"არასოდეს შევხვედრილვართ, მაგრამ თქვენ ხომ "ლამაზი მეგობარი" დაწერეთ!"
02-01-2012
"არასოდეს შევხვედრილვართ, მაგრამ თქვენ ხომ "ლამაზი მეგობარი" დაწერეთ!"
მოპასანს დიუმა-უფროსის მემკვიდრეს უწოდებდნენ და, როცა ვინმე გაიკვირვებდა, სიცილით დააყოლებდნენ: "საყვარლების რაოდენობის მიხედვით!" მოპასანის ლოველასობაზე მართლაც ლეგენდები დადიოდა.
ჰოდა, "კატაც გამოთხარა": "როგორც იქნა! სიფილისი მაქვს! ნამდვილი სიფილისი! რომლისგანაც ფრანცისკ I მოკვდა! და მე ამით ვამაყობ, ეშმაკმა დალახვროს!" - ეს გი დე მოპასანმა თავის მეგობარს მისწერა.
43 წლისაც არ იყო, რომ გარდაიცვალა, ტკივილებით გატანჯული, გონდაკარგული, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც მ
ისი პალატის ფანჯარა პირდაპირ მისთვის ესოდენ საძულველ ეიფელის კოშკს გაჰყურებდა.
როგორ აღარ ჰგავდა ის ძველ მოპასანს... როცა ორი წლით ადრე, 1891 წელს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიიყვანეს და ყველასათვის ცხადი გახდა, რა სენი სჭირდა, "ყოვლისმცოდნეებმა" მაშინვე დაიწყეს მტკიცება, რომ ადრეც - 10 თუ 12 წლის წინ მის ამა და ამ საქციელში სიგიჟის ნიშნები იყო, ან ესა თუ ის ლექსი თუ
სტატია ნორმალური ადამიანის დაწერილს არ ჰგავსო. ლიტერატურის ნამდვილი მოყვარულებისა და მისი  კოლეგა-მწერლებისთვის კი მოპასანის ასეთი მდგომარეობა ნამდვილი შოკი იყო, რადგან სწორედ მოპასანმა დაანგრია სტერეოტიპი: XIX საუკუნის ბოლოს მწერალი უნდა იყოს ფერმკრთალი, ავადმყოფი, ნევროზიანი და უბედური...
ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ გახდა საყოველთაო განხილვის საგანი, რომ იმ დროს მწერლების ცხოვრების პერიპეტიები არანაკლებ ინტერესს იწვევდა, ვიდრე თვით მისი ნაწარმოებები - გაზეთებში აუცილებლად იბეჭდებოდა, სად იყო უქმეებზე, ვთქვათ, ემილ ზოლა და ვისთან ერთად ივახშმა ან რა მიირთვა. ასე განსაჯეთ, ზოგიერთი გაზეთი მთელი წლის ნომრების ამონარიდებისგან შემდგარ დიდ სტატიებსაც ბეჭდავდა შესაბამისი სათაურებით: "ზოლა გასულ წელს" ან "მოპასანი 1880 წლის ზაფხულში"...

