იყავი პირველი! - იპოვე თოვლის ბაბუა - კვირის პალიტრა

იყავი პირველი! - იპოვე თოვლის ბაბუა

უსმინეთ რადიო "პალიტრას" და გამოიცანით სად, როდის და როგორ მიაგნოთ საახალწლო საჩუქარს

გინდათ დარწმუნდეთ, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს? არ გჯერათ, რომ საჩუქრებსაც ნამდვილად არიგებს? ეჭვის გაფანტვაში რადიო "პალიტრა" დაგეხმარებათ. ის გთავაზობთ თამაშ-ვიქტორინას "იპოვე თოვლის ბაბუა". რადიო საახალწლო გადაცემებით მოგცემთ მინიშნებებს, როგორ მიაგნოთ თოვლის ბაბუას. დიახ, მიაგნოთ. ამჯერად ის არ მოგაკითხავთ შინ, არც საბუხრე მილიდან ჩამოძვრება და არც კარიდან შემოიპარება. საჩუქრებსაც არავინ დაგიტოვებთ ნაძვის ხის ძირას, თოვლის ბაბუას თვითონ უნდა მიაგნოთ და საჩუქარიც თვითონვე მოიპოვოთ. ის კი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე დაგელოდებათ.

რადიო "პალიტრის" საახალწლო პროექტის შესახებ პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ცაგარეიშვილი გვესაუბრა.

- საახალწლო რადიო თამაშ-ვიქტორინაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც უსმენს ან 31 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში მოუსმენს რადიო "პალიტრას". ბავშვობაში ყველას უხარია ახალი წელი, დიდობაში კი ეს დღესასწაული თითქოს უფერულდება. ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ ეს არის ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც თვითონვე უნდა გაალამაზო. ეს დღესასწაული მანამდე იარსებებს, სანამ ადამიანს აქვს ლამაზი ილუზიის შექმნისა და სხვისთვის გაზიარების ნიჭი. ახალი წელიც იარსებებს უცვლელი ატრიბუტიკით, საჩუქრებით, კეთილი სურვილებით...

უკვე მესამე წელია, რადიო "პალიტრაში" ჩვენი მსმენელისთვის დიდი სიყვარულით, მთელი სულითა და გულით ვგეგმავთ საახალწლო გადაცემებს, ვაქსოვთ მთელ ფანტაზიას, რათა გავახალისოთ ჩვენი მსმენელები. ვცდილობთ, მათ ყოველდღიურობაში სასიამოვნო მოულოდნელობები შევიტანოთ ზღაპრების, საჩუქრის, სიურპრიზის საშუალებით. როგორ მივაღწევთ ამას? გვისმინეთ.

- როგორც გავიგე, თოვლის ბაბუას თვითონვე უნდა მივაგნოთ. ძნელი ხომ არ იქნება?

- ეს იქნება ძალიან სახალისო, დასამახსოვრებელი და ბედნიერი სამძებრო სამუშაო. ვიქტორინაში გამარჯვების დიდი შანსი მას ექნება, ვინც პირველი მიაგნებს თოვლის ბაბუას, ნამდვილს, რომელიც თბილისის ქუჩებში ივლის.

- რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რადიო "პალიტრის" საახალწლო საჩუქრის მფლობელი გავხდეთ?

- პირველ რიგში 31 დეკემბრის დილიდანვე უნდა უსმინოთ რადიო "პალიტრას", სადაც თქვენთვის უკვე მზადდება საახალწლო გადაცემები, მხიარული და ტკბილ-ტკბილი ამბებით. ყველა გადაცემაში მიიღებთ მინიშნებას, თუ სად იქნება თოვლის ბაბუა. ამჯერად მოგცემთ მხოლოდ ერთ მინიშნებას, - თოვლის ბაბუა ერთ-ერთ ნაჯიხურალზე დაგელოდებათ.

- გულისხმობთ ადგილს, სადაც ოდესღაც ჯიხურები ჟურნალ-გაზეთებით ვაჭრობდნენ?

- დიახ. თოვლის ბაბუა დაგხვდებათ იმ ადგილას, რომელიც სიტყვის თავისუფლების ერთგვარი სიმბოლოა. სამწუხაროდ, 2011 წელი იყო პრესაზე შეტევის წელი. ეს დაიწყო საგამომცემლო სახლ "პალიტრამედიაში" საგადასახადო სამსახურების შემოჭრით და სრულდება იმ ჯიხურების აღებით, სადაც ჟურნალ-გაზეთები იყიდებოდა. აი, სწორედ ერთ-ერთი ნაჯიხურალის ადგილას იქნება თოვლის ბაბუა.

მაშ, ასე: საახალწლო ვიქტორინა-მარათონი თოვლის ბაბუას საძებნელად იწყება. უსმინეთ რადიო "პალიტრას"და გამოიცანით სად, როდის და როგორ მიაგნოთ საახალწლო საჩუქარს. იყავით  პირველი!

ნინო ქვარიანი, რადიო "პალიტრის" დირექტორი: - თუ თოვლის ბაბუასთან პირველი მიმსვლელი ვერ გამოიცნობს საახალწლო კითხვას, გამარჯვების შანსი მის მომდევნოს გადაეცემა და ა.შ. გაიმარჯვებს მხოლოდ ერთი და მიიღებს ძალზე მნიშვნელოვან საჩუქარს. რადიო "პალიტრა" საახალწლო პროგრამებით 30 დეკემბრიდან გავა ეთერში და მსმენელს შესთავაზებს უამრავ საინტერესო თემას. 31 დეკემბერი კი არა მხოლოდ საახალწლო გადაცემებითა და ვიქტორინით გაგილამაზებთ წინასაახალწლო განწყობას, არამედ იქნება უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი. ამიტომაც ჩვენს აქტიურ მსმენელს ვურჩევთ კიდევ უფრო გააქტიურდეს, მათ კი, ვინც არ არის აქტიური პალიტრელი, ვურჩევთ, საახალწლოდ უსმინონ ფმ 103.9-ს.