სადაც ქართული სუფრა გაიშლება... სადაც სადღეგრძელოს იტყვიან... - კვირის პალიტრა

სადაც ქართული სუფრა გაიშლება... სადაც სადღეგრძელოს იტყვიან...

2011 წელი უკანასკნელი იყო რამდენიმე საამაყო ქართველისთვის. უკვე წარსულ დროში ვსაუბრობთ მათზე - ძარღვიან ქართველებზე, რომლებიც შეხაროდნენ სამშობლოს, თვითონაც უყვარდათ და საკუთარი სიწრფელით და გულიანობით სხვებსაც აყვარებდნენ...

მალე ახალი წელი მოვა და სადაც ქართული სუფრა გაიშლება, სადაც სადღეგრძელოს იტყვიან და გულს ჩააქსოვენ, სადაც პირველი ხმა მეორეს დაძებნის, მეორე - მესამეს, უცნობ სტუმარს კარს გაუღებენ და ძმად მოეკიდებიან, იქ ყველგან იქნება მათი სული, იქ ყველგან იქნება საქართველო!

"ჩაწყობილი" სტუმრობა და მილიონერი გოლიათი საქართველოდან

გთავაზობთ ამბებს ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრებიდან, რომელიც საახალწლოდ მართლაც ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით.

ცნობილი ავსტრიელი მსახიობი კლაუს ბრანდაუერი იყო ჩამოსული, რომელმაც ოსკარი მიიღო მეფისტოფელის როლის განსახიერებისთვის. მიაბარეს ზურა ქაფიანიძეს. საქართველო შემოატარა სტუმარს. სადაც უნდა მისულიყვნენ, გაიშლებოდა სუფრა, გულში იკრავდა მასპინძელი ჯერ უცხოელს და მერე შინაურს - იმასაც პირველად შესულს თავის ოჯახში, მაგრამ ოჯახის წევრივით საყვარელს...

კლაუსი განცვიფრებულა, სად შეთანხმებულხართ ჩემს მისაღებადო. იცინოდა გულგადაღეღილი ზურა ქაფიანიძე, თვალებში სხივები უელავდა: როგორ დაგაჯერო, რომ არც ვიცნობდი ამ ხალხს, პირველად ვნახე შენთან ერთადო. კლაუსი უნდობლად აქნევდა თავს, - ჩაწყობილიაო.

გომბორის გადასასვლელზე ღვინო მოუთხოვია სტუმარს. ირგვლივ არც სახლია, არც კაცი... ზურამ - ახლავეო! თან თურმე გულში ფიქრობდა, ახლა რა ვქნა, სად წავიდე, ღვინო საიდან გავაჩინოო. ბედად გამოუვლია ღვინის ცისტერნას. გადასდგომია ზურა. ბიჭო, ღვინო მინდა სტუმრისთვის, იქნებ ცოტა ჩამოგვისხაო. ღვინო გინდაო - ყოჩაღად მოახტა ცისტერნას მძღოლი, - აბა, ჭურჭელი მაიტაო... გაოგნებულა სტუმარი, აქ მაინც როგორ ჩააწყვეო. აბა, როგორ აეხსნა ზურაბ ქაფიანიძეს, რომ თავის სახლში იყო, თავის საქართველოში, მისი და სხვისი სტუმარი რა გასაყოფი იყო, სტუმარი საქართველოში ხომ ღვთისაა.

ბოლო შეხვედრა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაუმართეს. ზაფხული იყო და უცებ დარბაზში მერცხალი შეფრინდა, წრე დაარტყა და ისევ ცას მიაშურა. ყველამ ყურადღება მიაქცია. კლაუსმა არ გაიკვირვა: - ეგეც ზურას ჩაწყობილი იქნებაო!

