გამოცხადებული ომი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ, გამოუცხადებელი არჩევნების წინ! - კვირის პალიტრა

გამოცხადებული ომი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ, გამოუცხადებელი არჩევნების წინ!

ჩვენი გაზეთის გამოსვლის დღისთვის თბილისში არსებულ პრესაზე სპეციალიზებული 140-150 ჯიხურიდან სულ რამდენიმეღა იქნება დარჩენილი და მათაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე აიღებენ.

დამოუკიდებელ მედიას მძიმე დროება დაუდგა. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, თითოეული ჩვენგანი ამ სიმძიმეს სულ უფრო ნათლად გრძნობს. ჩვენთვის, დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებისთვის, დიდი ხანია საჯარო ინფორმაციის მოპოვებაც კი უდიდეს ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ახლა საფრთხე უკვე ამ მძიმე შრომით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას ემუქრება. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, საფრთხე მით რეალური და ხელშესახები ხდება. პოლიტიკურ კრიზისში მყოფმა ხელისუფლებამ ბრჭყალები გამოაჩინა და დამოუკიდებელ მედიას აშკარა ომი გამოუცხადა.

დამოუკიდებელ მედიაზე, განსაკუთრებით კი პრესაზე, იერიში პირველად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიტანა. მან ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას წარმოუდგენელი რამ ბრძანა: საშინელი ქართული გაზეთების კითხვა არ ღირსო და საბიუჯეტო ორგანიზაციებს მოუწოდა, მათი გამოწერა შეეწყვიტათ. მალე ასეც მოხდა, ბევრმა საბიუჯეტო ორგანიზაციამ შეწყვიტა იმ გაზეთების გამოწერა, რომლებიც სახელისუფლებო მედიის სიაში არ მოიაზრებოდნენ, ხოლო დეპუტატები და სახელმწიფო მოხელეები ერთხანს გაზეთებს პიჯაკის ქვეშ საგულდაგულოდ მალავდნენ.

მასშტაბური ბრძოლა პრესასთან 2009 წელს დაიწყო. ერთ-ერთი "მნიშვნელოვანი რეფორმა", რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ გაატარა, დედაქალაქის ცენტრალური უბნებიდან პრესის გამავრცელებელი ჯიხურებისა და სტელაჟების აღება იყო. თურმე, ისინი თბილისს ამახინჯებდნენ. ნათელი შეიქნა, რომ სტელაჟებისა და ჯიხურების აკრძალვა ჟურნალ-გაზეთების რეალიზაციაში ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლებია სარეალიზაციო პუნქტი, მით ნაკლებია ტირაჟი, რაც ნაკლებია ტირაჟი, მით ნაკლებია შემოსავალი. ეს კი თავისუფალი მედიის განვითარების შესაძლებლობას კლავს და იძულებულს ხდის, რაღაცაზე ან ვიღაცაზე იყოს დამოკიდებული. ამას კი მედიის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამ ამბავში დროულად ჩაერია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ხელისუფლებამ მაშინ "უკან დაიხია - განაცხადა, ტენდერი გამოცხადდება და ვინც საუკეთესო დიზაინის ჯიხურებს შემოგვთავაზებს, ჟურნალ-გაზეთების პრესტიჟულ ადგილებზე გაყიდვის უფლებასაც ის მიიღებსო. პრესის გამავრცელებლებმა იმუშავეს და მერიას ჟურნალ-გაზეთების ჯიხურების დიზაინის რამდენიმე ნიმუში და იმ ადგილების სია წარუდგინეს, სადაც ჯიხურების დადგმას მოისურვებდნენ. მერიის დაპირება ტენდერზე გაჭიანურდა, ჩვენ კი სულ მალე გასაკვირი ამბის მოწმენი გავხდით: ერთ მშვენიერ დღეს, უტენდეროდ და უკონკურსოდ, თბილისის ქუჩებში, მათ შორის იქაც, სადაც ადრე სხვა გამავრცელებლების ჯიხურები იდგა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ფირმის, პრესის სარეალიზაციო (თუმცა, მოგვიანებით როგორც გაირკვა, ისინი სულ სხვა მიზნით, ე.წ. გარე რეკლამისთვის და ლატარიის ბილეთების სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი)

ახალი ჯიხურები გამოჩნდნენ, ასევე ახალი გაზეთ "პრაიმ ტაიმის" სარეკლამო ბანერებით, თანაც სწორედ იმ დიზაინით, რომელიც მერიას გამავრცელებლებმა წარუდგინეს და სწორედ იმ ადგილებში, რომლებიც პრესის გამავრცელებლებმა თავიანთ პროექტში მიუთითეს(?).

