"მშვიდობით, იარაღო!" - უიღბლო სიყვარულის "შვილი" - კვირის პალიტრა

"მშვიდობით, იარაღო!" - უიღბლო სიყვარულის "შვილი"

პატარა "კურიოზი" გადამხდა თავს, სანამ ამ წერილის წერას დავიწყებდი: რატომღაც მეგონა, რომ დოსტოევსკის შემდეგ, პროექტით "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ვაჟა-ფშაველას პოემები და პუბლიცისტიკა უნდა დაბეჭდილიყო. ჰოდა, "გავაშანშალე" სტატია და... გაზეთის ჩაბარებამდე ორი საათით ადრე გავიგე, რომ ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო!" უნდა წარმოგიდგინოთ!

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, - რომელიმე სხვა მწერალი ან ნაწარმოები რომ ყოფილიყო, ახლა ინტერნეტიდან აღებულ და ნათარგმნ რომელიმე სტატიას წაიკითხავდით, მაგრამ, ალბათ, ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, ვისაც წაუკითხავს, - ეს ის რომანია, რომელსაც წაიკითხავ და გახსოვს და გახსოვს.

ახლა ეს შესაძლოა სასაცილოდ ეჩვენოს ვინმეს, მაგრამ როდესაც 1936 წელს რემარკმა "სამი მეგობარი" გამოაქვეყნა, ლიტერატურის მოყვარულები თურმე ამბობდნენ, ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო!" რომ არ წაეკითხა, რემარკი ამას ვერ დაწერდაო. არადა, რემარკს ჯერ კიდევ 1929 წელს ჰქონდა გამოქვეყნებული "ტრიუმფალური თაღი" და იმას ხომ მაინც ვერ "გადაწერდა" იმავე წელს დაბეჭდილი ჰემინგუეის რომანიდან?!

რისთვის გავიხსენე ეს ძველი "ლიტერატურული ჭორი"? იმისთვის, რომ აქვე მომეყვანა კიდევ ერთი, ამჯერად უფრო სერიოზული გამონათქვამი, რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ეთანხმება: "ჰემინგუეი ყველაზე ნაკლებად ამ რომანში ჰგავს... ჰემინგუეის!" და ჰო, შესაძლოა რემარკსაც კი ჰგავდეს...

არ ვიცი, თუკი მსგავსებაში იმას ჩავთვლით, რომ ჰემინგუეის ამ რომანშიც და რემარკის ყველა რომანშიც ომისადმი პროტესტია, ან ის, რომ მთავარი პერსონაჟი ქალის სიკვდილით სრულდება სიუჟეტი, მაშინ, ალბათ, ასეა, მაგრამ მაინც არ უნდა დაეთანხმო ადამიანი ამ "თეორიას".

ჰო, მართლა, კიდევ ერთი მსგავსება: რემარკის რომანებში აღწერილი ყველა სასმელის მხოლოდ ჩამოთვლა დაგათრობს კაცს, ჰემინგუეისთან კი რა დაგვავიწყებს: მოხიტო - შაქარი, მწვანე ლიმონი, ბლომად პიტნა, სოდიანი წყალი და კუბური რომი.

კიდევ ის მახსოვს, რომ როდესაც ეს წავიკითხე (მეცხრე კლასში ვიყავი), წავედი, მაღაზიაში კუბური რომი ვიყიდე (გამყიდველს სულელი ვეგონე, "ეყარა" კომუნისტების დროს ნამდვილი კუბური რომი მაღაზიებში და არავინ ყიდულობდა - ეტიკეტზე ეწერა Hავანა ჩლუბ და ხელკვერთხიანი შიშველი აბორიგენი ეხატა), პიტნა მეზობელს გამოვართვი (ბებიაჩემს წნევა აქვს და პიტნის ჩაი უნდა-მეთქი), ჩვენი "ბორჯომი" რომ სოდიან წყალს ჯობს, კი ვიცოდი, ლიმონი მწვანე არ იყო, მაგრამ ყვითელიც "წავიდა", დავჯექი, გავაკეთე მოხიტო, დავლიე ორი ჭიქა და თავი ჰემინგუეი მეგონა!..