იუგოსლავიელები იღებდნენ ფილმს "ქორწილი", ზურა ქაფიანიძეც მიიწვიეს. ისე შეაყვარა თავი ყველას, რომ უმისოდ ლუკმას არ ტეხდნენ. ცნობილმა მსახიობმა ჰიდრა ბოიავიჩმა ქალიშვილიც კი მოანათვლინა.  ფილმის დასრულების შემდეგ დაპატიჟეს იუგოსლავიაში და მთელი ევროპა მოატარეს. სანამ იუგოსლავიაში გაემგზავრებოდა ერთი ხეირიანი კოსტიუმი ხომ უნდა ჰქონოდა. წავიდნენ მაღაზიებში, სად არ იყვნენ, ვერც ერთი ვერ მოირგო. გაყოფდა ხელს და - მიჭერსო. ბოლოს, გადაწყდა, შეეკერათ. გამოეწყო ახალ კოსტიუმში, თბილისის ქუჩებში გაიარა. მოვიდა შინ და - მიშველეთო. მუხლზე გაუხევია. ახლის შეკერვის დრო აღარ იყო, ძლივს იპოვეს ქალი, რომელმაც დაუკემსა.  ასე გაუშვეს იუგოსლავიაში. იქ, ეტყობა, მაინც არ მოეწონათ ზურას ჩაცმულობა და შესთავაზეს, ახალ კოსტიუმს გიყიდითო. ბევრს ეცადნენ, მაგრამ ქართველი გოლიათი ვერაფერში ჩაეტია.

იქაურ სუფრებს ვერაფრით აუღო ალღო. ჩაასხამდნენ ცოტ-ცოტა ღვინოს ჭიქებში, ზურა ქართულად გაივსებდა სასმისს და მეგობრობის სადღეგრძელოს სვამდა. უკვირდათ... რა ფული უნდა ჰქონოდა საბჭოთა კავშირიდან გასულ მსახიობს... მაინც ეს იღებდა დანახარჯს თავის თავზე, სხვებს ეპატიჟებოდა! გაზეთში დაწერილა: ჩამოსულია საქართველოდან მილიონერი, არ ჰყოფნის ღვინო და ყველას თვითონ უხდის საფასურსო...

ერთ დღეს ზურას მეგობრებს უქეიფიათ. სიმღერა ნდომებიათ და პირველი ხმა ვერ უპოვიათ. შუაღამის 3 საათზე მიადგნენ ქაფიანიძეს. შენი სხვა არაფერი გვინდა, ფანჯრიდან მარტო თავი გადმოყავი და პირველი ხმა მოგვეცი, შეგვარგე პურმარილიო. საცვლებისამარას გამოუყვია თავი და ამას პირველი უთქვამს, იმათ - მეორე და ბანი! გაიხარეო! - დაუძახიათ მოქეიფეებს, - ძლივს ჩავატანეთ საღამოს გემოო.

"რა უნდა ვისურვო?"

რასაც იტყოდა, ისე იტყოდა, რომ უკეთესს ვერავინ წარმოიდგენდა: ღიმილითა და დატუქსვით, სიმართლითა და პირდაპირობით. ასე თქმა მხოლოდ ოტია იოსელიანს შეეძლო.

ლხინი და დღესასწაულიც სხვებისაგან განსხვავებული იცოდა. თავისი ვაზის ნაჟურით - თიხის გლეხური ხელადიდან ჩამოსხმული ღვინით  იტყოდა უფლისა და ქვეყნის სადიდებელს. ასე სჯეროდა: მხოლოდ შენი, შენს მიწაზე მოყვანილია გემრიელი, ამიტომაც გვიშტიბის მჭადი სხვის ქადა-პურს ერჩივნა. "სხვისი რაცაა, ის სხვისია და დავანებოთ თავი, ჩემი და შენი რაცაა, იმას მივხედოთ და ის შევირგოთო"...

ყოველ ახალ წელს ულოცავდა "კვირის პალიტრის" მკითხველს, თუმცა თან დაამუნათებდა თანამოსაუბრეს: ახლა რომ მალოცვინებთ ახალ წელს საპირველიანვროდ, ვისი ახალი წელია... ჩემი - 14 იანვარს მოდისო...

"ძველი სტილით აღვნიშნავ ახალ წელს. ძველით ახალ წელს დავლევ ერთ ჭიქა ღვინოს...

დაქცეულია ქვეყანა და ახალი წლისაგან რას უნდა ველოდო?

