ნანიმ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა! - კვირის პალიტრა

ნანიმ საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა!

"მინდა ჩვენი ქვეყანა აყვავებული და გამარჯვებული ვნახო"

"ბიძინა ივანიშვილზე აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავ მთავარს - ადამიანობას!"

"კვირის პალიტრა" გასულ კვირასაც  წერდა (იხ. www. kvirispalitra.ge), რომ ხელოვნების მსახურთათვის "ნაცკავკასიური წრე" თანდათან ვიწროვდება, სადაც ნეიტრალურად განწყობილი აპოლიტიკური ადამიანებისთვის ადგილი აღარ რჩება. ეს პროცესი კულტურის მინისტრ ნიკა რურუას განცხადებამ უფრო გაამძაფრა. "თეატრების მმართველები ყოველი წლის დასაწყისში ფონდს ("ქართუ ჯგუფი") წერილობით მიმართავდნენ, რომელიც ამ მოთხოვნის საფუძველზე გამოყოფდა კონკრეტულ თანხას. წლეულს თეატრების უმრავლესობა ასეთ მიმართვას აღარ გააკეთებს. ეს მათი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია... იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ივანიშვილის დაფინანსება შეუჩერდებათ, მაშინ შემწეობას სახელმწიფო განაგრძობს, როგორც აქამდე აკეთებდა", - ბრძანა რურუამ  და ყოველი შემთხვევისთვის "ქველმოქმედების არსიც" განმარტა: "როცა  ნებაყოფლობით აკეთებ ამას, მისასალმებელია, მაგრამ, როცა მევახშე ითხოვს ანგარიშს და ვალში მთელ ქვეყანას, თუნდაც ორი-სამი წლით, ეს უკვე ქველმოქმედება აღარ არის!" ასეა თუ ისე, რურუას განცხადებამ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ზოგიერთი ხელოვანი გააოგნა. ხელისუფლების "ნაციონალური პათოსი" ხელოვანთა ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა. მათ შორის ნანი ბრეგვაძეც აღმოჩნდა, რაც ალბათ მის პრინციპებს უნდა მივაწეროთ, ვიდრე პოლიტიკას. ის, რომ "ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მტერია", ქალბატონმა ნანიმ ვერაფრით დაიჯერა. როგორ შეხვდა ნანი ბრეგვაძე ახალ 2012 წელს, რატომ განაცხადა უარი საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე და რას ფიქრობს ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, პირველად "კვირის პალიტრამ" შეიტყო, რადგან  მას ამ თემაზე ჯერჯერობით არავისთან უსაუბრია.

- არის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც არ მინდა. ჩემთვის 2012 წელი გამორჩეულია იმით, რომ ახალ წელს პირველად ქუჩაში არ შევხვდი. ეს დღე შინ, შვილიშვილებთან ერთად გავატარე. მოვიდნენ უახლოესი მეგობრები, რაც უკვე ტრადიციადაა ქცეული ჩვენს სახლში. მოკლედ, არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია, ჩემი შვილის, ეკა მამალაძისგან განსხვავებით, რომელსაც ახალი წლის ღამეს ქუთაისში წასვლა მოუხდა.

- კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეთ?

- დიახ, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. საახალწლო კონცერტში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაგრამ მისმა ორგანიზატორებმა ჩემს სურვილს ანგარიში გაუწიეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მქონდა პატარა მიზეზი, რომლის გამოც თავი შევიკავე (დაზუსტება არ ისურვა. - ავტ.).

ალბათ, გამონაკლისი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ახალი წლის დადგომა მეც ისევე მიხარია, როგორც ყველას. ამ დღეს  ადამიანებს სჯერათ, რომ მომავალი წელი  განვლილზე უკეთესი იქნება, სიმშვიდე და ურთიერთგაგება დაისადგურებს! მეც მინდა ჩემი ქვეყანა აყვავებული და გამარჯვებული ვნახო.

- ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილის იმ ფინანსურ დახმარებებზე, რომელიც მან ხელოვანებს დაუნიშნა.

- რა უფლება მაქვს, ცუდი ვთქვა ადამიანზე, რომელიც თავს გვევლება? მახსოვს, როცა შვილიშვილთან ერთად მოსკოვში ვცხოვრობდი, ვარსკვლავი გამიხსნეს და ამ ცერემონიალის წინ გავიცანი ბატონი ბიძინა. ჩემი უსაყვარლესი "ქართული ხმების" ბიჭებიც ესწრებოდნენ იმ ღონისძიებას. ბიძინა ივანიშვილი თვითონ მოვიდა, დაგველაპარაკა. ამ შეხვედრიდან ძალიან მალე გავიგე, რომ ფინანსური დახმარება დამინიშნა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ამ ადამიანის. ეს კაცი არა მარტო მე, არამედ ყველას დაუდგა გვერდში. სხვები ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ. ამ ხნის განმავლობაში თეატრის მსახიობებს ის ეხმარებოდა და მგონი, ყველა მადლიერი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილს არასდროს არავისგან არაფერი მოუთხოვია სანაცვლოდ! ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება. მან ადამიანებს სიცოცხლის რწმენა დაუბრუნა და დაფასება აგრძნობინა. ამ აზრს ბიძინა ივანიშვილზე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მსახიობებმა დახმარებაზე უარი უნდა განაცხადონ, რადგან ივანიშვილი უკვე პოლიტიკაში მოვიდაო. თქვენ ეს სწორ მიდგომად მიგაჩნიათ?

- ეს დიდი შეცდომაა. არავის აქვს უფლება, გვიკარნახოს, როგორ მოვექცეთ იმ ადამიანს, რომელიც თავს გვევლება. ბავშვები ხომ არა ვართ, რომ დაგვტუქსონ, ასე უნდა მოიქცე ან ისეო! თუმცა, ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის, ცალკე ვარ. თუ აზრს მკითხავენ, იმავეს ვიტყვი, რაც თქვენთან განვაცხადე! მე ნამდვილად არაფერს დავკარგავ, თუ აზრს შევიცვლი, დავკარგავ მთავარს - ადამიანობას!