საჰაერო ხულიგანი დიდი ავიაციიდან - ზვიად გამსახურდიას პირადი მფრინავის, ზაურ ბედიას მოგონებები - კვირის პალიტრა

საჰაერო ხულიგანი დიდი ავიაციიდან - ზვიად გამსახურდიას პირადი მფრინავის, ზაურ ბედიას მოგონებები

ჩემი პროფესიის წყალობით ბევრ საინტერესო პიროვნებას ვიცნობ. ამჯერად ექსკლუზიურად გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას პირადი მფრინავის, ზაურ ბედიას მოგონებებს

"მიმინო"

აფხაზეთში ერთი მაღალმთიანი სოფელი იყო, ფსხუ, - ტრანსპორტი იმ სოფელში არ დადიოდა, მხოლოდ "კუკურუზნიკი" დაფრინავდა. ერთხელ იქაური აეროპორტის უფროსმა მთხოვა, ერთ კაცს უნდა დავეხმაროთ, სოხუმში გასაყიდად ძროხა ჰყავს წასაყვანი, უარი არ გამოდის, უნდა ვუშველოთო. "მიმინო" ხომ გახსოვთ? ისეთი ამბავი დამემართა... ჯერ კი ვიუარე, მაგრამ მერე ხელი ჩავიქნიე, ჯანდაბას, წავაყვანინებ-მეთქი. საქონელი რომ მოიყვანეს, გული გადამიქანდა, ძროხა კი არა, ხარი იყო, ფლოქვებით მიწას თხრიდა და ისე აბრიალებდა თვალებს, ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი, სიტყვა მქონდა მიცემული. რის ვაი-ვაგლახით აიყვანეს თვითმფრინავში, არ გვემორჩილებოდა, სულ დალეწა იქაურობა. როგორც კი ძრავა ჩავრთეთ და აფრენა დავიწყეთ, მთლად გადაირია. ისეთ დღეში ჩაგვაგდო, აღარ მეგონა, ცოცხალი თუ ჩავაღწევდით სოხუმში. თვითმფრინავს ისეთი ყანყალი აუტეხა, მეგონა, ეს-ესაა ძირი გავარდება-მეთქი, მაგრამ ჰაერში ვიყავით უკვე და რაღას ვიზამდი? ასე ყანყალ-ყანყალში მივფრინდი სოხუმის აეროპორტამდე, ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ მწარედ შევცდი. სოხუმის აეროპორტს რომ მივუახლოვდი, რადიოგადამცემში დისპეტჩერი მეკითხება, ზაურ, ზაიჩიკი ხომ არ მოგყავსო? "ზაიჩიკს" ავიაციაში უბილეთო მგზავრს ეძახიან. "ზაიჩიკი" არა, ხარი მომყავს-მეთქი.

დისპეტჩერმა იფიქრა, მეხუმრებაო და შემომიტია, ოხუნჯობას თავი დაანებე, "ზაიჩიკი" გყავს თუ არაო. არა, ხარი მომყავს-მეთქი. ჰოდა, ხარი თუ მოგყავს, ცუდად ყოფილა შენი საქმე, მოსკოვიდან დიდი კომისიაა ჩამოსული და ყველა თვითმფრინავს ამოწმებსო. იმ დროს უბილეთო მგზავრების გადაყვანა გახშირებული იყო და კომისია სწორედ "ზაიჩიკების" გადამყვანებზე ნადირობდა. რას წარმოიდგენდა, ხარის სამგზავრო თვითმფრინავით გადაყვანას თუ გაბედავდა ვინმე. რას ვიზამდი, თვითმფრინავი მანქანა ხომ არ იყო, გადამეხვია, დავეშვი. როგორც კი ხარმა მიწა იგრძნო, სულ გადაირია და აბღავლდა. წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც ეშვება და თან ბღავის. ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ ეტყობა, ხარს ნერვიულობისგან დიარეა დაეწყო, იქაურობა ხომ მოთხვარა, თავადაც გვარიანად იყო "მორთული"...

