მანუჩარ მაჩაიძე: "მოვიდა დრო, ხმა ამოვიღო" - კვირის პალიტრა

მანუჩარ მაჩაიძე: "მოვიდა დრო, ხმა ამოვიღო"

"განუვითარებელი და ჩლუნგები ვართ, რომ ჩამოსახლებულებმა გვასწავლონ რამე?"

"ამათ საწყალი სლავა მეტრეველი მშიერი მოკლეს"

თბილისის "დინამოს" კაპიტანი და ლეგენდარული 7 ნომერი, - ასე იცნობენ მანუჩარ მაჩაიძეს, რომლის სახელიც ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებულ პერიოდს უკავშირდება, მაგრამ მოხდა ისე, რომ ფეხბურთიდან წავიდა და მას მერე აღარ გააკარეს საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. პარლამენტარიც იყო და საკრებულოს დეპუტატიც, მაგრამ მაშინაც და ახლაც საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობა ჰქონდა და აქვს საოცნებოდ. როგორც გვითხრა, გადაწყვიტა ათწლიანი დუმილი "კვირის პალიტრასთან" დაერღვია:

- აქამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ვფიქრობ მოვიდა დრო, ხმა ამოვიღო. 1995-1999 წლების პარლამენტში (ფრაქცია "მაჟორიტარების" წევრი ვიყავი), "მოქალაქეთა კავშირი" იყო მმართველი პარტია. მიაჩნდათ, რომ შეუცვლელები იყვნენ. ამ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ეროვნების გრაფა ამოიღეს დოკუმენტაციიდან. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტში პირველი მოსმენით ისე უყარეს კენჭი, არც ვიცოდით. მეორე მოსმენაზე მე და გურამ შარაძემ ავტეხეთ ერთი ამბავი. პლებისციტის ჩატარებას ვითხოვდით, მაგრამ ვინ დაგვიგდო ყური? ამის მერე მე და გურამ შარაძემ დავაფუძნეთ პარტია "საქართველო უპირველეს ყოვლისა", თავმჯდომარე გურამი იყო, მე - მოადგილე. მიტინგებიც ჩავატარეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ფაშისტებს გვეძახდნენ. საქართველოს მაშინ "მოქალაქეთა კავშირის" ხელმძღვანელობით კოსმოპოლიტური მთავრობა ედგა სათავეში და 2003 წლის მერეც კოსმოპოლიტები მართავენ ქვეყანას.

"მოქალაქეთა კავშირის" რადიკალური ფრთა გადავიდა "ნაციონალურ მოძრაობაში" და მეტი აგრესიით ამკვიდრებს კოსმოპოლიტიზმს.

საქართველოში ჩამოსასახლებლად ეპატიჟებიან ყველას. საქართველო ცარიელი ტერიტორიაა თუ განუვითარებელი და ჩლუნგები ვართ, რომ ჩამოსახლებულებმა გვასწავლონ რამე? ვერ იტანენ, რომ ქვეყანაში დაახლოებით 85% ქართველია, დანარჩენი - სხვა ეროვნების. რუსეთში სხვა ეროვნების მოსახლეობის 20%-ია, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მიწას არ ყიდიან. საქართველოს ზღვისპირეთი თურქებმა იყიდეს. მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ და წაიღებენო, ეს ზღაპარი შვილიშვილებს მოუყვნენ. თუ ინგლისური ენა არ იცი, ატესტატს არ გაძლევენ, რომელ ქვეყანაშია ეს? ეს ძალადობრივი ასიმილაციაა, რაც Mმთელ მსოფლიოში დაგმობილია.

ადრე კომუნისტური პარტია გვარუსებდა და ახლა ვიღაცას უნდა აქ ინგლისურენოვანი კოსმოპოლიტური სახელმწიფო შექმნას.

