ფარაჯანიადა - კვირის პალიტრა

ფარაჯანიადა

9 იანვარს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი მრავალმხრივი შემოქმედი გახლდათ - კინემატოგრაფისტი, მხატვარი, მწერალი და უამრავი ექსპრომტად მონათხრობი მინისცენარის ავტორი. კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი მუშაობს წიგნზე "რა არის სუფთა კინემატოგრაფი". ერთი თავი ამ წიგნიდან სწორედ სერგო ფარაჯანოვს ეხება. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს.

ცირკის "მასხარა"

ეს მოხდა სამოციანი წლების კიევში, ფარაჯანოვის ბინაში გამართულ ნადიმზე, რომელსაც სოციალისტური შრომის გმირი, ლენინური პრემიის ლაურეატი რეჟისორი ესწრებოდა.

...დაიწკარუნა ზარმა

- გილოცავთ დიად დღესასწაულს, სერგეი იოსიფოვიჩ!

ოთახში ჭაღარა, სოცგმირის ოქროს ვარსკვლავით მკერდდამშვენებულმა მოხუცმა შემოაბიჯა. ამალის თანხლებით, რასაკვირველია.

როგორც გაირკვა, ვიზიტს ზეამოცანა ჰქონდა: გმირს ევალებოდა, სოცრეალიზმის ფერხულში ჩაება სერგო ფარაჯანოვი, რომელიც "დავიწყებულ წინაპართა აჩრდილების" მსოფლიო ტრიუმფის შემდეგ გახდა სერგეი იოსიფოვიჩი. მასპინძელმა სტუმრები ხატებით დამშვენებულ კედელთან დასვა და ბროლის ჭიქა ასწია.

- სიყრმიდან უდიდეს პატივს გცემთ, - აღფრთოვანებული მიაშტერდა პიჯაკის ლაცკანზე მიმაგრებულ ხუთქიმიან ვარსკვლავს სერგო იოსების ძე, - ჩვენ, ყველანი, თქვენმა ფილმებმა გამოგვზარდა და ბედის მადლობელი ვარ, რომ დამაფასეთ და მესტუმრეთ. ასეც რომ არ მომხდარიყო, ხვალ თავად გეახლებოდით და პირველს შეგატყობინებდით, რომ ვაპირებ კომუნიზმზე ფილმის გადაღებას!

...სოცმაესტროს სახე გაებადრა. აღელვებულმა სავსე ჭიქა იდაყვით გადმოაპირქვავა. ჩაიღვარა წითელი "საფერავი" ლურჯი კოსტიუმის შარვლის ფართო ყოშში.

- გამოგიტყდებით, ძალიან მიყვარს სოციალიზმის დღესასწაულები, განსაკუთრებით შვიდი ნოემბერი. ვოცნებობ, გადავიღო ფილმი, რომელიც ამ ზეიმს ეძღვნება. ყველაფერი კი განაპირობა შემდეგმა გარემოებამ: გუშინ ჩემი სახლის წინ სატვირთო მანქანა გაჩერდა. ჯანიანმა მუშებმა ვეება გრაგნილი ძლივს გადმოიღეს ასფალტზე. შემდეგ რამდენიმე კაცი მოპირდაპირე სახლის სადარბაზოში შევიდა და სამიოდ წუთში რვასართულიანი შენობის სახურავზე ამოყო თავი. ერთმა თითი პირში იტაკა და გაბმულად დაუსტვინა ქვევით შეკრებილთ. აი, ასე, - ფარაჯანოვმა ისე დაუსტვინა, რომ ოქროს ვარსკვლავის კავალერი სკამიდან წამოხტა, - მუშები სახურავზე გაწვნენ და ქვევით გრძელი თოკები ჩამოუშვეს. მერე უზარმაზარ აფრასავით დაჭიმეს გრძელი, დაგრაგნილი ტილო.

გამოჩნდა ხშირი, მუქი თმა. ცხვირი და წვერი. ყველასათვის ნაცნობი ნაკვთები. გამოჩნდა კარლ მარქსი...

დაუბერა ქარმა, აივსო ჰაერით ბელადის აფრა-პორტრეტი, მარქსმა ლოყები დაბერა, თითქოს თავის დამჭიმავთ დაუბღვირაო. იმათაც გაათმაგებული ძალით განაგრძეს საქმე, მით უმეტეს, ამ წინა სადღესასწაულო აქციას გაბარდინის ლაბადიანი პიროვნება ადევნებდა თვალს...

