პატარა ნიკოლოზის სტიქარი პატრიარქმა აკურთხა!.. - კვირის პალიტრა

პატარა ნიკოლოზის სტიქარი პატრიარქმა აკურთხა!..

"ბედნიერი ვარ, ჩემი სტიქარი პატრიარქმა რომ აკურთხა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უფალს მივუახლოვდი"

"ტაძრამდე აღმართის ავლა ნიკას უჭირს, იღლება, მაგრამ იმ დღეს ჩვენზე წინ გარბოდა... სტიქარით შემოსილი ბედნიერებას ასხივებდა"

რამდენიმე ნომრის წინ სტატია დავბეჭდეთ სათაურით  - "გაიცანით ნიკა". წერილში 10 წლის ინვალიდ ბიჭუნაზე მოგითხრობდით. ნიკოლოზი 22 მაისს, ნიკოლოზობას დაიბადა. მისი ტყუპისცალი დაიღუპა, ნიკა კი, თანდაყოლილი ანომალიით დაიბადა. მუხლის სახსრები, ძირითადი წვივისა და ქუსლის ძვლები არ ჰქონდა. დედამ უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო, სამი წლის ნიკას ფეხების ამპუტაცია გაუკეთეს. ახლახან ნიკას სანუკვარი ოცნება აუსრულდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სტიქაროსანი გახდა.

სოფო გულიკაშვილი, ნიკოლოზის დედა: - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იშვიათად აკურთხებს ვინმეს სტიქაროსნად. ნიკას კი ეს ბედნიერება ერგო. ამისთვის მსახიობ ბესო ბერულაშვილის მადლობელი ვარ. 2 წლის წინ მითხრა, სამებაში მოიყვანეთ და უწმინდესთან მიგიყვანთო. პატრიარქმა დალოცა ნიკა და უთხრა, სტიქაროსანი გახდიო. ნიკას სტიქაროსნობა ძალიან უნდოდა, მაგრამ თქვა, ჯერ მზად არა ვარო. 2 თვის წინ კი, როცა უწმინდესმა უნარშეზღუდული ბავშვები დალოცა, ნიკამ გვითხრა, მგონი, მზად ვარ, სტიქაროსანი გავხდეო. ბესო ბერულაშვილმა შეუკერა სტიქარი. შინ რომ მივიტანე, ნიკა მის ზურგზე გამოსახულ ჯვარს ემთხვია, მერე ლოყა დაადო და მითხრა, იცი დედა, ეს რამხელა მადლიაო... ღამე ათჯერ მაინც გაიღვიძა, ტაძარში წასვლა არ დაგვაგვიანდესო. მეტროსადგურიდან ტაძრამდე აღმართის ავლა ნიკას უჭირს, იღლება, მაგრამ იმ დღეს ჩვენზე წინ გარბოდა, ერთხელ არ დაუჩივლია. საკურთხევლიდან გამოსული, სტიქარით შემოსილი ნიკა რომ დავინახე, თვალებს არ დავუჯერე. ბავშვს სახე უბრწყინავდა, ბედნიერებას ასხივებდა. ეს დიდი წყალობაა. აქამდე სულ ვშიშობდი, ნიკას პროთეზი რომ გაუტყდეს და თავი დაარტყას, რა მეშველება-მეთქი, ახლა აღარ მეშინია. მჯერა, რომ უფალი დაიფარავს. უწმინდესს უთქვამს, სტიქარი ისე გიხდება, გეგონება, ასე დაიბადეო.

ნიკოლოზი: - ბედნიერი ვარ, ჩემი სტიქარი პატრიარქმა რომ აკურთხა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უფალს მივუახლოვდი.

სოფო გულიკაშვილი: -  ნიკა ძალიან კეთილი ბიჭია. ეკლესიაში რომ მივდივართ, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ჯიბეში ფული. ტაძართან ხშირად უფეხო გოგო და ბიჭი დგანან და მათ ყოველთვის აძლევს... უკვე მეხუთეკლასელია და ჯერ არც ერთ წრეზე არ უვლია. მთხოვდა, სადმე მიმიყვანეო. სკოლაში ყველაზე იაფი ხატვის წრე იყო და იქ მივიყვანე. უწმინდესმა არ იცოდა, რომ ხატვაზე დადის და ისე უთხრა, ხატწერაზე უნდა იაროო, ასწავლა, ვისთან უნდა მივიდეს. ეს რომ ძალიან გავიკვირვე, მითხრეს, უწმინდესი ბევრ ისეთ რამეს ხედავს, რაც ჩვენთვის დაფარულია. ალბათ,  ნიკაში დაინახა ეს ნიჭიო.

