"რატომ უნდა ვთქვა უარი, გიჟი ვარ?" - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა ვთქვა უარი, გიჟი ვარ?"

"კაცი ამდენი წელიწადია გვეხმარება და კახურად მინდა ვუთხრა მათ, ვინც მის უანგარობაში ეჭვი შეიტანა,  ვირო, მადლიო?!"

"თუ ფეხებზე დაგვიკიდებენ, ჩვენც დავიკიდებთ"

საახალწლოდ გივი ბერიკაშვილზე უკეთეს მეკვლეს სად ვიპოვიდი? დავურეკე, მაგრამ ხალხის უსაყვარლეს მსახიობს ხალისის ნაცვლად წუხილი შევატყვე. მითხრა, ახლა კოლეგებთან ვსაუბრობ ივანიშვილის დახმარების შეწყვეტაზეო:

- თუ ბიძინას თეატრების დაფინანსება აუკრძალეს, მომავალი წლიდან "ქართუ" აღარ ჩაგვირიცხავს იმ თანხას, რითაც მსახიობები ფინანსდებოდნენ. ბევრი მსახიობი ამ ფულით ცხოვრობს. რატომ უნდა ვთქვა უარი, გიჟი ვარ? კაცი ამდენი წელიწადია გვეხმარება და კახურად მინდა ვუთხრა მათ, ვისაც მეცენატის უანგარობაში ეჭვი შეეპარა, ვირო, მადლიო?!

ღალატი იყო, ამ კაცმა 10 წელი რომ გვაცხოვრა?! კაცი ვარ მე და ნამუსი მაქვს, ხომ არ ვიტყვი, იმის  შუბა დავხიე, პრეზიდენტობა ნდომებია-მეთქი...

ამდენი წელიწადი ჩემი ოჯახი მაგის შემყურე იყო, მისგან გვქონდა სარჩო-საბადებელი. ნამუსი ხომ მაქვს? სიკეთის სანაცვლოდ როგორ შეიძლება კაცს ცუდად მოვექცე? რასაც გეუბნებით, მარტო ჩემი აზრი არ არის. ყველა ასე ფიქრობს.

ზოგიერთმა მილიონიც რომ მომცეს, მაინც არ დაველაპარაკები...

- ითქვა, ივანიშვილის დახმარება უანგარო არ ყოფილა, რადგან პოლიტიკაში აპირებდა მოსვლას, ხალხის კეთილგანწყობას ყიდულობდაო.

- თუ ასეა, რაღა გაჭირვებულ და პენსიონერ კულტურის მუშაკებს აძლევდა ფულს? მოსყიდვა თუ უნდოდა, სხვა ხალხს მოისყიდდა. სანამ მილიონებს იშოვიდა და საქართველოში დაბრუნდებოდა, ბიძინა ივანიშვილი მანამდე იყო ჩემთვის ახლობელი. მაგის ბიძას, ბიძაშვილებს, მშობლებს - ყველას ვიცნობდი, ბიძინა კი თვალითაც არ მყავდა ნანახი. მერე გავიცანი და ეჭვი არ შემიტანია ამ კაცში. პრეზიდენტობა რად უნდა უნდოდეს, საჭმელი აკლია, სასმელი თუ აგარაკები? აუტკივარ თავს რატომ აიტკივებდა? ჩვენი ურთიერთობა ისე მოვიდა დღემდე, მისგან ერთი სიტყვა არ გამიგონია, პრეზიდენტი უნდა გავხდეო. შვილებს გეფიცებით, არ უთქვამს, პრეზიდენტობა მინდაო, შვილებს ტყუილად ხომ არ დავიფიცებ?

- ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ქვეყნის გადარჩენა მინდაო.

- მერე არ არის ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი?! ეს ბუტაფორია უნდა ჩამოიშალოს.

- რას გულისხმობთ?

- ყველაფერსაც ვგულისხმობ. ხიდს რომ გახსნიან და მეორე დღეს ინგრევა, ბუტაფორიაა, აბა, რა არის?  მთავარი ის კი არ არის, რომ მას არ აძლევენ დაფინანსების საშუალებას, ჩვენც დაგვიკიდეს ფეხზე.

- როგორც ვიცი, ხელისუფლება აპირებს, მსახიობებს დაფინანსება გაუზარდოს.

- არაფერი გეტკინოს მანამდე. ახლა გავიგე, თეატრში თითო კაცს 20 ლარი ემატებაო. სულ ეს არის.

პოლიტიკაში ბიძინა რას გააკეთებს, არ ვიცით, მაგრამ რა კაცია და როგორ უყვარს ქვეყანა და ხალხი, მისი საქციელი ამტკიცებს. ნელ-ნელა ვიგებ, თურმე რაები გაუკეთებია და ჩვენ არ ვიცოდით. მარტო 45 ეკლესია აუშენებია, სხვას აღარ ჩამოვთვლი.

- ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას ან გამოსვლას ხომ არ გეგმავთ მსახიობები?

- არაფრის გაპროტესტებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რას იზამენ და თუ ფეხებზე დაგვიკიდებენ, ფეხები ჩვენცა გვაქვს. ჩვენც დავიკიდებთ. გეფიცებით, სიტყვა არ მოგვისმენია ივანიშვილისაგან, რადგან დაფინანსებას  გაძლევდით, ახლა გამოდითო. როცა შევხვედრივარ, კაცი სულ იმას ამბობდა, დაწყნარდითო. იმიტომ არ გეხმარებით, რომ იძახოთ, ბიძინას გაუმარჯოსო. თუ ვინმეს ჰგონია, ბიძინა დავალებებს გვაძლევს, ძალიან შემცდარია. ვისაც თავისი ქვეყანა, ჯიში და ჯილაგი არ უყვარს და სხვა რაღაცისთვის აკეთებს რამეს, იმას არ ეღირსოს არაფერი.

მინდა ჩემს ხალხს ახალი წელი მივულოცო. ჯანმრთელი იყავით სულით და ხორცით. ყველას გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. გკოცნით და გეფერებით. სანამ პირში სული მიდგას, თქვენს სამსახურში მიგულეთ.