...სოცოსტატს ნირი წაუხდა, მაგრამ მაინც სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

- საკუთარი ფიზიკური რესურსების მაქსიმალური გამოყენებით გაბერილ-დაჭიმული მარქსი პროლეტარების შთამომავლებმა მრავალსართულიანი სახლის ფასადზე დაამაგრეს. ლაბადიანმა ტროტუარზე აიარ-ჩაიარა, ნამოქმედარი შეათვალიერა და დასტურის ნიშნად თავი დაიქნია. "შაბაშ!" დაიღრიალა დამსტვენმა, მჭიმავნი უმალ მანქანის ძარაში ჩასკუპდნენ და წავიდნენ.

მანქანის წასვლა და ქარის ჩადგომა ერთი იყო. მარქსიც დაწყნარდა, ლოყები ჩაეფუშა, მზერა გაუცისკროვნდა...

...ელექტრიკის ფერის კოსტიუმში გამოწყობილმა სოცგმირმა სკამიდან ჩამოცურება დაიწყო.

- მეც დავწყნარდი და აივანზე გავედი. ჩამობნელდა. აინთო ლამპიონები. აკაშკაშდა უზარმაზარი აბრა ცირკის შენობის სახურავზე: "Цирк". შემდეგ მის წინ აინთო წითლად: "СЛАВА КПСС!"

სასწრაფოდ ტელეფონს ვეცი და ცირკის ადმინისტრაციის ნომერი ავკრიფე:

- ამხანაგო ზაიაც! - ვუთხარი ცირკის მთავარ ადმინისტრატორს, რომლის სახელი და გვარი აბრამ ზაიაცი გახლდათ, - განა შეიძლება, ის ორი რეკლამა, რომელიც კაშკაშებს თქვენი დაწესებულების სახურავზე, გვერდიგვერდ იყოს?

- დავიღუპე, სერგეი იოსიფოვიჩ! მიშველე, მირჩიე, რა ვქნა! - დაიკივლა ყურმილმა.

- ჩემო კარგო, არც მწვადი უნდა დაიწვას და არც შამფური. "СЛАВА КПСС!" მუდმივად უნდა ენთოს, ხოლო "Цирк"-ი თანაბარი პაუზებით უნდა ქრებოდეს და ინთებოდეს: "Цирк!" "Цирк!" "Цирк!"

ზაიაცმა ყურმილში შვებით ამოისუნთქა. ცოტა ხნის შემდეგ საბჭოელთა მესაჭის აღმნიშვნელი წითელი წარწერა წინანდებურად განაგრძობდა ბრიალს, ხოლო უძველესი და ხალხის საყვარელი ხელოვნების აღმნიშვნელმა რეკლამამ თანაბარინტერვალიანი პულსირება დაიწყო...

...სოცრეალისტის ერთ-ერთმა მხლებელმა სკამიდან ჩამოცურებულ მოხუცს ხელი სტაცა და პირში ვალიდოლი ჩაუდო. სხვებს მისთვის არ ეცალათ. ყველა ფარაჯანოვს მისჩერებოდა.

- ამასობაში კი მარქსის მარჯვენა თვალი აინთო, - ვიღაც სახლში დაბრუნდა, მეორე თვალიც აბრჭყვიალდა. მერე ჩაქრა. ეტყობა, წყლის პროცედურები ჩაიტარა მასპინძელმა და ელექტროენერგიის დაზოგვაც არ დაავიწყდა. შემდეგ, კლასიკოსს პირი აენთო, უზარმაზარი ბრიალა ზონდის ჩაყლაპვა დაიწყო კარლმა. ყელში ჩასრიალდა ზონდი. ქვევით, კიდევ... პირველი სართულის მინაჩამტვრეულ კართან გაჩერდა გადაყლაპული ლიფტი და იქიდან ჩასუქებული ქალბატონი გამოაგდო. ჩემს ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა. დღესასწაულის მოლოდინში დაღლილმა თვალები მივლულე...

...სოცრეალისტის ერთ-ერთი მხლებელი მეზობელთან გავარდა სასწრაფოს გამოსაძახებლად.

- დილით რადიორეპროდუქტორის გრიალმა გამომაღვიძა - ქვეყანამ ზეიმი დაიწყო... ვეცი ფანჯარას და... ჰოი, საოცრებავ! ღამით უწვიმია. მარქსს ლოყები ჩავარდნოდა, თმა დასველებოდა, გაფუებული წვერი დაწვრილ-დაგრძელებოდა. ჩემ წინ მარქსი კი არა... ენგელსი იყო!

