თავზე ხელაღებული გეგმები(?!) - კვირის პალიტრა

თავზე ხელაღებული გეგმები(?!)

ლაზიკაში მესხეთელ თურქებს ჩაასახლებენ?!

"ფეოდალურ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ერთი არხეინი თქმის ამარა მივიღოთ"

"გადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას. ეს იქნება სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შემდეგ. ეს იქნება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე. 10 წელიწადში ლაზიკაში მინიმუმ ნახევარი მილიონი ლაზიკელი იცხოვრებს, მასშტაბური სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება - აშენდება ახალი საზღვაო პორტი ანაკლიის გასწვრივ. ...მოვუწოდებ ყველა ქართველს, იფიქროს ამაზე სერიოზულად. მოვუწოდებ საქართველოდან წასულ ხალხს, აფხაზეთიდან დევნილ ხალხს, დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად ააშენონ ახალი ქალაქი. წინ გვაქვს დიდი მშენებლობები და ძალიან თავზე ხელაღებული გეგმები"," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"თავზე ხელაღებული”გეგმა" გახმაურებისთანავე ანეკდოტური განხილვის საგნად იქცა და გაჩნდა კითხვები - ვინ იცხოვრებს ამ ქალაქში, საიდან მოჰყავს პრეზიდენტს ნახევარი მილიონი ადამიანი, რა სახსრებით აშენებს ქალაქს და როგორ სთხოვს საინვესტიციო თანადგომას ევროპულ და აზიურ ბიზნესჯგუფებს, როცა ჯერ კონკრეტული საზღვრებიც კი არ დადგენილა და გეოლოგიურად არ არის გამოკვლეული, ღირს თუ არა ახალი ქალაქის ამ ტერიტორიაზე აშენება...

ერთი ინფორმაციით, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლაზიკაში მესხეთელ თურქებს ჩაასახლებენ. ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოში მათ ჩამოსასახლებლად, რისთვისაც ევროკავშირი სერიოზულ თანხებს გამოყოფს, თუმცა, არა იმდენს, რომ საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის მშენებლობას ეყოს, თანაც ისეთ რთულ ტერიტორიაზე, როგორიც კოლხეთის სანაპიროა.

ვიდრე მესხეთელი თურქების ჩამოსახლებაზე მოარული ხმების სიმართლეს გავარკვევდით, შევეცადეთ, დაგვედგინა, რა პერსპექტივა აქვს ლაზიკის აშენებას.

ლადო ვარდოსანიძე, არქიტექტორი, ურბანისტი:  - “ახალი ქალაქის შესახებ ზეპირი განცხადების მიხედვით შეუძლებელია პროფესიული მსჯელობა. უნდა ვიცოდეთ, რა ამოძრავებს ხელისუფლებას, რა როლი დაეკისრება ქალაქს, გასათვალისწინებელია, რომ ამ ქალაქის პერსპექტიული ტერიტორია ემთხვევა კოლხეთის ეროვნული პარკის ერთ-ერთ მონაკვეთს. პარკის ტერიტორია ვრცელდება არა მხოლოდ ხმელეთის, აკვატორიის ნაწილზეც. ასეთი საქართველოში სულ ორი ადგილი გვაქვს - ბათუმის სამხრეთით, გონიოს მიმართულებით და მდინარე ჭურიას შესართავთან, ანაკლიასა და  ყულევს შორის. ეს არის რამსარის კონვენციით დაცული ჭარბტენიანი ტერიტორიები, სადაც მშენებლობა არ შეიძლება. პორტი აშენდებაო... საკითხავია, არის თუ არა ამის შესაძლებლობა; პორტს თავისი სიღრმეები სჭირდება. ჯერ ყველაფერი უნდა გამოიკვლიონ და მერე ითქვას, გვინდა თუ არა აქ ქალაქი.

ურბანისტიკაში არსებობს ქალაქწარმომქმნელი ფაქტორების ორი ჯგუფი: მაგალითად, მეტალურგიული კომბინატი რუსთავისთვის, სამთო გამამდიდრებელი მადნეული მარნეულისთვის და ქალაქის წარმოქმნის პოლიტიკური ან ეკონომიკური საფუძვლები - ასეთია ქალაქი ასტანა, ყაზახეთის დედაქალაქი, ასევე ქალაქი ბრაზილია... ამიტომ პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა განმარტონ ამ ახალი ქალაქის შექმნის მოტივაცია. საქართველოს ქალაქების უმრავლესობა კლებადი ქალაქებია - ასეთი ცნება მთელ მსოფლიოში არსებობს. იმის გამო, რომ ჩვენთან არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობაა, ახალი ქალაქი (თუ ის შეიქმნა) მტვერსასრუტივით შეიწოვს მოსახლეობას ისედაც დაბეჩავებული სოფლებიდან და დაბებიდან. მესხეთელი თურქების ჩამოსახლებაც გაუგებარია. განა რამდენი არიან? ამასთან, ისინი ხომ ქალაქური ტიპის დასახლებებში არ ცხოვრობენ - მეურნე ხალხია, როგორც ბურები.

