IRI-სა და სოციალური ანალიზის ინსტიტუტის კვლევები - კვირის პალიტრა

IRI-სა და სოციალური ანალიზის ინსტიტუტის კვლევები

გასულ კვირას პოლიტიკურ პროცესებთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,  ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგი გახდა ცნობილი. ერთი კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაციებმა IPM-მა და "გელაპმა" 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ჩაატარეს. გამოიკითხა 18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათასი რესპონდენტი.

მეორე კვლევა კი ახლად დაარსებული საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (GDRI) დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 11-22 ნოემბერს, საქართველოს 11 რეგიონში ჩაატარა. რესპონდენტთა ანონიმურობის მაქსიმალური დაცვით, გამოიკითხა 3 ათასი მოქალაქე.

IRI-ს კვლევის შედეგები არაოფიციალური არხებით გახდა ცნობილი, რადგან ამ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მონაცემები მხოლოდ პარტიებს დაუგზავნეს და რეიტინგებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სათავო ოფისი ორი კვირის შემდეგ გამოაქვეყნებს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.

გთავაზობთ ორივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საინტერესო მონაცემებსა თუ რეიტინგებს.

IRI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი სამ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს  - "ნაციონალურ მოძრაობას", ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალასა და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას".

კითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა, ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 32%; ბიძინა ივანიშვილი  - 27%; გიორგი თარგამაძე - 10%. შალვა ნათელაშვილმა და ირაკლი ალასანიამ 2-2% მიიღეს.

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში ყველაზე სანდო ოპოზიციონერ ლიდერად რესპონდენტთა 22% გიორგი თარგამაძეს მიიჩნევს, 21% ბიძინა ივანიშვილს, შალვა ნათელაშვილს 4%, ირაკლი ალასანიას კი 3%.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა მოსახლეობის ინსტიტუციებისადმი ნდობასთან დაკავშირებითაც ჩაატარა. პირველ ადგილზეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც გამოკითხულთა 93% ენდობა. მეორე ადგილზე, 89%-ით,  ქართული არმიაა, მესამეზე 87%-ით - პოლიცია, მეოთხეზე, 70%-ით - პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მეხუთე ადგილი რეიტინგში 69%-ით ქართულ მედიას უკავია, მეექვსე - 68%-ით საქართველოს მთავრობას. 67-67% პარლამენტმა და განათლების სისტემამ მიიღეს. 57%-იანი ნდობა აქვს პროკურატურას, 54%-იანი  - სასამართლოს; ბოლო ადგილებზე კი პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები გავიდნენ, შესაბამისად, 40% და 30%-ით.

კვლევა ქართულ პრესასთან დაკავშირებითაც ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებში 68%-ით გაზეთი  "კვირის პალიტრა" ლიდერობს. რეიტინგში დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: "ასავალ-დასავალი" (28%); "ალია"(13%); "ქრონიკა"( 7%); "რეზონანსი"(6 %), "ახალი თაობა" - (5%); "გურია ნიუსი"(2%),  "პრაიმტაიმი" (2%).

IRI-მ კვლევა ამა თუ იმ ბეჭდვითი გამოცემის სანდოობის რეიტინგის დასადგენადაც ჩაატარა.

კითხვაზე: ყველაზე მეტად რომელი ქართული გაზეთის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით, რესპონდენტთა  პასუხები ასე გადანაწილდა: პირველად არჩევანში "კვირის პალიტრას" 43% აქვს, მეორად არჩევანში - 50%. "ასავალ-დასავალს", შესაბამისად, 12% და 17%; "ალიას" - 4-7%; "ქრონიკას" - 3-5%; "რეზონანსს" - 2-4%; "ახალ თაობას" - 2-3%; "გურია ნიუსს" - 1-2%; "საქართველოს რესპუბლიკას" - 1-1%; "აჭარას" - 0-1%; "პრაიმტაიმს" - 0-1%; "ალიონს" - 0-1%; "24 საათს" - 0-1%; "ბათუმელებს" - 0-1%; "გურიის მოამბეს" - 0-1%;

რაც შეეხება ტელემედიას, კითხვაზე: რომელ არხს უყურებთ ყველაზე ხშირად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ რესპონდენტთა ხმები ასე გადანაწილდა: "რუსთავი 2" - 90%, "იმედი" - 87%, "პირველი არხი" - 51%, "მაესტრო" -18%, "კავკასია" - 15%, "აჭარა" - 12%, "საპატრიარქოს ტელევიზია" - 8%, "მეორე არხი" - 5%, "მზე" - 4%, რეგიონული არხები - 8%, "რეგიონტვ"–- 2%, ტელეკომპანია "პიკი"–- 2%, "რეალტვ" - 1%.

