გალას წარმატებული "გალა" ლონდონში - კვირის პალიტრა

გალას წარმატებული "გალა" ლონდონში

გალაკტიონის ლექსების ინგლისური კრებული საჩუქრად მიართვეს ინგლისის დედოფალს

23 ნოემბერს ლონდონელმა საზოგადოებამ გალაკტიონი გაიცნო. ქართული პოეზიის მეფის 120 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო შექსპირისა და ბაირონის სამშობლოში საგანგებოდ აღინიშნა. ბრიტანულ-ქართულმა და საქართველოს ბაირონის საზოგადოებებმა და  საქართველოს საელჩომ ინგლისელ მკითხველს წარუდგინეს გალაკტიონის ლექსების ინგლისურენოვანი თარგმანის კრებული, რომელიც 50 ცნობილ ლექსს მოიცავს. წიგნი დიდ ბრიტანეთში უკვე იყიდება. გამომცემლობამ მისი შეძენის საშუალება სრულიად მსოფლიოს პოეზიის მოყვარულებს მისცა და ამიტომ ინტერნეტითაც იყიდება.

გალაკტიონის საღამო ლონდონის ცენტრში, ქენინგ-ჰაუზში გაიმართა და 150 ბრიტანელ ლორდს, პროფესორებს, ლიტერატორებსა და სხვა სტუმრებს უმასპინძლა. საღამოს მონაწილეებმა მოუსმინეს გალაკტიონის მიერ წაკითხული "მთაწმინდის მთვარის" ჩანაწერს.

აქამდე  გალაკტიონის მხოლოდ რამდენიმე ლექსი იყო ინგლისურად ნათარგმნი. პოეტზე თითქმის არაფერი იცოდა უცხოელმა პოეზიის მოყვარულთა საზოგადოებამ. ახალი ინგლისურენოვანი კრებულის მთარგმნელი გალაკტიონის და ბაირონის პოეზიის მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ინესა მერაბიშვილი უკვე რამდენიმე წელია თარგმნის გალაკტიონს. გალაკტიონის საღამო და წიგნის პრეზენტაცია ლონდონში ჯერ კიდევ 2008 წელში უნდა გამართულიყო, თუმცა, ომმა გეგმა ჩაშალა. რადგან ასე მოხდა, ქალბატონმა ინესამ გადაწყვიტა ლექსების რაოდენობა გაეზარდა და წიგნის ლონდონში გამოცემა გალაკტიონის საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 120 წელს დამთხვეოდა.

ინესა მერაბიშვილი: - პირველი წიგნი, რომელიც ინგლისში გაიყიდა, პოეტს, ლორდ დომენიკ მერევორსსაც შეუძენია. სწორედ ამ კრებულით აღმოაჩინა მან დიდი პოეტი. კრებულის შესავალში მითითებული იყო საქართველოს ბაირონის საზოგადოება. სწორედ ამ ორგანიზაციის და საქართველოს საელჩოს დახმარებით მოიპოვა ჩემი ტელეფონის ნომერი. დამირეკა ლონდონიდან, გამეცნო, -  აღფრთოვანებული ვარ ამ წიგნით და მინდა უკეთ გაგიცნოთ გალაკტიონის შემოქმედება და თქვენო. მალე  ინგლისში კონფერენციაზე მოვხვდი და დომენიკ მერევორსს შევხვდი. აღფრთოვანებული იყო, ამხელა პოეტი გყოლიათ, ამას გამოჩენა უნდა. წიგნი უნდა დაიბეჭდოს და მისი პრეზენტაცია უმაღლეს დონეზე მოეწყოს, სპონსორებს მე მოვიძიებო, -  თქვა და დაიწყო დიდი სამზადისი. ეს ამბავი 2008 წლის ივლისში მოხდა. სამწუხაროდ, მალე ომი დაიწყო...

წიგნში ლექსების თარგმანთან ერთად დაბეჭდილია ჩემი წინასიტყვაობა, სადაც ვსაუბრობ გალაკტიონის მერის ლიტერატურულ სახეზე. ის წამოვიდა ბაირონიდან და მოედო ევროპას, ჩამოვიდა რუსეთში. ამ მოდას”მისდევდნენ ბლოკი, პუშკინი, ლერმონტოვი, ანდრეი ბელი... ქართულ პოეზიაში კი გალაკტიონმა შეგვიქმნა ახალი ლიტერატურული სახე. გალაკტიონი ეროვნულ ფესვებზე  დგას, მაგრამ მასში გარდატეხილია მთელი მსოფლიოს პოეზია. მან კარგად იცის, რომ ამ დიდ გზაზე ბევრი მგზავრი დაიღუპა... "მე მხოლოდ ერთი გადავრჩი მგზავრი,/ რომ გამომევლო ჯერ არსმენილი ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა,/ რომ მომეტანა საქართველოში სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა".”ქვეყანა მისთვის მთელი სამყაროა. საქართველოში ის ქმნის დიდ, ჰარმონიულ პოეზიას, რომელსაც ძალუძს მსოფლიოს გადარჩენა. როდესაც ტექნიკურმა და პოლიტიკურმა რევოლუციებმა დაასახიჩრეს და დაანაწევრეს ადამიანის სახე ხელოვნებაში, გალაკტიონმა ახალი პოეტიკა შექმნა, მაგრამ მშვენიერებისა და ჰარმონიის გზით. ამიტომაც თვითონაც ამბობდა, რომ ის იყო პირველი არა მხოლოდ საქართველოში".

