"მედიავალუტა", რომელიც ძალზე ძვირია - კვირის პალიტრა

"მედიავალუტა", რომელიც ძალზე ძვირია

როგორ დავადგინოთ ბეჭდური მედიის ტირაჟები

"ქართული მედიასაშუალებების უმრავლესობას არ გააჩნია ამომწურავი და დამოუკიდებლად გადამოწმებადი მონაცემები მათი გავრცელების არეალისა და აუდიტორიის შესახებ. ეს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ურთულებს, დაარწმუნონ რეკლამის პოტენციური დამკვეთები, რომ მათთან რეკლამის განთავსება ღირებული ინვესტიციაა... არ არსებობს ბეჭდური გამოცემების დაბეჭდილი, გავრცელებული ან გაყიდული ნომრების მონაცემები, რომელთა დამოუკიდებლად კონტროლი და გადამოწმება შესაძლებელია...

დამოუკიდებლად გადამოწმებადი საბაზრო მონაცემების ნაკლებობა ბეჭდურ გამოცემებს რეკლამის მიზიდვას ურთულებს, რადგან რეკლამის დამკვეთები იძულებული არიან ჟურნალ-გაზეთების ტირაჟის შესახებ გამომცემლების მონაცემებს დაეყრდნონ, რომლებიც ხანდახან გაზვიადებულია." - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში, რომელიც საქართველოს სარეკლამო ბაზრის ანალიზს მოიცავს.

ბოლო პერიოდში "ალია ჰოლდინგის" მესვეურები სხვა გამოცემებს მოუწოდებენ, რომ მათ მსგავსად, დანარჩენ გამოცემებსაც, ყოველ ჯერზე, თავად რედაქციამ დააწეროს კონკრეტული ტირაჟი. ალბათ, "ალია ჰოლდინგის" მესვეურებს გამჭვირვალობისკენ სწრაფვა ამოძრავებთ, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე სწავლას, სხვისი შეცდომების გათვალისწინება სჯობია და სამწუხაროდ, ამის მაგალითი, ახლო თუ შედარებით შორეულ წარსულში, საკმაოდ ბევრია. მხოლოდ რამდენიმე ცნობილ ამბავს შეგახსენებთ, რომელიც სწორედ გამოცემის გვერდებზე ტირაჟების მითითებით დაიწყო.

ტირაჟებით თაღლითობის ცნობილი მაგალითები

მიზეზი იმისა, რის გამოც გამოცემა თავის გვერდებზე ტირაჟს უთითებს, ზოგ შემთხვევაში გამჭვირვალობისკენ სწრაფვა, უფრო ხშირად კი რეიტინგისა და პოპულარობის ხაზგასმაა. შესაბამისად, გამოცემაზე მითითებული ტირაჟი ერთგვარი სატყუარაა რეკლამის დამკვეთებისთვის, რომ სარეკლამო ბიუჯეტის მსუყე ნაჭერი, ყველაზე "მრავალტირაჟიანი" და ბუნებრივია, ყველაზე "რეიტინგული" და "კითხვადი" გამოცემის წილად ჩამოჭრან. სწორედ რეკლამის დამკვეთების მოტყუებით გადაბირება, კონკურენტებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის ზარალის მიყენება გახდა სხვადასხვა დროს მსოფლიოს ცნობილი გამოცემების ტირაჟებით თაღლითობის მიზეზი.

ინგლისურენოვანი The Standard-ი, რომელიც ჰონკონგში გამოდიოდა, გამოცემაში მეტი რეკლამის მოსაზიდად, 1994 წლიდან 1996 წლამდე, სისტემატურად ხელოვნურად ზრდიდა ტირაჟს, შემდეგ საკუთარ გაზეთს ცრუმაგიერი ფირმის საშუალებით ყიდულობდა, რომელსაც გაზრდილი ტირაჟი ნაგავსაყრელზე მიჰქონდა. ამის გამო, ჰონკონგის სასამართლომ გამოცემის სამი მენეჯერი რამდენიმე თვით საპატიმროში გამოამწყვდია.

