნობი: ვინმე ნუგზარ სამუშია, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.

...ხომ მართლაც სევდიანი ამბავია? ჩვენც გული მოგვეწურა და ქალბატონ ოლღა ხარშილაძეს დავუკავშირდით.

- როდესაც გოგონამ წერილის თარგმნა მთხოვა, გავოცდი. ოლგა წლებია ამ წერილს  სათუთად დაატარებს და მიკვირს, როგორ ვერ მოახერხა გაეგო, რა მისწერა მამამ. როცა ვუთარგმნე, აცრემლებული გამშორდა, ცოტა ხანში მობრუნდა და მაჯა გამომიშვირა. ცუდად გავხდი - არ მომწონს ტატუ, მით უფრო გოგონასთვის, მაგრამ წარწერას რომ დავხედე, კინაღამ მუხლი მომეკვეთა, იქაც ის დაეწერა, რაც მათარგმნინა...

მამის ფოტოც განძივით ჩამაბარა. ვუთხარი, ბევრს ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ შენს ამბავს იმ გაზეთის რედაქციას შევატყობინებ, რომელსაც ყველა კითხულობს, მათ შეუძლიათ, დაგეხმარონ-მეთქი. ხომ დაეხმარებით?

- რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ის გვადარდებს, რომ ოლგას მამა დრანდელია. ვინ იცის, სად გაიფანტა იქაური ქართველობა.

- ეგ ოლგასაც ადარდებს. ერთხელ ვიღაცას შეუტყობინებია, - მამაშენს ძმა მოუკვდა და ძმისშვილები შეიფარაო, ამიტომ იმედი მისცემია, ესე იგი, დრანდიდან მანამ გამოაღწია, სანამ იქაურობას გადაწვავდნენო. ახლა იმედი აქვს, რომ მამამისი ცოცხალია, უბრალოდ, არ იცის, როგორ შეეხმიანოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც ეძებს, თუ  ცოცხალი აღარ არის.

- გამაოგნებელია.

- ჰო. და კიდევ... ოლგა ძალიან ლამაზია, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას.

... მერე ჩვენმა მეგობარმა გოგონაც მოგვაძებნინა, - ხომ იცით, როგორ "დამოკლდა" დედამიწა და ოლგას ტელეფონით ვესაუბრე. ისიც ღელავდა და მეც. სწორედ ამიტომ საუბარი ხანმოკლე იყო:

- რას განიცდი, როცა 25 წლის უნახავ მამაზე ფიქრობ?

- არასოდეს მიფიქრია, რა სახელი დავარქვა ჩემს განცდებს. უბრალოდ მინდა მამა ვიპოვო და მორჩა, მისგან სხვას არაფერს ვითხოვ. იქნებ მამა მაპოვნინოთ.

- დედა თანახმაა? მან ხომ ისე გაგზარდა, მამაშენი ერთხელაც არ დახმარებია.

- მე კარგი დედა მყავს, თანახმაა. მითხრა, მამაშენმა წასვლისას დამიბარა, შვილს არ მივატოვებ, 10 წელიც რომ გავიდეს, დავბრუნდებიო. როგორც ვიცი, აფხაზეთში ომი იყო და ვინ იცის, იქნებ ამან შეუშალა ხელი, რომ მოვეძებნე. მე კი ის მახსოვს, 10 წლისა როგორ ველოდებოდი ჭიშკართან...

ოლგამ თავისი ფოტოც გამოგვიგზავნა...

...და თუ მართლა სადმე არის ნიკოლოზ ხურცილავა, ან მისი რომელიმე ნაცნობი, ამ წერილს უსათუოდ უნდა გამოეხმაურონ. ჩვენ ხომ მათ ზღაპრული საჩუქარი მოვუმზადეთ... ეს სევდიანი ამბავიც იქნებ აქ დამთავრდეს. თუ მამა-შვილი 25 წლის შემდეგ მაინც შეხვდება ერთმანეთს, გაიხარებს ყველა: ოლგა, ოლღა, ნიკოლოზი, "კვირის პალიტრა" და თქვენც, ჩვენო მკითხველო!.. ამიტომაც ყველას გთხოვთ, ვინც რაიმე იცის ნიკოლოზ ხურცილავას შესახებ, გამოგვეხმაურეთ.