გოგონა, რომელსაც ბედმა საახალწლოდ ოჯახი აჩუქა - კვირის პალიტრა

გოგონა, რომელსაც ბედმა საახალწლოდ ოჯახი აჩუქა

ჩვენ მას მამა ვაპოვნინეთ!

"მე თქვენ ძალიან მიყვარხართ! შენი უმცროსი და, ოლგა"

"ჩემი ქმარი ისედაც სიტყვაძუნწი კაცია, მას შემდეგ კი, რაც უნახავი შვილის ამბავი წაიკითხა და ფოტო ნახა, ხმას ვეღარ იღებს, მეშინია, ნერვიულობით არაფერი მოუვიდეს"

თუ გეტყვიან, როცა რამე გულით გინდა, აუცილებლად შეგისრულდებაო, ნუ შეეკამათებით, რადგან ეს მართლაც ასეა. გახსოვთ, ოლგა სემანოვსკაია ("კვირის პალიტრა" #50)? როცა ამ სტრიქონებს ვწერ, შორს, იტალიაში "ვხედავ", როგორ გადადის იგი ქუჩაზე და თავისთვის  იღიმება - ყოველთვის ასეა, როცა ქალს ნატვრა აუხდება. თვალწინ კინოკადრებივით ჩამივლიან ოლგას საქართველოში ნაპოვნი მამა, დები, ძმა და მათი შვილებიც - კარგია გახარებული ადამიანის ნახვა! ჩვენც გვიხარია - ვისაც რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, 25 წლის  გოგონას უცნობი ქართველი მამა რომ ეპოვა.

ვინც ეს ამბავი ჯერ კიდევ არ იცის, აუცილებლად უნდა მოვუყვეთ, რომ... ზუსტად 25 წლის წინ უკრაინაში გაიცნეს ერთმანეთი  ოლგას ქართველმა მამამ, ნიკოლოზ ხურცილავამ და დედამ, ტატიანა სემანოვსკაიამ. ნიკოლოზს არ დაუმალავს, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა და ძალიან უყვარდა... მაგრამ მოხდა ის, რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე... ასე დაიბადა ოლგა. გოგონას მამისგან ერთადერთი ფოტო, მისამართი (აფხაზეთი, სოფელი დრანდა), ყურმოკრული ამბავი, - მამაშენმა ობოლი ძმისშვილები შეიფარაო და წერილი დარჩა: "იმის მიუხედავად, რომ არასოდეს მინახიხარ, შენ მუდამ ჩემს გულში ხარ". ცოტაა? მე კი მგონია, რომ კაცმა ამ ათი სიტყვით მოახერხა (ღირს დათვლად!) უნახავი შვილის გულში სამუდამოდ დაედო ბინა. გოგონას გულმაც სამუდამოდ ჩაისახლა და იმ დღიდან დაუწყო ძებნა. ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქითაც კი - დედასა და მამობილთან ერთად უკრაინიდან იტალიაში გადასახლებული ქართულ სახეებს აკვირდებოდა, რომ მამის ამბავი ეკითხა. იპოვა კიდეც. ხომ ვთქვი, როცა რამე გულით გინდა, ღმერთი შეგისრულებს-მეთქი, - გოგონა მაინცდამაინც იმ ადამიანს შეხვდა, ვინც ზუსტად იცოდა, მამამისი როგორ უნდა მოეძებნა. ეს უკანასკნელი "კვირის პალიტრის" მეგობარი ოლღა ხარშილაძე აღმოჩნდა - მიამბე, რა გაწუხებსო, უთხრა აღელვებულს და მანაც უამბო.

თან მამის ფოტო და წერილი აჩვენა, - მითარგმნეთ, ქართულად როგორ იკითხებაო. ქალბატონმა ოლღამ კიდეც უთარგმნა და კიდეც დაუწერა, - ეს სიტყვები ქართული ანბანით ასე იწერებაო. გოგონა წავიდა და მაჯაზე სვირინგით დაბრუნდა, - ზედ მამის წერილი ამოეტვიფრა.

