საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის ღია წერილი სანტა კლაუსს - კვირის პალიტრა

საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის ღია წერილი სანტა კლაუსს

ლაპლანდია, თოვლის ხეივანი #1

გამარჯობა, სანტა კლაუს! გიგზავნი ღია წერილს, რომელიც დაგარწმუნებს, რომ მე წელს ნამდვილად ღირსი ვარ, საახალწლო თხოვნა შემისრულო. ბაქია არა ვარ, არ მჩვევია ჩემს ღირსებებზე ბევრი საუბარი, ამიტომ პირდაპირ ჩემს CV-ს გიგზავნი.

სახელი: რიგითი.

გვარი: მოქალაქე.

საცხოვრებელი ადგილი: საქართველო.

განათლება: ორი უმაღლესი.

ამჟამინდელი საქმიანობა: უმუშევარი.

მიღწევები და პიროვნული ღირსებები: ვარ სიწყნარისა და სიმშვიდის ეროვნული ორდენის მრავალგზის ლაურეატი მთელი 2011 წლის განმავლობაში.

მაქვს აუღელვებლობის საპატიო სიგელი 26 მაისს აქციის დარბევის მშვიდად ცქერისთვის.

ასევე მაქვს მხურვალე პატრიოტის წოდება, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის დიადი ძალის სადემონსტრაციოდ, 26 მაისსავე გამართულ აღლუმში მონაწილეობისთვის.

2011 წლის 5 ივნისს მივიღე "ერის ხმის" წოდება ფილმ "აგვისტოს 5 დღის" პრემიერაზე ყველაზე ხმამაღლა ყვირილისთვის სიტყვებისა:  "შერონ, შემეხე!"

ამავე წელს მივიღე "ყველაზე აპოლიტიკურის" საპატიო წოდება, რადგან სრულიად არ მაინტერესებს პოლიტიკა (მიმაჩნია, რომ რიგითი მოქალაქეების საქმე არ არის - პოლიტიკით მხოლოდ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ დაკავებული).

ნოემბერში თბილისის ქუჩების გალამაზება-გამშვენიერებით აღფრთოვანებისთვის დამაჯილდოეს "ქალაქის იერის ღირსეული დამფასებლის" ორდენით.

ამავე დროს მიღებული მაქვს "ყველაზე მორჩილის" წოდება, რადგან ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაციას მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. რაღა თქმა უნდა, არც იმით დავინტერესებულვარ, ამის შემდეგ რატომ ვერ შედის ჩვენი 1500 წელზე დიდი ხნის ისტორიის ქალაქი იუნესკოს დაცულ ძეგლებში.

ასევე მაქვს 2011 წლის "ყველაზე წარმატებული ქვეყნის მოქალაქის" წოდება, რადგან პატივი მქონდა, შორიდან მიმედევნებინა თვალყური, როგორ იზრდება, ლამაზდება, სინგაპურ-დუბაივდება და ბედნიერდება საქართველო.

მიყვარს:

როდესაც ტელევიზიით ვხედავ ჩემი ქვეყნის განუმეორებელ წარმატებებს მსოფლიო მასშტაბით (ამავე დროს ველოდები, როდის მოგვცემენ იმას, მაპ-ზე უკეთესი რომაა);

გალამაზებული საქართველოს შესახებ თვალისმომჭრელი ვიდეოკლიპები, საათში ერთხელ რომ ვხედავ ჩემს საყვარელ ქართულ არხებზე (მიუხედავად იმისა, რომ იმ ადგილებში, რომლებსაც ამ კლიპებში უჩვენებენ, ალბათ, ვერასდროს წავალ);

ღიმილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კბილები მაქვს ქათქათა;

ქართული ტელეარხები;

ვფლობ ენებს:

ქართულს (მშობლიური), ინგლისურს (ჯერ ანბანზე ვარ, მაგრამ პირობას ვდებ, რომ მომავალი წლისთვის ვისწავლი სიტყვებსაც). ვფლობდი რუსულსაც, მაგრამ სასწრაფოდ დავივიწყე...

მოკლედ, როგორც გითხარი, სანტა, საახალწლო საჩუქრის მოსატანად ჩემზე უკეთეს კანდიდატურას ვერსად იპოვი. ეს ჯერ კიდევ არასრული სიაა იმისა, რაც ამტკიცებს, თუ როგორ ჭკვიანად, მშვიდად და წყნარად ვიყავი მთელი წლის განმავლობაში.

ახლა კი მინდა ბოლოს და ბოლოს, ჩემს თხოვნაზე გადავიდე. რადგანაც ჭეშმარიტი პატრიოტი ვარ და მატერიალური ღირებულებები ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მინდა გთხოვო: ცოტაოდენი ფქვილი, შაქარი, ჩაი, ზეთი და ყველი მომიტანე რა საახალწლოდ, თორემ ჩემი პენსია, დენმა რომ ნაგავი დაწვა, იმის გადახდაში დაიხარჯა, 30-ლარიანი დახმარება კი როგორმე შემდეგ პენსიამდე უნდა ვიმყოფინო.

პატივისცემით გიორგი გოგუა