2 წლის წინ ნიკას პროთეზზე დეტალი იყო გამოსაცვლელი და პატრიარქი დაგვეხმარა. სამი ათასი ლარი გადმოგვცეს და უწმინდესმა ტრაპეზზეც მიგვიწვია. ნიკას თავისი ხელით დაჰკიდა ჯვარი. ბავშვი ნათლობის  ჯვარსაც ატარებდა და პატრიარქი მოეფერა, ნიკოლოზ, შენ არქიმანდრიტივით ორი ჯვარი გიკეთიაო. პატრიარქს ნიკასთან ერთად ფოტოს გადაღება  ვთხოვეთ, მაშინვე დაგვეთანხმა. ფოტო რომ გადაიღეს და ვაჩვენეთ, უწმინდესმა უთხრა, ნიკოლოზ, ისე უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ფოტოზეო.

როდესაც ტელევიზიით ლოტოს გათამაშებაა, ნიკა სულ ამბობს, ბილეთი ვიყიდოთ და თუ მოვიგებთ, უპოვრებს დავურიგოთო. ნატრობს, რომ ჩვენი სახლი და ეზო გვქონდეს...

ნიკას ყოველ წუთს ვჭირდები. ბავშვს ელემენტარული პირობები რომ შევუქმნა, ოჯახებს სახლს ვულაგებ. ნიკას თავისი საწოლიც არა აქვს, ჩემთან წევს. სამარშრუტო ტაქსით გვიწევს მგზავრობა. ხშირად მძღოლი თუ მოშორებით გააჩერებს, იმის გამო, რომ ნიკა სწრაფად ვერ დადის, ხშირად უთქვამთ, ჩქარა ამოდით, გვაგვიანებთო. ამ დროს ნიკასთვის რომ შემიხედავს, ცრემლიანი თვალებით უთხოვია, დედა, არ თქვა, პროთეზი რომ მიკეთიაო. ჩვენს კორპუსში კვირაში ერთხელ მუშაობს ლიფტი. ჩემი ბინა რომ იყოს, მერვე სართულზე რა გამაჩერებდა, პირველზე გადავცვლიდი, მაგრამ ახლობლის ბინაში ვცხოვრობთ და ყოველ წუთს შეიძლება დაგვატოვებინონ ის ერთი ოთახიც.

ნიკას პროთეზი უკვე სამჯერ შეუკეთეს. რომ დადის, ჭრიალებს, რადგან სხვა წონისთვისაა განკუთვნილი. მის კვებას სულ ვაკონტროლებ,  რომ არ მოიმატოს და პროთეზი არ გაუტყდეს. მოზარდისთვის კვების რეჟიმის ასეთი შეზღუდვა არ შეიძლება, მაგრამ რა ვქნა? გრამობით ვაჭმევ საჭმელს და ამით ნიკას ფეხებს ვზოგავ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოთხიათასლარიანი ვაუჩერი გვაქვს, პროთეზი კი 13 ათასი ლარი ღირს. Eეს მხოლოდ პროთეზის დეტალების ღირებულებაა. 9 ათასი ლარი სჭირდება ნიკას. თუ ეს თანხა არ მოგროვდა და პროთეზი არ დაუმზადეს, სახლიდან ვეღარ გავა.

მას შემდეგ, რაც თქვენს გაზეთში ნიკაზე სტატია დაიბეჭდა, უამრავი ადამიანი გვეხმარება. 400 ლარით კომპიუტერი გამოვიტანეთ განვადებით. ძალიან უნდოდა და კეთილი ადამიანების დახმარებით ნიკას უკვე აქვს კომპიუტერი. უფლისა და კეთილი ადამიანების იმედზე ვართ...

ნიკას დედამ ერთი საიდუმლო გამიმხილა, - ნიკას სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს და ახალ წელს მობილურ ტელეფონს აჩუქებსო.

გთხოვთ, დაეხმაროთ ნიკოლოზ ჩლაიძეს.

მიმღების ბანკი: საქართველოს ბანკი;

ბანკის კოდი BAGAGE22

მიმღების დასახელება: ჩლაიძე ნიკოლოზი

მიმღების ნომერი: GE26BG0000000482130500

0901000003   - მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინისთვის ზარის ღირებულება ერთი ლარი.

იხილეთ სიუჟეტი PalitraTV.ge-ზე