როგორც იქნა, დავჯექი. როგორც კი თვითმფრინავის კარი გაიღო, შავკოსტიუმიანმა რევიზორებმა საქაღალდეები და კალმები მოიმარჯვეს, ხარმა კი ამ დროს ჯაჭვები გაგლიჯა და ბღავილ-ბღავილით შევარდა პირდაპირ კომისიის წევრებში. უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა, კომისიის წევრები გარბოდნენ, გადარეული ხარი კი ხან ერთს გაეკიდებოდა და ხან მეორეს. ზოგმა თვითმფრინავის ტრაპს შეაფარა თავი, ზოგმა მოაჯირზე გადაძრომა მოასწრო, ზოგმა სადღაც ხე მოძებნა და აძვრა. ამ სურათის შემყურე სოხუმის აეროპორტის უფროსი მიკროფონში უშვერად იგინებოდა. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ სამი თვით ჩამომართვეს ფრენის უფლება. მიუხედავად ამისა, მერეც საჰაერო ხულიგნად დავრჩი.

"იმიტომ, რომ ქართველი ხართ"!

ზვიად გამსახურდია დიდი პიროვნება იყო. ვიდრე მისი პირადი პილოტი არ გავხდი, არ ვიცნობდი. მახსოვს, მოსკოვიდან სოხუმში მოვფრინავდი. დისპეტჩერმა ჰაერში მითხრა, დაფრენის შემდეგ რაზმის მეთაურთან გამოცხადდიო. ოთახში რომ შევედი, იქ ფაფახიანი ხალხი დამხვდა. ჯოჰარ დუდაევის წარმომადგენლები ყოფილან. ამ დროისთვის ზვიადი უკვე გაქცეული იყო საქართველოდან და სომხეთში იჯევანს აფარებდა თავს. მითხრეს, თქვენ უნდა გადმოიყვანოთ სომხეთიდან ჩეჩნეთშიო. იმავე ღამეს გავფრინდით გროზნოში. ჯოჰარ დუდაევმა მიგვიღო თავის სასახლეში. საოცრად თავმდაბალი კაცი იყო. მითხრა, ზვიად გამსახურდიას გამოყვანის ოპერაცია უნდა დავგეგმოთ, შევიმუშაოთ რამდენიმე ვარიანტი, ზუსტად გათვლილი და დამუშავებული, ხოლო ოპერაციას თქვენ უხელმძღვანელებთო. გამიკვირდა, რატომ მე-მეთქი. "იმიტომ, რომ თქვენ ქართველი ხართ"! - მითხრა ჯოჰარ დუდაევმა.

სიყვარული სვანურად

სხვათა შორის, ჰაერში ხულიგნობა კარგად გამოგვდიოდა სვანეთში. სვანები ბლომად ფულს იხდიდნენ, თუ მის კოშკს წრეს დაარტყამდი. ერთი წრე 25 მანეთი ღირდა, მაგრამ ერთი თუ მოითხოვდა წრის დარტყმას, სხვები ხომ არ ჩამორჩებოდნენ და ვიყავით ასე ტრიალში. ერთხელ ვიკითხე, რა ახირებაა კოშკის თავზე ტრიალი-მეთქი. თურმე ნუ იტყვით და, სვანები საცოლეებს სიყვარულს ასე უხსნიდნენ. ვის კოშკზეც მეტ წრეს დაარტყამდი, ის იყო მაგარი ბიჭი. ჩვენც ვურტყამდით და ვურტყამდით...

სიყვარულს შეწირული "ჩებურაშკა"

დიდი ავიაცია დიდ რისკს მოითხოვს და  მხოლოდ სახალისო ამბებით როდია სავსე. ჩემი პირველი გაფრენა ხომალდის მეთაურის რანგში დიდ უბედურებასთან არის დაკავშირებული, მაშინ სოხუმის აეროპორტი კატასტროფას გადავარჩინე. თბილისიდან მოსკოვში მივფრინავდით. საწვავი სოხუმში უნდა შეგვევსო... ის იყო, აფრენა დავიწყეთ, რომ ვხედავ, ჩეხური ორძრავიანი თვითმფრინავი "ჩებურაშკა" შემოვიდა ასაფრენ ბილიკზე, დადგა და მიყურებს. არადა უკვე 270 კილომეტრი სიჩქარე გვაქვს აღებული, 47-ტონიანი მახინის დამუხრუჭება იოლი არ გეგონოთ. სასწრაფოდ გამოვრთე ძრავა, ჩავრთე მუხრუჭი, მაგრამ ვხედავ "ჩებურაშკას" პილოტი დაიბნა და მანევრები დაიწყო. სხვა ბილიკზეც ვერ ვახერხებ გადასვლას, 10 მეტრში მეორე ბილიკს არემონტებდნენ და ღრმა თხრილი იყო. მიწაზე გადასვლაც არ შემიძლია, რადგან რეაქტიული თვითმფრინავი ყველაფერს იწოვს და მიწაზე გადასვლა კატასტროფაა.

