გამაოგნებელი პასუხი - კვირის პალიტრა

გამაოგნებელი პასუხი

"გამგებელს ეს ქვეყანა პაპის დანატოვარი დუქანი ჰგონია"

ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის მიერ "ფეისბუქით" გავრცელებულმა ფოტომ მოკლე დროში ათასობით დამთვალიერებელ-გამზიარებელი შეიძინა. საქმე ეხება ხარაგაულის რაიონის გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტის ასლს. დოკუმენტის შინაარსის მიხედვით, რეგიონული გაზეთის, "ჩემი ხარაგაულის" მთავარმა რედაქტორმა გამგებელს ოფიციალურად  მიმართა თხოვნით, მისთვის წარედგინათ ხარაგაულში ჩატარებული საახალწლო ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვა. პასუხად მცირე მოცულობის, მაგრამ გამაოგნებელი შინაარსის ტექსტი მიიღო, რომელშიც ჩანს სახელმწიფო მოხელის აგდებული დამოკიდებულება არა მარტო მედიის, არამედ საზოგადოების მიმართ. "კვირის პალიტრა“ "ჩემი ხარაგაულის" რედაქციას დაუკავშირდა.

ლაურა გოგოლაძე, "ჩემი ხარაგაულის” მთავარი რედაქტორი:

- თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გაცნობებთ, რომ  ჩვენ მიერ ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები ხარჯთაღრიცხვის შედგენას არ საჭიროებსო, მომწერეს გამგეობიდან(!). ამ გამაოგნებელ პასუხს ხელს მუნიციპალიტეტის გამგებელი თორნიკე ავალიშვილი აწერს.

ძალიანაც არ გამკვირვებია, რადგან ჩვენი რაიონის გამგებელს ახასიათებს ასეთი უცნაური“ პასუხები. მეტიც, ის ატყუებს ხოლმე მასზე რანგით მაღლა მდგომებს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარეს და ქვეყნის პრეზიდენტს. ყოველი წლის ათ დეკემბერს მუნიციპალიტეტებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი საჯარო ინფორმაცია გასცეს. ავალიშვილმა ზემდგომებისადმი გაგზავნილ წერილში სხვა მაჩვენებელი ჩაწერა, ჩემთან გამოგზავნილ წერილში კი - სხვა. პრეზიდენტსა და პარლამენტს მისწერა, რაც მკითხეს, ყველაფერზე გავეცი პასუხიო, მე კი სიმართლე მითხრა. სავარაუდოდ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ იფიქრა, ტყუილის შემთხვევაში ხმაურს ავტეხდი. იმდენი ვეღარ მოიფიქრა, რომ პარლამენტიდან და კანცელარიიდანაც შეგიძლია მიიღო საჯარო ინფორმაცია და გამგებლის ნათქვამი შეამოწმო.

აი, დღეს დილით მისგან კიდევ ერთი გამაოგნებელი ინფორმაცია მოვისმინე: სოფელ ბორითში ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ააშენა საავადმყოფო, რომლის აშენება და გამართვა 2.300.000 ლარი დაჯდა. უცხოეთიდან ჩამოატანინა საუკეთესო ტექნიკა და იქიდანვე მოწვეულ სპეციალისტებს დაამონტაჟებინა. მას ასევე განზრახული ჰქონდა კვალიფიკაციის ამაღლება იმ სპეციალისტებისათვის, ვისაც ამ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკასთან უნდა ემუშავა. ასეთი სპეციალისტები ჯერ არ ჩანან, ეგ კი არა, საავადმყოფოში სამონტაჟო სამუშაოების დასრულების უფლებასაც არ აძლევენ მშენებლებს და ისინიც სახელმწიფოს წერილს  წერილზე უგზავნიან, ან ასეთ პირობებში ჩაიბარეთ შენობა, ან დამავრების საშუალება მოგვეცითო. როგორც ავალიშვილის საუბრიდან შევიტყვე, სახელმწიფო შენობის ტექნიკიანად მიტაცებას აპირებს და მალე, ალბათ, ზარ-ზეიმით გახსნის მას ქვეყნის პრეზიდენტი. თორნიკე ავალიშვილი აცხადებს, ეს საავადმყოფო უკვე სახელმწიფოსიაო. ეგ როგორ-მეთქი? აი, ასე, მიწა სახელმწიფოსია და ზედ რაც შენდება, ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, ვინ აშენებს მასო.