მაშინ ის მაინც ვიცოდით, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდიოდა, დღეს კი ვერ გაგვიგია, ვინ გვებრძვის და რას გვიპირებს. აქეთ ბურები, იქით ლაზიკა და დაპატიჟება, საქართველოში ჩამოდით და იცხოვრეთო. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და არჩევნებზე არ მისცეს ხმა კოსმოპოლიტ პოლიტიკოსებს. ხელისუფლებაში პატრიოტები უნდა მოვიდნენ.

- ახლა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ივანიშვილის გუნდია, სადაც ფეხბურთელი კახი კალაძეც არის, რომელმაც ეროვნული ნაკრები დატოვა.

- კახი კალაძეს ყოველდღიურად 19 ათასი დოლარით აჯარიმებენ. ასეთი ცირკია ჩვენი ცხოვრება. ხელისუფლება ვითომ ემეგობრებოდა და როგორი ხელშეკრულება დაუდეს, კაცი ხომ არ უნდა გააკოტრო? საწყენია, როდესაც ფეხბურთელი პროტესტის ნიშნად ტოვებს ნაკრებს... თან ჩვენი ნაკრები ცუდ მდგომარეობაშია. კახი მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ ერთი კაცი ამინდს ვერ შექმნის. ექვს გუნდში მეხუთე ადგილზე რომ ხარ, არ არის საამაყო.

- თქვენი დროის "დინამო" რატომ იყო მოწინავე?

- მაშინ სახელმწიფო პატრონობდა ფეხბურთს. მცდარი არჩევანი გააკეთეს, ფეხბურთის სადავეები უცოდინარ ხალხს რომ ჩაუგდეს ხელში. კომპარტიამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა ნოდარ ახალკაცს და ვისაც მისი მსოფლმხედველობა არ მოგვწონდა, "დინამოდან" გაგვიშვეს (მე რომ წავედი, ჩემი ძმა, კოპალეიშვილი, დავით გოგია და კანთელაძე მომაყოლეს) და განკარგულებაც გასცეს, ეგენი ფეხბურთში აღარ დავინახოთო.

- ფეხბურთი კვლავ სკანდალებისა და მითქმა-მოთქმის არენად რჩება. თუნდაც გიორგი დემეტრაძის შემთხვევა გავიხსენოთ.

- ჩემს უმცროს კოლეგას თანავუგრძნობ. ის პოლიტიკას შეეწირა. ძალიანაც რომ მოენდომებინა, დემეტრაძე ქურდი და ქურდული ტრადიციების მიმდევარი ვერ იქნებოდა. მაგას ქურდად არავინ არ წამოაყენებდა, რადგან "დინამოში" ჰქონდა ნათამაშები, "დინამო" კი შს სამინისტროს გუნდი იყო. გუნდის კაპიტანი რომ ვიყავი და ხელზე სამკლავური მეკეთა, რომელი ქურდი დამელაპარაკებოდა? ასე იყო საწყალი დემეტრაძეც.

ის "დინამო", სადაც მე ვთამაშობდი, კარგი ზღაპარი იყო და დამთავრდა. 1980 წელს წამოვედი გუნდიდან და 30 წელიწადი ვერ მივაღწიე იმას, რომ საფეხბურთო სკოლაში მემუშავა.

- თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება რომელია?

- 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. მთელი წელი ვლიდერობდით, მაგრამ საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობდა. არც იყო გასაკვირი, რუსები იყვნენ და უნდოდათ, ჩემპიონი რუსი ყოფილიყო. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი თამაში იყო დარჩენილი. ფრე გვჭირდებოდა, მაგრამ ლენინგრადის "ზენიტთან" წავაგეთ. იცით, რატომ მოგვიგეს? ყინვა იყო. საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია განგებ ისეთ გრაფიკს გვიდგენდა, რომ 15-20-გრადუსიან ყინვაში გვეთამაშა. ყინვაში რუსებს ესპანეთი და ბრაზილიაც ვერ მოუგებენ. მორიგი თამაში მოსკოვში გვქონდა "ლოკომოტივთან". მოსკოვში საშინელი ყინვა იყო, მაგრამ როგორც იქნა, ფრედ დავამთავრეთ  მატჩი. ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ბოლო თამაში თბილისში მოსკოვის "ტორპედოსთან" გვქონდა. 2:2 დავამთავრეთ და რუსებმა მაშინ გვიკბინეს, ჩემპიონი ფრეთი ამთავრებს ჩემპიონატსო.

