წლის რეიტინგები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ფაქტები, ადამიანები... - კვირის პალიტრა

წლის რეიტინგები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ფაქტები, ადამიანები...

ყოველი წლის ბოლოს "რეიტინგი" საშუალებას გაძლევთ, კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი თქვენ მიერ დასახელებულ ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე რეიტინგულ მოვლენებს, ფაქტებს, ადამიანებს, რომლებსაც წლის განმავლობაში სწორედ თქვენ ანიჭებდით ადგილებს... ჩვენ გთავაზობდით, თქვენ ირჩევდით...

მადლიერები ვართ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან, მკითხველებისგან ყოველთვის ვგრძნობთ.

ჩვენთვის თქვენი ინტერესებია მთავარი, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გავამართლოთ თქვენი მოლოდინი და თქვენთვის საინტერესო თემები, სტატიები შემოგთავაზოთ.

ჩვენს მკითხველებს ყველაზე მეტად სოციალური თემები, პოლიტიკა და ეკონომიკური საკითხები აინტერესებთ. ყველაზე ნაკლებად კი - ელიტართა ცხოვრება.

მკითხველთა 59%-მა "პალიტრამედიის" 6 კომპანიაში შემოსავლების სამსახურის შემოსვლა თავისუფალ პრესაზე ზეწოლად შეაფასა. ზუსტად ასეთივე შეფასება მისცეს მერიის ახალ პროექტს - "1000 ახალი ჯიხური". მათი უმრავლესობის - 67.7% მიიჩნევს, რომ მედია საქართველოში ნაწილობრივაა თავისუფალი. ტელეანძის 4 წლით გასხვისებას რესპონდენტთა უმრავლესობა - 68.3% უარყოფითად აფასებს;

ზოგადად მედიის თემა რეიტინგისთვის ყოველთვის აქტუალურია, არც გასული წელი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი:

რესპონდენტებმა "კვირის პალიტრის" სამი საუკეთესო ჟურნალისტი გამოავლინეს: დაჩი გრძელიშვილი, იზო რიკაძე, ლელა ჯიყაშვილი.

პროფესიონალი ტელეჟურნალისტები/წამყვანები: ნანა ლეჟავა, ეკა ხოფერია, დავით აქუბარდია.

სიმპათიურები: გვანცა დარასელია, ეკა ხოფერია, ია ფარულავა.

ინტელექტუალები: გოგი გვახარია, ეკა ხოფერია, დავით კიკალიშვილი.

ყველაზე ობიექტური ტელეარხები: "მაესტრო", "კავკასია", "ერთსულოვნება".

ყველაზე რეიტინგული რადიოები: "არ დაიდარდო", "ფორტუნა", "რადიო პალიტრა".

ყველაზე ეფექტური რეკლამა: სატელევიზიო, რეკლამა გაზეთში/ჟურნალში, რეკლამა რადიოთი.

საინტერესო ტელეგადაცემები: "პროფილი", "პირდაპირი საუბარი", "ნანუკას შოუ".

ყველაზე ეფექტური რეკლამა: სატელევიზიო, რეკლამა ჟურნალ-გაზეთებში, რადიო რეკლამა.

საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები: სასულიერო პირები, მსხვილი ბიზნესმენები და პოლიტიკური ელიტა.

წლის განმავლობაში მკითხველებს ბევრჯერ მიეცათ შესაძლებლობა მათთვის და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემები დაესახელებინათ, პრობლემები, რომელთა გადაჭრაც, მათი აზრით, ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. ყველაზე აქტუალურ პრობლემად ისევ და ისევ დაკარგული ტერიტორიები სახელდება, ასევე აქტუალურია მათთვის სოციალური პრობლემები და უმუშევრობა. მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ყველაზე მეტად უმუშევრობის დაძლევას, სოციალური პრობლემების მოგვარებას და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ვერ ართმევს თავს. წლის ბოლოს, დასმულ შეკითხვაზე, ყველაზე მეტად რისი მიღწევა გსურთ საქართველოში? - პასუხები ასე გადანაწილდა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამუშაო ადგილების შექმნა, კანონის უზენაესობა.

საქართველოს ხელისუფლებას რესპონდენტთა 47.5% მეტ-ნაკლებად ენდობა.

მკითხველთა უმრავლესობას სურს, რომ საქართველოს ყველაზე მეტად ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული და მშვიდობიანი ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს მსოფლიოში.

დღეს სოციალური, კულტურული და დემოკრატიული განვითარების მოდელად მკითხველთა უმრავლესობა შვეიცარიას მიიჩნევს.

ყველაზე კომპეტენტური მინისტრები: ვანო მერაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ ადეიშვილი, ბოლო ადგილზე სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი ბაკურ კვეზერელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ეს თანამდებობა.