ირაკლი მაჭარაშვილი, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: - საქართველო მიერთებულია ე.წ. ორფუსის კონვენციას, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს გარემოსდაცვითი ინფორმაცია და ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ზოგადად, არა მხოლოდ ამ კონვენციით, საქართველოს კანონმდებლობითაც განსაზღვრულია, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ისეთი საქმიანობისას, როდესაც მოსალოდნელია გარემოზე ძლიერი ზემოქმედება. ამიტომაც ნებისმიერი მშენებლობის დროს სავალდებულოა ნებართვის გაცემა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის და გარემოს ზემოქმედების შეფასების საფუძველზე. მასშტაბური პროექტის - ქალაქის გაშენების შემთხვევაში უფრო დეტალურად უნდა შეფასდეს მშენებლობის სტრატეგიული ზემოქმედება, ასევე უნდა გაირკვეს, როგორ იმოქმედებს ქალაქზე გარემო. გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტის ნათქვამი მხოლოდ მისი სურვილია. ფეოდალურ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ერთი არხეინი თქმის ამარა მივიღოთ. სამწუხაროდ ხშირად ირღვევა აუცილებელი პირობა. ამის მაგალითია ანაკლიის ხიდი. არსებობს მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ხიდის პროექტი გარემოს ზეგავლენის შესწავლის გარეშე განხორციელდა. ამიტომაც წაიღო ხიდი ქარმა. ასევე მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაშიც, სადაც  ყოველ მეორე დღეს წყალი ჩადიოდა.

რაც შეეხება ლაზიკის ასაშენებელ ტერიტორიას... გასათვალისწინებელია, რომ ის ეხება კოლხეთის ეროვნული პარკის ერთ ნაწილს. ეს არის უნიკალური,  ბოლო გამყინვარების წინ შემორჩენილი ეკოსისტემა, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა კავკასიონის ქედისა და შავი ზღვის სიახლოვის გამო და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია მთლიანად რეგიონისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ტერიტორია - ანაკლია და ფოთი - არის კლიმატის ცვლილების შედეგად მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ყველაზე იოლად მოწყვლადი, იგი ზღვის დონის ცვლილების გამო ადვილად დაიტბორება და ა.შ.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხელისუფლებაში მხოლოდ სურვილით რაღაცას გადაწყვეტენ და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სურვილის განხორციელებისთვის გარემო არ არსებობდა.

2006 წელსაც ითქვა, რომ შაორის წყალსაცავის გარშემო ტურისტული კომპლექსი და სათხილამურო ტრასები უნდა გაკეთებულიყო. ბენდუქიძემ საზეიმოდ  ტორტიც კი გაჭრა, მაგრამ იმის შემდეგ არაფერი გაკეთებულა. შაორის ტერიტორია საცხოვრებლად არ ვარგა, ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია საქართველოში.

ასევე გასარკვევია, რას უპირებენ ფოთსა და ბათუმს. გამოდის, რომ ფოთი განწირულია უმუშევრობისათვის და დანგრეულ ქალაქად უნდა დარჩეს. ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენი პორტები დიდ გემებს ვერ იღებს და თურმე ამიტომაც უნდა ავაშენოთ ლაზიკის პორტი. დიდი გემები იმიტომ ვერ შემოდიან, რომ ბოსფორის და დარდანელის ვიწრო სრუტეეები აქვთ გამოსავლელი, ლაზიკის პორტის აშენება მათ ხომ ვერ გააფართოებს? ადრე პრეზიდენტმა ისიც ბრძანა, რომ ყველაზე დიდი აეროპორტიც ფოთში უნდა აეშენებინათ, ფაქტია, რომ ეს ვერ მოხერხდა. თითქოს მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროექტი არ არსებობს.

