მზის ბიჭები ნათელი გულებით - კვირის პალიტრა

მზის ბიჭები ნათელი გულებით

გულრიფში. ზაფხული, ან იქნებ შემოდგომის თბილი დღეა, ვინ იცის... მავანისთვის სიტყვა "აგარაკი" სახალისოა და მხოლოდ დასვენებას და განცხრომას აგონებს, ამათთვის სულხან-საბასეული აგარაკია - "ესე არს ადგილი საყანური, გინა სავენახე, გინა დაბა"... ესე იგი ნამდვილი მიწა!

ორივეს ჰქონდა პატარა მიწა შემოსაზღვრული - ანზორ სალუქვაძესაც და ნოდარ დუმბაძესაც... მაგრამ გულრიფში მხოლოდ იმიტომ არ უყვარდათ, რომ აქ ეს შემოღობილი ეზო-კარი ელოდათ, მათი სახელი რომ ერქვა.  უბრალოდ უყვარდათ  ყოველგვარი მისაკუთრების გარეშე, უყვარდათ გულწრფელად.

ნოდარ დუმბაძის აგარაკიდან ანზორ სალუქვაძის აგარაკამდე დიდი გზა არ იყო... მაგრამ გზა ვის რად უნდოდა, დილით ზღვით მიცურავდა მეგობარი მეგობართან. მერე სველ სხეულებს აფხაზეთის თბილ მზეს უფიცხებდნენ და დიდხანს საუბრობდნენ ლიტერატურაზე, ისტორიაზე...

ვინ იცის, რამდენი სტრიქონი დაბადებულა გულრიფშში, რამდენი კითხვა გაჩენილა და რამდენი პასუხი უპოვიათ.

"ერთი საიდუმლოც გაიმეტე,/ ვიდრე მიხილავდე გაწბილებულს,/ მითხარ, რას მღეროდა აიეტი?/ მითხარ, რას ყიოდნენ არწივები!/ მითხარ, ის სახეც ხომ მზის სახეა,/ თამარს სიცოცხლეშიც რომ ხლებია,/ მითხარ, შონები ხომ კოლხებია?/ მითხარ, კოლხები ხომ მზის ხალხია?" - წერდა ანზორ სალუქვაძე...

აფხაზეთს მიდიოდნენ მზის ბიჭები, უღრუბლო განწყობა ჰქონდათ და ნათელი გულები. მზესთან თამაშ-თამაშ მიდიოდნენ...

ანზორი ძალიან მოკრძალებული იყო, თავისი ლექსების წიგნის გამოცემასაც კი არასოდეს დაუდებდა გულს. მშვიდად იტყოდა, "მერე რაო", ან "მერეო" და გადადებ-და... ნოდარმა იცოდა მისი ლექსების ფასი, ამიტომ არ მოასვენა, ვიდრე არ დაითანხმა, სათითაოდ შეურჩია ლექსები და ანზორ სალუქვაძის პირველი წიგნი გამოაცემინა.

ანზორ სალუქვაძისათვის ლექსები მხოლოდ წიგნში არ იყო თავმოყრილი, არც ნოდარ დუმბაძისათვის. მშვენივრად იცოდნენ, რომ პოეზია იყო მათი ყოველი დღე, თუ მთელი დღე არა, დღის მნიშვნელოვანი მონაკვეთი მაინც.

პოეზია იყო, როცა ერთად ისხდნენ სანაპიროზე და მსჯელობდნენ, ან როცა ვაჟკაცური პურობა იწყებოდა, აი, ისეთი, 1978 წლის 14 აპრილს რომ ჰქონდათ ბიჭებს. თამადა ვახუშტი კოტეტიშვილი იყო: "1978 წლის 14 აპრილს მთელი საქართველო გარეთ იყო გამოსული, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს ვიცავდით. მილიცია, რომელიც დემონსტრაციის ასალაგმავად იყო მოგზავნილი უშიშროების კომიტეტის მიერ, ჩვენს მხარეს გადმოვიდა. გავიმარჯვეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა კომუნისტურ ყოფაში, როდესაც ხალხმა ხელისუფლებას უკან დაახევინა.

მახსოვს, დემონსტრაციის დაშლის შემდეგ სიხარულით აღტყინებულებს გიგლა ფირცხალავამ გვითხრა: წამოდით, ჩემს სახელოსნოში აღვნიშნოთო. სიამოვნებით დავთანხმდით. გზად ყველამ ჯიბეები ამოვიფხიკეთ და “ზღაპრული” სუფრა გავშალეთ. გიგლა, როგორც მასპინძელი, მზარეულობდა.

ვიყავით: ზურაბ ნიჟარაძე და თენგიზ მირზაშვილი, ჯემალ ლოლუა და დიმა ერისთავი, ჯემალ შანშიაშვილი და ანზორ სალუქვაძე. თამადობა, როგორც ყოველთვის, მე ამკიდეს. ასეთი ბედნიერი პურობა იშვიათად შემხვედრია".

ბედნიერი პურობა იყო მათი ყოველი ლხინი. ისეთიც, პოეტის ვაჟს - ლევან სალუქვაძეს რომ დაამახსოვრდა: თემურ მაღლაფერიძე და მამამისი მდინარეების სადღეგრძელოებს რომ სვამდნენ. საქართველოს არც ერთი პატარა მდინარეც კი არ გამორჩენიათ... მათი შენაკადებისა და განშტოებების მრავალჟამიერს ფეხზე უდგებოდნენ ამ სიტყვის ორივე გაგებით.

პოეზია იყო ამ ძალიან პროზაულ წუთებშიც, როცა გულრიფშში ბიჭები, ელექტროდენის გაყვანას ცდილობდნენ. ნოდარ დუმბაძე გულდაგულ ჭიმავს სადენებს, ვითომ დაბადებიდან ამ საქმეს ემსახურება. ანზორ სალუქვაძე კი ისეთი გამომეტყველებით უყურებს რაღაცას, თითქოს ეს-ესაა, ლექსის თქმა უნდა დაიწყოს. ესეც ჩვეულებრივი იყო. თან - საქმე, თან - სინათლე და თან - ლექსი! და მიუხედავად ჭაღარისა, ნამდვილი ბიჭები არიან: უბოროტოები, უღალატოები, შეყვარებულები!

წელს, 11 დეკემბერს, ანზორ სალუქვაძე 80 წლის გახდებოდა. თუმცა იმ რეალობაში, სადაც არც საზღვრებია და არც დრო ჩერდება, გახდა კიდეც. იქ არც გულრიფში მოუგლეჯია ვინმეს დედის კალთიდან, აფხაზი და ქართველი ბიჭებიც ერთად არიან და... ნოდარ დუმბაძე ისევ გულიან-ცრემლიანად აცინებს ყველას. ანზორ სალუქვაძეც იმედიანადაა: "გაზაფხულია, ზღვის ნაპირზე მოდის მედეა, ღვთაებრივია მშობლიური მისი ნაკვთები!/ გული წრფელი და მოიმედეა,/ რომ აღარ მოვლენ არასოდეს არგონავტები"...