ქეთი დოლიძე ნიკა რურუას წინააღმდეგ: "თქვენ ცრუობთ, ბატონო მინისტრო!" - კვირის პალიტრა

ქეთი დოლიძე ნიკა რურუას წინააღმდეგ: "თქვენ ცრუობთ, ბატონო მინისტრო!"

"ახლა შეგიძლია დამსაჯოთ, - გამაგდოთ სიკო დოლიძის, ჩემი მამის ბინიდან"

უკვე შეძლება ითქვას, ადამიანებს, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან, აქეთ სააკაშვილი ექაჩება, იქეთ - ივანიშვილი,… "კავკასიური წრე" კი თანდათან ვიწროვდება. ახლახან კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ განაცხადა: "თეატრების მმართველები ყოველი წლის დასაწყისში ფონდს წერილობით მიმართავდნენ და შემდეგ ის ამ მოთხოვნის საფუძველზე გამოყოფდა კონკრეტულ თანხას. წლეულს თეატრების უმრავლესობა ასეთ მიმართვას აღარ გააკეთებს. ეს მათი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია... იმ შემთხვევაში,  თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ივანიშვილის დაფინანსება შეუჩერდებათ, მაშინ შემწეობას სახელმწიფო განაგრძობს, როგორც აქამდე აკეთებდა…". რურუამ ყოველი შემთხვევისთვის ქველმოქმედების არსიც განმარტა: "როცა   ნებაყოფლობით აკეთებ ამას, მისასალმებელია, მაგრამ როცა  მევახშე ითხოვს ანგარიშს და ვალში მთელ ქვეყანას, თუნდაც ორი-სამი წლით, ეს უკვე ქველმოქმედება აღარაა." ასეა თუ ისე, მისმა განცხადებამ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხელოვანი ადამიანების ნაწილი  ლამის შოკში ჩააგდო:

"ჩვენს თეატრში მე, ნინელი ჭანკვეტაძეს, ზურა ყიფშიძეს, გოგა პიპინაშვილსა და გია კაპანაძეს  ორიათასლარიანი ინდივიდუალური დახმარება გვაქვს  და ამაზე უარს ვერავინ გვათქმევინებს" - განაცხადა ქეთი დოლიძემ. მოგვიანებით  მან კულტურის მინისტრთან წერილიც აფრინა. ამ წერილით ქალბატონი ქეთი დოლიძე  კულტურის მინისტრს ნიკა რურუას ახსენებს, რომ  დაიბადა გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის - სიკო დოლიძის ოჯახში. მისი წინაპრების 14 თაობა სასულიერო პირები იყვნენ. სიკო დოლიძის ფილმები კი შესულია მსოფლიო კინემატოგრაფის საგანძურში და მისსავე სახელთანაა დაკავშირებული არაჩვეულებრივი კინოსახლის აშენება და დამკვიდრება თბილისის ცენტრში. აგრეთვე, ქალბატონი ქეთი იხსნებს დედას, თამარ ბირკაძეს, რომელსაც თურმე ჯერ კიდევ  1947 წელს საკავშირო სამინისტრომ  დართო  ნება უპრეცედენტო აქციაზე, უსასყიდლოდ შეემოსა ტანსაცმლით ყველა რელიგიური კონფესიის მსახური საქართველოში. პარალელი წარსულთან მრავლისმთქმელია, - აწმყო წარსულზე  ულმობელი!... ქალბატონი ქეთი, როგორც ოჯახის სხვა წევრების, ასევე, საკუთარ დამსახურებებზეც საუბრობს კულტურის სფეროში და ნიკა რურუასადმი მიძღვნილი წერილი საკმაოდ ემოციური ფრაზებით არის გაჯერებული გთვაზობთ ამონარდებს:

"თქვენ გუნდთან ერთად ჩემი დასჯა გადაწყვიტეთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. გამათავისუფლეთ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობისგან და იცრუეთ, ბატონო მინისტრო, რომ მე სეზონი ჩავაგდე...  თქვენ უკვე სახელითაც კი აღარ მომიხსენიებთ და გუშინ ბრძანეთ, „ეს ქალბატონი ცრუობსო!“ ახლა მე გეუბნებით,- ცხოვრებაში არასდროს მიცრუია. ცრუობთ თქვენ!!! რატომ? იმიტომ, რომ გინდათ ყველა თქვენი დანიშნული მმართველი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდოთ და ყველას გვითხრათ: "ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს!"

