"წლის დიპლომატი" - "პალიტრამედიას" ახალი პროექტი - კვირის პალიტრა

"წლის დიპლომატი" - "პალიტრამედიას" ახალი პროექტი

"პალიტრამედიამ" ქართულ მედიასივრცეში უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. ჩვენი გამოცემა, Georgian Journal-ი საქართველოში აკრედიტებულ ელჩთაგან "წლის დიპლომატს" გამოავლენს და 15 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "კრუიზში" გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე დააჯილდოებს. კანდიდატებს შორის იქნებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები. ღონისძიების მონაწილეთა შორის გამოავლენენ როგორც მთავარი ჯილდოს მფლობელს, ასევე დამატებითი ნომინაციის რამდენიმე გამარჯვებულსაც და მათ ექსკლუზიურად ამ ღონისძიებისთვის დამზადებული პრიზებით დაასაჩუქრებენ.

როგორც გამოცემის რედაქტორი ნუგზარ რუხაძე ამბობს, დასკვნითი ღონისძიების შემდეგ გამოვა გაზეთ Georgian Journal-ის სპეციალური გამოშვება სპეცტირაჟით, რომელშიც დაწვრილებით იქნება ნაამბობი დაჯილდოების ცერემონიალის, მისი ყველა მონაწილის, პროექტის პარტნიორებისა და მხარდამჭერების შესახებ.

- ბატონო ნუგზარ, პროექტის მიზანი რა არის?

- პროექტი მიზნად ისახავს დიპლომატიური კორპუსის კიდევ უფრო გააქტიურებას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის. ასევე, გვინდა, Georgian Journal-ის მეშვეობით მკითხველს გავაგებინოთ, თუ როგორია დიპლომატიური სამსახურის როლი ქვეყანაში.

- როგორ შეაფასებთ დიპლომატების მუშაობას?

- პოლიტიკაში დიდად ჩართული არა ვარ და რასაც ვხედავ, იმაზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. შესაძლოა, რეალური სურათი სხვაგვარია და დიპლომატების მუშაობა მართლაც დაუფასებელია.

- წლის დიპლომატის ტიტულს ვის მიანიჭებდით?

- ფავორიტი არა მყავს, თუმცა დაველოდოთ დაჯილდოების ცერემონიალს, მერწმუნეთ, საინტერესო იქნება...

- იმედი გაქვთ, რომ ეს პროექტი დიპლომატებს კიდევ უფრო გაააქტიურებს?

- ეს პროექტი ხალხს ყველა შემთხვევაში მოუტანს სიკეთეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღონისძიების შემდეგ ჩვენს ქვეყანას მეტი ყურადღება მიექცევა და ელჩები უფრო გულდასმით წაიკითხავენ სტატიებს, რომლებშიც ქართველი ხალხის ტკივილი და პრობლემებია ასახული.

გენო ჯოხიძე