გამოკითხვა საგარეო საკითხებთან დაკავშირებითაც ჩატარდა. რესპონდენტთა  73% სრულიად ეთანხმება რუსეთთან დიალოგის განახლებას, 17% ამ ქვეყანასთან  ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება, 4%-ისთვის კი ეს მიუღებელია.

რესპონდენტთა 61% ქვეყნის მთავარ პარტნიორად - აშშ-ს, 33% კი ევროკავშირს ასახელებს. 78%-ს კი ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთი მიაჩნია, 65%-ის აზრით კი რუსული აგრესია საქართველოში ისევ გრძელდება.

რაც შეეხება პრობლემებს, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, რესპონდენტთა 54% უმუშევრობას, 18% - ტერიტორიულ მთლიანობას, 9% - ეკონომიკას, ხოლო 2% სოციალურ პრობლემებს ასახელებს.

კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 36% მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა, 32% - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას, 4,3%-ით მესამე ადგილზე არიან  "ქრისტიან-დემოკრატები", მეოთხეზე და მეხუთეზე კი შესაბამისად 1,6%-თა და 1,5%-ით "ლეიბორისტული პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები".

კითხვას: იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ექნება თუ არა საკმარისი რესურსი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას, გაუწიოს კონკურენცია არჩევნებში მმართველ პარტიას,  გამოკითხულთა 60,6% დადებითად პასუხობს; 25,1%-ის პასუხი უარყოფითია, ხოლო 14,3%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 43% მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებზე მოსახლეობა უფრო ხელისუფლებას დაუჭერს მხარს; 38%-ის აზრით - უფრო ოპოზიციას. 17%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს, 2% კი აცხადებს, რომ არც ერთს.

ასევე, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 26,1% პრემიერ-მინისტრად 2013 წლიდან ბიძინა ივანიშვილს ისურვებდა, 24,2% მიხეილ სააკაშვილს, 7,8% ირაკლი ალასანიას, 5,8% გიორგი თარგამაძეს, ხოლო 6,4% - გიგი უგულავას.

კითხვაზე: ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად ამ პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ, გამოკითხულთა 31,8% პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, 12,7% ასახელებს გიგი უგულავას, 9,3% - ირაკლი ალასანიას. გიორგი თარგამაძე 7,1%-ით მეოთხე ადგილზეა, ხოლო 23,9%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

კვლევის მიხედვით, პრობლემებს შორის, რომელთა გადაჭრა პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, 19,1%-ით პირველ ადგილზეა უმუშევრობა.

მეორეზე - 13,4%-ით დაკარგული ტერიტორიები; მესამეზე - 10,2%-ით სიღარიბე; მეოთხეზე - 9,9%-ით პროდუქტებზე ფასების ზრდა; მეხუთეზე - 8,1%-ით ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა. შემდეგ ადგილებზე მოდის მაღალი კომუნალური გადასახადები, დაბალი პენსიები და მედიკამენტების ხელმიუწვდომლობა, შესაბამისად, 7,5%, 6,4% და 5,2%-ებით.

დასკვნის სახით კვლევაში აღნიშნულია, რომ დღეს ორი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა -  "ნაციონალური მოძრაობა" და ივანიშვილის პოლიტიკური ძალა.

კითხვაზე - "რომელ ტელეარხს ენდობით ყველაზე მეტად" - რესპონდენტთა 18,3%-მა "რუსთავი 2" დაასახელა, 14,9% "მაესტროს" ენდობა, "იმედს" - 12,7%, "კავკასიას" - 8,9%, "პირველ არხს" - 3,0 %, "პირველ კავკასიურს" - 1,4%, "აჭარის ტელევიზიას" - 0,6%, "რეალტვ"-ს - 0,2%, "საპატრიარქოს ტელევიზიას" - 0,2%, "მეორე არხს" - 0,1%. არც ერთ ტელეარხს არ ენდობა რესპონდენტთა 27,5%. კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა რესპონდენტთა 12,2%-ს.