"ამათი ზღაპრების გებელსსაც კი შეშურდებოდა" - კვირის პალიტრა

"ამათი ზღაპრების გებელსსაც კი შეშურდებოდა"

"როცა ზოგიერთი საქართველოში უცბად ნაშოვნ მილიონებს უცხოურ ბანკებში ინახავდა, მე ვცდილობდი ოფლითა და წვალებით ნაშოვნი ფული ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის დამეხარჯა"

"რომ შეიძლებოდეს განვლილ წელს სიამოვნებით გავატან ყველა ადამიანის ტკივილსა და დარდს"

კახი კალაძემ, მას შემდეგ, რაც  საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების"  პრეზენტაციაზე საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა, ფეხბურთის  ფედერაციის საყვედური "დაიმსახურა".რატომ გახდა  კალაძე ივანიშვილის  "ქართული ოცნების"  სახე და რას მიიჩნევს 2011 წლის მთავარ მოვლენად ფეხბურთში,  პოლიტიკაში, ბიზნესსა თუ ოჯახში? - ფეხბურთელი, რომელიც ხელისუფლებას დიდი ხანია თვალში აღარ მოსდის, ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ვფიქრობ, 2011 წელი საკმაოდ მძიმე  იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ, თვეში ერთი-ორჯერ მაინც ვახერხებ ჩამოსვლას და ვხედავ, როგორ მძიმდება ყოველწლიურად ქართველი ხალხის ყოფა, უმუშევართა და ქვეყნიდან გამსვლელთა არმია იზრდება. ბიზნესი არასახარბიელო, უფრო მეტიც, უმძიმეს მდგომარეობაშია, რისი  დასტურიც "ქართუ ბანკსა" და "პროგრეს ბანკზე" არნახული შეტევაა.

2011 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ  მოვლენად კი მიმაჩნია ცნობილი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, დაუპირისპირდეს მმართველ რეჟიმს. 2011 წელს, მე, როგორც სპორტსმენმა, საფეხბურთო ნაკრებიდან წამოსვლის შესახებ საკმაოდ რთული  გადაწყვეტილება მივიღე. არ არის ადვილი, წამოხვიდე იქიდან, სადაც 15 წლის განმავლობაში თამაშობდი.

- რას გვეტყვით იმ აჟიოტაჟზე, რაც ეროვნული ნაკრებიდან თქვენს წამოსვლას მოჰყვა? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ეს უპირველესად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის უნდა გეცნობებინათ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები კი არაერთგვაროვანი იყო: ზოგმა თქვა, ეროვნული ნაკრები ზურაბ ნოღაიდელის პარტია არ არის, რომ ასე დატოვოო, ზოგიერთმა კი ბრძანა, რომ უკვე ასაკიც აღარ გიწყობდათ ხელს.

- ძალიან სასაცილო სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. ზოგიერთმა ვითომ სპორტის  მესვეურმა, სინამდვილეში კი გაურკვეველი პროფესიის ადამიანმა,  "მორალის" კითხვა დამიწყო, მაშინ როცა დაავიწყდათ მთავარი, - ის, რომ  მე და საზოგადოდ ყველა სპორტსმენი ხალხის სამსახურში ვდგავართ და ანგარიშსაც გულშემატკივრებს ვაბარებთ. დანარჩენი ვიწროჩინოვნიკური გაგების ხალხის პატივმოყვარეობაა. ბოდიში, მაგრამ  მათი აზრი, უფრო სწორად, უაზრობანი, ნაკლებად მაინტერესებს.

- თქვით, რომ საქართველოში ბიზნესი  მძიმე მდგომარეობაშია. გვახსოვს, "არსენალ სითის" ჩავარდნილი პროექტიც... რა ჯარიმები დაგეკისრათ ამის გამო და რამდენი გმართებთ დღეს სახელმწიფოსი?

- ეს პროექტი არ ჩავარდნილა, მაგრამ... ომი ათი დღის  დამთავრებული იყო, როდესაც თანხის გადახდის გადავადება მოვითხოვეთ,  ეკონომიკის სამინისტრომ კი არ გაითვალისწინა არსებული ფორსმაჟორული ვითარება და  დაგვაკისრა ყოველდღიურად საურავი - 19 ათასი დოლარის ოდენობით. ამჟამად, თუ არ ვცდები, ჯარიმამ 16 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთან, მიწა, რომელიც ვიყიდე სახელმწიფოსგან, საპატრიარქოს საკუთრება ყოფილა(?!). ამის შემდეგ კიდევ აქეთ გვედავებიან და გვადანაშაულებენ უსირცხვილოდ და უზარმაზარ ჯარიმებს გვაკისრებენ.

- რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა თქვენი "პროგრეს ბანკი" მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი თქვენი ბიზნესპარტნიორი გახდა?

-  ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ ჯერ "ქართუ ბანკში" შევიდნენ, შემდეგ, როგორც კი ბატონმა ბიძინამ "პროგრეს ბანკის" აქციები შეიძინა, მყისვე  იქაც  შეცვივდნენ. ეს  ბიძინა  ივანიშვილის დევნაა და სხვა არაფერი! არადა, ჩვენ შორის დაიდო ჩვეულებრივი ბიზნესგარიგება, რის პოლიტიზებასაც ხელისუფლება ცდილობს და ამისთვის ეროვნულ ბანკს იყენებს.

მინდა, ბიზნესმენებს  ვუთხრა, გამოიღვიძონ, ნუ არიან მაყურებლის როლში, თორემ ყველას მიადგებიან!

- რა ბიზნესი გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ და თუ გექმნებათ ისეთივე წინააღმდეგობები, როგორიც საქართველოში?

- სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს რამდენიმე მიმართულების ბიზნესი და ის ბარიერები, რასაც ბიზნესმენთათვის საქართველოს ხელისუფლება ქმნის, სხვაგან წარმოუდგენელია! თანხები, რომლის ინვესტირებაც საქართველოში მოვახდინე, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ დამებანდებინა, არ შემექმნებოდა პრობლემები. მიუხედავად ამისა, მაინც ვცადე, დავიწყე პროექტები, რადგან საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, ჩემმა ხალხმა უზარმაზარი სითბო და სიყვარული მომცა და მეც ვიფიქრე, რომ  საკუთარი  ოფლით და წვალებით ნაშოვნი ფული სამშობლოს განვითარებისთვის მომეხმარებინა. მინდოდა, ქართველი ხალხის კეთილდღეობაში მონაწილეობა მიმეღო მაშინ, როცა ჩემგან განსხვავებით ზოგიერთი საქართველოში უცბად ნაშოვნი ფულის უცხოურ ბანკებში განთავსებას ცდილობდა. ერთ-ერთი პროექტით ათი წლის განმავლობაში 25 ათასი კაცის დასაქმებას შევძლებდი. ეს ნამდვილად არ იყო ცოტა, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში ამდენი დაუსაქმებელი გვყავს. თუმცა, მერწმუნეთ, სულ მალე  საქართველოში ყველაფერი შეიცვლება და დალაგდება.

- თქვენ რომ სახელოვანი ფეხბურთელი, ბერლუსკონისთან ან სხვა გავლენიან პირებთან დაახლოებული არ ყოფილიყავით, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატებით აგეწყობოდათ ბიზნესი?

- ბევრს ჰყავს გავლენიანი ახლობელი ან მეგობარი, მაგრამ ბიზნესში დიდი წარმატებისთვის ვერ მიუღწევია. არც ისაა დასამალი, - რომ არა ფეხბურთი, ამხელა ბიზნესი არ მექნებოდა. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა: პოპულარობა, გავლენიან  ხალხთან ურთიერთობა, მატერიალური შესაძლებლობა...

- ფეხბურთელებისგან ერთადერთი იყავით, რომელმაც გიორგი დემეტრაძის დასაცავად ხმა ამოიღო. როგორი იყო სხვების განწყობა, რით ხსნიდნენ იმას, რომ დემეტრაძეს მხარდაჭერა ვერ გამოუცხადეს?

- არავის განსჯას არ ვაპირებ. მე  ვიქცევი ისე, როგორც ჩემი ადამიანობა, კაცობა, ოჯახიშვილობა და მეგობრობა მავალდებულებს.

- გვახსოვს, როგორ დაგმეთ 26 მაისს მომიტინგეთა დარბევა. ამას ხელისუფლების გაღიზიანება ან მწვავე რეაქცია მოჰყვა?