თამაში რომ დასრულდა, გამოვედით სტადიონიდან, მაგრამ ვინ გაგვიშვა? ჩვენი ავტობუსი ხალხით გარშემორტყმული დაიძრა. ქართული დროშების ფრიალით და "საქართველოს გაუმარჯოს" შეძახილებით! ასე გავიარეთ პლეხანოვი, ელბაქიძის აღმართი და ლენინის მოედნისკენ წავედით. იქ მთხოვეს, სიტყვით გამოდიო. გარშემო კომუნისტები იყვნენ და რა უნდა მეთქვა. დავიძახე - საქართველოს გაუმარჯოს-მეთქი. მამალ კომუნისტებს არ მოეწონათ პატრიოტიზმის გამოვლინება. მე ისედაც დისიდენტად მთვლიდნენ. გოლს რომ გავიტანდი, აწეული ხელით გამოვვარდებოდი. როგორ შეიძლება, ასე რომ გამოვარდები და ახტები, ცოტა თავი შეიკავეო, მეუბნებოდნენ პარტიული ფუნქციონერები. 92 თამაში ჩავატარეთ პირველობაზე და აქედან 72 მოვიგეთ. ასეთი შედეგი "ბარსელონასაც" არ ჰქონია. მოედანზე შენს თავს უნდა აჯობო და ამას სამშობლოს სიყვარული გაკეთებინებს. როდესაც გრძნობ, რომ შენ უკან სამშობლო დგას, ეს გაძლევს ძალას.

- რა განწყობით ხვდებით ახალ წელს?

- ჩვენი მოვალეობაა, მარტო საკუთარ თავზე კი არა, ქვეყანაზეც შეგვტკიოდეს გული. კაცი მილიონერი რომ ხარ, იმ ადამიანზე უნდა იფიქრო, ვინც ნაგვის ურნაში ეძებს საჭმელს. იმედს მაძლევს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გაჭირვებულებზე ფიქრობს. მეორე წელია 1.500 ლარს მაძლევს, ამ ხელისუფლებამ კი ბევრი ცუდი გამიკეთა. თბილისის მერი ნიკო ლეკიშვილი რომ იყო, ვთხოვე, თბილისის "დინამოს" ტერიტორიაზე ღობესთან მაღაზიების აშენების უფლება მიეცა ფეხბურთელებისთვის. ფაქტობრივად, სტადიონი ჩვენი ფულით აშენდა. "დინამო" წელიწადში ქვეყანას 6-7 მლნ მანეთისა და 2 მლნ დოლარის მოგებას აძლევდა, ხელფასი კი 200 მანეთი გვქონდა. 32-მა ფეხბურთელმა ავაშენეთ მაღაზიები, მაგრამ უგულავამ დაგვინგრია. მახსოვს ის კაცი, ვინც ამ ნაგებობებს ანგრევდა, ლამის სიხარულისაგან ტიროდა. სახელმწიფოს ჩემთვის ფული არ მოუცია, ვიშრომე, გავაკეთე და დამინგრია. ამათ საწყალი სლავა მეტრეველი მშიერი მოკლეს. ერთმა ფეხბურთელმა, გვარს არ ვიტყვი, უთო გაყიდა, რომ პური ეყიდა.

მინდა ამ ახალ წელს ჩემს ხალხს სიყვარული და გამრავლება, ჩვენს ქვეყანას კი გამთლიანება ვუსურვო. მინდა ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს, სამშობლოს სხვას ნუ ჩავუგდებთ ხელში საჯიჯგნად.