"გიორგი, შენმა გულმა ასი წელი იდუგდუგოს" - კვირის პალიტრა

"გიორგი, შენმა გულმა ასი წელი იდუგდუგოს"

გიორგი ძალიან მძიმედ რომ იყო, თვალებს ვუკოცნიდი და ვნატრობდი, შვილო, ნეტავ შენი თვალები გახელილი მაჩვენა-მეთქი. ეს ამისრულა უფალმა, ახლა იმას ვნატრობ, გიორგის ხმა გამაგონოს. გიორგის უყვარდა, მკერდზე რომ ვაკოცებდი ხოლმე. მთხოვდა, დედიკო, დამლოცე და მითხარი, შენმა გულმა ასი წელი იდუგდუგოსო. ახლა მამა გაბრიელის ზეთს რომ ვაცხებ შუბლსა და გულზე, ვლოცულობ, "გიორგი, შენმა გულმა ასი წელი იდუგდუგოს"

რამდენიმე დღის წინ აღელვებულმა ქალმა დამირეკა: ჩემი 20 წლის შვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციაში წევს. იქნებ ჩემი გიორგის ამბავი გაზეთში დაწეროთ და გულისხმიერი ადამიანების დახმარებამ სიკვდილს გამოჰგლიჯოს ხელიდანო...

2009 წლის 8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, მესამე მასივში, კახეთის გზატკეცილზე ელდარ ათაბეგაშვილი და მისი 18 წლის ვაჟი, გიორგი გზაზე გადადიოდნენ. გიორგის, რომელიც წინ მიდიოდა, მანქანა დაეჯახა. მძღოლს მანქანა არ შეუჩერებია, მიიმალა და დღემდე არ არის დაკავებული.

ნანი ურდულაშვილი: - ჩემი მეუღლე ამბობს, რომ მანქანების კოლონა შორს ჩანდა. ვერ იხსენებს, საიდან გამოვარდა მანქანა, რომელიც ისე გაუჩინარდა, არც მისი  ნომერი ახსოვს და არც მარკა. მხოლოდ ის თქვა, მუქი, დაბალი მანქანა იყოო. დაჯახებამ გიორგი ზევით აისროლა და რამდენიმე მეტრზე გადააგდო. ჩემი მეუღლე ამბობს, ბიჭს რომ მივვარდი, სისხლი მოსდიოდა, ფეხშიშველი იყო. ბოტასები 10 მეტრის დაშორებით ეყარა. "დუბლიონკა" შუაზე გაგლეჯილიყო. გიორგის ფეხები უცნაურად ჰქონდა მობრეცილი, გასწორება რომ ვცადე, მისი ფეხი ხელში შემრჩა. სისხლი თქრიალით მოსდიოდა. მეორე ფეხიც მუხლს ქვემოთ ჰქონდა მოტეხილი. ავყვირდი, მიშველეთ-მეთქი! ხალხი დამესია. ზოგმა სასწრაფოში დარეკა, ზოგმა - პოლიციაში, იმდენად დავიბენი, ვერ მოვიფიქრე, ვინმესთვის მეთქვა, მანქანას გაჰკიდებოდნენო.

გარდა კიდურებისა, გიორგის თავიც დაუზიანდა. ბევრი სისხლი დაკარგა და როდესაც სისხლის გადასხმა გახდა საჭირო, მაშინ გავიგე მომხდარი... მე და ჩემი გოგონა, ნათია შინ ვიყავით (ნათია მეუბნება, კომედიას ვუყურებდი, მაგრამ გულზე უეცრად ისეთი სიმძიმე შემომაწვა, კინაღამ შევღონდი. მიზეზი მაშინ ვერ გავიგე და ახლა ვხვდები. ეტყობა, გულმა მიგრძნო, რომ გიორგის თავს უბედურება დატრიალდაო. - ავტ.). ღამის თორმეტ საათზე სადარბაზოდან ჩემი მეუღლის გამწარებული ხმა შემომესმა, ვაიმე, შვილო! მიშველეთ, ხალხოო, და კარზე ბრახუნი ატყდა. მეუღლის სახემ გამაოგნა. ნანი, მიშველე, ჩვენი გიორგიო... დიაბეტი მაქვს. წინა საღამოს შაქარმა ამიწია და გიორგის ვუთხარი, შვილო, ნუ დამტოვებ, ცუდად ვარ-მეთქი. დედიკო, არასოდეს დაგტოვებო და იმდენი მკოცნა, შვილის ფერებაში შაქარმა დამიწია.  მეუღლემ მითხრა, მეშინოდა, ისევ ცუდად არ გამხდარიყავი, მაგრამ ბავშვს სისხლის გადასხმა უნდა, საავადმყოფოში უნდა წავიდეთო. ექიმებს უთქვამთ, ბიჭი თითქმის მკვდარია, ყოველ წუთს შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს და დედა მოიყვანეთო.

