"ნელ-ნელა, თანამიმდევრობით მიპყრობდა სატანის ამბორი" - კვირის პალიტრა

"ნელ-ნელა, თანამიმდევრობით მიპყრობდა სატანის ამბორი"

ომია შვილები

(ერთი ადამიანის ისტორია)

სწორედ იქ, სადაც ჩვენ უსუსურები ვართ და უიმედონი, იმის გამო, რომ არ შეგვიძლია შევცვალოთ რამე, - სწორედ მაშინ ვგრძნობთ საკუთარი თავის შეცვლის აუცილებლობას.

ვ. ფრანკლინი

"თურმე შიშს უკურეაქციაც სცოდნია"

"ექსპერიმენტმა გაამართლა, ჭირგამოვლილი საქართველო თავისი ქართველებიანად მხოლოდ ჯიგრული სადღეგრძელოების ქვეყანად დავრჩით..."

ბავშვობაში საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე ვიზრდებოდი. ვისვენებდი გაგრაში, ბიჭვინთაში, საერთაშორისო პიონერულ ბანაკ  "არტეკში". ამას უდარდელი და ლამაზი ბავშვობა ერქვა... 1989 წელს დაიწყო საბჭოთა იმპერიის დაშლა, რასაც ქართველთა ეროვნული მოძრაობის გააქტიურება და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა მოჰყვა. იყო 9 აპრილი, თბილისის, ძმათა სისხლისმღვრელი, ე. წ. სამოქალაქო ომი. იყო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები... აფხაზეთის ტრაგედიის კიდევ ერთი, ჯოჯოხეთის გზად წოდებული კოდორის ხეობა, რასაც  სამეგრელოს რეგიონის აოხრება და ისევ ძმათა სისხლისმღვრელი დაპირისპირება მოჰყვა. რაც შეეხება კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს: ვნახე ჩეჩნეთისა და ყარაბაღის ომები. ჩემ მიერ ჩამოთვლილ კონფლიქტებში იარაღით არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სტატუსი კორესპონდენციითა და ტყვეთა გაცვლის საქმიანობით შემოიფარგლებოდა... აღარ მოვყვები იმ ტრაგედიებს, რომელიც ჩემი თვალით ვნახე და განვიცადე... ახლა  ეს წარსულია...

...გარკვეული პერიოდის შემდგომ ოჯახს დავუბრუნდი. ეს იყო სრული აგონია... ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და საზარელი ომების თავისებურ სინდრომებს ახლდა ახალი სასტიკი რეალობა... თბილისი, უკუნი სიბნელითა და შიმშილით, კრიმინალით, განუკითხაობითა და უიმედობით შეპყრობილი ქალაქი... შველას ითხოვდა ყველა: დიდი თუ პატარა, გიჟი თუ ჭკვიანი, ჯანმრთელი თუ ავადმყოფი... დღისით თუ ღამით ისმოდა სროლა... ავტომატის კაკანი... იყო ბნელი და უკუნი...

1994 წლის თბილისი - ჩემი უბნის ბირჟა... უნივერსიტეტის ბოლო კურსი... სარტრი, კამიუ, ფროიდი... ცოტა აქეთ - ჰემინგუეი, ჩეხოვი, დოსტოევსკი... ცოტაც რომანტიკა - ტერენტი, ესენინი, ბაირონი... მოკლედ, მე იმ თაობის უმრავლესობას წარმოვადგენ, რომელმაც ყველაფერი ეს ნახა და ამ დროს, თითქმის არაფერი... იყო პოეზიის საღამოები, თეთრი ბაფთები და ტალახიანი ფეხსაცმელი, იყო ნარკოტიკი, ყველა ნარკოტიკთა შორის...

ეს იყო ლამაზი ზღაპარი, საშინელი  დასასრულით...

ვსვამ კითხვას და ვფიქრობ... ნეტავ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მშობლებისთვის რომ დამეჯერებინა... ჩვენს ქვეყანაში არეულობა რომ დაიწყო უსაფრთხოების მიზნით, მათ მირჩიეს, ბალტიისპირეთში გამეგრძელებინა სწავლა.

