სოზარ სუბარი: "ვეჭვობ, ჩემმა მეუღლემ მონიკას სიამოვნებით გამასპინძლება შეძლოს" - კვირის პალიტრა

სოზარ სუბარი: "ვეჭვობ, ჩემმა მეუღლემ მონიკას სიამოვნებით გამასპინძლება შეძლოს"

"მარინა ცვეტაევა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია"

როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით დრაკონის წელი დგება, მისი დევიზი კი თურმე ასეთია: "მე ვფლობ კოსმოსის კანონებს, ვმართავ მსოფლიო ენერგიას, ძალმიძს გავფანტო ბოროტების შავი ღრუბელი. ვარ თავდაჯერებული, იშვიათად ვემორჩილები გარემოებას, რადგან მე დრაკონი ვარ"!

მას უყვარს მხიარულება, მაგრამ განრისხებაც იცის. როგორც ჩანს, წინ საინტერესო წელი გველოდება და სანამ 2012 ზღურბლზე შემომდგარა, დრაკონის წელში დაბადებულებს ვთხოვეთ მეკვლეობა.

პირველად ყველაზე მშვიდობიან დრაკონს, სასწორის ზოდიაქოში დაბადებულ ლანა ღოღობერიძეს დავუკავშირდით:

- ქალბატონო ლანა, თქვენ რომ მეკვლე იყოთ, რას მიიტანდით თითოეული ქართველის ოჯახში?

- სიყვარულსა და თანაგრძნობას. სამწუხაროდ, დღეს ბევრს უჭირს. ყველას სიმშვიდე და ბედნიერება გვჭირდება. მინდა, საქართველო გვიბედნიეროს ამ წელმა და ჩვენი ოჯახებიც გაბედნიერდებიან.

- თოვლის ბაბუის არსებობა რომელ ასაკამდე გჯეროდათ?

- ჩემს ბავშვობაში, ტერორისა და დაჭერების დროს, თოვლის ბაბუისთვის არავის ეცალა. სამაგიეროდ, ბავშვობის დანაკლისი ჯერ შვილებთან, მერე კი შვილიშვილებთან შევავსე. სტრასბურგში ერთ-ერთ ახალ წელს ხუთივე შვილიშვილი ჩემთან იყო. ჩემი სიძეც ჩამოვიდა ჰამბურგიდან, გზაშივე გადაეცვა თოვლის ბაბუის სამოსი, გაეკეთებინა გრიმი და ხურჯინით მოგვადგა. იყო საოცარი მხიარულება...

- თქვენ ხართ სასწორი-დრაკონი, რომელიც ლმობიერი, მშვიდობიანი და გულჩვილი  ყოფილა. გამოირჩევა მრავალმხრივი ნიჭით. განსაკუთრებით ძლიერია ხელოვნების სფეროში.

- ჰო, გულჩვილი ვარ, რაღაცებზე მეტირება. ასაკში კიდევ უფრო გულჩვილი გავხდი.

- დრაკონები იყვნენ ჟანა დ’არკი, მარლენ დიტრიხი, მარინა ცვეტაევა, ჩე გევარა და არის გაბრიელ გარსია მარკესი. რა საერთო გაქვთ მათთან?

- ჩემი მეუღლე, ლადო მესხიშვილი ხუმრობდა, პერანგზე ღილს რომ მიმიკერებს, თავი ჟანა დ’არკი ჰგონიაო. ხედავთ, რა საერთო მაქვს ჟანასთან? მარლენ დიტრიხი ყოველთვის მომწონდა, მარინა ცვეტაევა კი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია.  მისი სიტყვები მომყვება როგორც ჩემი ცხოვრების რეფრენი: "ჯოჯოხეთისა და ბოდვის გამო, გთხოვ სიბერეში ბაღი მიბოძე".”სახლში ერთი დიდი ოთახი გვაქვს, სადაც უამრავი მცენარეა და მართლა ბაღს ჰგავს. ბაღი ზურა ჟვანიამ დაარქვა.  უყვარდა ჩემთან სტუმრობა, მეტყოდა, თქვენს ბაღში ჩაი დავლიოთო. ის დროც მენატრება, როდესაც ზურაბ ჟვანია არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. მასთან ერთად მარინა ცვეტაევას სტრიქონებსაც ვიხსენებდი... ცვეტაევას ძალიან ბევრი ლექსიც მაქვს ნათარგმნი.

მარკესი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. ჩე- გევარობა არ მინდა, არასდროს ვყოფილვარ მეამბოხე და ვერც ვიქნები.

მოკლედ, გილოცავთ შობა-ახალ წელს და ყოველგვარი დრაკონებისა და ასტროლოგიის გარეშე, ღმერთმა ბედნიერი წელი დაგვიყენოს.

"მონიკა ბელუჩის დათრობა არ ასცდება"

სოზარ სუბარი: - თავდაპირველად, ვულოცავ საქართველოს შობა-ახალ წელს. ვერ გეტყვით, რომ მჯერა ასტროლოგიური დრაკონების. ერთი კი ზუსტად ვიცი, მინდა ბედნიერი წელი დაუდგეს საქართველოს და ჩემი წვლილი შევიტანო ამაში.

- ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენ, როგორც მორიელი-დრაკონი, ძალიან ჯიუტი ხართ.

- როგორ გამოიცნეს? ძალიან მინდა, არ ვიყო ჯიუტი, ვებრძვი თავს, მაგრამ მის დამარცხებას ვერ ვახერხებ.

- ლამაზი ქალებიდან რომელს ისურვებდით მეკვლედ?

- ძალიან მომწონს მეგ რაიანი. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი მეკვლე იქნება.

