წლის რევიზია - კვირის პალიტრა

წლის რევიზია

შემოწმება დამთავრდა...  ...მაგრამ შემოწმება გრძელდება?!

გასული 2011 წელი "პალიტრამედიის" ისტორიაში, ალბათ, დაუსრულებელი ფინანსური შემოწმების წლად შევა. არაგეგმიური საგადასახადო რევიზია "პალიტრამედიის" 6 ორგანიზაციაში ერთდროულად დაიწყო და თითქმის ნახევარ წელს გაგრძელდა. შემოწმების შუალედური აქტების პროექტები შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ ერთი კვირის წინ წარმოადგინა. "პალიტრამედიის" ექვსივე ორგანიზაციის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ დიდი და მრავალფეროვანი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის მაკონტროლებლების მიერ ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მუშაობის შემდეგ დარიცხული არცთუ დიდი თანხები, ძირითადად, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოებისას დაშვებული უმნიშვნელო ტექნიკური ან მექანიკური ცდომილებების შედეგია. თუმცა, მრავალჯერ გადავადებული საგადასახადო შემოწმება "პალიტრამედიაში" ჯერაც არ დასრულებულა.

რევიზორთა (მოულოდნელი) სტუმრობა არ გეგონოთ ხუმრობა

7 ივნისს შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტი "პალიტრამედიის" 6 ორგანიზაციაში ერთდროულად შევიდა. შემოსავლების სამსახური განმარტავდა, რომ შპს "ჯ.ე.პ."-ი, შპს "პოლიგრაფიული მასალები", წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", წიგნების გამომცემლობა "პალიტრა  L",I პრესის გავრცელების სააგენტო "ელვასერვისი" და სტამბა "კოლორი" რისკების მართვის კომპიუტერულმა პროგრამამ ლოტოტრონის პრინციპით შემთხვევით შეარჩია. არადა, ყველა ჩამოთვლილი ორგანიზაცია დამოუკიდებელი შპს-ა, შესაბამისად, ცალკე ანგარიში და საიდენტიფიკაციო კოდი აქვთ. წარმოუდგენელია, შემთხვევით, ათიათასობით ფირმიდან კომპიუტერმა 6 აირჩიოს და ყველა ერთ ჰოლდინგს ეკუთვნოდეს. ეჭვები განსაკუთრებით გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ შემოწმება 26 მაისის დარბევიდან (რომელიც "პალიტრამედიამ" ფართოდ გააშუქა) მალევე, მოულოდნელად დაიწყო.

ადგილობრივმა და უცხოურმა მედიასაშუალებებმა და მთლიანად, ქართველმა საზოგადოებამ სოლიდარობა გამოუცხადეს "პალიტრამედიას". "პალიტრამედიაში" მიმდინარე პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და დღემდე ყურადღებით აკვირდებიან ფინანსური რევიზიის მიმდინარეობას. კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის" გამოთქვა მზადყოფნა, ფინანსური რევიზიის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელ აუდიტორთა ჯგუფი მოიწვიოს და ფინანსური დოკუმენტაციის ალტერნატიული შემოწმება ჩაატაროს. ფინანსური შემოწმების დაწყებისთანავე "პალიტრამედიის" შენობასთან საზოგადოების ცნობილი სახეები, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და ჩვენი მკითხველები შეიკრიბნენ, რათა მშვიდობიანი აქციით ერთგვარი პროტესტი გამოეხატათ "პალიტრამედიაში" მიმდინარე მოვლენების მიმართ. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ აქტიურობამ გადააფიქრებინა მავანს განზრახულის ასრულება (დროებით მაინც).