როგორც ილია იტყოდა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. არაფერი გვაქვს გასახარებელი და სამომავლო. რა უნდა ვუსურო გამოთაყვანებულ ხალხს? ჭკუას მოგებოდეს, მაგრამ ეს სურვილზე არ არის. წიგნში არ იხედებიან და განათლებას ჩვენ არ ვიღებთ. სამშობლოდან გავრბივართ და ბაღანას ვტოვებთ. როდესაც ამდენი ქართველი გაქცეულია, რა უნდა ვისურვო ამის პატრონმა?

2011 წლისთვის მეტად შეგვაფხიზლა: "მითხარით, როგორ მივულოცო ახალი წელი ქვეყანას, რომელიც მათხოვრად იქცა და საარსებო წყარო არ გააჩნია?.. არ მოგვიხნავს, არ დაგვიბარავს და არაფერი მოგვიწევია, ასეთ ქვეყანას საზეიმოდ და სადღესასწაულოდ აქვს საქმე?

ვართ ასე პირდაღებული და სხვის ხელებს შევყურებთ. რადგან ახალი წელი მოდის, მაინც იმედიანად დავამთავრებ ჩემს სათქმელს: უფალმა ქაოსისაგან შექმნა სამყარო, იმედია, ღმერთი მოწყალე თვალით გადმოგვხედავს და ამ ქაოსისგანაც შექმნის ისეთ სახელმწიფოს, რომელიც ყველას ნატვრად გვაქვს ქცეული".

მწყურვალი აზდაკი და ქეიფი აირწინაღებით

2011-მა წელმა ერთი დიდი ეპოქა დაასრულა - რამაზ ჩხიკვაძის ეპოქა.

გენიალური მსახიობი მართლაც მუდმივი დღესასწაული იყო. მასთან საუბარი, მისი მოსმენა იმპროვიზებულად დადგმული მთელი სპექტაკლი იყო. ამიტომ, სადაც უნდა მიეწვიათ, უცბად ხდებოდა შეკრების სული და გული.

არ მალავდა: მიყვარდა ჯერ შრომა და მერე ქეიფიო...

"ომის შემდეგ საქართველოში ახალგაზრდობამ აღარ იცოდა ღვინის დალევის წესი, არანორმალური სმა დაიწყო, საჭმელი არ იყო, მაგრამ ღვინო იყო... სარდაფებში ჩავდიოდით - იქ კასრებით იდგა. ჭიქებიც კი არ იყო, ქილებით - ნახევარლიტრიანი "ბანკებით" ვსვამდით ღვინოს. მიეჩვია ხალხი... ისეთი ამბავი დატრიალდა, ვაზებით, სურებით, აირწინაღებით სვამდნენ. სუფრაზე ვაზიდან გადაყრიდნენ ხილს, გააპიპინებდნენ ღვინით და - იალა! მეც დავლიე აირწინაღით ერთხელ... ბევრი მეგობარი გამომეცალა უდროოდ, რომლებიც უზომო სმამ და ჭამამ დააავადა. მე ღმერთმა გადამარჩინა".

არადა, მარტო ლხინისთვის კი არ უყვარდა ლხინი, ძალიან უნდოდა, სხვებისთვის ესიამოვნებინა. გოდერძი ჩოხელის "მიჯაჭვული რაინდების" გადაღებიდან რომ ბრუნდებოდნენ, რამაზმა - აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მშვიდობიანი დაბრუნებაო და ერთ ბოთლ ღვინოზე დაპატიჟა მცხეთაში ბიჭები. ისევე შევიდნენ, როგორც ეცვათ: კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი როგორც დონ კიხოტი და სანჩო-პანსა, რამაზ ჩხიკვაძე და ტრისტან სალარიძე როგორც ლუარსაბი და მისი ყმა. რესტორნის მომსახურეები ამ "უცნაური" ხალხის დანახვაზე ჯერ გაოგნდნენ, მერე - გაიხარეს. რესტორნის პატრონმა ათლიტრიანით ღვინო მოართვა და დაიწყო ლხინი. ისეთი სანახაობა ყოფილა, სხვა კუპეებიდან ხალხი გამოდიოდა და ამათ შეჰყურებდნენ გახალისებულები. აბა, როგორ მიეტოვებინა სუფრა, ამდენი კეთილი ადამიანი როგორ გაეწბილებინა... ჰოდა, უნდოდა თუ არა, სვამდა...