ჰემინგუეი ამბობდა: "რა უშლის ხელს მწერალს? სასმელი, ქალები, ფული და პატივმოყვარეობა. აგრეთვე უსასმელობა, უქალობა, უფულობა და პატივმოყვარეობის უქონლობა..." ეს ფრაზაც საკმარისია, დაეთანხმო აზრს, რომ ჰემინგუეი ის მწერალია, რომელიც ძალიან ჰგავს თავის პერსონაჟებს და რამდენიც უნდა ილაპარაკონ, "მშვიდობით, იარაღო!" ცოტა სხვანაირიაო, არაფერიც არ არის სხვანაირი და ფრედერიკ ჰენრიც ზუსტად ის ჰემინგუეია, რომელიც პირველ მსოფლიო ომში სანიტარული მანქანის მძღოლად მსახურობდა და დაჭრილები გამოჰყავდა ფრონტის წინა ხაზიდან.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰემინგუეის ბევრ ოფიციალურ ბიოგრაფიაშიც კი რატომღაც არ არის ნახსენები ის მართლაც დრამატული ამბავი, რომელიც ამ უკვდავ რომანს დაედო საფუძვლად. ყველაფერია აღწერილი: მისი ჩასვლა იტალიაში, ბრძოლის პირველი დღე, დაჭრის ამბავიც, ჰოსპიტალში წოლის ხანგრძლივობაც და ისიც, რომ იტალიის მეფემ საკუთარი ხელით მიამაგრა მუნდირზე სამხედრო ჯილდო.

ამ ამბების ზუსტ აღწერადაც "მშვიდობით, იარაღო!" კი არა, ჰემინგუეის რომანი "სიკვდილი ნაშუადღევს" ითვლება, სადაც მართლაც წუთი-წუთშია გადმოცემული ყველაფერი (შესაძლოა, სწორედ ამიტომაც შედარებით სუსტი გამოვიდა ეს რომანი, სინამდვილე ხომ ნაკლებად საინტერესოა).

მაგრამ ძალიან იშვიათად ახსენებენ ჰემინგუეის სიყვარულის ისტორიას, რომელიც დაბრუნებიდან 10 წლის შემდეგ საფუძვლად დაედო მის ამ ყველაზე ცნობილ რომანს. რადგან როგორც ყოველთვის, საგაზეთო ფართის სიმცირე გვზღუდავს, კუბაზე, ნობელის პრემიაზე, მის ოთხ ცოლზე, აფრიკაში ნადირობასა და თავის მოკვლაზე აღარაფერს ვიტყვი, ეს ყველგან შეიძლება ამოიკითხოთ. ამიტომ მხოლოდ იმ, ნაკლებად ცნობილს ამბავს მოგითხრობთ:

1918 წელს, გაზეთ "კანზას-სიტი სტარის" 18 წლის კორესპონდენტს სამედიცინო კომისიამ მხედველობა დაუწუნა და ომში არ გაუშვეს. ჰემინგუეი არ შეეპუა, - ოჯახს არაფერი გააგებინა, ისე გაიპარა საფრანგეთში და იქ ჩაეწერა მოხალისედ. ასე აღმოჩნდა I მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე, ავსტრიელთა წინააღმდეგ მოკავშირე იტალიელების დასახმარებლად. თოფის სროლა არც აქ მოუხდა მხედველობის გამო, მაგრამ სანიტარული მანქანის მძღოლად დანიშნეს და დაჭრილები გამოჰყავდა. ერთ დღეს, როდესაც დაჭრილი ზურგზე მოიკიდა და მანქანისკენ მიჰHყავდა, მის ფეხებთან შრაპნელი აფეთქდა და მამაცი მძღოლის ფეხები მუხლქვემოთ ცომივით აიზილა. ჰოსპიტალში მიყვანილს ქირურგმა ორასამდე(!) ნამსხვრევი ამოუღო, სისხლის დენაც შეუჩერა და ამით სიკვდილს გადაარჩინა, მაგრამ ორივე ფეხის ამპუტაციაც "მიუსაჯა" - განგრენა გარდაუვალიაო.