პ.ს. ხარაგაულში ანეკდოტებს ჰყვებიან ავალიშვილის და ჟურნალისტების ურთიერთობაზე. გაზეთ„"ჩემი ხარაგაულის" რედაქცია მუნიციპალიტეტის მეზობლად არის, ერთი კარიდან გამოსვლა და იქვე მეორე კარში შესვლაა საჭირო, გამგებლის მისაღებში რომ მოხვდე. მიუხედავად ამისა, გამგებელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რედაქციაში ფოსტის გარეშე კითხვებზე პასუხის გამოგზავნას. მისი კურიერი კიბეზე ჩავა, გადავა გზის მეორე მხარეს, მიადგება ფოსტას, მარკებს დაარტყამენ კონვერტს (თითოეული მარკა 2 ლარამდე ღირს), შემდეგ კი ფოსტას მიაქვს წერილი ჟურნალისტებთან.

ეს არ გაგვიკვირდებოდა, გამგებელი სხვა მხრივაც ასე მოწესრიგებული რომ იყოს და გულმოდგინედ იცავდეს წესსა და კანონს. რამდენიმე წელია,  ხარაგაულის გამგებელი ავალიშვილია და ამ ხნის განმავლობაში იქაურები ხედავენ, როგორ არ უღირს სახელმწიფო მოხელეს კანონი და სამართალი ჩირად, დედამიწა თუ არა, ხარაგაული მაინც ქალამანი ან პაპამისის დატოვებული დუქანი ჰგონია და წესსა და სამართალსაც თვითონვე ამკვიდრებს. ამის მაგალითიც გვაქვს. ცოტა ხნის წინ ხარაგაულში ანსამბლი "მგზავრები" ჰყოლიათ მიწვეული, რომელთა სტუმრობა დაახლოებით 9.300 ლარი დამჯდარა. ხარაგაულელები ვარაუდობენ, რომ მალე "მგზავრები"”ჩვეულებრივ მგზავრებად გადაიქცევიან და გამგებელი იტყვის, თავიანთი "ხოდით" მოვიდნენ, ბატონო, ხარჯთაღრიცხვა რაზე უნდა შემედგინაო. არადა, რაღა უნდა თქვა, როცა სახელმწიფო მოხელემ, თანაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, არ იცის, როგორ უნდა განკარგოს საბიუჯეტო ხარჯები, რომელიც ჰაერიდან მოსული ფული კი არა, ჩვენი, თითოეული მოქალაქის, გადასახადების გადამხდელთა ფულია და მისი თვითნებურად ხარჯვა უკანონობა და თავგასულობაა.

P.P.S. "კვირის პალიტრამ" ისიც შეიტყო, რომ რაიონში ხელს უშლიან არასასურველი ადგილობრივი თუ ცენტრალური მედიასაშუალებების გავრცელებას. "ჩემი ხარაგაულის" რედაქცია დახლზე გასაყიდად ვერ დებს თავის გაზეთს, ამიტომ იძულებულია, სოფლებში კარდაკარ იაროს და ასე მიაწვდინოს ინფორმაცია ხალხს, რომელსაც სამთავრობოდ ქცეული ტელევიზიებით ურეცხავენ ტვინს და არწმუნებენ, რომ "ცხოვრება მშვენიერია".  ჩამოდით ხარაგაულში და უთხარით ქვეყანას, რა ხდება ამ პატარა რაიონში, რა სისაძაგლეს სჩადიან ჩინოსნები, ჩამოდით, გთხოვთო, - იხვეწებიან ხარაგაულელები.