"ქუჩაში დავდგამ..."
26-12-2011
"ქუჩაში დავდგამ..."
"ყველაზე დიდ საშინელებად მაინც ის მაიმაჩნია, რომ არ შეგვიძლია სიყვარული"

"თავისუფლება პატარა მარცვლიდანაც ამოვა, ამიტომ ნურაფერი შეგაშინებთ!"

"როდემდე უნდა მალო, რომ სამოსი არა გაქვს, ბოლოს და ბოლოს, ბიჭი წამოიძახებს, მეფე შიშველიაო"

"ჩვენ რა, არა ვართ ხახაში ჩაგდებული? ბიზნესმენის გვეშინია და კა-გე-ბეს თანამშრომლის ოჯახის წევრის არა?"

"როცა მითხრეს, ჩვენებს ხოცავენო, მოაჯირს ხის ჯოხი ამოვგლიჯე და გავიქეცი..."

"თავისუფლების შეგრძნება ის არის, როცა შეგიძლია დამყაყებულ იმპერიაშიც გამოხატო აზრი"



"
არც თავი უყვართ, არც შვილი, არც დედა"

ხელოვნების სფეროში წლის ადამიანის სახელი ნამდვილად ეკუთვნის რობერტ სტურუას და არა იმ ამბების გამო, რაც მისი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებას უკავშირდება, არამედ იმ სპექტაკლის გამო, რომელმაც მთელი თეატრალური სამყარო შეძრა - "ნადირობის სეზონი".
წლის მიწურულს,  რობერტ სტურუას ვეწვიე და პირველად ის ვკითხე,
2011 წელი როგორ დარჩებოდა მის მეხსიერებაში. გაიღიმა, უპირველესად ეს ის წელია, მე რომ თეატრიდან გამაგდესო... მერე დასძინა, ეს იქნება ჩემი მოღვაწეობის დასასრული რუსთაველის თეატრშიო.

საკმაოდ უსიამოვნო მოსასმენია, განსაკუთრებით მისთვის, ვინც იცის ამ დიდი რეჟისორის შემოქმედების ფასი. ჰოდა, მეც გულუბრყვილოდ, ვინ იცის მერამდენედ, მომინდა ხავსს მოჭიდება:

- ხომ იყო ნათქვამი, რომ თქვენ რუსთაველის თეატრში მუშაობას არავინ დაგიშლიდათ?

- მერე ხომ უარყვეს... მორჩა!

- უიმედოდ ხართ?

- ხან ასე ვარ, ხან - ისე, როგორც ყველა ქართველი... გამოვიღვიძებ, - ბედნიერი ვარ, მგონია, რაღაც გვეშველა... მერე ისევ ყვავილივით დაჭკნება იმედი. ყველაზე დიდ საშინელებად მაინც ის მიმაჩნია, რომ არ შეგვიძლია სიყვარული. არც საკუთარი თავი უყვართ, არც შვილი, არც დედა. ეს ყველაფერი მოჩვენებითია... შიგნით საშინელებას ატარებენ.  ძალიან განვიცდი, რომ უკეთურება მძლავრობს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი... ამიტომაც ვარ ხან ასე, ხან ისე...

ევროპა

- თქვენ ახლახან დაბრუნდით ევროპიდან, სადაც ძალიან კარგად მიგიღეს... ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ არ ვიცით, რას ამბობენ ჩვენზე ევროპაში, რომ აქ დამახინჯებულ ინფორმაციას ვისმენთ... თან "ნადირობის სეზონი" მახსენდება, თქვენ რომ ასე თამამად ათქმევინებთ გმირს: "ო, ევროპა, ევროპა! გარყვნილო ევროპა, ყველაფერი ფეხებზე გკიდია, ოღონდ დანაყრდე, გაძღე, ჩათბე, ზამთრის სუსხმა ოდნავაც რომ არ შეგაწუხოს! ოღონდ დრო გაატარო გაბდღვრიალებულ ბორდელში, ფიდელ კასტროს სახელობის ბორდელში". ეს რა ტკივილმაც ათქმევინა ქართველს, ყველამ ვიცით... მაინტერესებს, ახლა რას ფიქრობს ევროპა ჩვენზე?
- ყველაფერი იციან, ხან ეცინებათ, ძირითადად, შეწუხებული არიან. მათთვის ყველაფერი გაიხსნა... როგორც ანდერსენის ზღაპარშია, როდემდე უნდა მალო, რომ სამოსი არა გაქვს, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე ბიჭი წამოიძახებს, მეფე შიშველიაო. ასეთი ბიჭი ევროპაშიც არის და ჩვენთანაც.