როგორც ჩანს, უგულავას კანტორაში იფიქრეს, რაღა ჩვენ ვიმუშაოთ დიზაინზე, პრესის სარეალიზაციოდ მომგებიანი ადგილების შერჩევაზე ვიტეხოთ თავი, პრესის გამავრცელებლებს დავპირდეთ ყველაფერს, საქმე გავაკეთებინოთ და მერე "გადავაგდოთო". ასეც მოხდა, მაგრამ მერიის ახალი პროექტი, რომელიც იმთავითვე პრესის გავრცელების მონოპოლიზაციისა და შემდეგ დამოუკიდებელი პრესის ჩასაძირად წამოიწყეს, სამარცხვინოდ ჩაფლავდა. ვერც ახალი გაზეთი "პრაიმ ტაიმი" გახდა ქართული პრესის ლიდერი და ვერც "ვაიდ დისტრიბიუშენის" ჯიხურები პრესის გამავრცელებელთა ფლაგმანი - პრესის ასოციაციის ინიციატივით, გამომცემლობებმა ამ ჯიხურებში საკუთარი გაზეთები არ შეიტანეს!

რადგან ეს შეტევა არცთუ ეფექტური აღმოჩნდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ცალ-ცალკე მოევლო მედიასაშუალებებისთვის და ყველაზე წარმატებული, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისთვის - "პალიტრამედიას" ექვს ორგანიზაციაში ერთდროულად (როგორც გვარწმუნებდნენ, ლოტოტრონის პრინციპით) საგადასახადო სამსახური შევიდა და ძირფესვიანი საგადასახადო შემოწმება დაიწყო. თუმცა, სასურველი ნაყოფი ვერც ამ შემოწმებამ გამოიღო, - დიდი მცდელობის მიუხედავად, საგადასახადო სამსახურმა "პალიტრამედიაში" სერიოზული დარღვევები ვერ იპოვა.

დამოუკიდებელ მედიაზე პერიოდულ შეტევებს თითქმის შევეჩვიეთ, მაგრამ ისეთი აშკარა და აგრესიული თავდასხმა, როგორიც ხელისუფლებამ ერთი თვის წინ წამოიწყო, ჯერ არ ყოფილა. ამჯერად ხელისუფლებამ თავისუფალ მედიაზე ახალ შეტევას "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა" დაარქვა. სწორედ ამ საფარქვეშ დაიწყო თბილისის მერიამ დედაქალაქში პრესის ჯიხურების აღება. ამ "დიადი პროექტის" მიხედვით, ქალაქში არსებული "ძველი და უსახური" ჯიხურების ნაცვლად ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმება. საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის პრესის ჯიხურების განთავსების ნებართვის ვადაც ამოიწურა. მართალია, ვადის გახანგრძლივების თაობაზე გამავრცელებლებმა მერიას ჯერ კიდევ თვეების წინ არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. მერიამ "ელვასერვისს", "პლანეტა ფორტეს" და "მაცნეს" ჯიხურების დიზაინი დაუწუნა და ახალ სავაჭრო ჯიხურებზე აუქციონი ქალაქის მასშტაბით 1000 ადგილზე გამოაცხადა. ჯიხურების ფასები აუქციონზე იმდენად მაღალი იყო, რომ ცხადი გახდა, ჯიხურში სოლიდურ თანხაგადახდილი მფლობელი იქ გაზეთების გავრცელებას ნამდვილად არ მოინდომებდა, თუნდაც მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ პრესას პატარა ჯიხურში თვალსაჩინოდ გამოფენ, სხვა პროდუქტისთვის ადგილი ფაქტობრივად აღარ დარჩება. უკვე ცნობილია ისიც, რომ ჯიხურების ახალ მეპატრონეებს იქ ძეხვეულის, კვერცხისა და სხვა საკვები პროდუქტების რეალიზაცია აქვთ დაგეგმილი.