ჩვენ ვართ მოსყიდულები? განა თქვენი გუშინდელი დაპირებები მოსყიდვა არ არის? თუ ახლა გაგახსენდათ, რომ მეტს ვიმსახურებთ? დიახ, ვიმსახურებთ, მაგრამ თქვენ ეს არ დაინახეთ, თქვენ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებთ. ხსნით, აგდებთ,  10-წლიან ფესტივალებს ისვრით ნაგვის ყუთში და ახლა რომელ კომპენსაციებს გვპირდებით? თქვენი ნაციონალური მოძრაობა მოსყიდვით არ არის დაკავებული?..

თქვენ ზუსტად იცით, წვრილად, ისევე როგორც თქვენმა პრეზიდენტმა, როგორ თაღლითურად მომატყუეს, გამანადგურეს. 2009 წელს თქვენ არ მპირდებოდით სამართლიანობის აღდგენას იგივე პრეზიდენტის მოთხოვნით?

ესე იგი - იცრუეთ!

მაგრამ  ის იდეოლოგია, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ყველაფერს ამართლებს: გირგვლიანის სიკვდილსაც, ბიჭების ჩახოცვასაც, უამრავ პატიმარს, უსამართლობას, დაშინებას....

...თქვენ ოფიციალურად ასამარებთ ქველმოქმედებას საქართველოში და ამკვიდრებთ უსამართლობას 2003 წლიდან. ასეთი რამ მხოლოდ კორეაში ხდება, როგორც ვიცი.

ეტყობა, თქვენი გუნდის წევრებმა მემკვიდრეობით მიიღეს სასახლეები, აურაცხელი ქონება, ანგარიშები უცხოურ ბანკებში, ცოლებზე და სიდედრებზე გაფორმებული ქონება, საგამოფენო დარბაზები უცხოეთში!

ახლა შეგიძლიათ დამსაჯოთ: ბ-ნო მინისტრო, გაეცით განკარგულება და გამაგდეთ სიკო დოლიძის, ჩემი მამის და ჩემი ბინიდან! ეს ხომ ერთადერთი ბერკეტია ჩემზე ზემოქმედების? მერე შეგიძლიათ უცხოურ პრესაში ახსნათ თქვენი ქმედებები.

ბატონო მინისტრო! თქვენ გქონდათ შანსი, ისევე როგორც თქვენს გუნდს სიკეთე გეკეთებინათ! სწორედ თქვენ აირჩიეთ კომუნისტების გზა, თქვენი ჩერგოლეიშვილებით, წიკლაურებით, გაბიანებით! ღმერთმა მოგახმაროთ, მაგრამ ყველას ვერც მოგვერევით და ვერც დაგვაშინებთ! აქ ვარ, მოდით! ჩემი მისამართია: საქართველო, თბილისი, ბაზალეთის ქ. 7 ბინა 7.

ჩვენი სახლის კედელზე ჯერ კიდევ დამაგრებულია სიკო დოლიძის მემორიალური დაფა...

ახლა საღამოა, „მეცოზე“,  მარია  კალასის  „კოსტა დივას ჯადოსნური ჰანგები" იღვრება და მე ვიცი, რომ გავიმარჯვებ!"

P.S. პერსონალურად ვინ იტყვის და ვინ არა უარს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაზე, ალბათ ცოტა ხანში უკეთ გაირკვევა. ჯერჯერობით მსახიობების უმრავლესობა ღია და თამამ განცხადებებს ერიდება. თუმცა უკვე ჩანს, რომ  პოლიტიკურად ნეიტრალური ხელოვნების მუშაკებისთვის "ნაცკავკასიურ წრეში" ადგილი აღარ რჩება …

(სპეციალურად საიტისთვის)