- ის, რომელიც გააგდეს რუსთაველის თეატრიდან?

- ჩემზე ნამდვილად არ ვამბობ.

- ვიცი, არაჩვეულებრივად დაგხვდნენ, ის თუ იგრძენით, რომ მათთვის ხელისუფლებისაგან შევიწროებული ხელოვანი ხართ?
- არ მაგრძნობინეს, უფრო იმედიანად მელაპარაკებოდნენ, მერე რა, პიტერ ბრუკიც გააგდეს აქედანო. არ უნდათ ამაზე ლაპარაკი. ინგლისელები ძალიან დელიკატურები არიან,  შენს გრძნობებში არ ერევიან. არსებობს კედელი, რომლის გარღვევის უფლებას თავს არ მისცემენ.

თავისუფლების მარცვალი

ისევ "ნადირობის სეზონი": "მე და პრეზიდენტმა ფრიად მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, - იმას მშვიდობა უნდა დაემყარებინა, დიახ, მშვიდობა, ყველგან, მთელ დედამიწაზე! მე კი სამაგიეროდ ჩემი საყვარელი ცოლი... მერლინ, მერლინ, როგორ გაგიმეტე, მერლინ, მაგრამ მშვიდობა?! ხელი რომ მოვაწერეთ, პრეზიდენტმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა: სულელო, მშვიდობა არ არსებობს, მშვიდობა ჩვენი - პრეზიდენტების მოგონილია! თან დაამატა: მეგობარო, თავისუფლებაც არ არსებობს, თავისუფალი მხოლოდ თავისუფლების ქანდაკებააო"...

- მშვიდობა და თავისუფლება როგორ არ არსებობს, - ერთი წუთით არ ფიქრდება რობერტ სტურუა, პასუხი იცის, - ეს პრეზიდენტების აზრია, რომ არ არსებობს, თორემ რომ არ არსებობდეს, ჩვენც არ ვიარსებებდით, ადამიანი ვერ იცხოვრებდა უამისოდ. ჩვენ ვცოცხლობთ თუნდაც იმ იმედით, რომ ოდესღაც მოვა დრო და თავისუფლება და მშვიდობა დამყარდება. ეგეც რომ არ იყოს, თავისუფალი შეიძლება იყო ძალიან დიდი ტირანიის პერიოდშიც. ეგვიპტეში სარკოფაგს რომ გახსნიდნენ, კერამიკულ ჭურჭელში მარცვლეულს აღმოაჩენდნენ, ფარაონს რომ გაატანეს, როგორც საზრდო. იმ სიძველის მარცვლებშიც არის ერთი-ორი, რომ ჩათესო ნიადაგში, იხარებს... თავისუფლება ამ პატარა მარცვლიდანაც ამოვა, ამიტომ ნურაფერი შეგაშინებთ. ცოდოა მხოლოდ ის მსხვერპლი, რომელიც შეეწირება და ამას ვერ მოესწრება.