- 12 საათზე მეკვლედ რომ მოგადგეთ თქვენსავით დრაკონის წელში დაბადებული მონიკა ბელუჩი?

- ჰა-ჰა, მაგარია! დათრობა არ ასცდება. საუკეთესო ღვინოები მაქვს. სიამოვნებით გავუმასპინძლდები. ხვანჭკარა, რაჭული თეთრა, კახური ღვინოების კოლექცია, მათ შორის - შავნაბადის მონასტრის კოლექციიდან 2003 წლის საფერავი, ნამდვილად არ შევრცხვები მონიკასთან! თუმცა, არ მაწყობს ისე მოვიდეს, როგორც "კვირის პალიტრის" საიტზე წავიკითხე. თურმე, როდესაც სადმე სამოგზაუროდ მიდის, თან უამრავი ჩემოდანი მიაქვს. ასე რომ, თუ ჩემოდნებით მომადგა, არ ვიცი,  სად დავატევ. თან ვეჭვობ, ჩემმა მეუღლემ მისი სიამოვნებით გამასპინძლება შეძლოს. აბა, რას იფიქრებს, როდესაც შუაღამისას მონიკა დიდი ბარგით პირდაპირ სახლში მომადგება?

- ბავშვობის დროინდელი ახალი წელი გახსოვთ?

- მაშინ არ იყო თოვლის ბაბუა მოდური. სვანეთში ახალი წელი ძალიან საინტერესოდ  დგებოდა, თოფის სროლითა და მეკვლის შემოსვლით. ჩვენი მეზობელი, ანსიანი ვარანცო, ჩვენი მეკვლე იყო კარგა ხანს. სვანური ტრადიციის მიხედვით, ოჯახში ვინმე რომ გარდაიცვლებოდა, მეკვლეც უნდა გამოცვლილიყო. ბებია რომ გარდამეცვალა, გადაირია ვარანცო, რას მერჩით, კაცო, ის ქალი სიბერით მოკვდა, მე კი არ მომიკლავსო. მოკლედ, მთლად ვერ შეველიეთ ვარანცოს და მეკვლედ მისი შვილი დავიყენეთ. ჰოდა, ყოველ წელს შემოდიოდა ჯერ შვილი, უკან კი ვარანცო მოჰყვებოდა და იყო მხიარულება.

მეკვლეს აუცილებელი რიტუალი უნდა აღესრულებინა: გასულიყო  წყაროზე, იქ ელოცა და წყალი შემოეტანა. წინათ ხარიც შემოჰყავდათ. მეკვლე კართან დაიძახებდა, გამიღეთ, ახალი წელი ვარ, მომაქვს ხვავი და ბარაქაო. შემოჰქონდა ნაძვის ტოტი და ამბობდა ტრადიციულ ტექსტს: ამ ტოტზე რამდენი წიწვიც არის, იმდენი სიხარული, სიკეთე, სიცოცხლე და ყველაფერი კარგი თქვენო. მერე გაგორდებოდა იატაკზე და იტყოდა: შემოგიგორდათ ახალი წელი ხვავითა და ბარაქითო.

ახლა ასეთ ტრადიციას აღარ ვიცავთ, მაგრამ მეკვლეები გვყავს და მეც ვარ მეკვლე. ვასილ მაღლაფერიძის მეუღლე ჩემი ბიძაშვილია და მათი მეკვლე ვარ,  ჩემი ბიძაშვილი კიდევ ჩემი მეკვლეა და ვართ ხოლმე საახალწლო სატელეფონო გადარეკვაში. სანამ ჩემი მეკვლე არ მოვა, მე არ მივდივარ მაღლაფერიძეებში და იწყება გაუთავებელი რეკვა ტელეფონზე, - ვასიკო ჩხუბობს, მოდი, ბიჭო, სტუმრები გარეთ დავაყუდე, შენს მეკვლედ შემოსვლამდე სახლში არავის ვუშვებო.

"მაგ ორ ედუარდთან არ მინდა რაიმე საერთო მქონდეს"

ვერძი-დრაკონი გოგი თოფაძე: - ძალიან ბევრს მინდა მივულოცო ახალი წელი, ამიტომაც დავაარსე საქველმოქმედო ფონდი. ვულოცავ "კვირის პალიტრის" მკითხველებსაც, ძლიერ გაზეთსა და ძლიერ ჰოლდინგს. ის კრიტიკულიც არის და ობიექტურიც, ამიტომაც უყვარს ხალხს.

- იცით, თქვენ, ედუარდ შევარდნაძე და ედუარდ კოკოითი დრაკონის წლებში ხართ დაბადებული. დრაკონები ყოფილან ფრანკო, ჩე გევარა და მონიკა ბელუჩიც.

- ეს რა მითხარით?.. მაგ ორ ედუარდთან არ მინდა რაიმე საერთო  მქონდეს. სხვა, კეთილ  დრაკონებს კი სიამოვნებით მივულოცავდი ახალ წელს. ისე, ჩე გევარას გამოცდილება გვჭირდება ქართველ ერს. მონიკა ბელუჩი ძალიან ლამაზია, მაგრამ ქართველი ქალები უფრო მომწონს. დავასახელებდი კიდეც მათ, მაგრამ ჩემი ცოლი იეჭვიანებს.

- მონიკა თქვენი მეკვლე რომ იყოს?

- საოცრება იქნებოდა. სიხარული და სიკეთე თქვენ, ძალიან გამამხიარულეთ. მივწერ ინტერნეტით მონიკას, იქნებ მართლა ჩამოვიდეს, სიამოვნებით ვუმასპინძლებ.