ჰიბრიდული ჯიშის პროგრამას საქართველოში რესპონდენტთა 63.7% უარყოფითად აფასებს.

პრეზიდენტის ფავორიტი მინისტრი ვანო მერაბიშვილია. ყველაზე წარმატებული სახელმწიფო უწყებები: შსს, იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროა. საზოგადოებისთვის ყველაზე გამჭვირვალე კი თბილისის მერიის, განათლების სამინისტროსა და შსს-ს მუშაობაა.

მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი ნაკლი: სიცრუე, სიჩქარე, ემოციურობა.

ქართულ სასამართლოს რესპონდენტთა 45.4% არ ენდობა.

პოლიტიკოსისთვის ყველაზე არასასურველი მახასიათებლებია: უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურობა, არაეროვნულობა.

ყველაზე კონსტრუქციული და გაწონაწორებული პოლიტიკოსები: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი.

ნატვრისთვალი რომ ჰქონდეთ, რას ინატრებდნენ ჩვენი მკითხველები? - ჯანმრთელობას, მშვიდობას, ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას.

გავლენიანი ქალები: სანდრა რულოვსი, გიული ალასანია, ნინო ბურჯანაძე.

მსოფლიოში კი ყველაზე გავლენიანი ქალების პირველი სამეული  ასე გადანაწილდა: ჰილარი კლინტონი, ანგელა მერკელი და ელისაბედ მეორე.

ყველაზე მომხიბვლელი ქალები: მაკა ასათიანი, ირინა ონაშვილი, თაკო ჩხეიძე.

ქალის ყველაზე დასაფასებელი თვისება/მახასიათებელი - ერთგულება, სილამაზე, ჭკუა.

ყველაზე მეტად კი ქალბატონებს სურთ: სილამაზე, სიმდიდრე, ჯანმრთელობა. მამაკაცებს - სიმდიდრე, ძალაუფლება, ჯანმრთელობა.

მკითხველთა 66%-ს ფოტორეპორტიორთათვის წაყენებული ჯაშუშობის ბრალდების არ სჯერა; 78.7%-ს არამართებულად მიაჩნია ქსენოფობიის არგუმენტით რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება. მკითხველთა 69%-ის აზრით, საქართველოში დღეს ხელოვნების დარგები პოლიტიზებულია.

ყველაზე ხშირად მკითხველთა უმრავლესობა ავტობუსით, მეტროთი და სამარშრუტო ტაქსით სარგებლობს. მათმა უმრავლესობამ 78.2%-მა კითხვაზე, გახდა თუ არა მოსახერხებელი და კომფორტული თქვენთვის ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება - უარყოფითი პასუხი გასცა.

თბილისის ყველაზე კოლორიტული უბანი მეიდანია.

თბილისის საუკეთესო მერი - ნიკო ლეკიშვილი.

ქართველები ყველაზე ძლიერები ვართ: ქეიფსა და დროს ტარებაში, სიმღერასა და ცეკვაში; ყველაზე ნაკლებად კი ძლიერებას ბიზნესსა და პოლიტიკაში ვიჩენთ.

ყველაზე მეტად ჩვენს მკითხველებს კახური, გურული და იმერული იუმორი მოსწონთ.

ყველაზე მეტად ხალხური მუსიკა უყვართ, ასევე მოსწონთ ქალაქური და კლასიკური მუსიკაც.

საყვარელი ქართული კერძი - ხინკალი.

ყველა დროის საუკეთესო კომიკოსები: ჩარლი ჩაპლინი, ლუი დე ფიუნესი, იპოლიტე ხვიჩია.

როგორც აღმოჩნდა, მკითხველთა უმრავლესობის საახალწლო ბიუჯეტი მსოლოდ 100 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტად რესპონდენტები ეროვნული წარმოების საკვებ პროდუქტს ენდობიან.

თანამედროვე მოღვაწეთაგან მკითხველთა კეთილგანწყობას ყველაზე მეტად ნონა გაფრინდაშვილი, რობერტ სტურუა და დავით მაღრაძე იმსახურებენ.

მკითხველთა უმრავლესობის აზრით, ხალხის კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროს, ბიზნესმენი პირველ რიგში ქველმოქმედი, პატრიოტი და პატიოსანი უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება რესპონდენტთა 64.4%-მა დადებითად შეაფასა.

"კვირის პალიტრის" მკითხველმა წლის სკანდალად დაასახელა ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ.

ჩვენს გამოკითხვებში კარგად აისახება ის, თუ როგორი პოლიტიზებულია დღეს მთლიანად საზოგადოება. 2011 წლის  ადამიანად მკითხველი ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.