კონკურსი

- გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო უმოკლესი ფილმების ფესტივალში, საფრანგეთში, - განუცხადა ერთხელ მასთან შეკრებილთ მაესტრომ, - ფილმის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 15 წამია (ტარდებოდა თუ არა მსგავსი ფესტივალი, სიმართლე გითხრათ, არავის აინტერესებდა. ვეჭვობ - თვით მასპინძელ-ნომინანტსაც), - მაშ ასე, აი, ჩემი სცენარი, - ოთახის შუაგულში გამოვიდა სერგო იოსების ძე, - ხედი პირველი... მწვანე მინდორში დგას შავი სახედარი, - ფარაჯანოვმა განასახიერა ფილმის მთავარი გმირის კუდის მოძრაობა, - ხედი მეორე... ისევ მწვანე მინდორი, ოღონდ მასზე თეთრი გუნდია ფრინველთა, - ცალ ფეხზე მდგარმა მაესტრომ ხელები გაშალა, - დაუბერა ქარმა. დაიქნიეს ფრთები ვეება წეროებმა. დაატრიალა ქარბორბალამ ბუმბული. გათეთრდა ყველაფერი, - ლამის თავად აფრინდა ცაში ბატონი სერგო, - ხედი მესამე და დამაგვირგვინებელი: მწვანე მინდორში დგას თეთრი ვირი. ფილმის დასასრული. ტაში. დამთავრდა ფესტივალი. გრან-პრის პარტკომს ვაჩუქებ, - დაჰპირდა აუდიტორიას ოსტატი.

ანშლაგი

სავსეა დარბაზი. საბჭოთა ხელოვნების ოსტატები ხელმძღვანელებთან შეხვედრის მოლოდინში გატრუნულან. ჩამოწვა მძიმე პაუზა. უეცრად კულისებიდან გამოვარდა... ფარაჯანოვი. მაესტრო ავანსცენის შუაში გაჩერდა.

- Встать! - უეცრად დაიღრიალა რეჟისორმა. ერთბაშად წამოხტა მთელი დარბაზი.

სერგომ თვალი გადაავლო პარტერს.

- კეთილი... თქვენ წინაშეა გენიოსი! - Mწყნარად, მაგრამ ხმამაღლა აუწყა ყველას ფარაჯანოვმა, - დაბრძანდით! - და ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც შემოვარდა...

Pieta

ყველასათვის მოულოდნელად წაქცეულმა ვეება ჭადარმა გადაღობა ფარაჯანოვის სახლისკენ მიმავალი ვიწრო ქუჩა მთაწმინდაზე. ნაფოტებად იქცა ჩუქურთმებიანი თბილისური აივანი, რომელსაც საუკუნოვანი სქელი ზრო დაეცა.

- ბიჭო, კიდევ კარგი, არავის თავში არ რეკა, თორემ, - მიმართავდა შეკრებილთ სერგოს მეზობელი ხანდაზმული ქურთი.

იძულებული გავხდი, კატასტროფის ადგილისთვის გვერდი ამევლო და ზედა ქუჩიდან მივადექი მასპინძლის სადარბაზოს კარებს.

- გახსოვს, ჩემი კინო რითი დავიწყე?.. - მომმართა ჭაღარა მაესტრომ.

ცხადია, მახსოვდა. ეს იყო მეზობლის სახლის სადარბაზოს ნიშში ჩადგმული თეთრი ბარელიეფი - დოქიანი რომაელი ქალი. ბავშვობაში ფარაჯანოვი საათობით შესცქეროდა თეთრ მანდილოსანს, ათასგვარ ამბავს თხზავდა და თანატოლებს უყვებოდა.

- ასე, ჩემო კარგო, - განაგრძო კინორეჟისორმა, - ბარელიეფი გაქრა... ყოველთვის, როცა შინ ვბრუნდებოდი შორეული მოგზაურობიდან, იქით მივიჩქაროდი. გუშინაც მივედი. ცარიელი ნიშიღა დამხვდა. დასაწყისი აღარ არსებობს! - ეს კი დასასრულია, - დალეწილი ტოტებისკენ გაიშვირა ხელი, - ყოველდღე მის ვარჯქვეშ გავივლიდი რუსთაველზე ჩასვლისას! მაგრამ... ყველაფერს აქვს ამქვეყნად დასაწყისი და დასასრული, ისევე, როგორც კინოში...