2004-2006 წლებში, მედიაგიგანტ Tribune -ის კუთვნილი ტაბლოიდი Newsday და ესპანურენოვანი Hoy, კონკურენტების "დასამარცხებლად" და რეკლამის დამკვეთების მოსაზიდად, თავის გამოცემებს ცრუ ტირაჟებს აწერდნენ. როგორც ამბობენ, ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო და ეს ამბავიც მალე სკანდალის საფუძველი გახდა. სასამართლომ მედიაგიგანტს დაზარალებული რეკლამის დამკვეთების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო კომპანიის ცხრა ექსმენეჯერს პირობითი  პატიმრობა მიესაჯა.

2004 წელს სასამართლომ რეკლამის დამკვეთების სასარგებლოდ, კომპანია Belo-ს 23 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. კომპანიას ბრალად ედებოდა, რომ კუთვნილ გამოცემას, გაზეთ The Dallas Morning News-ზე მითითებული ცრუ ტირაჟებით შეცდომაში შეჰყავდა რეკლამის დამკვეთები, რის შემდეგაც მათ სოლიდური ზარალი მიადგა. დანაშაული კომპანიამაც აღიარა და დაადასტურა, რომ 2003 წელს, 6 თვის განმავლობაში, გამოცემაზე გაზრდილ ტირაჟებს უთითებდა - უქმეებზე 5%-ით, კვირის დანარჩენ დღეებში კი 1,5-ჯერ ზრდიდა.

ამავე 2004 წელს სკანდალში გაეხვია Cikagos Sun-Times-ი, რომელიც მედიაკომპანია Hollinger International-ს ეკუთვნოდა, ახლა კი Sun Times Media  Group-ის საკუთრებაა. გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ გამოცემის გვერდებზე მითითებული ტირაჟი რეალურს მეოთხედით აჭარბებდა, ანუ დღეში 78000 ეგზემპლარით იყო გაზრდილი.

გამოცემაზე "გაბერილი ტირაჟების" მითითების პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული მეზობელ რუსეთში. ნაციონალურმა სამსახურმა, რომელიც ტირაჟების დათვლით არის დაკავებული, ადგილობრივი გამოცემებისთვის ამ რანგში ანტიპრემიაც კი დააწესა. სხვათა შორის, მიმდინარე წელს ამ პრემიის ლაურეატები გახდნენ ჟურნალები "ხულიგანი", რომლის ცრუ ტირაჟი 13-ჯერ არის გაზრდილი, "TV parki" - რეალურზე ხუთჯერ გაზრდილი ტირაჟით, "მარი კლერი" - სამჯერ "გაბერილი" ტირაჟით, და ELLE  რომელიც თავის გამოცემაზე რეალურზე ორჯერ მეტ ტირაჟს უთითებს.

ზემოთ ყველაზე გახმაურებული ფაქტები ჩამოვთვალე "ტირაჟებით ომის" ქრონიკებიდან. თუმცა ფაქტები, რომლებიც ნაკლებად გახმაურდა, გაცილებით მეტია და მეტ-ნაკლებად ყველა იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ტირაჟებს საკუთარ გამოცემებზე თავად რედაქციები უთითებენ.

ვინ დათვალოს ტირაჟები...…

იმ პირობებშიც კი, როდესაც ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობა და მაკონტროლებელი სპეციალური ორგანოები არსებობენ, ზოგიერთი სახელიანი გამოცემაც კი ვერ უძლებს ცდუნებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საქართველოში, სადაც ასეთი ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში გამოცემის რეალური ტირაჟი შეამოწმოს და მის გვერდებზე მითითებულს შეადაროს, არ არსებობს (მათ შორის არც საგადასახადოა ამის მაკონტროლებელი. საგადასახადო ამოწმებს საბუღალტრო დოკუმენტაციის სისწორეს, ხოლო ის, თუ რა აწერია ამა თუ იმ გამოცემას, დოკუმენტს არ წარმოადგენს), ამის გაკეთება თავად ჟურნალ-გაზეთების მიერ, მით უმეტეს ძალზე საფრთხილოა. გამოცემაზე ტირაჟის მითითება, ბეჭდურ მედიასაშუალებებს შორის შესაძლოა "ტირაჟებით ომში" გადაიზარდოს. თუ რეალურად ვერავინ გააკონტროლებს, ცრუ ტირაჟს აწერ შენს გამოცემას თუ რეალურს, შეგიძლია ფანტაზიას ფართო ასპარეზი მისცე, კონკურენტების ჯინაზე, ან რეკლამის დამკვეთის მოსატყუებლად, გამოცემას იმხელა ტირაჟი მიაწერო, რამხელაც მოგესურვება. ამიტომ არ გვსურს, ჩვენს გამოცემაზე მითითებული ტირაჟით ვინმეს ვუბიძგოთ, რომ უფრო მაღალი ტირაჟის მითითებით, თავისი გამოცემის რეიტინგი ხელოვნურად გაზარდოს, ამით პოპულარული, მრავალტირაჟიანი გაზეთის იმიჯი შეიქმნას და მკითხველი და რეკლამის დამკვეთი შეცდომაში შეიყვანოს. იქ, სადაც საქართველოს მსგავსად, შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს, ისეთი კურიოზული შემთხვევებიც მომხდარა, როდესაც გამოცემაზე მითითებული იყო, თითქოს ის 20000 ეგზემპლარად გამოდიოდა, სინამდვილეში კი სულ 100 ეგზემპლარი დაიბეჭდა და მხოლოდ სარეკლამო კომპანიებს დაურიგდა.

