"თითქოს ომი არც ყოფილა..." - კვირის პალიტრა

"თითქოს ომი არც ყოფილა..."

"ასე მგონია, თითქოს დროში ვიმოგზაურე და ომი არც ყოფილა," -ასე იწყებს ოჩამჩირეში მოგზაურობის შესახებ თხრობას ქუთაისელი პედაგოგი ეკა ქობალია. უამრავი ქართველის მსგავსად, მასაც უზომოდ ენატრებოდა აფხაზეთი. ახლახან ოცნება აიხდინა -ოჩამჩირის რაიონში წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძრის მოსალოცად წავიდა.

ეკა ქობალია: -ილორში მოვინათლე და უფრო ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებულად ეს შესანიშნავი ძეგლი. მას შემდეგ, რაც ჩვენსა და აფხაზებს შორის უფსკრული გაჩნდა, სულ მინდოდა მისი მოლოცვა;  სამწუხაროდ, უკეთესი მომავლის იმედად აფხაზეთში გადასვლის მოლოდინში მდგომარეობა 2008 წელს კიდევ უფრო დაიძაბა. მეც უფრო მეტად გამიმძაფრდა ჩვენი დროებით დაკარგული მიწის მონახულების სურვილი. შობის მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე წასასვლელად მოვემზადე -სანთლები ვიყიდე და ენგურის ხიდზე გამშვებ პუნქტს მივადექი. აფხაზმა და რუსმა გუშაგებმა თუ მებაჟეებმა გაოცებულებმა ამხედ-დამხედეს -სად მიდიხარ, აქ დაბადებული არ ხარ, აფხაზეთის მოქალაქეობა არ გაქვს და არ გეშინიაო? რისი უნდა მეშინოდეს, სალოცავად მივდივარ, ჩვენი მშვიდობისა და შერიგებისთვის უნდა ვილოცო-მეთქი. ირონიულად შემათვალიერეს, მაგრამ ჩანთა რომ გახსნეს და ხატები და სანთლები დაინახეს, ჯერ აფხაზებს შეეცვალათ გამომეტყველება, მერე კი რუსებმა პირჯვარი გადაიწერეს, პასპორტი დაიტოვეს და წადიო, ჩუმად მითხრეს.

არ მეშინოდა

არ შემშინებია -უფალი ხომ ამბობს, მიხმე და სულ შენ გვერდით ვიქნებიო. ასე მეგონა, იოანე ნათლისმცემელიც იდგა ჩემ გვერდით და მისი მადლი მეწეოდა.  აფხაზი ქალი გამომელაპარაკა მეგრულად. რომ გაიგო, სადაც მივდიოდი, მითხრა,  ჩემი სტუმარი იქნები და ყველაფერში მე დაგეხმარებიო. სამხედრო პირს უთხრა, ეს ქრისტიანი ჩემი სტუმარიაო და ტაქსიში ჩამსვა. ჩავედით გალში, იმ ქალის ოჯახში. მის ვინაობას ვერ გავამხელ -არ მინდა, ვინმემ რამე დაუშავოს...

შინ მიმიყვანა თუ არა, სუფრა გაშალა, მეზობლებს დაუძახა, აფხაზებს, ქართველი ქალი მყავს სტუმრადო. ისე შემხვდნენ, თითქოს მათი მონატრებული ნათესავი ვიყავი. სადღეგრძელოებში ქართველებისა და მშვიდობის მონატრება იგრძნობოდა. მერე ტაქსების სააგენტოში დარეკა და უთხრა, რუსული ძველი მანქანა არ გამომიგზავნოთ, კომფორტული ტრანსპორტი მჭირდება, საპატიო სტუმარი მყავს, ილორში სალოცავად უნდა წავიყვანოო.

25 წელია, იქ არ ვყოფილვარ... ყველაფერს ხარბად ვათვალიერებდი -ცუდი გზები... დანგრეული  და დამწვარი სახლები;  მაგრამ როგორც კი გალს გავცდით, სიტუაცია შეიცვალა -ოჩამჩირისკენ მიმავალ გზაზე არც მანქანა შეგვხვედრია და არც ადამიანი. გამშვებ პუნქტზე  სამხედროებმა შეგვამოწმეს და გაგვატარეს. ტაქსის მძღოლი აფხაზი იყო, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ქართულ მელოდიებს უსმენდა...

ტაძარში რომ შევედი, ვცადე, სანთლები და ხატები ვინმესთვის ჩამებარებინა, ამიტომ მესანთლეს დაველაპარაკე, ის კი მყისვე წინამძღვართან გაიქცა, ქუთაისიდან სტუმარი მოსალოცად არის ჩამოსულიო.  რუსმა მოძღვარმა მესანთლეს და მედავითნეს დაავალა, ჩემთვის მეგზურობა გაეწიათ. ტაძარში სამივე ენაზე ისმოდა "მამაო ჩვენო". აფხაზებმა  ჩემი ნაჩუქარი სანთლები დაანთეს და უფალს მშვიდობა შესთხოვეს.

ჩემი ილორი

ტაძრის დარბაზი უფრო დიდი მომეჩვენა, უკანა კედელი თეთრად  შეუღებავთ, საკურთხევლისთვის კი  ხელი არ უხლიათ. გარეთა კედელზე ლევან დადიანის წარწერა ვეღარ შევნიშნე... იქნებ არც არის წაშლილი, უბრალოდ  ვერ შევამჩნიე. ტაძრის გუმბათს რუსული ფორმა აქვს, სამრეკლოს გუმბათი კი ქართული დაუტოვებიათ. ეზოში ხალხი შემომეხვია. ყველას სურდა, ჩემ მიმართ სითბო და ყურადღება გამოეჩინა. რომ ვეკითხებოდი, ვინ იხეირა ომით-მეთქი, ამბობდნენ, სხვამ, მესამემო, თუმცა იმ მესამეზე საუბარს იქ ტაბუ ადევს.

მიტოვებული სახლების ტკივილი

გალი-ოჩამჩირის გზაზე გაუკაცრიელებული სოფლები,  მიტოვებული და გაპარტახებული სახლები ქართველების დაბრუნებას ელიან. ერთი სახლი განსაკუთრებით დამამახსოვრდა - ჩამონგრეული კედლები, გამოკეტილი კარი, დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მეორე სართულის აივანზე ლეღვის ხე ამოსულიყო და ტოტები სახურავზე გადაეფარებინა. ტაქსი გავაჩერე -გადაღება მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე -შემეშინდა, ვინმეს არ ეცნო თავისი სახლი და უნებლიეთ მისთვის ტკივილი არ გამეახლებინა.

გალში მასპინძელს დავემშვიდობე. სარდაფიდან ზამთრისთვის შენახული კონსერვები და მანდარინი გამომიტანა -შენებს გაასინჯე, თქვენებური, აფხაზური მიწის მოსავალიაო. ყელში ბურთგაჩხერილი და მაინც ბედნიერი წამოვედი ენგურის გამშვები ხიდისკენ... ტაქსის მძღოლი ისევ ქართულ მუსიკას უსმენდა. ვკითხე, რას ნიშნავს შენთვის ეს მუსიკა-მეთქი. იმას, რასაც შენთვის ილორში სტუმრობაო...

P.S. ღმერთმა ინებოს, თითოეულ ქართველს ისე აუხდეს ყველა კეთილი ოცნება, როგორც მე აფხაზეთის მონახულების ოცნება ამიხდა...