"ვინ მოგცათ უფლება, ჩაერიოთ ჩემს სამკურნალო პროცესებსა და მეთოდებში" - კვირის პალიტრა

"ვინ მოგცათ უფლება, ჩაერიოთ ჩემს სამკურნალო პროცესებსა და მეთოდებში"

"რა კავშირია "სასწაულმოქმედ ტრუსებსა" და "პარაფსიქოლოგიის მამად" წოდებულ ლომაიას შორის?

"კვირის პლიტრის" წინა ნომერში წერილის "სად გაქრა პარაფსიქოლოგიის მამა"?! გამოქვეყნების შემდეგ, ბატონი ირაკლი ლომაია დაგვიკავშირდა და მოითხოვა მის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი რედაქციაში მოგვართმევდა, არც ერთი სიტყვა არ ჩაგვესწორებინა. საქმე ის არის, რომ ბატონი ლომაიას წერილი საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა, ამიტომ მისი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, მხოლოდ ამონარიდებს ვბეჭდავთ, სადაც როგორც მისმა ადვოკატმა გვითხრა, "პარაფსიქოლოგიის მამა" "დასაბუთებულ ბრალდებებს" გვიყენებს.

"ეს წერილი პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიაზე, რბილად რომ ვთქვათ, ბევრ უზუსტობას შეიცავდა და მათ შორის პირველი ალბათ ის იყო, რომ ბრალდებების მთელ ამ კასკადს თავად ირაკლი ლომაიას კომენტარი არ ახლდა, რომლის მოძებნასაც ჟურნალისტი ეტყობა იმდენად "გულმოდგინედ" ცდილობდა, რომ სულ გადაავიწყდა, - საქართველოს საზღვრებს გარეთ არც "მაგთი" და არც "ჯეოსელი" არ იჭერს (ალბათ, პარაფსიქოლოგს გადაავიწყდა,  რომ როუმინგი არსებობს. - ავტ.) და მის მობილურებზე რეკვა უაზრობა იქნებოდა.

დავიწყოთ იმით, რომ ამ წერილის ავტორის დასაცინი ნამდვილად არ არის არც სენაკი და არც სენაკელი ბიჭი. არა მგონია, თვითონ პარიზელი არისტოკრატი იყოს. მისგან განსხვავებით მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. რაც შეეხება "პარაფსიქოლოგიის მამას" - ეს ტიტული, რომელიც ჩემთვის შეუფასებელი და საამაყოა, ხალხმა მომანიჭა.

როგორც ჩანს ქ-ნი ხათუნა მწყრალად უნდა იყოს ქართულ გრამატიკასთან, რაც მისი პროფესიის პატრონს ნამდვილად არ ეპატიება. იქნებ ამიხსნას, რას ნიშნავს სიტყვა "აითესა"?..

...რაც შეეხება პარაფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას, უკაცრავად, მაგრამ თვითონვე უშვებს გაუთვითცნობიერებულ შეცდომას, სადაც წერს, რომ თურმე თავად ბრძანდებოდა და დაუკავებია რიგი ჩემთან შესახვედრად. მინდა დავეხმარო მას და მივუთითო, სად და ვის მიმართოს იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა მსგავსი ლიცენზია და რატომ არავინ დაინტერესდა ამის შესახებ ჩემი მოღვაწეობის 9 წლის მანძილზე, ან არსებულ ლიცენზიაში თბილისის "საქპატენტ"-ში რატომ მახდევინებდნენ საკმაოდ სოლიდურ გადასახადს?..

...ის ფაქტი, რომ მე თვითოეული პაციენტისგან 236 ლარს ვიღებდი და ეს კრიმინალია, მაშინ დამისახელოს  თანხა, რასაც პაციენტები კლასიკურ მედიცინაში იხდიან, თუნდაც ერთი ვიზიტის შემთხვევაში. დამისახელოს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩემი ორგანიზაციისაგან განსხვავებით, დასაბუთებულ და წერილობით მკურნალობის გარანტიას აძლევს პაციენტს. მეტიც, განუკურნებლობის შემთხვევაში ვინმე უბრუნებს პაციენტს გადახდილი თანხის 80%-ს? არც ის ვიცოდი, თუ პაციენტებისაგან ნებართვა უნდა ამეღო, რომ წელიწადში ერთხელ მეც დავისვენო...