ჩვენი გაზეთის გამოსვლის დღისთვის თბილისში არსებულ პრესაზე სპეციალიზებული 140-150 ჯიხურიდან სულ რამდენიმეღა იქნება დარჩენილი და მათაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე აიღებენ. მოდის ინფორმაციები, რომ იმავე მეთოდით ჯიხურების აღება ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც იგეგმება.

ლაშა ტუღუში, პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი: - ეს არის აღვირახსნილი ქმედება! ცხადია, ამ ვითარების თავიდათავი ხელისუფლების პოლიტიკური კრიზისია. ასეთი რეაქციული შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე ჯერ არ ყოფილა და ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს. ის, ვინც იღებს მსგავს გადაწყვეტილებას, ძალიან კარგად იცის, რომ ეს უდიდეს ზიანს მიაყენებს პრესას. ცხადია, შეეცდებიან თავისუფალი მედია უკიდურესად  შეავიწროონ.  პოლიტიკური ბალანსის ის სურათი, რომელიც შეიქმნა, მათთვის მისაღები არ არის. ხედავენ, რომ თავისუფალი პრესა მათთვის სახიფათოა და დისტრიბუციის მოშლით ცდილობენ მის შეზღუდვას. ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მწვავე პოლიტიკური კრიზისი აქვს!

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებელ მთავარ იარაღად ხელისუფლებას ტელევიზია მიაჩნია. ქართული ტელევიზიების უმრავლესობა დიდი ხანია სახელისუფლებო დანამატია. ინფორმაცია, რომელიც ამ არხებით ყოველდღიურად მიეწოდება საზოგადოებას, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მოქალაქეების ზომბირებაში. ამ პროცესს დიდი ხანია ვაკვირდები და საინტერესო სურათი მივიღე: მე ხშირად მიწევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა. ცხადია, არც ერთ რეგიონში არ მიდის საქმე კარგად, მოსახლეობას არ ულხინს. უფრო მეტიც, ხალხი შიმშილის ზღვარზეა, ხოლო სოფლები ხშირად ნასოფლარს ჰგავს, მაგრამ ჩვენი "ნაციონალური" არხების გადამკიდე კონკრეტულ სოფელსა და რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ჰგონია,  თვითონ არის ცუდ პირობებში, ჯერ ვერ მისწვდა მთავრობის კეთილი ხელი, თორემ აგერ მის მეზობელ რაიონში უკვე ყვავის საქართველო! კახელებს ჰგონიათ, რომ გურულებს აქვთ გამოჭედილი "ქუხნა" კუპატებით და ღორის ხორცით, გურულებს კიდევ კახელების სიმდიდრე ენატრებათ, ტონობით ყურძენს სახელმწიფო მაღალ ფასად იბარებსო, სვანებს აჭარა მეორე ნიცა ჰგონიათ, აჭარლებს კიდევ მესტია - შვეიცარიის კურორტი! ჩვენი ნაციონალური ტელევიზიები ამ ხერხით არქიფო სეთურის იმედს აკეთებენ!

ამას წინათ ტყიბულში ჩავედი, მინდოდა რეპორტაჟი გამეკეთებინა იმ სამკერვალო ფაბრიკიდან, რომელიც პრეზიდენტმა ჩემს ჩასვლამდე ერთი კვირის წინ დიდი ზარ-ზეიმით გახსნა და 450 კაცი დაასაქმა! თქვენ წარმოიდგინეთ, ფაბრიკა დახურული დამხვდა. არადა, საქართველოს მოსახლეობას ხომ ეგონა, რომ ტყიბულში სამკერვალო ფაბრიკა გუგუნებს! საინტერესოა, რატომ არ გააშუქეს ნაციონალურმა არხებმა ეს ამბავი?

