ჯონ ბასი - წლის დიპლომატი - კვირის პალიტრა

ჯონ ბასი - წლის დიპლომატი

"პალიტრამედიას" ინგლისურენოვანი გაზეთი Georgian Journal-ი ახალ ტრადიციას ამკვიდრებს. ამიერიდან ყოველი წლის ბოლოს გაიმართება დაჯილდოება, სადაც წლის დიპლომატი გამოვლინდება. პროექტის მიზანია, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დიპლომატიური კორპუსის საქმიანობის ხელშეწყობა და ქართულ მედიასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შემოქმედებითი ურთიერთობის გაღრმავება.

2011 წლის დიპლომატის პრიზი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს გადაეცა. 15 დეკემბერს რესტორან "კრუიზში" გამართულ საზეიმო წვეულებაზე "პალიტრამედიამ" სამთვიანი გამოკითხვის შედეგები წარადგინა. პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს შორის გამართული გამოკითხვების შედეგად წლის დიპლომატის ნომინაციაზე წარდგენილი იყვნენ: აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯუდით გოფი, გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი.

გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე ვერ მოვიდა, რადგან ზუსტად იმ დროს აშშ-იდან ჩამოსულ მნიშვნელოვან სტუმარს, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ერიკ რუბინს მასპინძლობდა. საელჩოს განათლების, კულტურისა და პრესის განყოფილების უფროსის მაიკლ ტერნერის განცხადებით, ელჩი მოხარულია ჯილდოს გამო და წუხს, რომ ცერემონიას ვერ დაესწრო.

მაიკლ ტერნერი: "ამერიკის საელჩოსთვის საქართველოში დიდი პატივია ასეთი აღიარება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რას აკეთებს საქართველო და ქართველი ხალხი, ვიდრე ის, თუ რას აკეთებენ დიპლომატები. საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე, პარტნიორი და მეგობარი. ელჩი შეწუხებულია, რომ ვერ მოვიდა, მაგრამ მადლიერებას გამოხატავს. ამერიკას გაუმართლა, რომ ასეთი პარტნიორი ჰყავს საქართველოს სახით, რადგან ქართველები არიან მსოფლიოში ყველაზე მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი. ქართველმა ხალხმა ფართოდ გაგვიღო კარი თავის ქვეყანასა და ოჯახებში. ახლა უკვე ჩვენი, დიპლომატების პასუხისმგებლობაა, გავაღრმაოთ ურთიერთობა. ეს ჯილდოც გვავალდებულებს, რომ გავამართლოთ ნდობა.”

ჯილდო, მთავარი პრიზი, ექსკლუზიურად ცერემონიისთვის შეიქმნა.

საღამო Georgian Journal-ის რედაქტორს ნუგზარ რუხაძეს მიჰყავდა. მან სტუმრებს მოკლედ მოუთხრო გაზეთის დაარსების ისტორია და წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად მხიარული ვიქტორინაც მოაწყო, რომლის არსიც სხვადასხვა ნივთის ქართული დასახელების სწრაფად წარმოთქმა იყო. დიპლომატებმა სპეციალური საჩუქრები მიიღეს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციებისგან: "დუტი ფრი ალიანსი", "ნემიროვი", სათვალეების მაღაზიათა ქსელი "საფილო", კლინიკა "ტოტალ შარმი", სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია", სასტუმროები -  "თბილისი მარიოტი" და "ქორთიარდ მარიოტი", საიუველირო მაღაზიათა ქსელი "კრისტალი" და წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი".

ნუგზარ რუხაძემ საზეიმოდ წარადგინა სიახლე "პალიტრამედიასგან" - "კვირის პალიტრის" აპლიკაციები მათთვის, ვისაც iPad-ი და iPhone-ი აქვს!