"პრესის ჯიხურები სადაც დგას, იქ არ მიღირს ვაჭრობა" - კვირის პალიტრა

"პრესის ჯიხურები სადაც დგას, იქ არ მიღირს ვაჭრობა"

"თუ სადმე ვნახულობთ ადგილს, სადაც "ელვასერვისი", "მაცნე" ან სხვა ვაჭრობდა, თავს ვიკავებთ"

თბილისის მერიის გამოცხადებული ათასი ჯიხურის აუქციონის” შესაბამისად, კვლავ გრძელდება იმ ადგილების გაყიდვა, სადაც წლების განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებით მოვაჭრეების ჯიხურები იდგა. მერიას სააუქციონე ლოტების ნუსხაში შეჰყავს ის ჯიხურებიც, რომელთა ლიცენზიების ვადა ჯერ არ გასულა. მოარული ხმების თანახმად, ზოგს - ნებით, ზოგსაც ძალდატანებით უწევს აუქციონზე გამოტანილი ლოტების შესყიდვა. განსაკუთრებით ძვირად ფასობს ადგილები, სადაც ტრადიციულად, მხოლოდ ჟურნალ-გაზეთები იყიდებოდა. ამბობენ, რომ ესეც მიზანმიმართულად ხდება, რათა პრესის გამავრცელებელმა კომპანიებმა თავიანთი მოკრძალებული (კვების პროდუქტების რეალიზატორებთან შედარებით) შემოსავლებით ძველი ადგილების დაბრუნება ვერ შეძლონ.

ბოლო დროს თბილისში პრესის ჯიხურებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს მეფრინველეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია "პოულტრი ჯორჯია”("კოდა") გამოეხმაურა.

კახა მეგრელიშვილი, კომპანია "პოულტრი ჯორჯიას" ("კოდას") ფინანსური მენეჯერი: - სანამ ხელისუფლება ათასი ჯიხურის აუქციონს გამოაცხადებდა, მანამდე დავგეგმეთ ჩვენი პროდუქციის სარეალიზაციო პუნქტების გახსნა თბილისსა და რუსთავში, რათა უკეთ შევძლოთ ჩვენი ბრენდის პოპულარიზაცია. ბოლო დროს ძალიან მოხშირებული მეფრინველეობის წვრილ-წვრილი ფაბრიკების არსებობის პირობებში ეს აუცილებელია. ჩვენთვის მთავარია ორი რამ: შევინარჩუნოთ ბრენდის პოპულარობა და ქსელის ფასი. ამიტომაც ვცდილობდით და ვცდილობთ, სავაჭრო ობიექტები გავხსნათ ხალხმრავალ ადგილებში, მაგრამ არა - მეტროს ამოსასვლელებში, სადაც პრესა ვრცელდება. ჩვენი შეძენილი 22 ადგილიდან 13 პირველი ბიჯით მოვიგეთ არა ხალხმრავალ, არამედ  კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიაზე. ხელს არ გვაძლევს, რომ იჯარა იყოს ძვირი. დიდი კონკურენცია უნდა გავწიო დაბალი ფასით და არ მინდა ადგილმა გამიძვიროს.

ახლა რა ხდება აუქციონზე? -  ვაჭრობის დროს ლოტი გამოდის ელექტრონული  ვერსიით, მას ვხედავთ რუკაზე ზემოდან და შესაბამისად, ვარჩევთ სასურველ ადგილს. ამ მონაცემების მიხედვით შეუძლებელია იმის გარკვევა, იქ დგას თუ არა  პრესის რეალიზატორთა ჯიხური. ხანდახან ლოტი ორი-სამი დღით ადრე გამოდის გასაყიდად; მიდიხარ, ათვალიერებ ადგილს... შესაძლოა, იქვე დგას პრესის ჯიხურიც, მაგრამ მის ირგვლივ იმხელა თავისუფალი ტერიტორიაა, ვერც იფიქრებ, რომ მაინცდამაინც ამ ჯიხურის ადგილი იყიდება. ამის  გარკვევა შეუძლებელია, თორემ ისიც არ დაგვემართებოდა, რაც დაგვემართა:  22 ლოტიდან რამდენიმე ისეთი მოვიგეთ, სადაც დიდი ხე დგას, ან საკანალიზიციო ჭაა და ვერც ერთგან ვერ დადგამ ჯიხურს. თუ მერიამ ადგილის გადაწევის ნებართვა არ მოგვცა, იძულებული გავხდებით, ლოტები გავაუქმოთ. მოკლედ, ასე ზეპირად და წინასწარ ვერაფერს გაარკვევ, თუ არ მიიყვანე სპეციალური სამსახური, რომელიც ადგილის დაზუსტებაში დაგეხმარება. როგორც ჩანს, დაახლოებით ათი მეტრი ცდომილება მერიის ამზომველებისთვის არაფერს ნიშნავს.(?!)

