სარეცელს მიჯაჭვულ ავადმყოფს სიცივით კლავენ - კვირის პალიტრა

სარეცელს მიჯაჭვულ ავადმყოფს სიცივით კლავენ

"ისე მენატრება ფეხით გავლა, დედას კი არა, ჩემს გავლას გეფიცებით..."

თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს სეფსისის ცენტრის ყოფილი შენობის მეოთხე სართულზე 12 წელია, პირველი ჯგუფის ინვალიდი გიორგი აბაშიძე ცხოვრობს. გიორგის უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა და რამდენიმე წლის წინ განსვენებულ ვახტანგ ბოჭორიშვილის ოჯახის შუამდგომლობით მოხვდა აქ. მკურნალობის დაწყებიდან მალე გაირკვა, რომ გიორგისა და დედამისს სახლ-კარი აღარ ჰქონდათ და დამოუკიდებლად ვერც მკურნალობას მოახერხებდნენ, ამიტომ დედა-შვილი საავადმყოფოში საცხოვრებლად დატოვეს.

12 წელია, გიორგის ექიმები პატრონობენ, რადგან მათ გარეშე პაციენტი დიდხანს ვერ გაუძლებს მტანჯველ ყოფას. ხერხემლის უმძიმესი დაზიანებით სარეცელს მიჯაჭვულ ახალგაზრდას უამრავი ინფექციური დაავადება განუვითარდა, გაუჩნდა ნაწოლებიც, რომელიც ბოლო დღეებში უკიდურესად გაუღიზიანდა. როგორც გიორგის დედა, ზანდა ბერულავა ამბობს, მათ პალატას ორი კვირის წინ  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს, საავადმყოფოს შენობა გაიყიდა და ახალ მესაკუთრეს არ სურს "ვიღაცის" მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არადა, გიორგის ლეიბი ელექტროსათბურას დახმარებით მუდმივად თბილი უნდა იყოს, რომ დაიცვას დაავადებების გართულებისგან. პალატაში ახლა საშინლად ცივა. ახლობლებს ძველისძველი ნავთის ლამპა და პატარა გაზის ბალონი მოუტანიათ. გაყინულ ოთახში გიორგი გაცივდა, ტემპერატურამ აუწია და ერთიანად მოწყდა.

იმ შენობაში, სადაც გიორგი ცხოვრობს, სხვა კლინიკებიც არის. ერთ-ერთის მეპატრონეს საკუთარი ოფისიდან გაუყვანია ელექტროსადენი ინვალიდის ოთახში - არაფერზე იდარდო, დანახარჯს მე გადავიხდიო. ახალმა მეპატრონემ ის სადენიც ჩაუჭრა გიორგის პალატას - აქ რომ ხანძარი გააჩინოთ, პასუხი ვინ უნდა აგოსო!

"სად წავიდეთ?" - კითხულობს დედა, წარსულში 22 წლის განმავლობაში ქუთაისის ოპერის თეატრის უცვლელი ტოსკა, რომელმაც შვილის ტრაგედიის შემდეგ სამსახურიც მიატოვა და უსახლკაროდაც დარჩა.

1997 წელს, ხერხემლის ტრავმის შემდეგ, გიორგი სარეცელს მიეჯაჭვა. ოჯახმა გაყიდა, თუ რამ ებადა - ეგებ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე კაცი ფეხზე დავაყენოთო, მაგრამ ამაოდ. თბილისის ნეიროქირურგიის ცენტრში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა უფრო დამძიმდა, როგორც გაირკვა, ქირურგის შეცდომის გამო. ოპერაციის დროს ხერხემალში ჩადგმული რკინა ორ ადგილზე გატყდა(?!). ახალი ოპერაცია მხოლოდ გერმანიაში უნდა გაკეთებულიყო. უცხოელი ექიმები პაციენტის ფეხზე დაყენების გარანტიას იძლეოდნენ...

