ნაზუქივით "გოგოები" დღეში 50-100 ლარს შოულობენ - კვირის პალიტრა

ნაზუქივით "გოგოები" დღეში 50-100 ლარს შოულობენ

"ახალ წელს პატრიარქმა სურამელი მეთონეები 100-100 ლარით დაასაჩუქრა"

სურამში შესვლისთანავე ჰაერში მიხაკ-დარიჩინის სურნელი ტრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის თონეში ნაზუქები ცხვება. თონე კი აქ ლამის ყოველ ნაბიჯზეა, რადგან ადგილობრივებისთვის ნაზუქი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ქცეულა. გადავწყვიტე, უკეთ გამეცნო მენაზუქე ქალები... მართალია, დილის 10 საათზე ნაზუქის ცომი უკვე მოზელილი დამხვდა, მაგრამ გუნდები ამოვიყვანე და თონეშიც ჩავაკარი. მთლად ისეთი არ გამომივიდა, რომ მუშტრისთვის თამამად შემეთავაზებინა, მაგრამ თავად დავაგემოვნე და კმაყოფილიც დავრჩი.

ინგა და სოფო დილის 4 საათზე დგებიან, რომ ხუთზე უკვე თონეში იყვნენ. ნაზუქის ცომი წინადღეს აქვთ მოზელილი, რადგან გაფუებას დიდი დრო სჭირდება... მერე თონე უნდა გაახურონ, გუნდები ამოიყვანონ და სანამ ნაზუქებს ჩააკრავენ, ერთი თონე ლავაშიც გამოაცხონ.

სოფო ჭანკვეტაძე: - უწინ ცომი რძით იზილებოდა, ახლა კი  შედედებული რძით, ე.წ. "სგუშონით" ვზელთ. ცომი ძალიან ტკბილი არ უნდა იყოს, თორემ თონე არ მიიკრავს, ჩაგივარდება და ნაზუქების ნაცვლად ხმიადები გამოვა.

- გახურებულ თონეში ცომის მიკვრა რთული არ არის?

- ახლავე ჩაგაკრობინებ და ნახავ, რთულია თუ არა. მერე შენს გამომცხვარ ნაზუქს "კვირის პალიტრაში" გაგატანთ.

ინგა გოგოლაძე:-  დედამ მასწავლა ნაზუქის ცხობა. ისეთი ძალა და ენერგია სჭირდება, რომ ვისაც არასოდეს გამოუცხვია, ვერ მიხვდება, რა შრომა იხარჯება. ხშირად გვეკითხებიან: წვალებად თუ გიღირთო? სხვა შემოსავალი არ გვაქვს და გვიღირს, აბა, არ გვიღირს?! ზაფხულში ოთახს ვაქირავებთ, მაგრამ ბოლო დროს, დამსვენებელიც ცოტაა და ბინაც აღარავის უნდა.

სოფო: - სურამის ციხესთან ვცხოვრობ და აქამდე რომ მოვიდე, ყოველდღე ფეხით რამდენიმე კილომეტრს გავდივარ. შემოსავალი სეზონზეა დამოკიდებული, ზოგჯერ პურის ფული გვრჩება, ზოგჯერ - მეტი. თბილისიდან მომავალი ტრანსპორტისთვის ეს პირველი თონეა, ამიტომ ხშირად ჩერდებიან და ჩვენგან ყიდულობენ ნაზუქს. ახლა ნაზუქის სეზონი არ არის და დღეში 35 ნაზუქზე მეტს არ ვაცხობთ. საახალწლოდ კი ველოდებით კლიენტების ზრდას, გზად მიმავალი აუცილებლად გაიყოლებს საახალწლო სუფრისთვის რამდენიმე ნაზუქს. ყველაზე მეტს მაინც აღდგომის დღესასწაულებზე ვყიდით. ამ დროს აქ რიგი დგას და ხალხი შეკვეთას ელოდება. ზაფხულის სეზონზეც კარგი მუშაობა გვაქვს, დღეში 80, 100 და 150 ნაზუქიც კი გაგვიყიდია. რა თქმა უნდა, ნახელავიც არ უნდა გააფუჭო. ჩვენ უკვე მუდმივი კლიენტებიც გვყავს.

- კლიენტებს შორის ცნობილი ადამიანებიც იქნებიან ალბათ?

- კახა კუკავა სულ ჩვენგან ყიდულობს ნაზუქს. ჩვენი კლიენტია კობა დავითაშვილი. მამუკა ონაშვილიც ხშირად შემოგვივლის ხოლმე. ჩვენ გვერდით თონეში სანდრა რულოვსი ყიდულობს ნაზუქებს. სხვათა შორის, ერთ ახალ წელს პატრიარქმა  სურამელი მეთონეები 100-100 ლარით დაგვასაჩუქრა. ერთ მცხობელ ქალბატონს პატრიარქის საჩუქარი დღემდე შენახული აქვს და არ ხარჯავს: უწმინდესის მადლი აქვსო.