მნიშვნელოვანია არა ის,

თუ რა შექმნეს ჩემგან, არამედ ის, თუ მე თვითონ რა გავაკეთე მისგან, რაც ჩემგან შექმნეს.

ჯ. პ. სარტრი.

მანამდე...

17 წლამდე სპორტს მივდევდი. მქონდა გარკვეული ტიტულ-დიპლომებიც... მაგრამ ერთ დღეს მეგობრების მიბაძვით სიგარეტი გავაბოლე, ანაშამაც გამაცინა... ეს ყველაფერი ამქვეყნიური სამოთხე მეგონა... ნელ-ნელა, თანამიმდევრობით მიპყრობდა სატანის ამბორი და თავისი უკიდეგანო უფსკრულისაკენ მიმაქანებდა... და მეც, გონებადაბინდული, სისხლს უმძიმესი შხამით ვწამლავდი... მოწამლული მქონდა გონებაც, კეთილისა და ბოროტის გაშმაგებული ბრძოლა მთრგუნავდა და ვიტანჯებოდი... ჩემში, როგორც ადამიანში, მოხდა გაორება, მეგონა, ვიყავი კეთილი საზოგადოებისთვის და მავნებელი საკუთარი თავისათვის. მაგრამ არ არსებობს იყო მავნებელი და მხოლოდ საკუთარი თავისათვის...

დროთა განმავლობაში ყველაფერზე გული ამიცრუვდა... ფრთიანი ანგელოზი არა ვარ, მაგრამ მგლების კანონებითა და უკანალის მიცემით ნაშოვნ თანამდებობებსა და დიდ ფულზე უარი ვთქვი... ასეთია ჩემი ხასიათი... ომებში მიღებულმა ფსიქოლოგიურმა ტრავმებმა და ნარკოტიკებით გაბრუებულმა უკან რომ მოვიხედე, 14 წელს ჰქონდა ჩავლილი... ხომ იცით, ტვინიც აკუმულატორივით არის, - თუ არ დატენი, დაჯდება; ტვინი კი დაჩლუნგდება...

"სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობია"

მოწამლული, მონუსხული და დაბინდული გონებით, აგონიაში მყოფი, უფალმა არ გამწირა და გამომაფხიზლა... ყველაფერს შევეშვი... ტელეფონის ნომერიც კი შევცვალე, რათა ნარკომოყვარულთა საზოგადოებას”გავერიცხე თავისი რიგებიდან... ვიწექი ნარკოლოგიურ დისპანსერში. ნელ-ნელა, ლოცვებითა და ტაძარში სიარულით ვცდილობდი გონების განწმენდას. შრომა არასდროს მეთაკილებოდა და არც ამბიციური ვყოფილვარ. ადამიანებს, რომლებსაც ჩემს მეგობრებად მივიჩნევდი, თითქმის მუხლმოდრეკით ვთხოვდი რაიმე ტიპის სამსახურს... ვითხოვდი, როგორც წყალწაღებული ხავსის ჩაბღაუჭებას, როგორც დავრდომილი ფეხზე წამოდგომას, იმიტომ, რომ”ეშმაკს არ ეძინა და ვგრძნობდი მის "თანაგრძნობას", ჩემი წარუმატებლობისა და "ნეუდაჩნიკობის"  ფეხდაფეხ... საქმიანი მეგობრებისგან თბილი ღიმილისა და ოჯახის მოკითხვის მეტი ვერაფერი საქმე ვერ დავიმსახურე... რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც უწინ ჩემს აზრსა და მოსაზრებებს ითვალისწინებდნენ და ხშირად ჭკუასაც კი მეკითხებოდნენ, მათ, ალბათ, ინტელექტით ძალზე ჩამოვრჩი... ასე რომ,... "ღაღადმა უდაბნოსა შინამ" შედეგი ვერ გამოიღო... წელიწადნახევრიანი, ფიზიკურად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარმა, მაგრამ ფსიქოლოგიური, ნევროზული სტრესებით გატისკულმა, საზოგადოებისგან იგნორირებულმა და”დაჟანგებული მახათის”ხმარებით შეწუხებულმა, ეშმაკიც გავახარე და როგორც უნებისყოფო ადამიანმა ნარკოტაიმ-აუტის დროც ამოვწურე... ქარის წისქვილებთან აბსტრაქციული ჭიდილით, დროთა განმავლობაში გავხდი ერთი უბრალო მაწანწალა. მათხოვრის”თაკილსაც დავუმეგობრდი და როგორც ყოვლად უსარგებლო, საკუთარ თავს გავექეცი... კვლავ ნარკოტიკებით სავსე აუზში, ტრამპლინის მესამე სიმაღლიდან,  დეპრესიული და დათრგუნვილი, თავით გადავეშვი... ეს იყო შავი ზღვა -  ლურჯი ტალღებით, დიდი მზე ყინულოვანი სხივებითა და ამ სამყაროს პლაჟზე წამოწოლილი მგლოვიარე დამსვენებლებით... მოკლედ, "ნარკოკურორტზე" კიდევ 2 წელი გავატარე... როგორც ასეთი ცხოვრების წესს შეესაბამება, იყო შავბნელი საქმეების გარჩევა, პრობლემები პოლიციასთან, ჯარიმები - მოხმარებისთვის: პირველი - 500 ლარის ოდენობით, მეორეს სისხლის სამართალი მოჰყვა, 2.000-ლარიანი, თავისი მკაცრი გაფრთხილებით...