-  რა თქმა უნდა. აბა, როგორ გგონიათ, ამ რეჟიმთან ტუჩზე კოცნით რომ ვყოფილიყავი და ფინია ძაღლივით ყველაფერზე თავი მექნია, ამდენი პრობლემა შემექმნებოდა?! რა ვქნა, თუ სიმართლე მძიმე მოსასმენია, მით უფრო ისეთი ხალხისთვის, რომელსაც მხოლოდ ქება უყვარს. ამათ თუ აკრიტიკებ, მტერი ჰგონიხარ!..

- 2011 წელს არაერთხელ დაიჩივლეთ, რომ "ნაციონალური" მედიასაშუალებები თქვენზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ (ითქვა, რომ  სასტუმრო "კოლხეთთან" დაკავშირებულ საქმეში არ შეასრულეთ ნაკისრი ვალდებულება. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვენი უკრაინელი  მეგობარი, ანდრეი შევჩენკო, რუს ფეხბურთელად მოიხსენია, ითქვა, რომ "მილანმა" კონტრაქტი თავად შეგიწყვიტათ და ა.შ.). ყველაზე მეტად რომელმა დეზინფორმაციამ  გაგაოცათ?

- თქვენს სერიოზულ გაზეთს ვერ ვაკადრებ იმ სისულელეებს, რასაც "ნაციონალური" მედიასაშუალებების დაქირავებული გოგო-ბიჭები კადრულობენ.

მათთვის მთავარია, მონური მორჩილებით მოჰყვნენ ან დაწერონ "ზღაპრები", რისიც გებელსსაც კი შეშურდებოდა. მოგეხსენებათ, გებელსმა თქვა: ტყუილი უნდა იყოს აუცილებლად დიდი და შოკისმომგვრელი, რადგან  რაც უფრო  დაუჯერებელია, მით მეტად იწვევს ხალხის გაოგნებასო.

თუმცა, ასეთი ტყუილებიც უკვე აღარ მოქმედებს ქართველ საზოგადოებაზე, ის კარგად არჩევს, ვინ არის ობიექტური და ვინ - ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი.

- და მაინც, წლის ყველაზე დიდ ტყუილად რა მიგაჩნიათ?

- მიჭირს გამოყოფა,  რა  იყო ყველაზე დიდი ტყუილი და შესაბამისად, ყველაზე დიდი სისულელე. გადახედეთ ამ ირეალურ პროექტებს, ქალაქებია მოსახლეობისგან დაცლილი და ფუნქციადაკარგული და ესენი ლაზიკას აშენებენ. მგონი, ცაში დაფრინავენ.

- რატომ ფიქრობთ, რომ ქართველ ხალხს "ქართული ოცნება" აუხდება?

- "ქართული ოცნება" აუცილებლად ახდება, მთავარია, ერთად დგომითა და რწმენით მივუდგეთ ყველა საქმეს, ნუ გავთითოკაცდებით. საქართველო ხედავს, თუ როგორი ადამიანია ბატონი ბიძინა, რომელზეც  მე, ისევე როგორც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. თითზე ჩამოსათვლელი არიან  მისი მსგავსი ადამიანები, რომელთაც უანგაროდ უყვართ ქვეყანა.

- ბატონო კახა, რას გაატანთ განვლილ წელს?

- რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით გავატან ყველა ადამიანის ტკივილსა და დარდს.

- სად და როგორ შეხვდებით ამ დღესასწაულს,  აირჩევთ თუ არა წინასწარ მეკვლეს  და ეტყვით თუ არა თქვენს პატარას, რომ საჩუქრები ლაპლანდიიდან სანტა-კლაუსმა ჩამოუტანა?

- ახალ წელს თბილისში, ნათესავთა და მეგობართა წრეში შევხვდებით. მეკვლეს არ ავირჩევთ, რადგან ლევანიკო უკვე  ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით არჩეულიც არის და  დამტკიცებულიც  ამ "პოსტზე".  აუცილებლად ვეტყვი, რომ საჩუქრები თოვლის ბაბუამ მოუტანა.

ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს, ვუსურვებ ჩვენს თანამემამულეებს ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას, ოცნებათა ასრულებას და ისეთ საქართველოში ცხოვრებას, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.