ამას ემატებოდა ისიც, რომ სოხუმის ვაგზალი ძალიან ახლოს იყო ასაფრენ ზოლთან. თუ შეჯახება მოხდებოდა, კატასტროფა გარდაუვალი იყო, დაიღუპებოდა არა მარტო ორივე თვითმფრინავი ეკიპაჟით და ხალხით, არამედ ვაგზალზე მყოფი ყველა ადამიანი...

რადგან "ჩებურაშკას" პილოტი მანევრებს არ წყვეტდა, რადიოში მთელი აეროპორტის გასაგონად კარგი რუსული დედის გინებით მივმართე, გაჩერდი-მეთქი! როგორც იქნა, გვერდი ავუქციე და ასაფრენი ბილიკის ბოლოს გავაჩერე ეს უზარმაზარი მახინა. მაშინ ეკიპაჟი შეიარაღებული ვიყავით. ისე ვიყავი გაგიჟებული, რომ იარაღი გადავტენე, ტრაპს არ დაველოდე, გადმოვხტი თვითმფრინავიდან და გავიქეცი "ჩებურაშკას" პილოტის მოსაკლავად! ისე ვიყავი გამწარებული, ცოცხალს არ დავტოვებდი, რადგან პილოტი ღუპავდა არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მთელი სოხუმის აეროპორტს. პატარა ნაპერწკალი იყო საჭირო, რომ იქაურობა ჰაერში აეტანა. 800 მეტრი ვირბინე იარაღმომარჯვებულმა. თვითმფრინავს რომ მივუახლოვდი, მაშინ შევნიშნე, რომ არც ერთი მგზავრი და ეკიპაჟის არც ერთი წევრი ცოცხალი აღარ იყო. ჩვენი თვითმფრინავის ფრთას შუაზე გაუჭრია "ჩებურაშკა", მაგრამ რომ შეხედავდი, მთელი გეგონებოდა. ეს რომ დავინახე და გავაცნობიერე, რაც მოხდა, ჩავიკეცე... მეორე დილით მოსკოვიდან საგამოძიებო ჯგუფი ჩამოფრინდა. დასაკითხად მხოლოდ მე მიბარებდნენ, რადგან ყველაფერზე ხომალდის მეთაური აგებს პასუხს. მერე გაირკვა, რომ "ჩებურაშკას" პილოტი ნასვამი ყოფილა, თურმე ქუთაისში ეჩქარებოდა. რუსეთიდან საცოლე ჩამოსდიოდა და დისპეტჩერის უნებართვოდ ასაფრენ ზოლზე გამოვიდა.

კატასტროფიდან მეცხრამეტე დღეს დავუბრუნდი ავიაციას. სასამართლო პროცესზე გამოგზავნეს ორი რუსი მფრინავი-გამომცდელი. ქართველ პილოტებთან რუსებს შუღლი ჰქონდათ და ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მათ სასამართლოს განუმარტეს, ამ ხომალდის მეთაურის ნატერფალები უნდა კოცნოთ, რადგან 4 წამში შეძლო ის, რასაც საუკეთესო გამომცდელები 6 წამში ძლივს ახერხებენო. ამის მერე აშკარა შეიქნა, რომ ვერ დამსჯიდნენ, მაგრამ რადგან დამნაშავე დაღუპული იყო და მსხვერპლიც - დიდი, ამიტომ დისპეტჩერი, ფრენების ხელმძღვანელი და კიდევ ხუთი უდანაშაულო კაცი ჩასვეს ციხეში. ზოგს - 8, ზოგს კი 12 წელი მიუსაჯეს.