ხშირად იტყოდა, ღვინის სმას ცოდნა უნდაო... ისე, ყავის სმასაც უნდა ცოდნაო და ჰყვებოდა: "ერთხელ "კავკასიური ცარცის წრე" ვითამაშე გასტროლებზე, სპექტაკლი დასრულდა და - ქალაქის მერს უნდა თქვენთან შეხვედრაო. წავედი პირდაპირ გრიმითა და კოსტიუმით. მომილოცა. დავსხედით. მოგვართვეს ყავა. მწყურია, მწყურია, რომ გული მიმდის, არადა ვერც ვუთხარი ვერავის, ერთი ჭიქა წყალი მომიტანეთ-მეთქი. ვიფიქრე, ყავას მაინც დავლევ, ცოტა გამინელებს წყურვილს-მეთქი, ავიღე და გადავკარი. ვხედავ, მერს თვალები გაუფართოვდა>. მივხვდი, რაღაც საშინელება ჩავიდინე! თურმე ნამდვილი ყავა უნდა წრუპო... მთელი საათი უნდა სვა პატარა ჭიქა... მე დღე დამადგა... მთელი ღამე ვერ დავიძინე, დავდიოდი და გული ხელით მეჭირა".

ამას ისე ჰყვებოდა, რომ მერსაც დაინახავდით, მის გაოგნებულ სახესაც და მწყურვალ აზდაკსაც. ის იყო კაცი - თეატრი!

ამიტომ იყო ასეთი დიდებული რამაზ ჩხიკვაძე, ამიტომ ჩუქნიდა უანგარიშოდ ბედნიერებას ყველას...

ის თუთა დღემდე დგას

2011 წელს ოთარ რამიშვილიც გააცილა უკანასკნელ გზაზე საქართველომ... დარჩა მისი სიმღერები, რომლებიც ამ ახალ წელსაც არაერთ ოჯახში შესრულდება.

ლხინი მისი ლამის ყოველდღიური ჩვეულება იყო. რომ არ ნდომოდა, სხვები ეძახდნენ, უმისოდ არ უნდოდათ ჭიქა ღვინის შესმა...  ოთარს კი სიმღერა და გიტარა უსაზღვროდ უყვარდა და რატომღა ეტყოდა უარს...

მის ასაკს უკვე მოხუცებულობა ერქვა, მაგრამ რაღაცნაირად ბიჭი იყო - ახალგაზრდა, ლაღი. ასე ლაღად ჰყვებოდა წარსულზეც: "რაც თბილისში გოგოები იყვნენ, ყველა მიყვარდა, მაგრამ შეყვარებული არ მყოლია. ცოლად მოვიყვანე ერთი, მერე მეორე და გულნაზი მესამეა! 41 წელია ერთად ვართ. 34 წლისა ვიყავი, ეს რომ მოვიყვანე. ასეთი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს, რას გაუძლო, რომ იცოდეთ. აბა, ჰკითხეთ: ჩემზე ამბობს, ეს დილით ნიავს მიჰყვებოდა და ღამით ნიავს მოჰყვებოდაო. ერთ დღესაც არ გამიშვა გარეთ. ვიწევ და არ მიშვებს. მითხრა: გადი აივანზე, ნახე, რა კარგი ამინდია, გაგრილდები და გამოხვალ "პახმელიაზეო". ამ დროს ცივა, შუა ზამთარია. გამიშვა ძალით და მომიკეტა კარი. ვიყურებოდი ეზოში, თუთის ხე იდგა. მომივიდა მუზა და დავწერე: "თუთის ხესთან დაგინახე". ის თუთა დღემდე დგას... "მარტის თვეა" დავწერე მარტში. 8 მარტს ვიქეიფე, გულნაზიმ მისაყვედურა, ერთი დღეა ქალების და არ შეიძლებოდა, მეც წაგეყვანეო. მთელი თვე თქვენი არ არის-მეთქი? - ვუთხარი და დავწერე ეს სიმღერა"...