მაინც როგორი იყო მოპასანი ავადმყოფობამდე? ამბობენ, რენუარის ცნობილ ტილოზე "მენიჩბეების საუზმე", მარცხნივ რომ წითური, წვერულვაშიანი, თეთრმაისურიანი დაკუნთული ახალგაზრდა კაცი დგას, მხატვარმა სწორედ მოპასანისგან გადაიღოო. იმ დროს მოპასანი განათლების სამინისტროში მუშაობდა და დასვენების დღეებს ქალაქგარეთ ატარებდა, სადაც მეგობრებთან და პარიზელ ლამაზმანებთან ერთად ნავით სეირნობდა. ვარჯიშების შედეგად "დაყენებული" კუნთების დემონსტრირება ძალიან სიამოვნებდა და ამით ამაყობდა კიდეც. კოხტაობა კი სულაც არ უყვარდა და არც საკუთარი მკერავი ჰყოლია პარიზული ბომონდის სხვა წევრებისგან განსხვავებით. ქალების გულებს კუნთებითა და ულვაშებით ვიპყრობო - ამტკიცებდა ცნობილი დონ ჟუანი.
ქალებს მართლაც ძალიან უყვარდათ მოპასანი, ისიც ყოველთვის გულუხვი და მოსიყვარულე იყო მათ მიმართ და როგორც მეგობრები ხუმრობდნენ, სწორედ ულვაშების გაპარსვა იყო ერთადერთი, რაზეც ქალისთვის უარი უთქვამსო. არადა ის სახელგანთქმული ულვაში შემთხვევით "მიიღო": ერთხელ სანთელთან დაიხარა ჩიბუხზე მოსაკიდებლად და მისი ჟღალი წვერი ალმა შთანთქა, ულვაში გადარჩა. მეგობრებმა ჩათვალეს, რომ ეს სპეციალურად გააკეთა, ხოლო ქალებს ძალიან მოეწონათ. მას მერე სხვა "ვარცხნილობით" არავის უნახავს.
მოპასანის ბიოგრაფები ამბობენ, რომ "უცნაურობებისადმი" და პირველობისადმი მიდრეკილება  და პროტესტანტული სული ბავშვობიდანვე ეტყობოდა. მისი მშობლების გაყრაც მისმა "ცელქობამ" გამოიწვია - მამასთან ერთად დაბრუნებულმა დედას უთხრა: "თხზულება ყველაზე კარგად დავწერე და მამიკოს მეგობარმა მადამმა ჯილდოდ ცირკში წაგვიყვანა. მამიკოც დააჯილდოვა, ოღონდ არ ვიცი, რისთვის..." მისი ბავშვობის მეგობარი წერდა: "იმის მიუხედავად, რომ ხუთი წლით უფროსი ვიყავი,  არ მეთამაშებოდა, თუკი არ იუფროსებდა"; იმ პერიოდიდანვე მოდის სხვადასხვა ამბის მოსმენისა და შემდეგ მათი გალამაზებულად მოყოლის ჩვევაც - მთელი დღის მშიერი რომ ყოფილიყო, თუკი ჭამისას დედა ან მსახური რამეს არ უამბობდა, ლუკმას ვერ გადააცდენინებდნენ თურმე.

ასეთი ბავშვისთვის სასჯელის ტოლფასი იყო ივტოს ლიცეუმი, სადაც დედამ გაამწესა. ასკეტური ცხოვრების წესსა და ღვთისმსახურთა მუდმივ მეთვალყურეობას ყმაწვილმა მოპასანმა და მისმა მეგობრებმა "დისიდენტობა" დაუპირისპირეს: დააარსეს საიდუმლო წრე, რომლის ერთადერთი მიზანი იყო დაუმორჩილებლობა, რაც შოდერლოსა და ვოლტერის "მკრეხელური" წიგნების კითხვაში, გოგოებში სიარულსა და ალკოჰოლით თრობაში უნდა გამოხატულიყო. ამ ყველაფრისთვის საწევრო გადასახადიც დააწესეს. ბოლოს, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, "გაიჩალიჩეს": ლიცეუმის საკუჭნაოში ღვინოსა და შამპანურს მიაგნეს და  ღამეული ღრეობა მოაწყვეს. ლიცეუმიდან გარიცხეს და ძალიანაც გაუხარდა, მაგრამ უნივერსიტეტში შესასვლელად დიპლომი სჭირდებოდა და დედამ რუანის სამეფო ლიცეუმში ჩაწერა.

რუანში მეტი თავისუფლება დახვდა. თანაც, უკვე 18 წლის იყო, ლექსებსა და პიესებს წერდა. სწორედ იქ წარუდგა ლუი ბუილეს, პოეტსა და გუსტავ ფლობერის მეგობარს. აღსანიშნავია, რომ თვით ფლობერი მოპასანის დედის, ლორას ბავშვობის მეგობარი და ნათესავიც კი იყო, მაგრამ სიცოცხლეშივე კლასიკოსად აღიარებულ ფლობერს ვერ შეჰბედა თავისი ნაწერების მიტანა. ცოტა ხანში ფლობერი ლორა მოპასანს სწერდა, - მეგობარმა ნიჭიერი ახალგაზრდა გამაცნო, რომელიც შენი შვილი აღმოჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარო.