საავადმყოფოში ექიმებს ვეხვეწებოდი, ჩემი გიორგი სად არის, მანახეთ-მეთქი. თურმე ჩემი შვილი იქვე იწვა და ვერ ვიცანი. ერთიანად სისხლში იყო მოსვრილი. ექთანმა მითხრა,  99%-ით მკვდარიაო. ეს სიტყვები რომ მახსენდება, გონება მიბნელდება. ექიმმა მითხრა, სასწრაფოდ სისხლი მომიტანეთო. არ მახსოვს, როგორ ჩავირბინე მეოთხიდან პირველ სართულამდე. იქ თურმე ნაავარიევი ხალხი ჰყავდათ მოყვანილი. ერთი გარდაცვლილი დერეფანში საკაცით ესვენა. თურმე მიცვალებულს გადავახტი.

მეორე დღეს გიორგის მდგომარეობა დამძიმდა. ექიმმა მითხრა, მარჯვენა ფეხი უნდა მოვკვეთოთო. მე მომკვეთეთ, ოღონდ ჩემს გიორგის შეუნარჩუნეთ-მეთქი. მკითხეს, გიორგის სიცოცხლეს ირჩევთ თუ ფეხს? განგრენა დაიწყოო. იმდენად მინდოდა, ეცოცხლა, მისი ფეხის მოკვეთაზე მოვაწერე ხელი. ჩემი მეუღლე სიახლოვესაც არ გაეკარა იმ საბუთს და რა მექნა? მტერს არ ვუსურვებ, ისეთი დღეები გადავიტანე. წარმოგიდგენიათ დედის მდგომარეობა, ამაზე რომ ხელს აწერს? ამ საშინელი სტრესისაგან ძალიან ცუდად გავხდი. ვხედავდი, ჩემი გიორგი კარზე მიკაკუნებდა და მეძახდა. მეც ვეძახდი, გიორგი, ახლავე გაგიღებ კარს-მეთქი, გავაღებდი კარს და გიორგი არ იყო. მერე ვხედავდი, რომ ცხელი ლავაშის ჭამით შემოდიოდა სახლში. გავიქცეოდი მისკენ და არ იყო ჩემი გიორგი. ეს კოშმარი რამდემიე თვე გაგრძელდა.

გიორგის მოტეხილი მარცხენა ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს, მაგრამ, ეტყობა, ტრავმატოლოგმა ძვალი ძვალს ააცდინა და მეორე ფეხზეც განგრენა განუვითარდა. ამას თან სეფსისიც დაერთო და რადგან გორის ჰოსპიტალში კარგი სამედიცინო აღჭურვილობაა, გიორგის გორში გადაყვანა გვირჩიეს. იქ ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარეს და ექიმმა მითხრა, ვერც მეორე ფეხს შევუნარჩუნებთ, მუხლს ქვემოთ უნდა მოვკვეთოთო. მეხი დამეცა. ჰოსპიტლის ეზოში გავვარდი და შეშლილივით ვყვიროდი. ექიმმა მითხრა, ფეხის მოკვეთაზე ხელი უნდა მომიწეროთო. ჩემმა მეუღლემ ეს რომ გაიგო, ჯერ კედელს მიახეთქა თავი, მერე კი იყვირა, თავს მოვიკლავო და ისე გამწარებული გავარდა გარეთ, ჰოსპიტლის დაცვის ბიჭები გაეკიდნენ. ვინც ჩემი გიორგი ასე დამიღუპა, როგორ უნდა იცხოვროს? რაც კი გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდე. ბევრი ოქრო მქონდა, მუჭებით გამქონდა ვაგზალზე და ხალხს ვეხვეწებოდი, იყიდეთ, შვილის წამლისთვის მინდა-მეთქი. დღეში ზოგჯერ 800-700 ლარი იყო საჭირო...

- ბრძანეთ, რომ გიორგის თავიც დაუზიანდა. გონზე არის?

