"საიდუმლო რეცეპტები" ცნობილი ქალბატონებისგან - კვირის პალიტრა

"საიდუმლო რეცეპტები" ცნობილი ქალბატონებისგან

როგორია საახალწლო სუფრა ცნობილი ქალბატონების ოჯახებში, ვის რა მიაჩნია ახალი წლის "მთავარ ატრიბუტად" ან რა ტრადიცია აქვთ, რომელსაც არასოდეს არღვევენ, - ქალბატონებმა ამ კითხვებზე პასუხიც გაგვცეს და ჩვენს მკითხველს თავიანთი სპეცრეცეპტი შესთავაზეს.

თათული დოლიძე, მსახიობი: ჩემს ოჯახში საახალწლო სუფრის ტრადიცია არასოდეს  ირღვევა. ჟანრისთვის წარმოუდგენელია ახალი წელი საცივის, გოჭისა და გოზინაყის გარეშე, ამიტომ ყოველთვის ვყიდულობთ მოზრდილ გოჭს, ნახევარს ვწვავთ, ნახევარს ვხარშავთ. საცივიც ყველა "კანონის" დაცვით მზადდება. ორდღიანი გადატვირთული სმა-ჭამის შემდეგ მესამე დღეს ყოველთვის წვნიანს ვაკეთებ. ეს გახლავთ ბარდის, სოკოს, ან ბოსტნეულის წვნიანი.

როგორც კულინარი ცოლ-ქმარი (რუსთავის დილის ეთერში "სამზარეულოს" მე და ჟანრი ვუძღვებით) ინტერესით ვეცნობით თქვენი გაზეთის წიგნებს "მსოფლიო კულინარიის შედევრები". ალბათ ბევრ რეცეპტს გამოვიყენებთ და კიდევ უფრო "გავამდიდრებთ" ჩვენს საოჯახო სამზარეულოს.

პირადად მე ძალიან მიყვარს სალათები, მაგრამ იცით, სტუმრებს როგორი სახით ვთავაზობ? მათ ე.წ. ნახევარფაბრიკატებს ვახვედრებ და მერე თვითონ აზავებენ, როგორც მოესურვებათ.

სალათა "უყველაფროდ"

სტაფილოს, ჭარხალს და ყვავილოვან კომბოსტოს ვხარშავ, ვხეხავ და შეუზავებლად ვათავსებ ღრმა თეფშებზე. ვხეხავ ასევე ბოლოკს, ვაკეთებ მჟავეულობის ასორტს (წვრილად ვჭრი კიტრს, მწვანე პომიდვრის, წიწაკის და კომბოსტოს მწნილს), იქვე ვაწყობ ლამბაქებს, რომლებშიც მოთავსებულია არაჟანი, მაიონეზი, ბაჟე და ტყემალი; პატარა ბოთლებით ძმარს და ზეთს ვდგამ. სტუმარი იღებს იმ ბოსტნეულს, რომელიც მას სურს, ან აკეთებს ნაკრებს და გემოვნების მიხედვით ირჩევს სასურველ საკაზმს. სხვათა შორის, ძალიან მოსწონთ და ზოგჯერ წინდაწინ მთხოვენ, - "უყველაფრო" სალათა დაგვახვედრე და დანარჩენი ჩვენ ვიცითო.

მანანა კოზაკოვა, მსახიობი: ჩვენი ოჯახი ტრადიციებს არ ღალატობს, ხოლო როცა საქმე ქართულ კულინარიას ეხება, იგი ჰიპერტრადიციული ხდება. ჩვეულებრივ დღეებში ლევანს ძალიან უყვარს მაკარონი, საახალწლო სუფრა კი ვერ წარმოუდგენია საცივის გარეშე. რამდენჯერმე ვცადე, სხვა რაღაც შემეპარებინა  საცივისა და გოჭის სანაცვლოდ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ოჯახის წევრებს ძალიან გვიყვარს ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება. ვყიდულობთ რაღაც-რაღაცებს, ვფუთავთ და როგორც კი საათი თორმეტჯერ დარეკავს, მერე ვხსნით ხოლმე.

ახალი წლის დღეებში, შობამდე, მარხვა უწევს, მხოლოდ 1-ელი იანვარია თევზით ხსნილი, ამიტომ შემოგთავაზებთ სამარხვო კერძს.