- არ გწყინთ, თქვენზე რომ ხუმრობენ: სურამში ქალები ნაზუქებს ისე იქნევენ, სულ ორპირიაო?

- რატომ უნდა გვეწყინოს, პირიქით ძალიან ვხალისობთ. ეს ადგილი ნაზუქების გამო ისეთი პოპულარული გახდა, ზოგი მოდის და გვთხოვს, თონის თავზე ერთი ჭიქა დაგვალევინეთო. მახსოვს, ახალი წლის ღამეს კლიენტებმა გვთხოვეს: ახალ წელს თონის თავზე უნდა შევხვდეთო და ავუსრულეთ გულის წადილი...

- ნაზუქებს რატომ იქნევთ?

- მუშტრის მოსაზიდად. ახლა აღარ ვიქნევთ და მხოლოდ გაწვდილი ხელით ვანიშნებთ, რომ აქ ნაზუქები ცხვება. პატრულმა აგვიკრძალა ნაზუქების ქნევა. ერთმა მენაზუქემ ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო და გამყიდველებად ტანადი მანეკენები დააყენა...

მას შემდეგ, რაც ერთი თონე ნაზუქი "გამოვაცხვე" და ზოგი - 2 ლარად, ზოგიც ორი ცალი 3 ლარად გავყიდე, ლევან ხაჩიძის თონეს მივაშურე, რათა მენაზუქე მანეკენების ამბავი თავად იდეის ავტორისგან შემეტყო.

- გამარჯობა, ეს ლამაზმანები ვინ არიან?

- უკრაინელი…გოგოები...

- რამ გადაგაწყვეტინათ მანეკენების დადგმა?

- აბა, რა უნდა მექნა? პატრულმა ნაზუქებს ნუ იქნევთ, მძღოლებს ყურადღება ეფანტებათOო.  მერე საახალწლო ნათურებით მქონდა აქაურობა მორთული და ჩამომიგლიჯეს... მას შემდეგ, რაც ჩემი ლამაზმანები დავაყენე, უამრავი ადამიანი ჩერდება, ჩემკენ აღარავინ იყურება, ამათ ელაპარაკებიან. როგორც კი შებინდდება, ყველაზე მაგარი მარკის ავტომობილები უჩერებენ ამ "გოგოებს".

- მერე არ გსაყვედურობენ, ნამდვილის მაგივრად თოჯინა რომ შერჩებათ ხელში?

- ცოტა გაწბილება კი ეტყობათ, მაგრამ რაღას გააწყობენ, ნაზუქს ყიდულობენ, თითქოს სწორედ ამისთვის გაჩერდნენ, მანეკენი კი ისე, სხვათა შორის შეათვალიერეს.

ბევრი მთხოვს, მოგვყიდეო, მაგრამ რომ გავყიდო, უკეთესი რა ვიყიდო? 200-300 ლარს მთავაზობენ თითოში... დოლარებიც შემოუთავაზებიათ.

- თქვენ რა ფასად შეიძინეთ?

- თითოში 250 ლარი გადავიხადე, მაგრამ თითო დღეში 50-100 ლარს შოულობს.

- ამ გამოფიტულ ქალებს, ცოცხალი გამყიდველი დააყენოთ, არ გირჩევნიათ?

- აბა, ასეთ ტანად და აშოლტილ ნაზუქების გამყიდველს სად იშოვი?! თან ამ სიცივეში ასე მოკლე კაბით ვინ დადგება?! ერთი შეხედეთ, რამდენიმე ქურთუკი აცვიათ და ქუდებიდან თვალები ძლივს უჩანთ. ამათ კი სამ დღეში ერთხელ ვუცვლი სამოსს, თანაც შილიფად აცვიათ და არც სცივათ.

- თქვენი გემოვნებით აცმევთ?

- რა თქმა უნდა, თან სულ ნაირ-ნაირ  სამოსს ვყიდულობ. აბა, ნახეთ, რომელ მეთონე ქალს აცვია ასე? ბევრი მხოლოდ იმისთვის ჩერდება, რომ მანეკენებთან ფოტო გადაიღოს. ახლა საახალწლოდ უნდა გამოვაწყო და ნახეთ, რამდენი კლიენტი მოაწყდება ჩემს თონეს.

P.S. წამოსვლისას ერთი ცნობილი ფრაზა ამეკვიატა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" - "შენ მაგაზე არ იდარდო, ჭიკაანში ნაზუქივით გოგოები არიან." ჭიკაანისა არ ვიცი, მაგრამ სურამელი "ნაზუქივით გოგოები" კი მართლა შთამბეჭდავი სანახავია.