სთხოვდნენ და წერდა, სთხოვდნენ და - უკრავდა...

ცხოვრება თავისებურად ესმოდა: არც ფული აინტერესებდა, არც ადგილი საზოგადოებაში, არც განსაკუთრებული პატივისცემა ვინმესგან. "რაც სიკეთე გამიკეთებია, ალალი იყოს ყველაზე, სიკეთის სიკეთით დაბრუნებას არასოდეს ველოდი. არც მიბრუნდებოდა.

არც არაფერს ვითხოვ, რომ იცოდეთ. ერთხელ მე და ჩემს მეუღლეს ლიფტში ერთი თანამდებობის პირი დაგვემგზავრა, საკურორტო საქმე ეხებოდა თურმე. რომ დამინახა, გაუხარდა. მთხოვე, რაც გინდა, მინდა პატივი გცეო. სად გინდა დასვენება, რამდენადგილიანი გინდაო. მეც ავდექი და ვუთხარი: თუ შეიძლება მუხათგვერდში ორკაციანი-მეთქი. გადაირია კინაღამ! რამ მათქმევინა? - ჩემმა ენამ, სხვამ არაფერმა!

და რომ მკითხო, რა არის ყველაზე ძვირფასიო, გეტყვი - სიცოცხლე-მეთქი".

ხიდი თეატრსა და მონასტერს შორის

2011-მა წელმა უკვე ისტორიის კუთვნილება გახადა ზინაიდა კვერენჩხილაძე...

დილაა, იმ დროისათვის ჩვეულებრივი სურათია: რიგი მაღაზიასთან. ცივა, ადამიანებს სახეები პალტოებში ჩაურგავთ, კაშნეები მოუხვევიათ, თითქმის არ ჩანან. ქუჩაში სიჩუმეა, მხოლოდ რიგში მდგომთა წყნარი საუბარი ისმის. ერთი ხმა გამორჩეულია... ამ ხმას შეუძლია თავგანწირვაც კი მოგანდომოს. ეს ზინაიდა კვერენჩხილაძის ხმაა. რიგიდან ერთი ქალი გამოეყო და მორიდებით მიუახლოვდა:

- ქალბატონო, თქვენ ზინაიდა კვერენჩხილაძე ბრძანდებით, არა?

- არა, მე მისი ტყუპისცალი ვარ! იცის, რომ ზინაიდას რიგს დაუთმობენ, არ უნდა! ურჩევნია გაიყინოს და არავინ შეაყოვნოს, თუნდაც 15 წუთით... რასაც აკეთებდა, მოქალაქეობრივ ვალად მიაჩნდა. თავის წიგნში - "ჩემი ანტიგონე", წერდა: "ანტიგონემ იცოდა, რომ სიკვდილით დასჯიდნენ ყველას, ვინც კი მეფის ბრძანებას დაარღვევდა და კოლინიკეს გვამს დამარხავდა, მაგრამ არ შეშინდა, რადგან შიშს მოვალეობის გრძნობამ სძლია და სცადა დაემარხა საკუთარი ძმის, ტახტის მემკვიდრის - კოლინიკეს ცხედარი. მარტომ, ღამით, შიშველი ხელებით დაგლიჯა ნარ-ეკალი, რათა საყვარელი ძმის ცხედრისათვის მარადიული სასუფეველი მიეჩინა, მაგრამ ჩაფრებმა დაიჭირეს და კრეონტს მიჰგვარეს. ანტიგონემ ბოლომდე ვერ მიიყვანა დაწყებული საქმე, მაგრამ აღასრულა წმინდა ვალი, როგორც ადამიანმა, როგორც დამ და როგორც მოქალაქემ"...

ხმაურიანი განცხადებები არასოდეს გაუკეთებია. ფიქრობდა, რომ რასაც თამაშობდა, ის იყო განცხადება, რა ლექსებსაც კითხულობდა სცენიდან, ის გახლდათ ყველაზე დიდი "ხმაური"...