...ვერ ვხედავ ლოგიკას თქვენს მონათხრობში, სადაც წერთ, რომ უამრავი პაციენტი მყავდა, რომლებიც თვეობით იდგა რიგში. ხომ ვერ მეტყვით, რაღად მინდოდა დაქირავებული ხალხი ჩემს საქებრად? შემაძრწუნებელი და მართლაც ამაზრზენია თქვენი აზროვნება იმის თაობაზე, რომ დედას თურმე ვპირდები გარდაცვლილი შვილის სულთან შეხვედრას. რაც შეეხება სითხეს, რომელიც თქვენ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ არ გეღირსათ, არანაირად არ არის "სასწაულმოქმედი", როგორც თქვენ ბრძანებთ. ვინ მოგცათ უფლება ჩაერიოთ ექიმის სამკურნალო პროცესებსა და მეთოდებში, თუ თქვენ არ ხართ ამ საქმის სპეციალისტი? ცნობისათვის, ჩემთან მოსულ ადამიანებს, თქვენგან განსხვავებით, ქონდათ რწმენა და სჯეროდათ ჩემი. თქვენი მსგავსი თაღლითი და ყალბი პაციენტი ნამდვილად არასოდეს მყოლია. ალბათ ამიტომაც არ ინება ღმერთმა ჩვენი შეხვედრა...

...ყველაზე სასაცილო და ამავდროულად უაზრო წინადადებამ გამაოცა. ეტყობა, კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, ამდენ საჯაროდ ლანძღვასთან და შეურაცხყოფასთან ერთად წერთ, რომ არასოდეს არც ერთ პაციენტს ჩემთვის ჯერ არ უჩივლია და უმეტესობა თურმე ჩემს მზესაც კი ფიცულობს. ხომ ვერ მეტყვით, რატომ? რაც შეეხება ბ-ნ დავით ზურაბაშვილის კომენტარს, ასე ვუპასუხებდი: ბატონო დავით! ჩემთან არაერთი პაციენტი მოსულა თქვენი გამოგზავნილი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ თქვენივე თხოვნით, არ გაემხილათ, რომ თქვენგან იყვნენ მოსულები. რაშია საქმე? ახალგაზრდა სპეციალისტის პაციენტთა დიდმა რიგებმა აგაფორიაქათ კლასიკური მედიცინის წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეული წლების წინ ჩემი გაქრობის მცდელობასაც კი გეგმავდნენ? თქვენგან ცილის წამებაა ის, რომ მე თურმე ყველა დაავადებას ვკურნავ მაშინ, როდესაც ჩემი პასუხი სრულიად სხვა იყო. თქვენგან განსხვავებით, პაციენტებს არ ვუნიშნავ ერთი და იგივე მედიკამენტს, როგორიცაა ლუმინალი და სხვა ძლიერი დამამშვიდებელი მედიკამენტები და როდესაც შედეგს ვერ ნახავს, არ ვეუბნები, რომ ორგანიზმი ინდივიდუალურია. ეს სიტყვები თქვენგან მოსული პაციენტებისაგან არაერთხელ მომისმენია. ალბათ გახსოვთ, ჩვენი დიალოგი გადაცემა "ტაბუ"-ს შემდეგ. თქვენ ბრძანეთ: "მე მწამს და მჯერა თქვენი მეთოდებით, მაგრამ ეს რომ საჯაროდ ვაღიარო, მერწმუნე სამსახურიდან დამითხოვენო", რასაც მოწმედ ესწრებოდა ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონი.

რაც შეეხება ლიცენზიას, კლასიკური მედიცინის მუშაკზე გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია. არატრადიციული მედიცინა კი, რასაც პარაფსიქოლოგია ჰქვია, ლიცენზიას გასცემს საქართველოში, კერძოდ თბილისში ჭავჭავაძის I ჩიხი, #6-ში არსებული დეპარტამენტის საპატენტო რეესტრის სექტორის უფროსი თამარ ნანიკაშვილი, რომლის სახელწოდებაა - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", როგორც ერთადერთი დამაარსებელი პარაფსიქოლოგიური ცენტრი ამიერკავკასიაში, როგორც ბიო-ენერგეტიკოსი და ხომერიკის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, გაცემულია ჩემზე ეს ლიცენზია. პროფესიონალმა ჟურნალისტმა ასეთ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს დანიშნულების ადგილს, რამეთუ ეს იგივეა, რომ ფეხმძიმე ქალი გინეკოლოგის ნაცვლად მივიდეს ვეტექიმთან ან დავით ზურაბაშვილთან...

...თქვენს ადგილას მე ღმერთს ავხედავდი და პატიებას ვთხოვდი. როგორც სპეციალისტი, მინდა გამცნოთ, რომ თქვენ ძალზე დაბინძურებული აურა გაქვთ, რაც აუცილებლად აისახება თქვენს მომავალ ცხოვრებაში. განვმეორდები: ცილის წამება უდიდესი ცოდვაა! ღმერთი იყოს თქვენი მსაჯული".