გალაკტიონის საღამოს ესწრებოდნენ ლეგენდარული ჯორჯ ბაირონის მემკვიდრეები - ლორდ ბაირონი და გრაფი ლიტონი. ლიტონმა, ბაირონის პირდაპირმა შთამომავალმა და ლორდთა პალატის დამოუკიდებელმა წევრმა, მადლობა გადაუხადა ბაირონის შემოქმედების ქართველ მკვლევარს, ინესა მერაბიშვილს და განაცხადა, რომ გალაკტიონის ინგლისურ ენაზე გაცნობის შემდეგ დაინახა ბაირონთან მისი სულიერი ნათესაობა. "ჩემს წინაპარს გულით ეწადა სწვეოდა ზღაპრულ მხარეს, საქართველოს, რაც ვერ აისრულა. ვეცდები აუცილებლად ხორცი შევასხა მის ოცნებას"," - თქვა გრაფმა ლიტონმა საღამოზე.

"გალაკტიონის სახით ვიპოვე უმაღლესი  პოეზია, ის სულით არისტოკრატი და სიტყვიერი სასწაულების შემქმნელია. მის გარეშე მსოფლიო პოეზია ბევრ აღმოჩენას აუვლიდა გვერდს. ვამაყობ, რომ სწორედ ჩემმა მეგობრებმა შესთავაზეს ორგანიზატორებს საღამოს ამ დიდებულ ადგილზე გამართვა. გალაკტიონი იმსახურებს ამ დიდებულ ჭერქვეშ ყოფნას, მისი ხმა სწორედ აქ უნდა გაისმოდეს! მადლობა პროფესორ მერაბიშვილს, რომელმაც ასეთი ძვირფასი სამსახური გაუწია უკვდავ პოეტს, მისი სახეები და მეტაფორები ამიერიდან მსოფლიოს საკუთრებაა. ეს არის კონგენიალური თარგმანი, სადაც დედნის ღირსებები სავსებით შენარჩუნებულია", - ბრძანა საღამოს გამართვის ინიციატორმა, პოეტმა ლორდ დომენიკ მერევორსმა.

ბერნარდ მაკგარკი, გამომცემლობა Critical, Cultural and Communications Press-ის ხელმძღვანელი: "დიდი პატივია, რომ გალაკტიონი პირველად ჩვენ დავბეჭდეთ. ვიმედოვნებ, ინესა მერაბიშვილის თარგმანი უამრავ მკითხველს დააინტერესებს ამ განსაცვიფრებელი პოეტით, რომელიც საუკუნის დაგვიანებით მოვიდა ჩვენამდე და მხოლოდ ახლა ხდება მსოფლიოსთვის მისაწვდომი".

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა სტივენ ნეშმა ინესა მერაბიშვილის საქმიანობა და-ძმა უორდროპების ღვაწლს შეადარა.

ინესა მერაბიშვილის თარგმანებს ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ კარდველი პირველად  გაეცნო. ის აღფრთოვანებულია გალაკტიონის პოეზიითა და საქართველოში მოგზაურობით. "წიგნის რეზონანსი მთარგმნელის გამარჯვებაა. მან ააჟღერა ორიგინალის ჰარმონია და რიტმი, დედნისეული ტექსტის რთული მეტაფორები დიდი სიზუსტით აამეტყველა ინგლისურ ენაზე. ამიტომაც ამ თარგმანებში მკითხველი ვერ იგრძნობს უცხო წყაროს არსებობას", - განაცხადა კარდველმა.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ბადრიძის აზრით, ლონდონში გალაკტიონის გამოცემა დაანახებს ევროპას, რომ საქართველო ამ ოჯახის წევრია არა მხოლოდ თავისი ძველი მატერიალური კულტურით, ფოლკლორით, არამედ გალაკტიონის პოეზიის საუკეთესო შედევრებითაც.

ინესა მერაბიშვილს ინგლისურმა გამომცემლობამ შესთავაზა გახდეს გამომცემლობის  მრჩეველთა საბჭოს წევრი."მათ სჭირდებათ ინფორმაცია ინტელექტუალური ბაზისთვის საქართველოდან. ალბათ, ინფორმაციის მიმწოდებლის საპატიო ფუნქციის შესრულება მე მომიწევს", - გვითხრა ქალბატონმა ინესამ. მას ასევე შესთავაზეს განაგრძოს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების თარგმნა, რათა ახალი გამოცემა მომზადდეს.

ინესა მერაბიშვილი სტუმრად მიიწვია სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცესა მარგარიტა ფონ ბადენმა. გალაკტიონის ლექსების ინგლისური კრებული კი მისი ხელით საჩუქრად მიართვეს ინგლისის დედოფალს.