უკეთესია, დაიმსახურო (იმსახურებდე) და არ გქონდეს, ვიდრე გქონდეს დაუმსახურებლად...

მარკ ტვენი.

უფალი მოწყალეა, მაგრამ ადამიანთა შორის, შენც. როგორც მისი საყვარელი ქმნილება, ადრე თუ გვიან, უნდა მიხვდე, რომელი გზა მიგიყვანს ტაძრამდე... სამწუხაროდ, ომის შვილების, ანუ ჩემი თაობის წარმომადგენელთა უგუნური უმრავლესობა, არა მარტო საკუთარ თავს, ოჯახსა და მეგობრებს ვაყენებთ ტრავმას... უპატრონო ეკლესიისა”არ იყოს, ჩვენც ეშმაკები დაგვეპატრონნენ... დიდი პატრიოტიზმით ვერ დავიკვეხნი ჩემი არასწორი ცხოვრების რაღაც ეტაპის გამო, მაგრამ მანამდე ხომ ვცდილობდი...

ჩვენი დროის ყოვლად უაზრო ომებში ტყვიას შუბლს ვუშვერდი. მაშინ მწამდა... მჯეროდა... და როგორც შემეძლო, ისე ვიბრძოდი... და ბოლოს ჩემი დაჩაგრული ქვეყნისა და ამ ახალშექმნილი დამპალი სისტემის მსხვერპლად და ტუსაღებად ვიქეცით...

დაცემაც კი არ შეგვიძლია თავისუფლად, ვინაიდან ჩვენ სიცარიელეში არ ვვარდებით.

ვ. ს. ვისოცკი.

საზიზღარი ბოღმა...

...რეალურად სიმართლეს გეტყვით და მეზიზღება!!! მეზიზღება მლიქვნელი, მოღიმარი სახეები... პარტიული ჰაბიტუსები და ამპარტავნული მოქმედებები... მეზიზღება ეს უნიჭო შეხედულებები... დიდ ტაძრებში გაოფლილი ჭყლეტა სხვების დასანახავად (მომიტევე, უფალო)... ოპერა, რომელიც ჭირივით გეზიზღებათ, მაგრამ იქ ხომ ელიტაა?! ბომონდი,”სადაც სასაცილოდ გამოიყურებით, მაგრამ ეს ხომ მოდაა?! თქვენ არა ხართ ამქვეყნიური ადამიანები, თქვენ ამქვეყნიური ანგელოზები ხართ..  გაღიზიანდით?!  აქვე პატარა ცივი წყარო ვიცი, რომელსაც საშინელ სიზმრებს ვუყვები ხოლმე... თურმე წყალს საოცარი თვისება აქვს. ის 40000-მდე ინფორმაციას იმახსოვრებს... ასე რომ, ფრთხილად, ქალაქში ფსიქიკურად აშლილი ადამიანები დადიან...

