ტკივილად გაჰყვა შუაწელში გადატეხილი საქართველო - კვირის პალიტრა

ტკივილად გაჰყვა შუაწელში გადატეხილი საქართველო

ქართლს როგორც კი ვახსენებ ან დიდი და პატარა ლიახვი გამახსენდება, მაშინვე თვალწინ დამიდგება მერაბ ელიოზიშვილი - ქართლივით მადლიანი, ღონიერი და ძარღვიანი სიტყვის პატრონი.

მას მერე, რაც ქართველებს შიდა ქართლი დაგვიობლდა, მამობრივ სიტყვას არ აკლებდა, შორიდან ეფერებოდა და ესიყვარულებოდა, ჭირისუფლობდა... ისე არ გაიგოთ, რომ მხოლოდ შორი, კერიაგაციებული გრძნობა ჰქონდა მამულთან. იძულებით იყო აგლეჯილი მიწას, რომელიც დაუხნავს და დაუთესავს კიდეც, დაუმყნია და მოსავალიც მოუწევია. მისი ვენახის ღვინით ვის აღარ აუწევია მამულის სადიდებელი. მერე და მერე მიხვდა, ზოგიერთისათვის საქართველოს შეგრძნება სუფრის იქით აღარ მიდიოდა. აკი, შედეგიც მალე დადგა...

ის იყო კაცი, რომელმაც ცხინვალში რუსის ჯარის მიერ გადათხრილი მიწიდან წინაპრების ძვლები სათითაოდ მოაგროვა და საკუთარ ეზოში გადაასვენა, რომ იქ მაინც დაეცვა გათელვისაგან...

ის იყო კაცი, რომელმაც წმინდა ნინოს გზა გაიარა და სიყვარულის სახელით სულიერი ზრდა შეძლო...

მაშინაც, როცა თავის ეკლესიაში მრევლის წინ იდგა და ლოცულობდა, მაშინაც, როცა მაგიდას უჯდა და არეულ ფურცლებზე თავისი სიტყვის მარგალიტებს არიგებდა - ერთნაირი იყო: გულწრფელი, ტკივილით სავსე და სიყვარულით ამაღლებული...

"ერედვი, ქართლის მერვედიო", - ჩაიბუბუნ-ჩაიღიღინებდა და თავისი მეცხრე სართულის ბინიდან ლოცვას გადაავლებდა ფაციფუცში ჩართულ თბილისს: გლახაკთა ხელის აღმპყრობელო და ტყვეთა განმათავისუფლებელოო, - წმინდა გიორგის ევედრებოდა, - ქართლი დაგვიბრუნეო, თავის მერვედი ერედვითა და თავისი ქართული საფლავებითო.

არაერთხელ უთქვამს ჩემთვის:

- ერთ დონეზე ვარ გულგახეთქილობისა, მას მერე, რაც ცხინვალიდან გამოგვყარეს 18 წლის წინ... ასე გაგრძელდა და გაგრძელდა. თან იმას ვფიქრობ, ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინესავით არ მოგვივიდეს, ჯერ თუ დაიხოცა ქართველობა და მერე გავთავისუფლდით, კარგი დახლი დაგვიდგება. რუსის ჯარმა პურის ყანები გადაწვა! თემურ ლენგი პირველად მაგას აკეთებდა. სადაც შევიდოდა, გადაწვავდა ყველაფერს  და მერე მშიერ და მწყურვალ ხალხს ადვილად ანადგურებდა...