ყულევის ტერმინალის რკინიგზას რომ აშენებდნენ, საჭირო გახდა იმ ტერიტორიის გამოყენება, რომელიც რამსარის კონვენციით დაცულ, ანუ ჭარბტენიან ტერიტორიათა კატეგორიას ეკუთვნოდა. ასეთ ადგილს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, სახელმწიფოს ინტერესის გამო ათავისუფლებენ სტატუსისგან, მაგრამ საკომპენსაციოდ უნდა შეირჩეს სხვა ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელი გავიდა, საკომპენსაციო ტერიტორია არ გამოძებნილა, მეტიც, საქართველოს პარლამენტმა ვითომ გამოსავალი იპოვა და კიდევ უფრო შეამცირა რამსარის მიერ დაცული ჭარბტენიანი ფართობი. ეს კატეგორიულად არ შეიძლებოდა. ჯერ უნდა შეთანხმებოდნენ კონვენციას, გამოეყოთ საკომპენსაციო ტერიტორია და მერე შეემცირებინათ არსებული ფართობი. კონფლიქტი რამსართან დღემდე გრძელდება, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას აღარ უნდა საერთაშორისო ვალდებულების და მით უფრო - რამსარის გაგონება. უამრავი დოკუმენტის მიხედვით რეკომენდებულია, რომ რამსარის კონვენციით დაცული იყოს ჯავახეთის ზეგანზე არსებული ტბები. ფორმალობა მოითხოვდა, რომ საკითხი ჯერ საქართველოს მთავრობას დაემტკიცებინა, მინისტრმა ხაჩიძემ მთავრობის სხდომაზეც გაიტანა, მაგრამ ჩავარდა. იფიქრეს, იქ რომ რამის აშენება მოგვინდეს, ისევ რამსარს უნდა ვეჭიდაოთო და უარი თქვეს უნიკალური ადგილების მსოფლიოსთვის გაცნობაზე, არადა ქვეყნები ოცნებობენ, რომ ასეთი საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიები ჰქონდეთ.”

ემირ წერეთელი, გეოლოგი: - გეოლოგიურად ყველგან შეიძლება ქალაქის მშენებლობა, მთავარია, რა ხარჯთან იქნება დაკავშირებული. კვლევების დაწყებამდე ზუსტად რამის თქმა შეუძლებელია. კოლხეთის სანაპიროზე არის რთული გეოლოგიური გარემო, რომელიც ფასდება, როგორც საშუალოზე მძიმე. მიწისქვეშა ქანები სუსტია, რაც მშენებლობის პროცესში სპეციფიკურ კონსტრუქციებს მოითხოვს.”

ბოლოს, რაც შეეხება ლაზიკის სავარაუდო მოსახლეობას, მესხეთელ თურქებს.

საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრებისას იკისრა ვალდებულება საქართველოდან 1944 წელს გადასახლებული ე.წ. თურქი-მესხების რეპატრიაციის თაობაზე. ეს პროცესი 2012 წლამდე უნდა დასრულდეს.

მესხეთელ თურქთა საზოგადოება "სამშობლოს" საბჭოს თავმჯდომარე შამსადინ სარვაროვიც იმედოვნებს, რომ დაბრუნება, შესაძლოა, მალე დაიწყოს. სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე განახლდა მოლაპარაკებები. საქართველო ფულს ითხოვს მესხეთელი თურქების დასაბრუნებლად. ამბობენ, ჩამოსახლების ვალდებულების გახანგრძლივებასაც ვითხოვთო. შესაძლოა, ეს ის ფულია, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ლაზიკის მშენებლობის დაწყებას აპირებს. მერე რა, თუ საკმარისი თანხა არ იქნება - საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების პრინციპი ხომ უცვლელია: დავიწყოთ და მერე რაღაც გამოჩნდება...

ძველი ლაზიკა

ლაზიკა ერქვა ისტორიულ მხარეს დასავლეთ საქართველოში, ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთ პროვინციას. მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის (გვიანდელი გურია, საჯავახო-საჩინოს ჩათვლით და შავი ზღვის აჭარის სანაპირო მხარე). პირველად მოიხსენიება VII საუკუნეში ანონიმი ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზივის" სახელწოდებით).  ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ საქართველოს ლაზიკის სამეფოს უწოდებდნენ. პროკოპი კესარიელის (VI საუკუნე) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო აგათია სქოლასტიკოსი (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე ტელეფისს (მკვლევრები აიგივებენ ახლანდელ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, თიხის ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი პეტრა (ახლანდელი სოფ. ციხისძირი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი გურიად მოიხსენიება.