თევზის ფილე კარტოფილით

ნახევრად მოხარშული (კანგაცლილი) კარტოფილი მოათავსეთ ზეთმოსხმულ დიდ ტაფაზე და შებრაწეთ ჰაერღუმელში. სანამ კარტოფილი შეიწვება, 3 ჭიქა თეთრ ღვინოში ჩააგდეთ 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, შეაზავეთ მარილით და მოხარშეთ თევზის ფილე. შემდეგ გადაწურეთ, "დაჩეჩეთ" და შემწვარ კარტოფილს მოაფინეთ. ბოლოს ზემოდან მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

მაკა მახარაძე, მსახიობი: გაგიკვირდებათ და ბოლო ხანს, მირჩევნია ტრადიციას გადავუხვიო და სუფრა არ დავტვირთო გოჭით, საცივით, კუპატითა და "ხოლოდეცით". მირჩევნია, მსუბუქი და გემრიელი სალათებით დავხვდე სტუმარს. სანამ დედა ცოცხალი იყო, ის ტრადიციულ სუფრას არ ღალატობდა, თუმცა თავისი "კულინარიული გამოგონებებიც" ჰქონდა. ყველანი მასთან ვიკრიბებოდით 1-ელ იანვარს. ახლა მე გადმოვიბარე ესტაფეტა, ოღონდ ბედობის დღეს, 2 იანვარს ვხვდებით ერთმანეთს ჩემთან. ახალი წელი ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, მამაჩემი დეკემბრის თვეში გარდაიცვალა, ახალ წელს მაინც სიხარულით ვხვდებით, რადგან მასთან არის დაკავშირებული წარმატება, ბედნიერება და კიდევ უამრავი ლამაზი დღე.

ჩემი საყვარელი კერძი გახლავთ, ქათამი ანანასით, რომელსაც ყოველთვის ვაკეთებ საახალწლოდ...

ქათამი ანანასით

გრილზე შემწვარი ქათამი გაათავისუფლეთ ძვლებისგან, მოაცილეთ კანიც და დაჭერით პატარ-პატარა ნაჭრებად. დაკონსერვებული ანანასი (1 ქილა) გადაწურეთ, დაჭერით კუბებად და აურიეთ ხორცს. შეაზავეთ მარილით, პილპილით და მოასხით მაიონეზი. სულ ეს არის. არც ბევრი დრო მიაქვს, თანაც ძალიან "მსუბუქი" და გემრიელია.

ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი: წინასაახალწლოდ გვერდზე ვდებ ხოლმე პრობლემებს, უსიამოვნებებს და ჩემს ქმარ-შვილთან ერთად მაინც იმედით და სიხარულით ვეგებები ახალ წელს. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ბინა არ გაგვაჩნია, მე კი შეგნებულად არ მინდა ნაქირავებში შევხვდე ახალი წლის მობრძანებას, 28-29 დეკემბერს მე და ჩემი შვილი (ზოგჯერ ზაზაც) ბაკურიანში მივდივართ ერთი კვირით. ალბათ, წელსაც არ დავარღვევთ ტრადიციას.

თქვენი გაზეთის (რომელიც  ძალიან მიყვარს) მკითხველს კი მინდა შევთავაზო სამარხვო კერძი...

ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზის საწებელში

ავიღოთ საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო, ჩავდოთ ადუღებულ წყალში და მოვწალოთ (არ უნდა მოიხარშოს!) 5-7 წუთში ამოვიღოთ, თუშფალანგზე დავდოთ, გავაგრილოთ და დავანაწევროთ პატარ-პატარა "გუნდებად". შემდეგ ამოვავლოთ მარილმოყრილ სიმინდის ფქვილში და შევწვათ ზეთში (არ უნდა დაგეწვათ. როგორც კი შევარდისფრდება, ტაფიდან გადმოიღეთ). ორი სუფრის კოვზ ზეთში ავურიოთ დაფქული წითელი წიწაკა და ყვითელი ყვავილი (ზაფრანა). ეს სულ ბოლოს დაგვჭირდება. მანამდე კი მოვამზადოთ ნიგვზიანი საწებელი. 400-500 გრამი ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, თითო კოვზი უცხო სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი და მარილი გემოვნებით. ნიგოზს დავასხათ გადადუღებული გრილი წყალი (ნახევარი ლიტრი) ორი სუფრის კოვზი ძმარი. შემდეგ გადავიღოთ მინის ჯამში (რითიც უნდა გავიტანოთ სუფრაზე) და ფრთხილად ჩავაწყოთ ყვავილოვანი კომბოსტოს პატარა "გუნდები". ის ზეთი, რომელსაც გავურიეთ ზაფრანა და წიწაკა, უკვე შეფერილი იქნება მოყვითალო-წითლად, ალაგ-ალაგ მოვასხათ კომბოსტოს და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

P.S. ყველა ქალბატონმა, რომელმაც თავისი სამზარეულოს "საიდუმლო რეცეპტი" გაგვიმხილა, ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა, მოთმენა, იმედი და ბედნიერი მომავალი უსურვა.