შოთა არველაძე: "კალაძე თავაწეული წავიდა" - კვირის პალიტრა

შოთა არველაძე: "კალაძე თავაწეული წავიდა"

დემეტრაძეს, რომელიც მთელი ცხოვრება ტრუსებში დარბის, რა საქმე უნდა ჰქონდეს ქურდულ სამყაროსთან?!

კახა კალაძე საქართველოს ნაკრებიდან წავიდა, რაც უმნიშვნელო ამბავი ნამდვილად არ არის. კალაძემ ეს თავისებურად გააკეთა და ამით კიდევ უფრო რეზონანსული გახადა საკუთარი გადაწყვეტილება. კახას ამ ნაბიჯს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება მოჰყვა, მერე თავად კალაძემაც გამოაქვეყნა განმარტება. ერთი სიტყვით, საფეხბურთო სამყარომ კალაძის ნაკრებიდან წასვლა ყბად აიღო. ყოველივე ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ შოთა არველაძეს, ნაკრების ყოფილ მოთამაშეს, ვისაც ეროვნულ ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი,  26 გოლი აქვს გატანილი,  ახლა კი თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელია.

- კალაძის ნაკრებიდან წასვლა ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან მიმაჩნია, რომ სპორტი ისეთი რამეა, წასვლაზე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღო,  ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა დაგიგვიანდეს - სპორტმა პატიება არ იცის.

- ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, თავის დროზე, ალბათ, შენც გაგიჭირდა ნაკრებიდან წასვლა...

- ასეა, კალაძისთვის ეს ძნელად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ მან ამჯერადაც თავაწეულმა დატოვა მოედანი.

- კალაძის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გააკეთა. ალბათ, იცი მისი შინაარსი...

- წავიკითხე ფედერაციის განცხადება და გაოცებული დავრჩი.  როცა ნაკრების ლიდერი გუნდიდან მიდის,  ეს ფედერაციას წინასწარ უნდა სცოდნოდა, მაგრამ ეს ფაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ აძლევს იმის უფლებას, რომ კალაძის კარიერას და ნამოღვაწარს ჩრდილი მიაყენოს. თუმცა ამას ვერც გააკეთებს, რადგან ხალხის დაფასება ყოველთვის ყველაფერს გადაფარავს. პირადად მე მადლობას ვუხდი კალაძეს მისი კარიერის გამო.

- ფეხბურთიდან წასვლა შენ გამოსათხოვარი მატჩით აღნიშნე. როგორ ფიქრობ, კალაძე ნაკრებიდან რომ წავიდა, ამას საბენეფისო მატჩი არ უნდა მოჰყვეს თუნდაც ნაკრების ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელების ინიციატივით?

- რაც შეეხება მის გაცილებას, სანამ გიორგი დემეტრაძე ციხეშია, ასეთი მატჩი, ალბათ, ვერ გაიმართება.

- არის თუ არა დემეტრაძე დამნაშავე  - ეს ერთ-ერთ ტელეარხზეც გკითხეს...

- გულდასაწყვეტია, რომ ამ თემით ზოგი სპეკულირებს. თუ რამ შეიძლებოდა, საფეხბურთო სამყაროს უმრავლესობა დემეტრაძეს შეძლებისდაგვარად გვერდში უდგას, არსებობს წერილი-თხოვნა პრეზიდენტისადმი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე და ამ წერილს საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი აწერს ხელს. სამწუხაროდ, ჯერ არ არის გათვალისწინებული დემეტრაძის დამსახურება და საფეხბურთო სამყაროს ეს თხოვნა.

რაც შეეხება ჩემთვის დასმულ კითხვას,  მაშინ მეგონა,  რომ დემეტრაძე ტოტალიზატორში თამაშისთვის იყო დაჭერილი და ვთქვი, ყველამ ვიცით, დემეტრაძე ტოტალიზატორში რომ თამაშობს და თუ ამის გულისთვის კაცი ციხეში უნდა იჯდეს, მაშინ ყველა დასაჭერი ყოფილა-მეთქი. მერეღა გავიგე, რომ დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამოა დაპატიმრებული. ვფიქრობ, სასაცილოა ეს ყველაფერი, კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება ტრუსებში დარბის, რა საქმე უნდა ჰქონდეს ქურდულ სამყაროსთან?!

- იმედი გაქვს, რომ დემეტრაძეს გაათავისუფლებენ?

- ვფიქრობ, პრეზიდენტს შეუძლია, საახალწლო საჩუქარი გაუკეთოს საფეხბურთო სამყაროს, თუ გაითვალისწინებს დემეტრაძის დამსახურებას და საფეხბურთო ოჯახის თხოვნას.

- ბოლოს "ქაისერისფორზეც" გკითხავ, როგორ შეაფასებდი სეზონის პირველ ეტაპს?

- ძნელი სეზონია, ცუდად დავიწყეთ, ბევრი მატჩი მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობით დავთმეთ. მერე თამაშიც გამოვასწორეთ და საქმე უკეთ წაგვივიდა. კმაყოფილი ვარ ზურა ხიზანიშვილის თამაშით, ის მართლაც გვერდში მიდგას და რამდენიმე შეხვედრაში  საუკეთესო იყო მოედანზე.

დავით თავართქილაძე

გაზეთი "ლელო" #306