რედაქციისგან

გამოცემების ტირაჟების დამთვლელი უწყება ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოქმედებს - ზოგან ტირაჟების აუდიტი ჰქვია, ზოგან კი ტირაჟების ნაციონალური სამსახური. სინამდვილეში, გამოცემის რეალური ტირაჟი ოქროს ფასი ღირს. სხვაგვარად ამას "მედიავალუტასაც" უწოდებენ. რეალური ტირაჟი გამოცემის შეფასების საყოველთაოდ აღიარებული და უტყუარი ინსტრუმენტია. ტირაჟების აუდიტის არც ჩატარების და არც შედეგების გამოქვეყნების წინააღმდეგი, ვფიქრობ, არც ერთი მართლა რეიტინგული გაზეთი თუ ჟურნალი არ იქნებოდა (მით უმეტეს "კვირის პალიტრა"). ამ ეტაპზე კი ჩვენი რეიტინგისა და კითხვადობის შეფასების საუკეთესო საშუალება "კვირის პალიტრის" მკითხველია.

P.S. "კვირის პალიტრა" გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მაღალი ნდობით აღჭურვილი არასამთავრობო დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფლებამოსილი იქნება გააკონტროლოს და გამოაქვეყნოს სხვადასხვა გამოცემის რეალური ტირაჟები. ვფიქრობ, გამჭვირვალობის ზრდასთან ერთად, ეს ხელს შეუწყობს დამატებითი სარეკლამო თანხების მოზიდვას ბეჭდურ მედიაში.

აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებისთვის ვიწვევთ გამომცემლებს და ყველა დაინტერესებულ პირს. ტ.238-50-03:

promo@palitra.ge

"თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის" განცხადება

მიმდინარე წლის დეკემბერში "საქართველოს პრესის ასოციაციამ" დააფუძნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია", რომლის ძირითადი მიზანია თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა. ამჟამად, ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია პრესის გავრცელების ხელშეწყობა თბილისში. ორგანიზაციის დაფინანსების ძირითადი წყაროებია შემოწირულობები და გრანტები. უკვე მიღებულია შემოწირულობები რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირისგან. მათ შორის, ძირითადი დონორია საქველმოქმედი ფონდი "ქართუ". ინფორმაცია დაფინანსების წყაროებისა და ფინანსების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება პრესაში.

ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერაში, შეუძლია, გააკეთოს საკუთარი შენატანი "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის" ანგარიშზე.

1. ბანკი "ქართუ". ბ.კ. CRTUGE22; ა/ნ. GE56CR01 20007000273608;

2. "თიბისი ბანკის ც.ფ"  ბ.კ. TBCBGE22; ა/ნ. GE28 TB77 47836020100001.

ფინანსური შენატანის მინიმალური ოდენობა შეზღუდული არ არის.

"თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია ” პარიტეტულობის პრინციპის დაცვით სათანამშრომლოდ იწვევს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ვის ძირითად საქმიანობასაც თბილისში პრესის დისტრიბუცია და გავრცელება წარმოადგენს. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ,  დააფიქსირონ პროექტში მონაწილეობის სურვილი ა.წ. 30 დეკემბრამდე. ტელ: - 2984039; Email – tavisufalipresa@gmail.com.