პირველად იყო ფერწერა... - კვირის პალიტრა

პირველად იყო ფერწერა...

ჰოლანდიელი ფერმწერი ჰიერონიმუს ბოსხი (იერუნ ანტონისონ ვან აკენი) დაიბადა დაახლოებით 1450 წელს პატარა ქალაქ ჰერტოგენბოსში, საგვარეულო მხატვრების ოჯახში. მისი ბაბუაც და მამაც, იან და ანტონიუს ვან აკენები, ფერმწერები იყვნენ. ქალაქის არქივში დღემდე ინახება ბოსხებთან დადებული ხელშეკრულებები ეკლესია-მონასტრებში შეკვეთების შესრულების შესახებ. ვარაუდობენ, რომ ბოსხის პირველი მასწავლებელი, ბაბუასა და მამის გარდა, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარი დირკ ბოუტსიც იყო, რომელიც ხშირად ჩადიოდა ჰერტოგენბოსში. თავად ჰიერონიმუსი კი საბუთებში პირველად 1480 წელსაა მოხსენიებული, როგორც "ღვთისმშობლის საძმოს" წევრი.

1489 წელს ჰიერონიმუსს, რომელიც ამ დროისთვის "ღვთისმშობლის საძმოს" ხელმძღვანელია, წმინდა იოანეს ეკლესიაში საკურთხევლის კარედების მოხატვა დაავალეს. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა თვით ფილიპე ლამაზისგან - კასტილიის მომავალი მეფისგან. მაგრამ ბოსხის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა რელიგიური მსვლელობებისა თუ საიდუმლო რიტუალების გაფორმებამ. საქვეყნოდ ცნობილიც სწორედ ამის წყალობით გახდა.

მალე ბოსხმა ცოლად შეძლებული ქალი შეირთო, რის შემდეგაც ქალაქგარეთ, მზითვად მიღებულ დიდ მამულში დასახლდა და მიუხედავად იმისა, რომ მეტად ცნობისმოყვარე ადამიანი იყო, მშობლიური ქალაქის სანახებს არასდროს გასცდენია.

ფერმწერი მეგობრობდა დიდ მოაზროვნე ერაზმ როტერდამელთან, რომლის წიგნების მოტივები მის ნახატებში ხშირად გვხვდება. ბოსხი ხატავდა რელიგიურ, ალეგორიულ და ჟანრულ სურათებს. მისი ნახატების შინაარსი დღემდე  გამოცანაა ხელოვნების ისტორიკოსებისთვის. სხვათა შორის, ბოსხი არასდროს აწერდა ხელს ნამუშევრებს და არც თარიღს მიუთითებდა. ამიტომ მისი ავტორობა დადასტურებულად მხოლოდ 40-მდე ნამუშევარზე ითვლება. მისი შემოქმედების შესწავლა კი საყოველთაოდ მიღებული ხერხებით თუ მეთოდებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ჩვეულებრივ ბოსხი "ალა პრიმას" ტექნიკით მუშაობდა, ანუ სურათს მაშინვე, წინასწარი ჩანახატებისა და თუ ესკიზების გარეშე ქმნიდა, - მხატვრების ოჯახში გაზრდილს ამის საშუალებას, როგორც ჩანს, ხატვაში ბავშვობიდანვე გაწაფული ხელი აძლევდა.

ბოსხი არა მარტო ფერმწერი, კარგი მჭედელიც იყო, - როცა ქალაქის მთავარი ტაძრისთვის მინაზე დიდი ფერწერული სურათი შექმნა, თავადვე დაამზადა მისთვის ლითონის მაღალმხატვრული ჩარჩოც.

როგორც იმ დროის ყველა განათლებული ადამიანი, ბოსხიც გატაცებული იყო ალქიმიით. მისი მეგობარი იყო ასევე ცნობილი ჰოლანდიელი ღვთისმეტყველი დიონისე ვან რეიკელი, რომელმაც ჰერტოგენბოსის ახლოს პატარა მონასტერი დააარსა. ვან რეიკელს ინკვიზიცია დევნიდა და მოგვიანებით დასაჯა კიდეც, თუმცა ბოსხს მეგობარი არასოდეს უარუყვია და ხშირად ნახულობდა. დემონოლოგიური ლიტერატურის გავლენით შექმნილი სახეები ბოსხის მრავალ სურათზეა. მაგალითად, "წმინდა ანტონის ცდუნებაში" უკანა პლანზე ალქაჯებს ვხედავთ, ხოლო სურათზე "საშინელი სამსჯავრო" რამდენიმე ეპიზოდია აღბეჭდილი "შავი მესიდან".

ბოსხის შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა, მისი სურათები სივრცობრივი და დეკორატიულია. ფერმწერის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს წმინდანთა ცდუნების თემასაც, სადაც მორწმუნეთა მორალური სიმტკიცე უპირისპირდება სამყაროში გაბატონებულ საცდურსა და შიშს.

შედევრები, რომელთაც ბოსხი უკვდავყვეს, საკურთხევლის დიდი ტრიპტიქებია. ყველაზე ცნობილ ნამუშევრად კი "ტკბობის ბაღი" ითვლება.

ტრიპტიქი "ტკბობის ბაღი" ადამიანთა ცოდვილი ცხოვრების ბოსხისეული აღწერაა.  სურათზე უამრავი უცნაური ქმნილებაა. მნახველის თვალწინ თითქოს ფიგურების პროცესიები ჩაივლის. აქ დაინახავთ საზიზღარ, მხიარულსა და შიშის მომგვრელ არსებებს - ეს ადამიანთა ცოდვილი სიცოცხლის ალეგორიაა, მაგრამ იქვე გამოსახულ სამოთხის პეიზაჟზეც ვხედავთ ფანტასტიკურ, უცნაურ და საძაგელ ქმნილებას.

ბოსხის შემოქმედების მკვლევართა მტკიცებით, ჰიერონიმუსი არასოდეს ხატავდა რამეს უსაფუძვლოდ, მისი ნახატები სხვადასხვა წიგნის, უფრო ხშირად კი ბიბლიის ინტერპრეტაციაა და ისეთი შემთხვევებიცაა დადგენილი, როცა მხატვრის ფაქტობრივი შეცდომები ბიბლიის ჰოლანდიურად მთარგმნელის არასწორი ინტერპრეტაციითაა განპირობებული.

მიუხედავად ამისა, ბოსხმა შექმნა სრულიად განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამყარო. რასაკვირველია, მას ჰყავდა მიმბაძველები თუ  გამგრძელებლები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი პიტერ ბრეიგელია.

ბოსხმა პირველმთქმელის ძალით გამოთქვა ის სათქმელი, რომელიც დღემდე ატყვევებს და აჯადოებს ადამიანებს, რომლებიც საათობით დგანან მისი ნახატების წინ და თვალწინ სულ ახალი და ახალი სამყაროები ეშლებათ.

ბოსხი მოესწრო თავის მდიდარ და აყვავებულ სამშობლოში ავსტრიელ ჰაბსბურგთა ბატონობას. მის ეპოქაში გამძაფრდა თეოლოგიური დისკუსიები, რელიგიური ბრძოლა, რაც თანდათან რეფორმაციაში გადაიზარდა, რის შემდეგაც რელიგიამ დაკარგა ადამიანთა სულიერი ცხოვრების ერთადერთი ნავსაყუდლის როლი.

ფერმწერის ირონიული, სარკაზმით სავსე ფანტაზია მის თანამედროვეთა შეხედულებების გამოძახილია, - ბოსხი ცდილობდა ეჩვენებინა ცოდვებში ჩაძირული სასულიერო წრის სიბრიყვე ("სიბრიყვის ოპერაცია", "სულელთა გემი"). თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ღრმად მორწმუნე  ესპანეთის მეფე ფილიპე  II-ისთვის შეეგროვებინა ბოსხის სურათები. მეფემ მხატვრის ბევრი ნამუშევარი მისი გარდაცვალების შემდგომაც შეიძინა, რისი წყალობითაც ბოსხის რამდენიმე სურათი (მათ შორის - "ტკბობის ბაღი") დღეს პრადოს მუზეუმშია.

გვიანდელ ნაწარმოებებში ბოსხი მარტოობის თემას ხშირად ასახავს. იმდროინდელი გარდამავალი ეპოქის სულიერი ცხოვრების ტრაგიზმმა მის ნახატებშიც პოვა გამოძახილი ("წმინდა იერონიმე ლოცვისას", "იოანე ნათლისმცემელი", "ძე შეცდომილი"). ამავე დროს გრავირებითაც დაინტერესდა. მისი გრავიურების ასლები მრავალ ქალაქში იყიდებოდა, სურათებით კი ევროპის სამეფო სასახლეები აივსო, ბევრი მისი თანამედროვე კი მათ როგორც კურიოზს, ისე აღიქვამდა.

გენიოსი მხატვარი მშობლიურ ჰერტოგენბოსში 1516 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა და პასუხგაუცემელი კითხვები დაუტოვა როგორც თანამედროვეებს, ისე მომავალ თაობებსაც.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