მოკლედ, ჩვენ არ ვიყავით დაინტერესებული კონკრეტულად იმ ადგილების შეძენით, სადაც პრესა იყიდებოდა. არც ისეა საქმე, როგორც მედიაში გახმოვანდა, თითქოს ვიღაცის დავალებას ვასრულებთ. ასე რომ იყოს, ჩვენც, "კუმისიც" და სხვებიც მონაწილეობას კონკრეტული სახელებით და გვარებით მივიღებდით და ჩვენი კომპანიები სულ არ გამოჩნდებოდა.

"ელვასერვისს", "მაცნეს" და სხვა პრესის გამავრცელებლებს წინასწარ უნდა გაემჟღავნებინათ თავიანთი საკადასტრო კოდები და ლოტები და მერწმუნეთ, ჩვენ იმ ადგილებს  არ შევიძენდით. გამოეცხადებინათ ბოიკოტი, ეთქვათ, რის გამოც არ მონაწილეობდნენ აუქციონში, დაესახელებინათ თავიანთი ლოტები და ამდენი ლაპარაკიც აღარ გახდებოდა საჭირო ჩვენ შორის. ბოლო აუქციონებში ერთი თუ ორი ლოტი იყო ისეთი, სადაც პრესის ჯიხურები იდგა, მაგალითად, მოსკოვის პროსპექტზე და ჩვენ ის გავაუქმეთ. ინტერესი არ გვქონია, რადგან ადგილი ძვირი ღირდა. პროდუქციას გამიძვირებდა ძვირი იჯარა. მაქსიმუმი თანხა - 11. 000 ლარი სამგორის ამოსასვლელში (სადაც პრესის ჯიხური იდგა) ერთადერთ ადგილში გადავიხადეთ. ეს არ არის საცალო ვაჭრობის ადგილი, არის ბაზრის შესასვლელი, სტრატეგიული ადგილი, სადაც დღემდე არ გვქონდა ობიექტი და გვსურდა, გვქონოდა.

თუ სადმე ვნახულობთ ადგილს, სადაც "ელვასერვისი", "მაცნე" ან სხვა ვაჭრობდა, თავს ვიკავებთ. ისიც არის აღსანიშნავი, რომ სადაც "ელვასერვისი" ვაჭრობდა, ის ადგილები პრესტიჟულია, ძალიან ძვირია და მანდ ჯიხურების გახსნა არ გვიღირს -  ორი მაცივარი უნდა შევიტანოთ, ჯიხური უნდა გავაკეთოთ, გამყიდველი უნდა დავიქირავოთ და ხარჯები ძალიან იზრდება. ამას ჯობს, ეს თანხა ბრენდის პოპულარიზაციისთვის რეკლამაში დავხარჯოთ და შედეგსაც მივიღებთ.

ასე რომ, სიცრუეა, თითქოს "კოდა" 20.000 ლარს იხდის თითოეულ ადგილში. ნახეთ ჩვენი ლოტების ხარჯთაღრიცხვის სქემა და დარწმუნდებით, რომ ყველაზე ძვირი - 11. 000 ლარი - ერთადერთ ადგილში გადავიხადეთ.

პრესის ჯიხურები სადაც დგას, იქ არ მიღირს ვაჭრობა. მე ვიცი როგორ მუშაობს ჩემი პროდუქცია. მირჩევნია ჯიხური ნუცუბიძის პლატოზე გავაკეთო, სადაც ბევრი კორპუსია ერთად. იქ კონკურენტუნარიანი ვიქნები დიდ მარკეტებთან, რომელთაც ძვირი ფასები უდევს ჩემს პროდუქციაზე. თავდაპირველად დამფუძნებლებს ჰქონდათ ინტერესი, რომ აგვეღო პრესტიჟული ადგილები, მაგრამ ავუხსენი მათ, რომ ბოლოს კომპანიის გაჩერება მოგვიწევდა გადამეტებული ხარჯების გამო.