- რა იყო ის მარცვალი, რომელიც 16-17 წლის ბიჭს დაგხვდათ და თავისუფლების წყურვილად ამოიყარა ყლორტები?
- არ ვიცი, მაშინ ასეთი ანალიზის უნარი არ მქონდა... როცა განსჯის საშუალება მომეცა, ვცხოვრობდი, როგორც ვცხოვრობდი, ჩემთვის სხვანაირად არ არსებობდა. გმირობად არასოდეს ჩამითვლია საკუთარი ცხოვრების წესი. ახალგაზრდობაში ჯერ ხელობა (რეჟისორობა) მინდოდა შემესწავლა, ამ ხელობის შესწავლა გულისხმობს თავისუფლებას და იმ იდეალების სააშკარაოზე გატანას,  რომელიც ღმერთმა გვიბოძა. ამისი განცდა თუ არა აქვს ადამიანს, ფაქტობრივად, გენეტიკურად დამახინჯებულია.

კლასიკიდან კლიპებამდე

"ნადირობის სეზონი": "კლასიკა, კლასიკა! კლასიკა ზარ-ზეიმით სამუდამოდ გამოეთხოვა მკითხველს და მაყურებელს. მორჩა, მარტო კლიპების სცენარები უნდა ვწერო. "კლიპი სექსუალურად მოწყენილი ქართველებისათვის"... "ილიადით" დავიწყეთ, ჰომეროსით, "ვეფხისტყაოსნით"... და კლიპით ვამთავრებთ"...

- რუსთაველის თეატრში რა ხდება დღეს?

- მსახიობები არ მელაპარაკებიან ამ თემაზე, მაგრამ ვატყობ, დარჩნენ "როგორც ფარა ყოჩის გარეშე" და არ იციან, რა ქნან... საერთოდ, რუსთაველის თეატრი, მგონი, მუსიკალურ თეატრად უნდათ გადააქციონ. მერე მოიყვანენ დოიაშვილს ან საყვარელიძეს, ან ორივეს ერთად...  სერიოზული სპექტაკლები არ სჭირდებათ, გააქრეს, როგორც ასლანმა გააკეთა თავის დროზე...

- ინგლისში რისი დადგმა შემოგთავაზეს?

- მთავაზობენ "ჰამლეტს"... მეშვიდეჯერ დავდგა-მეთქი, ვიკითხე. რა მოხდა, თხუთმეტჯერაც დაუდგამთ, ეს შექსპირის ქვეყანაა... მოვითხოვე დრო ფიქრისთვის. სხვათა შორის, ვნახე გერმანელების დადგმული "ჰამლეტი",  არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ნიუანსები, სადაც საკუთარი სპექტაკლიც ვიცანი... მაგალითად, მამის დაკრძალვა და მერე საფლავიდან ჰამლეტის ამოსვლის სცენა მე მქონდა სპექტაკლში... ასეა იქაც... თითქოს იდეები ნასესხები იყო ჩვენგან.. სათაგურის სცენა არც კი ვნახე, წამოვედი. ამან დიდი აღელვება გამოიწვია მაყურებელში. კაპელდინერებმა კი სიამოვნებით გამაცილეს. ეტყობა, მათაც არ მოსწონდათ სპექტაკლი. საერთოდ ბოლო 30 წლის გერმანული თეატრი არ მომწონს, ღრმა პროვინციაში რომ წახვალ და ძალიან ავანგარდისტულ სპექტაკლს ნახავ, ისეა... მათი ავანგარდიზმი პროვინციულია.

- პროვინციული ავანგარდიზმი... ჩვენც აქეთ ხომ არ მივდივართ?

- ავანგარდიზმი შორსაა მუსიკალური თეატრისაგან. მიუზიკლი ამერიკული კულტურის ჟანრია. ისინი ბრწყინვალედ ფლობენ ამ ჟანრს, მაინც გამოვდიოდი პირველი აქტის შემდეგ, თუნდაც მომწონებოდა... ეს ის არ არის, რაც თეატრში მაინტერესებს, თუმცა დიდოსტატები არიან, ჯერ ლაპარაკობენ, მერე გადადიან სიმღერაზე, მერე ცეკვაზე... ისე აქვთ ათვისებული, ზღვარს ვერ იგრძნობთ. არა მგონია, სხვა ერის თეატრს შეეძლოს ასეთი რამ.

- ჩვენ ამას მიტინგებზე ვაკეთებთ ხოლმე, ბატონო რობერტ...

- ერთხელ ვიყავი და დავანებე თავი. თითქოს საკუთარ თავს ვკარგავდი, მასის უჯრედად ვიყავი ქცეული... ეს 90-იანი წლები იყო.

- 1956 წელიც ხომ იყო...
- მაშინ ანთებული ვიყავი, გავროში დამარქვეს, რადგან, როცა მითხრეს, ჩვენებს ხოცავენო, მოაჯირს ხის ჯოხი ამოვგლიჯე და გავიქეცი. თავისუფლების შეგრძნება ის არის, როცა შეგიძლია დამყაყებულ იმპერიაშიც გამოხატო აზრი. მგონი, სტალინი არაფერ შუაში იყო. მე ხომ ისეც ანტისტალინისტი ვიყავი. მაგის გამო მამასთან სულ ვკამათობდი.

ნამდვილი ადამიანი


"ნადირობის სეზონი": "აი, მე პირადად მშვიდობისთვის ბრძოლას შევეწირე, გამიყვანეს და კედელთან დამაყენეს, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა "დაივიწყე ყველაფერი და დალიე "კოკა-კოლა", ექვსმა მესროლა, ექვსმა ჯარისკაცმა, არადა, ოქმი რომ შეადგინეს, დიახ, სიკვდილსაც ოქმი სჭირდება, ხუთი ნატყვიარი აღმომაჩნდა. ერთმა ამაცდინა შეგნებულად, რადგან აცდენა შეუძლებელი იყო. როცა ჩემი დამზოგველის ვინაობა ვერ დაადგინეს, ექვსივე დახვრიტეს. მე კი სულ იმ ერთზე ვფიქრობ, იმ ერთს დავეძებ, არადა, როგორ გინდა იპოვო ამდენ ხალხში ერთი ნამდვილი ადამიანი!"
რობერტ სტურუასთვისაც ყველას არ "უსვრია"...

- აქ არ ვიყავი, როცა ჩემს მხარდასაჭერად გამოვიდნენ, თუმცა, გადაიღეს და ვნახე რა მოხდა კულტურის სამინისტროსთან, მერე აქ, თეატრთან. გამიკვირდა, რომ ამდენი ხალხი მოვიდა, არ მოველოდი. მესიამოვნა, ცხადია, მაგრამ ადამიანი რომ შენ გვერდით იყო და შეიცვალა, ზურგი გაქცია, ის უფრო ძლიერ განცდას იწვევს ჩემში.  შიგნით სულ ვიყავი ამისთვის მზად, მაგრამ მაინც ძალიან მეტკინა...  ისე, მსახიობობა ისეთი პროფესიაა, რომ მათგან ეს ღალატადაც არ ჩაითვლება. შენ ზიხარ და უცდი, როდის მოგცემენ როლს, დამოკიდებული ხარ სხვის ნებაზე, ჭირვეულობაზე, ხუშტურებზე. ეს ადვილი კი არ არის.

- და სულაც ერთი რომ იყოს ის ნამდვილი ადამიანი, მისთვისაც ხომ ღირს საქართველოში სპექტაკლის დადგმა?

- დავდგამ კიდეც. მაქვს პიესა, რომელსაც, ალბათ, დავდგამ თეატრალური საზოგადოების სცენაზე. სხვა თეატრში რომ მივიდე, აუტეხენ სკანდალს. ეს არის მონოპიესა დიდ ხელოვან ქალზე, მისი ბრძოლა საზოგადოებასთან. მას არ აღიარებენ, რადგან უჩვეულო პიროვნებაა, ხისტი და ორდინარული... პიესაში მისი ისტორიაა. პოლიტიკური არ არის, მაგრამ პოლიტიკა მაინც ეხება ხელოვანს და ისიც იბრძვის დამოუკიდებლობისათვის.