- თავზე დიდი ჰემატომა ჰქონდა და გვიან გამოვიდა მდგომარეობიდან, მეცხრამეტე დღეს. როდესაც უთხრეს, გიორგი, აქ შენი დედააო, მომხედა. თვალებზე ცრემლი მოერია. მოკვეთილ ფეხს, რომელიც უკვე შეხორცებული ჰქონდა, ხან ასწევდა, ხან დასწევდა, მერე კი ცრემლი წამოუვიდა... მეოთხე დღეს დაკარგა გონება სეფსისის გამო... რომ გამოკეთდება და სასუნთქი აპარატიდან მოხსნიან, სეფსისის ახალი ტალღა წამოვა და ისევ აპარატზე აერთებენ. ამ დროს გიორგის ამცივნებს, ტემპერატურა კი 39-40 გრადუსზე ადის. როდესაც შეტევა აქვს, ჩემი სხეულით ვათბობ. ეტყობა, დედის ძალა დიდია, ბავშვი კანკალს წყვეტს და ტემპერატურა ვარდება. სექტემბრის დასაწყისში მოხსნეს გიორგის სასუნთქი აპარატი. 265 ათასი ლარი გვაქვს პოსპიტლის ვალი. ეცოდებათ გიორგი და არაფერს ამბობენ. ახლახან ენცეფალოგრამა გადავუღეთ და ექიმმა მითხრა, ესმის, გცნობთ, მხედველობა აქვს და ტკივილზეც რეაგირებსო. რომ ვეტყვი, გიორგი, თუ ჩემი გესმის, თვალები დამიხუჭე-მეთქი, ხუჭავს. გიორგიმ ინგლისური იცის და ნათია ინგლისურად უყვება ზღაპრებს. ექიმი მეუბნება, გიორგის შანსი ახლა 50/50-ზეაო და მირჩია, ხანგრძლივად ელაპარაკეთ, დედის ხმა მისი ტვინის უჯრედებში ჩარჩენილია და ახსენდებითო.

გვინდა რეაბილიტაციისთვის გერმანიაში წავიყვანოთ, რადგან საქართველოში რეაბილიტაციის ცენტრი არ არის.  გავგზავნით მის დიაგნოზს და მოგვივა პასუხი, რა თანხა იქნება საჭირო. შეიძლება მისი რეაბილიტაცია 80 ათასი ევროც კი დაჯდეს. გიორგის მკურნალობისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 25 ათასი ლარი ჩაგვირიცხა, მერიამ - 3 ათასი, 1.000 ლარი კი ისანი-სამგორი რაიონის გამგეობამ.

გიორგი ქაშუეთის ეკლესიაში დადიოდა ხშირად. ახლა მე ვანთებ სანთელს წმინდა გიორგის იმ ხატთან, სადაც გიორგის უყვარდა სანთლის დანთება. გიორგის მოძღვარი მამა ღვთისო გორშიც ჩავიდა მის სანახავად.

ერთხანს გიორგის მდგომარეობა ისე დამძიმდა, ექიმებმა გვითხეს, ავადმყოფის ტანსაცმელი აქ თუ გაქვთო. ექიმები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, მე კი არაფერს მეუბნებოდნენ. მორიგე ექიმისგან ვცადე ჩემი შვილის მდგომარეობა გამეგო, მაგრამ გამექცა, მაგრამ მეორე კარიდან გავედი და ეზოში დავხვდი, ცოტა ხანს დავიცადოთ, გამოვა გიორგი მდგომარეობიდანო. მაშინ ჩემს მეუღლეს ვუთხარი, გიორგის თავისი მოძღვარი ჩამოუყვანე-მეთქი. გიორგის თვალები დახუჭული ჰქონდა. რომ ვუთხარი, შვილო, შენი მოძღვარი მოვიდა-მეთქი, თვალები გაახილა. მამა ღვთისოს ლოცვის მერე მოიხედა. ძალიან კეთილი ბიჭია გიორგი და ეტყობა, მისმა სიკეთემ და მადლმა დაიფარა.

გიორგი ძალიან მძიმედ რომ იყო, თვალებს ვუკოცნიდი და ვნატრობდი, შვილო, ნეტავ შენი თვალები გახელილი მაჩვენა-მეთქი. ეს ამისრულა უფალმა, ახლა იმას ვნატრობ, გიორგის ხმა გამაგონოს. გიორგის უყვარდა, მკერდზე რომ ვაკოცებდი ხოლმე. მთხოვდა, დედიკო, დამლოცე და მითხარი, შენმა გულმა ასი წელი იდუგდუგოსო. ახლა მამა გაბრიელის ზეთს რომ ვაცხებ შუბლსა და გულზე, ვლოცულობ, "გიორგი, შენმა გულმა ასი წელი იდუგდუგოს".

ვისაც ადამიანური სითბო და სიყვარული აქვს, გთხოვთ, გიორგის ტრაგედია გულთან მიიტანეთ. ვინც ჩემი შვილი ასე გაანადგურა, მინდა იმანაც გაიხსენოს 2009 წლის 8 ნოემბერი. იქნებ ეყოს ადამიანობა და ანონიმურად მაინც დაეხმაროს გიორგის.

მიმღების ბანკი: სს "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი BAGAGE22, მიმღები: ურდულაშვილი ნანი მიმღების ანგარიშის ნომერი: 137094600

ტელ: (99532) 2444 444

ელფოსტა: welcome@bog.ge