"სულ" ეს იყო... ქალბატონი ოლღა გვწერდა, - მე რა შემეძლო, მაგრამ გოგონას  ვუთხარი, საქართველოში ერთი ნამდვილი სახალხო გაზეთი ვიცი, მის რედაქციას ვთხოვ, მამა მოგაძებნინოს-მეთქი. ჩვენც მოვაძებნინეთ, - გაზეთის გამოსვლის მეორე დილას ოზურგეთის სოფელ დვაბზუდან მათე სკამკოჩაშვილი დაგვიკავშირდა, - ნიკოლოზ ხურცილავა ჩემი მეზობელია, მის ქალიშვილზე გუშინვე კი წავიკითხე თქვენს გაზეთში, მაგრამ საღამო იყო და ოჯახში ვეღარ მივადექი, - რა ვიცი, რა ხდება, კაცნი ვართ-მეთქი, ამ დილით კი  "კვირის  პალიტრა" თავადაც ჯიბეში ედო,  ელდისგან ლაპარაკი უჭირსო.

ასე რომ, ბატონი ნიკოლოზივით არა, მაგრამ ცოტა არ იყოს, მეც დამეკარგა სიტყვები, როცა ტელეფონში ბატონი ნიკოლოზის ნაცვლად მისი მეუღლის, იამზეს ხმა გავიგონე, - ჩემი ქმარი ისედაც სიტყვაძუნწი კაცია, მას შემდეგ კი, რაც უნახავი შვილის ამბავი წაიკითხა და ფოტო ნახა, ხმას ვეღარ იღებს, მეშინია, ნერვიულობით არაფერი მოუვიდესო... მერე მიაყოლა:

- ჩვენ აფხაზეთის დატოვებით ბევრი რამ გამანადგურებელი გადავიტანეთ და მაინც ფეხზე ვდგავართ. ეს ამბავი ჩემს შვილებს ისე უხარიათ, მათი შემხედვარე, მეც ვხარობ.

- რამდენი შვილი გყავთ?

- ერთი ვაჟი და ორი გოგონა - სპარტაკი, ზინაიდა და ჯენეტი. ამათგან ჯენეტი სწორედ ის არის, რომელზეც ოლგა წერს, - მამაჩემს ობოლი ძმისშვილები უშვილებიაო. ძმისშვილი არა - ობოლი მულიშვილი გავზარდე. ასე რომ, სამი შვილი მყავს და სამივემ ბავშვობიდანვე იცოდა თავის დაზე.

- ესე იგი, მეუღლემ ყველაფერი გიამბოთ?

- მიამბო და როცა შვილები წამოიზარდნენ, მეც მათ ყველაფერი ვუთხარი, - აუცილებლად უნდა ვიპოვოთო! ასეც ვიზამდით, რომ არა აფხაზეთი. დრანდიდან მხოლოდ ჩვენმა ოჯახმა გამოასწრო, სხვა ყველა იქ ჩაგვიხოცეს. შემდეგ  თავიდან დაწყება ძალიან ძნელი იყო. ჩემი მეუღლე ამ ამბავს კინაღამ გადაჰყვა - ოპერაცია ხომ გადაიტანა, მერე ისე იავადმყოფა, ეს ახოვანი კაცი თითქოს დაპატარავდა კიდეც. მაგრამ ღვთის მადლით დადგა ფეხზე. ამის მიუხედავად, რამდენი ლაპარაკი ჩამოვარდებოდა, ჩემი შვილები ისევ იმეორებდნენ - და გვყავს და როგორ შეიძლება, არ ვიცნობდეთო! თუ ოლგა ჩამოვა, ჩემი შვილების ხათრით, საკუთარი შვილივით მივიღებ.