ეს ამბები იმიტომ გავიხსენე, რომ მკითხველისთვის ნათელი გახდეს, რა მნიშვნელობა აქვს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ინფორმაციას და იმას, თუ როგორ მიეწოდება ეს ინფორმაცია (თუ დეზინფორმაცია) მოსახლეობას.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - მედია სინათლეს ჰგავს. ის საზოგადოებას უნათებს სახელმწიფო ცხოვრების იმ ბნელ კუნჭულებს, რომელთაც ადამიანი ვერ ხედავს.

ისევე როგორც ქურდები ამსხვრევენ ღამე ნათურებს, ასევე ცდილობს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მედიის ჩაქრობას. ამ შემთხვევაში საკითხავია, რა პოლიტიკური მიზანი აქვს მედიის ჩაქრობას?

ეს უნდა იყოს საზოგადოების შფოთვის საგანი.

რადგან ხელისუფლების იმიჯს ანგრევს რეპრესიები მედიაზე და მაინც აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში საშინელ ამბებს დაატრიალებს და ამისთვის წინასწარ ემზადება. ასეთი რამ "იმედის" დარბევის შემდეგ არ გაუკეთებიათ. მაშინ გაზეთებს მაინც არ ერჩოდნენ. ასეთი უპრეცედენტო შეტევა მიუთითებს იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ ძალიან დიდ პრობლემებთან ექნება საქმე ქართველ საზოგადოებას. ხელისუფლებას კი არ სჭირდება ამ დარღვევების და პრობლემების გამშუქებელი თავისუფალი მედია.

უკეთეს დღეში არც ტელევიზიების ის მცირე ნაწილია, რომელიც შედარებით ობიექტურ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. "მაესტროს" ამბებმა ცხადყო, თუ რა საშური საქმეა არჩევნების წინ თავისუფალი, ობიექტური მედიის დადუმება.

ვინ რა თამაშს თამაშობს "მაესტროს" ამბავში, აუცილებლად გაცხადდება, მაგრამ ის, რაც დღეს იქ ხდება, მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ხელისუფლება ცდილობს მედიაზე ცივილიზებული მოთხოვნებით შენიღბული იერიში მიიტანოს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში არ ერიდება აღვირახსნილ და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელ თამაშსაც.

ჯონდო ნანეტაშვილი, ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთის" დამფუძნებელი და დირექტორი: - დიდი ხანია მაიძულებენ, ტელევიზია გავყიდო. თანაც ულტიმატუმი აქვთ, ჩვენ (მე და ჩემი ძმა, რომელიც ასევე ტელევიზიის მოწილეა) საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავით და აღარ უნდა დავბრუნებულიყავით. წინააღმდეგ შემთხვეევაში, სასტიკ ზეწოლას ელოდეთო! მუქარა აასრულეს. ჩვენს ჟურნალისტებს ძალიან ავიწროებენ, მე კი გორის ცენტრში, გუბერნატორის კაბინეტის ფანჯარასთან სამართალდამცველებმა სასტიკად მცემეს. წამართვეს საკუთრება, ქარელის კინოთეატრი 1900 კვმ მიწის ნაკვეთითურთ, რომელიც სახელმწიფოსგან, კერძოდ, "ქართული ფილმისაგან" მაქვს ნაყიდი. ავიწროებენ იმ ბიზნესმენებსაც, რომლებსაც ტელეკომპანია "თრიალეთში" რეკლამა მოაქვთ.

ამ დღეებში ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, უზენაესი სასამართლოს მონაწილეობით, მეტად საეჭვო ვითარებაში იყიდა ტელეკომპანია "გურია", რომელიც ძველ მფლობელებს წაართვეს. ეს საქმე საკმაოდ სკანდალურია და მის დეტალებს უახლოეს ნომრებში გავაცნობთ საზოგადოებას. ტელეკომპანია "გურია" ბოლო დროს მხოლოდ სამგლოვიარო განცხადებებს თუ აცხადებდა, მაგრამ რაც მთავარია, მას დასავლეთ საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზია აქვს.