მიზნობრივი "ვერბოვკა"

საქართველო, 90-იანი წლები. ქაოსითა და ავანტიურებით შეპყრობილი მოსახლეობა. მრავალჯერ გაბრიყვებული ხალხის ჯიბეში, უკვე სახელმწიფოს ნებართვით (ე.წ. ”დაბროთი), ბანკების მაფიამ აფათურა ხელი. ამას, წლების შემდგომ, დღევანდელი ფერად-ფერადი ორინჯბარათები და ცდუნებებით სავსე ("პოსლეზე" გადახდით) თანამედროვე ელექტროტექნიკა და კიდევ ბევრი ცდუნება მოჰყვა... არასტაბილური სახელმწიფოს დამსახურებით დილემის წინაშე მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი აღმოჩნდა.

ამხელა ცხოვრებისეული სტრესების კორიანტელს ე. წ. დიდი თავსატეხი და დეპრესიაც დაემატა... აგერ სესხი, ნელ-ნელა ხელფასიდან დავფარავ. რაღას ველოდო და... ეგ არის... ამ თემას აღარ გავაგრძელებ...

შოკური თერაპია...

გამიგია, ადამიანს შიშისგან სისხლის გათეთრება დამართნია, ზოგს თმა უჭაღარავდება, ზოგს ენა დაბმია, ზოგს გულიც უსკდება და ა. შ. მაგრამ შიშს უკურეაქციაც სცოდნია და ვისაც გაუმართლებს, მისთვის შეიძლება ძალზე სასარგებლოც აღმოჩნდეს... მაგ.: "შიში შეიქმს სიყვარულსაო", ან შეიძლება ერთხელ ისე შეგეშინდეს ან შეგაშინონ, რომ აღარასდროს აღარაფრის შეგეშინდეს... სწორედ ესაა ე.წ. შოკური თერაპია...

ებრაელმა ერმა იმდენი გასაჭირი ნახა, რომ გამწარებულებმა მთელი მსოფლიო დაიპყრეს... ჩვენ, ნაკლები გონებრივი შესაძლებლობების ქვეყანა კი მსოფლიო მათხოვარი ქვეყნების რიგში აღმოვჩნდით...  ექსპერიმენტმა გაამართლა, ჭირგამოვლილი საქართველო თავისი ქართველებიანად მხოლოდ ჯიგრული სადღეგრძელოების ქვეყნად დავრჩით... სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის სტიგმა, იარლიყი და ლაქა...

ძალა აღმართს ხნავს...

განა არ არის საცოდაობა,ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩვენი საქართველოა, რევოლუცია არ აძლევდეს სიმშვენიერეს.

გ. ტაბიძე

ომის შვილები”არის მკაცრი მაგალითი მომავალი თაობებისათვის, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც სისხლში აქვს პატრიოტიზმი, სიმტკიცე და ნებისყოფა. თუ როგორ არ უნდა ჩაეფლონ ეშმაკის ტალახში. ცდუნება მარტო ნარკოტიკები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი არ არის. ცდუნება მლიქვნელობითა და ქლესა ცხოვრებით მიღწეული”სიმაღლეებიცაა... ახლა ჩვენი ვალი სწორედ ის არის, ჩვენს შვილებს ვასწავლოთ; რა არის თეთრი და შავი, მათ უნდა ვასწავლოთ განსხვავება - განსხვავებათა შორის... ისინი, როგორც რკინა, ისე უნდა გამოიწრთონ - ცივი გონებითა და კეთილი გულებით... იქნებ ნიცშეც სხვა გაგებით... და არა პირდაპირი მნიშვნელობით ამბობდა: Не мир, а война, не добродетель, а доблесть, пусть гибнут слабые и уродливые, это первая заповедь нашего человеколюбия"

კოტე ლიქოკელი