დალუქული საწყობები და "წითელი კონტროლი" საბაჟოზე

პირველ ეტაპზე შემოსავლების სამსახურმა "პალიტრამედიის" 4 ორგანიზაციაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩაატარა. დალუქულ იქნა რამდენიმე ორგანიზაციის საწყობები. მაკონტროლებლები დაწვრილებით აღწერდნენ ასეულობით დასახელების პროდუქციას. "პალიტრამედიაში" შემოწმების დაწყებიდან, მედიაჰოლდინგის ყველა ტვირთი (ქაღალდი და წიგნები) საბაჟოზე ე. წ. "წითელ" რეჟიმში გადიოდა შემოწმებას. ზოგჯერ მანქანიდან მთელი ტვირთიც კი იცლებოდა და სათითაოდ ითვლებოდა. შემოწმებამდე კი "პალიტრამედიის" ტვირთების განბაჟება, როგორც წესი, "მწვანე" ან იშვიათად "ყვითელ" რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ პროცედურის გასავლელად 1 საათიც საკმარისი იყო. ფინანსური შემოწმების დაწყების შემდეგ, ზოგჯერ "პალიტრამედიის" ტვირთს საბაჟოზე მთელი დღის განმავლობაში აჩერებდნენ. 28 ივლისის აქტებით, შემოსავლების სამსახურმა ჩატარებული ინვენტარიზაციის ოფიციალური შედეგები წარმოადგინა. ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთებს შორის სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ შპს "პოლიგრაფიულ მასალებს" ჯარიმის სახით 200 ლარი, შპს "ჯ.ე.პ."-ს - 1372 ლარი, "გამომცემლობა პალიტრა L"-ს 3495 ლარი დაეკისრა, ხოლო სტამბა "კოლორს" (სადაც სხვადასხვა გამომცემლობის 200-ზე მეტი დასახელების პერიოდიკა იბეჭდება) 10556 ლარი დაეკისრა.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "შედეგები, რომელიც "პალიტრამედიის" 4 დამოუკიდებელ სტრუქტურაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგა, ცხადყოფს, რომ ყველა ეს სტრუქტურა წლების განმავლობაში სწორი და გამართული ბუღალტერიით მუშაობდა. იმთავითვე, როდესაც შემოსავლების სამსახური ერთდროულად, მოულოდნელად შევიდა "პალიტრამედიის" რამდენიმე ორგანიზაციაში, ამან საზოგადოებაში ძალიან ბევრი ეჭვი და ვარაუდი გააჩინა. ფინანსური სამსახურის მოულოდნელი სტუმრობა მედიაჰოლდინგში უმალ იქცა საზოგადოების ინტერესის საგნად. გაჩნდა მოსაზრებები მათი რეალური "სტუმრობის", შესაძლო მიზნების შესახებ და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ბოლო დროს ბევრი ისეთი შემთხვევის მოწმე გავხდით, როდესაც კომპანიებს არარსებული დარღვევების გამო მასშტაბურ ჯარიმა-საურავებს არიცხავენ. ზოგჯერ ასეთი ვითარება კომიკურიც კი ხდება იმის გამო, რომ დაკისრებული ჯარიმა-საურავები დაჯარიმებული კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა, ასეთი მოულოდნელი შემოწმების პირობებში ჩატარებულმა ინვენტარიზაციამაც კი საუკეთესო შედეგები აჩვენა. ის, რომ "პალიტრამედიის" 4 კომპანიაში უმნიშვნელო განსხვავებები აღმოჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები აბსოლუტურად გამართულად მუშაობდნენ და ყველა ის ვალდებულება, რომელიც გააჩნდათ პარტნიორების, მომხმარებლების თუ სახელმწიფოს წინაშე, პირნათლად სრულდებოდა. უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ "პალიტრამედიის" ორგანიზაციებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ასეთი დადებითია და მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ვითარებაში ბიზნესის ასეთი გამართული მუშაობა მართლაც დასაფასებელია".

შემოწმება დასრულდა, შემოწმება გრძელდება...