ის სადამსჯელო ოპერაციები, რომლებიც ხელისუფლებამ აქამდე ჩაატარა დამოუკიდებელი მედიის მოსათვინიერებლად, არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩანს, ის დრო დადგა, როცა ხელისუფლება აშკარა შეტევაზე გადმოსვლასაც აღარ მოერიდება. ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ ამერიკის მთავრობაც შეაშფოთა.

საზოგადოდ, დიპლომატები საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან თავს იკავებენ, მაგრამ ის, რაც ამერიკის ელჩმა 14 დეკემბერს განაცხადა, მიუთითებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ქმედებებით მეგობარი ამერიკელებიც გვარიანად არიან შეშფოთებული.

გურჯანიის ტელევიზიაში სტუმრად მიწვეულმა ჯონ ბასმა ასეთი რამ ბრძანა: "საინტერესოა, რა პრინციპით არჩევენ "ნაციონალური ტელეარხები" იმ თემებს, რომლებსაც აშუქებენ. ამას მივყავართ შემდეგ შეკითხვამდე: ვინ არიან ამ მაუწყებლების მფლობელები? ვინ განსაზღვრავს ამა თუ იმ მაუწყებლის სარედაქციო მიმართულებას, პოლიტიკას? თქვენ, ჟურნალისტებს, მე, როგორც სტუმარს ამ ქვეყანაში, თითოეულ მოქალაქეს, აინტერესებს, ვინ წყვეტს, რომელი ახალი ამბები უნდა მიეწოდოს მაყურებელს და რომელი - არა. ეს პირდაპირ კავშირშია მედიასაშუალებების სანდოობის ხარისხსა და ობიექტურობასთან. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არის მედიასაშუალებების მეპატრონე და რა კავშირები აქვთ მათ". ბასის განცხადება მოჰყვა ადგილობრივი ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც შენიშნა, რომ ნაციონალურმა ტელეარხებმა არ გააშუქეს თელავში ელჩის მონაწილეობით "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" გახსნა მაშინ, როცა იმავე დღეს თელავში გოგა ხაჩიძესთან ერთად გამართულ გარემოს დაცვითი პროექტის პრეზენტაციას ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა თელავში გახსნა ცენტრი, რომელიც მოქალაქეების შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოთქმის ადგილი იქნება. საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ასეთი 10 ცენტრი უნდა გაიხსნას, რისი საჭიროებაც ჩანს არცთუ სახარბიელო "დემოკრატიული" რეალობიდან გამომდინარეობს.

ამ სიუჟეტის ნაციონალური არხებით გადაცემა საქართველოს მოსახლეობას აუცილებლად გაუჩენდა კითხვას, თუ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ყვავის ჩვენს ქვეყანაში, როგორც გვიმტკიცებენ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რატომ გახსნეს ეს ცენტრებიო? სინამდვილეში ამერიკის ელჩმა შესანიშნავად იცის, ვინ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას ნაციონალურ არხებზე. კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც.

ბოლო დროს უცხოელი დიპლომატები და მათ შორის ჯონ ბასიც სულ უფრო ხშირად უსვამენ ხაზს 2012-2013 წლების არჩევნების მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჯონ ბასმა საქართველოს მოქალაქეებს ასე მიმართა: "მომავალი ორი წელი ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ჩაერთონ უფრო დემოკრატიული, პლურალისტური და თავისუფალი ქვეყნის შენებაში. ვიმედოვნებ, ყველა თქვენგანი მონაწილეობას მიიღებს მომავალ არჩევნებში და გექნებათ აქტიური როლი სამოქალაქო ცხოვრებაში იმისათვის, რომ აიხდინოთ თქვენი ოცნება უკეთესი მომავლისთვის".

ალბათ დამეთანხმებით, რომ აქტიური როლი საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად ვერავის ექნება, თუ არ იქნა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც, პირველ რიგში, თავისუფალი მედიის არსებობით არის შესაძლებელი.