1804 წლის კახეთის აჯანყება გამახსენდა: მეურმეები ერთხელ გაიყვანეს ბეგარაზე, მეორედაც ისევ მათ დაუძახეს. დაიღალნენ, ჩამოწყდნენ, თავიანთი საქმეც ხომ ჰქონდათ, ვაზისთვის უნდა მოევლოთ, ოჯახისთვის. აბუნტდნენ. რუსმა ოფიცრებმა გაშოლტეს კახელი გლეხები, ცოლები  წამოუქციეს, ფეხმძიმე ქალებს ნავთი ასხეს საშოში... ეს ისტორიულად ცნობილი ფაქტია. დაახლოებით ამ დროს  ერწო-თიანეთში ოსები აჯანყდნენ. ისინი ჩვენ კი არ აგვიჯანყდნენ, რუსებს აუჯანყდნენ. ისინიც ეგრე გაშოლტეს და გაჟლიტეს, მეტი უყვეს კიდევ... თავკაცებს კატები დაუკლეს, კატა ოსის წმინდა ცხოველად ითვლებოდა... ის კატები უწმინდურებაში აურიეს და აჭამეს... ის ოსებიც რუსეთის დამპალი ბატონობის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ჩვენ ერთობაში ვიყავით, ვინც საქართველოში ვცხოვრობდით. მერე მოინდომეს გვირაბის იქით მიერთება. აფხაზებმაც დაივიწყეს, რუსებმა რომ ხალხი ციმბირს იქით გაუსახლეს. სოხუმიდან ცხინვალამდე გამოატარე ოსი - აქედან, აფხაზი - იქიდან... ერთზე არ გეტყვიან, ეს ადამიანია და ჩვენ მაგას პატივსა ვცემთო, ერთ კაცს არ ეტყვიან გამარჯობას... ასე ძაღლუმადურად როგორ არიან რუსის დაქოქილები. ასე როგორ დაივიწყეს ყველაფერი... ეს ქვეყანა როგორ უნდა გადაერჯულებინათ ასე... შესანახი ქვეყანა იყო, გასაწვრთნელი იმ ყაიდაში, ხასიათში, როგორებიც ვართ და უნდა ვიყოთ საერთოდ. ისეთებად კი არ უნდა ვქცეულიყავით, გინდა აფხაზი და გინდა ოსი, რომ ავისგან კარგი არ გაგვერჩია... გინდა კიდევ ქართველი - მაღაზიაში რომ დადგება, გატყუებს და უხარია. ასეთი ბაზრობანა რომ დამთავრდეს, ამას დიდი ყურადღება უნდა, დიდი სიყვარული, დიდი ქართველების ჩარევა...

პარლამენტარებმა თავიანთი ხელფასის ნახევარი დადესო გაჭირვებულთა დასახმარებლად. კი ბატონო, ნეტა ისე იყოს, რომ ყოველ თვეში საქველმოქმედო საქმე აკეთონ. რად უნდა მეჯავრებოდეს მე პარლამენტარი? ქვეყანას უშველონ რამე და აჰა, დღესვე ამიწევია ორთავ ხელი!

ადრეც დავწერე, ებრაელმა რა დაკარგა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ისწავლა, სიყვარული წაიღო აქედან თავის სამშობლოში. ოსი რას დაკარგავს უჩვენოდ? - იმას, რასაც ებრაელი არ დაკარგავს-მეთქი. სიყვარულს... მაგათ კი წასვლა არსად უნდათ, მიწიანად უნდათ რუსეთს მიუერთდნენ. მიწას იგებენ თავიანთი დამპყრობლებისათვის. აღარ ახსოვთ ისტორია.

ისტორიულად ჩვენ ვიყავით აქო... როგორო, კავკასიონი მერე ამოვიდაო?.. ახლა უკვე ნატრულები არიან ბევრი რამისა და მომავალში კიდევ ბევრის ნატრულნი გახდებიან. ორმოცი სოფელი ჩამოვთვალე, რომლებსაც გვეცილებიან. სულ ქართული სახელებია, ენა არ მოგიბრუნდება იმის სათქმელად ქართული სახელი არ არისო: ყორნისი, წუნარი, თიღვა, თირი, თამარაშენი...

ხალხს ლაპარაკის სურვილიც აღარ აქვს. ტელევიზორში რომ აჩვენებენ ქართლელ ქალებს, მეტირება... ხმას ვერ იღებენ გამწარებულები. ქართლი თუ ასე გადაიხნა, საქართველო როგორც შუაზე გაჩეხილი, ისე დარჩება. რუკაზე დახედვა აღარ მინდა... ქვეყანა მოსავლელი იყო, ჩვენ კიდევ მხარგაშლილობით და ხელგაშლილობით ვეკიდებოდით ყველაფერს. ეგრე არ არის! დოლ-გარმონის დრო იყო?!

მთავარია, რომ მოგვისწროს ქართველებს ცოცხლებს ევროკავშირისა და მსოფლიოს სწორი გადაწყვეტილების საქმიანმა შედეგმა... ისე არ დაგვემართოს, მოლა მოკვდა და ფლავი ჩააყარესო...

ახალ წელს ყოველთვის გულიანად გვილოცავდა. განსაკუთრებულად შობას ხვდებოდა. შობა ხომ ყველაზე დიდი დღესასწაული და ყველაზე დიდი ბედნიერებააო, - ამბობდა... მერე თავისი მართლაც ღონიერი ქართული სიტყვით შობის დაუვიწყარ სურათს ხატავდა, იმედიანს, სიყვარულიანს!

2012 წლის შობას უკვე ზეციურ საქართველოში შეხვდა, 4 იანვარს მისი სული განეშორა სნეულ სხეულს... ტკივილად გაჰყვა შუაწელში გადატეხილი საქართველო, ოცნებად - ძლიერი, ერთიანი სამშობლოს აღდგენა...

ლელა ჯიყაშვილი