(სტილი დაცულია):

მე, როგორც უვიცმა და გაუნათლებელმა ჟურნალისტმა, ირაკლი ლომაიას შეგონებები მივიღე, ვირწმუნე და საქმის არსში გასარკვევად "საქპატენტს" მივმართე. მართალია,  გამიკვირდა, ლომაიამ რომ "საქპატენტისაკენ" მიგვითითა (პატენტის გაცემა სამკურნალო ხერხებზე საქართველოს კანონმდებლობით კარგა ხნის წინ აიკრძალა), რადგან სამკურნალო საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ორგანო - ჯანდაცვის სამინისტროა. ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ 1994 წელს ბატონ  ხომერიკს აუღია პატენტი სახელწოდებით "ხომერიკის ადამიანის ბიოენერგო-კორექციის ხერხი". როგორც ქალბატონმა თამარ ნანიკაშვილმა გაგვიმარტა, სწორედ ამ პატენტის გამოყენების უფლება, ანუ იგივე ლიცენზია უყიდია ბატონ ლომაიას. როგორც კი ბატონი ხომერიკის გვარი გავიგე, მაშინვე გამახსენდა, 90-იან წლებში ყბადაღებული "ტრუსი-ხომერის" ამბავი. ერთი სიტყვით, ბატონი ხომერიკი მუხტავდა წყალს, რომელშიც ავლებდნენ ქსოვილს და შემდეგ კერავდნენ "სასწაულმოქმედ" ტრუსებს, რომლებიც, სხვათა შორის, 25 დოლარი ღირდა. ეგეც არ იყოს, ამ პატენტის ლიცენზიის მფლობელისაგან იმის მტკიცება, ქართული პარაფსიქოლოგიის მამა ვარო,  ნამდვილად უხერხულია, რადგან პარაფსიქოლოგიის მამის ტიტული ასეთ შემთხვევაში  ბატონ ლომაიას კი არა, აწ განსვენებულ ხომერიკს ეკუთვნის. ეტყობა, ჩემი "დაბინძურებული აურის" პატრონს მოჩვენებებიც დამეწყო. მას შემდეგ, რაც ბატონმა ლომაიამ განრისხებულმა დაგვირეკა და გვამცნო, რომ ის ძალზე შორიდან, კერძოდ კი ამერიკიდან გვირეკავდა, რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ "იმედის" საინფორმაციო პროგრამაში ჩაერთო და განაცხადა, უკრაინაში ვიმყოფებიო. შეიძლება ითქვას, სასწაულმოქმედი პარაფსიქოლოგისგან ეს რა გასაკვირი უნდა იყოს. რა პრობლემაა, ერთდროულად ამერიკასა და უკრაინაში ყოფნა, ეს ხომ პარაფსიქოლოგიის ერთი ჩვეულებრივი მანიპულაციაა, რომელსაც ჩემისთანა გაუნათლებელი ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ვერ ჩასწვდებიან.

ახლა რაც შეეხება ბატონ დავით ზურაბაშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ დავითს და ვთხოვეთ, გულწრფელად ეღიარებინა ლომაიას სასწაულმოქმედი ძალა და ისიც გაემხილა, რომ პაციენტებს ლომაიასთან გზავნის სამკურნალოდ, მაგრამ საუბედუროდ, ბატონი დავითი არ გატყდა: "რა ვთქვა, მითხარით? რა კომენტარი გავაკეთო? იქნებ ჩემი კომენტარის გაკეთებამდე დაასახელოს ლომაიამ, ვინ იყო ის ცნობილი ქალბატონი, იმ არარსებულ საუბარს რომ შეესწრო? რაც შეეხება ლუმინალს, ფსიქიატრიაში ლუმინალს საერთოდ არ ვნიშნავთ".

მას შემდეგ, რაც ლომაიამ პარაფსიქოლოგობასთან ერთად ენათმეცნიერის ფუნქციებიც შეითავსა და იმის კვლევა დაიწყო, საიდან ნორმალურ ოჯახში აღზრდილს ასეთი უწმაწური ჟარგონი "აითესა", მინდა ბატონ ლომაიას შრომა შევუმსუბუქო და ვამცნო, რომ ენა სალიტერატურო სიტყვების გარდა, ისეთ ცნებებსაც იცნობს, როგორიცაა ჟარგონი და სლენგი და მის საქციელს ყველაზე კარგად და მორგებულად სწორედ "აითესა" შეესაბამება. ლომაიას ბრალდებებზე პასუხი ჩემი მიზანი სრულებითაც არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამცნო, რომ დაბინძურებული აურა მაქვს და ცხოვრებაში პრობლემებიც არ ამცდება, მაშინვე ჩემი დაბინძურებული აურის გასუფთავებაზე დავიწყე ზრუნვა და ჰოი საოცრებავ, მხსნელად ისევ ლომაია არ მომევლინა? ლომაია ინტერნეტით საზოგადოებას სთავაზობს თავის დასხივებულ სურათს, რომელიც ნებისმიერი დაავადებული ორგანოს(!) სამკურნალოდ გამოიყენება, ოღონდ საიტიდან გადაწერილი არ ვარგა, რადგან დამუხტული ენერგეტიკული ბიოენერგოკორექცია არ ასხივებსო. დასხივებული და მოქმედი სურათი კი 30 დოლარი და 99 ცენტი ღირებულა.

P.S. ახლა ისღა დამრჩენია, სასწრაფოდ 30 დოლარი და 99 ცენტი გავახაზირო და ლომაიას სურათის ბიოენერგოკორექციის სხივებით განვიკურნო.