ეს ქირურგი წოდებითაც მეტი იყო პაციენტზე, გრაფის ტიტულსაც ფლობდა და ცნობილი ექიმიც გახლდათ. სამაგიეროდ, ჰემინგუეი ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური ჭაბუკი იყო და... იმავე ჰოსპიტალში მედდად მომუშავე ჰემინგუეის გადამრჩენი ქირურგის საცოლემ - ამერიკაში დაბადებულმა, გაღარიბებული და იქ გადასახლებული გერმანელი არისტოკრატების შთამომავალმა აგნეს ფონ კუროვსკიმ სიყვარულითვე უპასუხა მომავალ მწერალს.

ეს სიყვარული კი პირველ რიგში იმით გამოხატა, რომ გვერდიდან არ მოსცილებია ჰემინგუეის საწოლს, ღამეებს ათენებდა, თან ჰყვებოდა და საოცრება მოხდა - პაციენტი გამოჯანმრთელდა და ფეხებიც შეინარჩუნა.

"შუბი ხალთაში არ დაიმალება", მით უმეტეს, რომ საქმრო ისედაც ფხიზლად ადევნებდა თვალს საცოლეს - აგნესს უყვარდა მამაკაცთა საზოგადოებაში ყოფნა (ამისთვის ჰემინგუეიმ იქვე, ჰოსპიტალშივე რამდენჯერმე მოაწყო ეჭვიანობის ბობოქარი სცენა); როგორც კი ყავარჯნებით სიარული შეძლო, ქირურგმა-გრაფმა კარისაკენ მიუთითა ახალგაზრდა მეტოქეს.

შეყვარებულებმა მაინც მოახერხეს და რამდენიმე დღე ერთად გაატარეს ულამაზეს ქალაქ პადოვაში და ჰემინგუეი ამერიკაში გაემგზავრა, აგნესი კი დაჰპირდა, რომ მალე ჩააკითხავდა.

შინ როგორც გმირს, ისე დახვდნენ. ყველაფერი კარგად იყო: წერდა პატარა მოთხრობებს, ყველა ეფერებოდა, რაც მთავარია, ევროპიდან სიყვარულით სავსე წერილებს იღებდა... მაგრამ ერთ დღეს: "მშვიდობით, ბიჭუნა, არ გამიბრაზდე, მაინც ვთხოვდები..." (რვა წლით უფროსი ქალი ბიჭუნას ეძახდა ხოლმე.)

არ უნდოდა, მშობლებს შეეტყოთ მისი მდგომარეობა, მიჩიგანში გადავიდა ვითომ ჟურნალისტობის გასაგრძელებლად და სმა დაიწყო (მაშინ დაიწყო და აღარც "დაუმთავრებია"). ერთ მშვენიერ დღეს კი კარზე კაკუნი გაისმა, მთვრალმა ჰემინგუეიმ გააღო და ზღურბლზე აგნეს ფონ კუროვსკი იდგა! სიტყვაც არ უთქვამს, ისე მიუხურა კარი ცხვირწინ... სიამაყემ სძლია სიყვარულს...

არადა, როგორც აგნესი შემდეგ ჰყვებოდა (ის 80-იან წლებში გარდაიცვალა, ღრმად მოხუცი), მას დიდი პრობლემები შეექმნა, - ლამის ჯვრისწერიდან გამოქცეულა და ოჯახიც განრისხებია (თუმცა, სხვები ამბობენ, გრაფის ამაყმა ნათესავებმა ჩაშალეს მისი ქორწინება ამ თავაშვებულ ქალთანო).

ასე დამთავრდა ეს ამბავი, მაგრამ დამთავრდა მხოლოდ ცხოვრებაში - 10 წლის შემდეგ ყველა თაობისათვის საყვარელ რომანად მოგვევლინა და სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკაში.