"მშვიდობით, აბრეშუმო..." - კვირის პალიტრა

"მშვიდობით, აბრეშუმო..."

ღია წერილი საზოგადოებას

"მე არ ვაპირებ წამებულის იმიჯის" მორგებას!

უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა მხარდაჭერისათვის, რომელსაც მე ყოველ წამს ვგრძნობდი. არ მეგონა, თუ ამდენი გულშემატკივარი მყავდა და მომიტევეთ, რომ ასე აგაფორიაქეთ ამ საახალწლო დღეებში. განსაკუთრებული მადლობა ჩემს კოლეგებს "ქრონიკა-ალიასა" და "პალიტრის" ჰოლდინგებიდან, ჟურნალისტებს ყველა არხიდან, განსაკუთრებით "მაესტროდან" და "კავკასიიდან" და პირადად დავით აქუბარდიას, რომელმაც მომხდარი ინციდენტიდან ზუსტად 20 წუთში დამითმო პირდაპირი ეთერი, რითაც ფაქტობრივი მტკიცებულება მოვიპოვე პროვოკატორთა ცილისწამებაზე ჩემს არაადეკვატურ და არაფხიზელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. არ შემიძლია დიდი მოკრძალებით არ აღვნიშნო მამა როსტომის (ლორთქიფანიძე) როლი ჩემი რწმენის გაძლიერებაში და სწორედ მის თხოვნას დავემორჩილე და მე-8 დღეს (ბარბარობას) შევწყვიტე შიმშილობა. მუხლს ვიდრეკ და თავს ვხრი თითოეული თქვენგანის წინაშე. მე არ ვაპირებ წამებულის იმიჯის მორგებას! თუ დავისაჯე, ღირსეულადაც გავუძელი და ერთი წუთითაც არ ვნანობ! "ზოგი ჭირი მარგებელია" - აქა-იქ ფარისევლები და ფსევდოლიბერალები გამოჩნდნენ. საკუთარი დამძიმებული წარსულით შეწუხებული ბომონდი თურმე გმობს ძალადობას! სასაცილოა! მათი ამორალური, ღირსების ამყრელი და ჭეშმარიტად ძალადობრივი ქმედებების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა და არც გაკადრებთ!

ჩემი ცხოვრების გზა ტკივილზე გადის და იმ ფილმს ჰგავს, ბოლოში რომ მთავარ გმირს კლავენ, მერე კი მრავალრიცხოვანი მაყურებლის თხოვნით კვლავ აცოცხლებენ და სერიებს ამატებენ.

დამღალა "მაყურებლის თხოვნით" ცხოვრებამ!

ეპატაჟი - რა მარტივად ჟღერს და რა რთული შესასრულებელია!

რას იზამ, შინაგანი კულტურა, ტაქტი და ინტელექტი ხშირად განცხრომით, უდარდელად მოსული ცხოვრების ზარ-ზეიმში ვერ ხარობს.

მომიტევოს სეირის მაყურებელმა საზოგადოებამ. დღეიდან, 2011 წლის 25 დეკემბრიდან, ჩემი აბრეშუმის კაბა სკივრში ჩაესვენება, ხოლო მას აბჯარი და მუზარადი ჩაანაცვლებს. მორჩა კინო!

2012 ბრძოლის წელია! უმეცრებასთან, უპასუხისმგებლობასთან, უსამართლობასთან, უნიჭობასთან და უხამსობასთან! უკომპრომისო ბრძოლის წელი, აი ეს ამბავი კი ნაღდად ბევრ მამაკაცზე კარგად მეხერხება!

ყმაწვილქალობაში სულ დეკაბრისტის ცოლობაზე ვოცნებობდი, დეკაბრისტი კი თურმე თავად ვყოფილვარ! ღირსება და თავმოყვარეობა ფერად-ფერად ფურჩალებზე არ იცვლება!

ვამაყობ, რომ მე, მოროშკინა - სლავური წარმოშობის ქართველი, ნამდვილი კავკასიელი მდედრი ვარ, მაშასადამე - მებრძოლი!

P.S. ვიღაცას ჩემი რქები ცვილის ეგონა, იფიქრეს მოეღუნება და ჩამოეღვენთებაო.

არა, ბატონებო, ნაღდია, კავკასიური და საბრძოლველად მომართული!

P.P.S. რამდენიმე ადამიანი მეგულება, რომლებსაც გაუჭირდებათ ამ წერილში მოყვანილი ტერმინების გაგება და იქნებ მათთვის გასაგებ ჟარგონზე მოუთარგმნოთ?

პატივისცემით, ლ. მოროშკინა

მოდული 25.12.2011 წ.