- თეატრალური საზოგადოების სცენაზეც რომ სკანდალი მოჰყვეს?

- მაშინ ქუჩაში დავდგამ...  მაისში ჩამოვალ რუსეთიდან, სადაც კალიაგინის საიუბილეოდ ვდგამ სპექტაკლს და დავიწყებ მუშაობას.

ისევ რუსეთი

- ჩვენს ხელოვანებს რუსეთი კარს უღებს, პირობებს სთავაზობს, თუმცა, ჩვენ ისევ შიშის თავზარს გვცემს ეს ქვეყანა, ცხადია, პუტინისა და მედვედევის გამო.
- ახლა ერთი კვირით ვიყავი ჩასული. აღშფოთებული არიან, ამბობენ, რომ ქვეყნის სათავეში ორი გაუგებარი კაცია... საერთოდ, პრეზიდენტების თემა ყველგან აქტუალურია. ეს პროცესი ევროპაშიც მიდის. ძალიან გათამამდნენ პრეზიდენტები, არადა, ისინი ჩვენი არჩეულები არიან, ანგარიშს უნდა გვიწევდნენ.

- რუსეთის შიშით ბევრი ხელისუფლების მომხრედ არჩევს დარჩენას, არ სჯერა, რომ უკან არ დაბრუნდება, ხახაში არ ჩაუგდებენ საქართველოს რუსეთს.

- ჩვენ რა, არა ვართ ხახაში ჩაგდებული? ბიზნესმენის გვეშინია და იმისი არა, ვინც კა-გე-ბეს თანამშრომლის ოჯახის წევრია? ისე, მგონი, ცოტა იკლო შიშმა, კრიზისმა გაირა...

ალბათ


ალბათ, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. ისევ თეატრსა და ხელისუფლებაზე ჩამოვაგდე სიტყვა:

- ხელისუფლება რომ შეეხო, ჯერ ახმეტელი იყო, მერე - დოდო ალექსიძე, ამაში მსახიობების ხელიც ერია, - ამბობს რობერტ სტურუა, - მერე თუმანიშვილი, რომელიც სათანადოდ ვერ დაიცვეს მსახიობებმა... მერე მე...

- კარგ ოთხეულში ხართ, ბატონო რობერტ!

ეღიმება...

დასასრულ, ისევ "ნადირობის სეზონი": "ალბათ, ალბათ! ამ სიტყვებში მთელი სამყარო ეტევა, ტყუილიცა და მართალიც. ალბათ, ალბათ! არავითარი პასუხისმგებლობა! ასე რომ, ალბათ, ოდესმე ვიყიდი ყვავილებს, წავალ თბილისის ზღვაზე და, ალბათ, პირველს, რასაც დავინახავ, პოლიციელთა მოხეტიალე დასი იქნება... რომელიც როგორც ყოველთვის, შილერის "ყაჩაღებს" თამაშობს უპატრონო მოხუცებისთვის... პოლიციელებს უყვართ ყაჩაღობანას თამაში, მოხუცებს კი სძინავთ, რადგან მკვდარი საათი აქვთ"...

მკვდარი საათი, ალბათ, დასრულდება... დიდი მაესტროც ამ იმედით გილოცავთ ახალ წელს და მშვიდობასა და თავისუფლებას გისურვებთ, რომელიც ნამდვილად არსებობს!
a
28 დეკემბერი 2011 23:07
იქნება შატროვის ცხენები დაგვიდგა თავის ლენინითან ერთად!
maugli
28 დეკემბერი 2011 19:15
სხვას ნუ აბრალებტ ქარტულად-მგლის ხახაში ჩვენ ტვიტონ შევყავიტ ტავი.ჩვენი ბრალია რაც გვჭირს.
mato
28 დეკემბერი 2011 19:12
ადრე ტუ გვიან გავიღვიძებტ,მაგრამ დაგვიანებული იქნება-საქარტველოს მატარებელი შორს იქნება წასული.

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?