ზანდა ბერულავა (გიორგის დედა): - მეგობარმა მუსიკოსებმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს გიორგის გერმანიაში სამკურნალო ფული. იქ ჩასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს თანხა არ ჰყოფნიდა ორ ოპერაციას. ისევ მეგობრებს ვთხოვე, როგორმე დამხმარებოდნენ. მათ რამდენიმე ორგანიზაცია დაჰპირდა ფულის გადარიცხვას. ქალაქ ლუბეკში გერმანელმა ექიმებმა პირველი ოპერაცია გააკეთეს - პაციენტს ხერხემლიდან გატეხილი რკინები ამოუღეს. ორ დღეში მეორე ოპერაცია ზაარბრიუკენში უნდა გაეკეთებინათ. მანამდე კლინიკაში ანგარიშიც კი გაუხსნეს საქართველოდან ფულის გადარიცხვის მოლოდინში. ამაოდ... ასეთ უგულობას არც გერმანელები ელოდნენ და ჩვენც არ გვეგონა, ასე თუ გაგვწირავდნენ... საშინელი ტანჯვა გადავიტანეთ. ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით. პურის ფულიც კი არ გვქონდა. ჯერ გერმანელების ქართველმა რძალმა შეგვიფარა, შემდეგ იქაურმა ლუთერანულმა ეკლესიამ. იმედგაცრუებულები, გაწბილებულები და უარესად დაუძლურებულები დავბრუნდით საქართველოში. დღემდე იმედით ვცოცხლობთ, რომ გამოჩნდება ვინმე მადლიანი და გიორგის გადამირჩენს.”

გერმანიიდან დაბრუნების შემდგომ გიორგის სეფსისი დაემართა. იმ დროიდან იწყება მისი ცხოვრება პალატაში, სადაც დღეს ასე უგულოდ ექცევიან. ზანდა ბერულავამ ზედმიწევნით იცის, რამდენი მინისტრი შეიცვალა ჯანდაცვის სისტემაში ამ ხნის განმავლობაში, ახსოვს ყველა იმ წერილის შინაარსი და ნომერი, რომლითაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შვილის გადარჩენას სთხოვდა, მაგრამ... გიორგი ახლა ეტლშიც ვეღარ ჯდება. ნაწოლები სიცოცხლეს უმწარებს და ტკივილის გასაყუჩებლად ძლიერ წამლებს სვამს. ამიტომაც უმეტესად სძინავს, როცა ღვიძავს, იშვიათად ლაპარაკობს. დროდადრო ურეკავს მეგობრებს და სთხოვს, ინახულონ. ისინიც, რითაც შეუძლიათ, ეხმარებიან. თუ აქამდე 45 ათასი დოლარი იყო საჭირო მის განსაკურნებლად, ახლა ნაწოლები და ინფექციური დაავადებები ართულებს მდგომარეობას. ექიმები ამბობენ, ხერხემალს რომ უშველიდეს ვინმე, დანარჩენ სატკივარს ჩვენც მოვერევითო.

გიორგი მოგონებებით ცხოვრობს. მისი აქტიური ცხოვრება იქ შეწყდა, როდესაც სოლომონ II-ის თურქეთიდან ჩამოსვენების კომისიის წევრად აირჩიეს. შავ ჩოხაში გამოწყობილმა გელათამდე საკუთარი მხრებით მიაცილა მეფის ნეშტი. რას იფიქრებდა, რომ მალე ვეღარ გაივლიდა. ისე მენატრება ფეხით გავლა, დედას კი არა, უკვე ჩემს გავლას გეფიცებითო, ამბობს.

დედა კი თავს დახრის და ცრემლებს მალავს, მერე საქარგავს აიღებს და ცდილობს ხელსაქმეში დაკარგოს ტკივილი, არადა, შვილის გახშირებული გმინვა ახრჩობს, ჩემს წილ სიცივეს ვეღარ ვგრძნობ, მხოლოდ გიორგის სხეულით მცივა, მიშველეთო, - ამ სიტყვებით გამომაცილა.

P.S. მსოფლიოში არავის აქვს საქართველოსთანა ჯანდაცვის სისტემაო, - თქვა პრეზიდენტმა ახლახან ერთ-ერთი ახალი საავადმყოფოს გახსნისას. მართლაც, საკითხავია, კიდევ სად არის ისეთი ქვეყანა, სადაც პაციენტებს მკურნალობისა და თავშესაფრის გარეშე ტოვებენ და თავს იწონებენ კომფორტული, მაგრამ ცარიელი პალატებით, რომელთაც სიძვირის გამო ხალხი ვერ ეკარება.