მომავალში ფლობერმა აღიარა მოპასანი, როგორც მწერალი და მის საყვარელ მოწაფედაც იქცა, მაგრამ ამას დიდი შრომის ფასად მიაღწია. მანამდე მუდმივად აკრიტიკებდა: "გი, თქვენ, მგონი, უბრალოდ ზარმაცი ხართ!" ან: "ყველაფერს თავისი წესი აქვს, ასე არ შეიძლება!" სხვათა შორის, ეს მოპასანის მორიგი "გიჟობის" - პიესა "თურქული სახლის" წაკითხვის შემდეგ მისწერა. მაგრამ როდესაც მოპასანმა შინ ჩააკითხა (ფლობერი რუანთან ახლოს, თავის მამულში ცხოვრობდა) და მეგობრებთან ერთად წარმოადგინა ეს პიესა, თვითონ კი ქალის როლი ითამაშა, აღტაცებულმა ფლობერმა წერილები დაგზავნა მეგობრებთან, თავისთან მოიწვია ისინი და მოპასანს გამეორება სთხოვა.

ასე იყო თუ ისე, უნივერსიტეტის პირველკურსელი ანრი რენე ალბერტ გი დე მოპასანი (ეს არის მისი სრული სახელი და გვარი) მწერლობაზე ოცნებობდა, როდესაც საფრანგეთ-პრუსიის ომი დაიწყო და ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა მოხალისედ. ამბობენ, იცოდა, მაინც წაიყვანდნენ და ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავიდან იმის საშუალეაბა იყო, სამხედრო ნაწილი და დისლოკაციის ადგილი მასვე აერჩიაო. არავინ იცის, თუმცა ავსიტყვა ხალხი მაშინაც ბლომად იყო და ის, თუ როგორი გულწრფელობით აღწერა მოპასანმა წაგებული ომის პერიპეტიები, საფუძველს იძლევა, არ ვირწმუნოთ ეს მოსაზრება.

ომის შემდეგ უნივერსიტეტს აღარ დაბრუნებია. მამამ "საზღვაო და კოლონიების სამინისტროში" მოაწყო სამუშაოდ. ვერ იტანდა სამსახურს. ფლობერს წერდა: "ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ, სამაგიეროდ, სულ უფრო ნაკლებ შეცდომას ვუშვებ გამოთვლებში, ე.ი. თანდათან ვსულელდები". ფლობერი კი პასუხობდა, სპორტს (ნიჩბოსნობას გულისხმობდა) და ქალებს ნაკლები დრო დაუთმე და გეშველებაო. ბოლოს მოუხერხა და განათლების სამინისტროში გადაიყვანა, მაგრამ მოპასანმა იქაც "აურია" - გაზეთში დაწერა, ამ სამინისტროს კარებზე ისეთივე წარწერა უნდა იყოს, როგორიც დანტეს ჯოჯოხეთშია: "აქ შემომსვლელმა იმედები კართან დატოვე!" იქიდანაც გამოუშვეს, მაგრამ "სულზე მიუსწრო" პირველი მოთხრობის, "ფუნჩულას" (ასე თარგმნიან ჩვენში, იქნებ "პუტკუნა" ჯობს? რუსულად "Пышка  "-ა, ფრანგულად - Boule de Suit) გამოქვეყნებამ.

ეს 1880 წელს მოხდა და იმ დღიდან დაიწყო!.. 1881-ში კრებული "ტელიეს სახლი" (ორ წელიწადში თორმეტი გამოცემა), 1883-ში პირველი რომანი "წუთისოფელი" (იმ დროისთვის ვეებერთელა, 25-ათასიანი ტირაჟით), ამის შემდეგ წელიწადში ორი ან სამი "ბესტსელერი", რაც მთავარია - 1885 წელს გამოცემული "ლამაზი მეგობარი" ოთხ თვეში 37-ჯერ(!) დაიბეჭდა!

მერე კი ყველაფერი ცნობილია - ბევრი ფული, ბევრი ქალი, ბევრი სასმელი, ბევრი მეგობარი, ბევრი მოგზაურობა საკუთარი იახტით და უცებ... ის, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ.
...მომავალ ორშაბათს "კვირის პალიტრასთან" ერთად სწორედ "ლამაზ მეგობარს" გთავაზობთ, რომლის წაკითხვის შემდეგაც უამრავი ქალი ასეთი შინაარსის წერილს უგზავნიდა მოპასანს: "მე თქვენ მიყვარხართ! არასოდეს შევხვედრილვართ, მაგრამ თქვენ ხომ "ლამაზი მეგობარი" დაწერეთ!"
nino
05 იანვარი 2012 14:29
გმადლობთ კარგი სტატიაა.თუმცა ,,პუტკუნას"საკითხში ვერ დაგეთანხმებით,,,ფუნჩულა"უფრო მოპასანისეულად ჟღერს.

რედაქტორის რჩევით