...ქალბატონ იამზესთან საუბრის შემდეგ ერთი კი გავიფიქრე, - ამ გოგონამ ჯერ კიდევ არ იცის, თავს რა საჩუქარი მოუმზადა-მეთქი, რომ ჩანთაში ისევ  ტელეფონი ამიწკრიალდა, - მაკა ვარ, ნიკოლოზ ხურცილავას ვაჟის, სპარტაკის ცოლიო.

- ვერ აგიწერთ, რა გახარებულები ვართ, არც კი ვიცოდი, რომ გაზეთს  ამდენი ხალხი კითხულობდა, - ლამის მთელი დრანდა გვირეკავს... სპარტაკს დებმაც აცრემლებულებმა დაურეკეს, - რა ბედნიერებაა, ეს რა კარგი რამე ხდება ჩვენს თავსო.

- ეგ არ მიკვირს, თქვენმა ამბავმა რედაქციაშიც კი აგვაცრემლა. ალბათ გოგონას პირველები დაურეკავთ...  მერე ყველაფერი თავისი გზით წავა...

...და წავიდა... ოლგა უკვე  მამის და და-ძმის ხმებს ცნობს. მაგრამ ოჯახიდან პირველი ნაბიჯის გადამდგმელი და, აქედან გამომდინარე, ყველაზე მამაციც, ყველაზე ემოციური სპარტაკ ხურცილავა აღმოჩნდა, - ჭიქა არაყი მოიშველია და... პირველად არ გამოუვიდა. იტალიურმა ავტომოპასუხემ, - ოლგა ლექციებზე წავიდა, მოგვიანებით დარეკეთო. მოგვიანებით კი თავად ოლგამ დაურეკა, - ახლა მხოლოდ მამასთან ლაპარაკი მინდაო. მერე, როგორც ჩანს, არც მამა-შვილს გამოუვიდა პირველი საუბარი, - ყოველ შემთხვევაში, იქიდან მისალმების გარდა, დიდი არაფერი ახსოვთ. სამაგიეროდ, ქალები აღმოჩნდნენ მაგრები - ოლგას დედა, ტატიანა და ნიკოლოზის ცოლი, იამზე. ყველაფერი, რაც ნიკოლოზ ხურცილავას ოჯახში ოლგას დაბადების შემდეგ მოხდა, იამზემ უამბო ტატიანას. ამას ინტერნეტით გაგზავნილი ფოტოები და ოლგას ცრემლები მოჰყვა, - როცა დავურეკე ყველა სიტყვაზე თავისი წვეთი "ეკიდა". - თურმე მათ როგორ ვგავარ, განსაკუთრებით ჯენეტს, თანაც რა ლამაზები არიან, შვილებიც რა ლამაზები ჰყავთ! არ ვიცი, მადლობა როგორ გითხრათ, ოლღა რომ არ შემხვედროდა, "კვირის პალიტრა" არ ყოფილიყო, როგორ უნდა მეცხოვრა...

...ეს მეც არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ განგების ძალით შევძელით და ადამიანებს სიხარული ვაჩუქეთ, თანაც ახალი წლის წინ. თქვენც ამაზე ნაკლები სიხარული არ გქონოდეთ არც გაისად, არც იმას იქით. ჩვენ კი, როცა ოლგა მამასა და და-ძმასთან ჩამოვა, აუცილებლად გიამბობთ - ქართველებს ხომ დასაკარგავი შვილი არ გვყავს, მით უმეტეს ისეთი, ჩვენს ჯიშზე ჯიუტად რომ დგას.

მანამდე კი ოლგას მესიჯს გაგაცნობთ, წმინდა ბარბარეს დღესასწაულის მილოცვის შემდეგ ძმას რომ მოსწერა: "მეც გილოცავ. წმინდა ბარბარეს მადლი ფარავდეს მთელ ჩვენს ოჯახს, მამას, ბავშვებს და ყველას, ვინც გვიყვარს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!

შენი უმცროსი და, ოლგა."