28-29 ივნისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "პალიტრამედიაში" უკვე ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება და შესწავლა დაიწყო. მასშტაბური შემოწმების პროცესს 27 რევიზორი ატარებდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი "პალიტრამედიის" ოფისში დეტალურად სწავლობდნენ საბუღალტრო დოკუმენტებს, ატარებდნენ არსებული და ყოფილი თანამშრომლების ჯვარედინ გასაუბრება-დაკითხვებს, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენი პარტნიორებისგან ითხოვდნენ დოკუმენტაციას, რათა არსებულთან შეედარებინათ და ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებიც კი დაიხმარეს სტამბა "კოლორში" სამუშაო პროცესზე დაკვირვების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური რევიზია აქტიურად მიმდინარეობდა, მაკონტროლებლებმა შემოწმების ვადები რამდენჯერმე გაიხანგრძლივეს და როდესაც რევიზიის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადაც იწურებოდა, შემოწმების პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, შემოწმების შეჩერება განუსაზღვრელი ვადით მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოებების გამო. ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, რა "დაუძლეველი ძალა ან სხვა გარემოებები" აღიმართა მაშინ მაკონტროლებლების წინაშე, თუმცა, როგორც შემდეგ განმარტეს, დამატებითი დრო შემოწმებული დოკუმენტაციის გაანალიზებისთვის სჭირდებოდათ. შეჩერებული შემოწმების ათვლა 20 სექტემბერს დაიწყო, არადა, 29 სექტემბერს პროცესი უნდა დასრულებულიყო, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა რევიზიის 9-დღიანი ვადა დაიტოვა და მაშინ განაახლებს, როცა საჭიროდ ჩათვლის!

"გაყინული" შემოწმების შედეგები ციფრებში

"გაყინული" შემოწმების განმავლობაში, შემოსავლების სამსახურმა "პალიტრამედიის" ექვსივე ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტების პროექტები წარმოადგინა. ბოლო აქტის პროექტი დაახლოებით ერთი კვირის წინ მივიღეთ. ამ აქტების თანახმად, შპს "პოლიგრაფიულ მასალებს" ბიუჯეტის სასარგებლოდ 4400 ლარის, შპს "ჯ.ე.პ."-ს - 10.716 ლარის (თუმცა, ამ თანხის ნაწილი სადავოა და შესაბამისი პრეტენზიები წერილობით აუდიტის დეპარტამენტს უკვე წარედგინა), პრესის გავრცელების სამსახურ "ელვასერვისს" - 8357 ლარის, წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" 36053 ლარის გადახდა დაეკისრა (საიდანაც კომპანიას ზედმეტობის სახით 27000 უკვე გადახდილი აქვს), სტამბა "კოლორს" 13677 ლარის გადახდა და წიგნის გამომცემლობა "პალიტრა L"-ს 8867 ლარის გადახდა.

ნუგზარ ლეკიაშვილი ("პალიტრამედიის" შიდა აუდიტის მენეჯერი): "დარიცხვები, ძირითადად, განპირობებულია საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოებისას დაშვებული მექანიკური შეცდომებით. როდესაც კომპანიებს დიდი და მრავალფეროვანი ბრუნვები აქვთ, შეცდომების დაშვება მონაცემების აღრიცხვისას ბუნებრივი პროცესია. თუმცა, ჩვენ ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ და მომავალში ასეთ შეცდომებსაც აღარ დავუშვებთ".

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნებს მას შემდეგ წარმოადგენენ, რაც "პალიტრამედიის" ორგანიზაციების ტვირთების მოძრაობის შესახებ უცხოეთის საბაჟოებიდან და სხვადასხვა მომწოდებლისგან გამოთხოვილ ინფორმაციას მიიღებენ და არსებულ მონაცემებთან მათი შედარება მოხდება. მაკონტროლებლებმა ფინანსური დოკუმენტაცია ავსტრიიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდანაც კი გამოითხოვეს.

თქვენ გემოვნებიანი და ერთგული მკითხველი ბრძანდებით!

ფინანსური შემოწმების დაწყებიდან დღემდე, საზოგადოების ინტერესი "პალიტრამედიაში" მიმდინარე მოვლენების მიმართ არ გამქრალა. გვირეკავენ, გვწერენ, გვეკითხებიან - რა ხდება "პალიტრამედიაში"? გვინდა მადლობა ვუთხრათ ყველას: რიგით მკითხველებს, დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და უცხოურ მედიას სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გამოვხატოთ, რომ "პალიტრამედიაში" 2011 წელს დაწყებული ფინანსური რევიზია 2012 წელს მაინც დასრულდება. ხოლო შემოწმების საბოლოო შედეგები ისეთივე ობიექტური იქნება, როგორიც შემოწმების შუალედური აქტების წინასწარი მონაცემები და შემოწმების საბოლოო შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის ცდუნება არ სძლევთ ძლიერთა ამა ქვეყნისა.