ყველაზე უბედურ ერებს შორის საქართველოც დასახელდა - კვირის პალიტრა

ყველაზე უბედურ ერებს შორის საქართველოც დასახელდა

ბედნიერების განმსაზღვრელი მსოფლიო ბარომეტრის მიხედვით, ამჟამად დედამიწის მოსახლეობის 53%-ია ბედნიერი.

კომპანია "გელაპის" (საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 58 სხვადასხვა ქვეყნის 53 ათასი მცხოვრები მონაწილეობდა, გამოავლინა, რომ ბედნიერების მაჩვენებელი ხშირად ნაკლებად არის დაკავშირებული მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნიან რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას, ნაკლებად ბედნიერნი არიან (27%), ვიდრე მორწმუნენი, მაგალითად, ქრისტიანები - 54%, იუდეველები - 50%, მუსლიმანები - 42%, ინდუისტები - 43%.

ყველაზე ბედნიერები ფიჯის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ – ბედნიერების მაჩვენებელი აქ 85%-ია. ნიგერიაში - 84%, ჰოლანდიაში - 77%, შვეიცარიაში - 76%, კოლუმბიაში - 71%, ფინეთში - 70%, გერმანიაში - 68%, ისლანდიაში - 66%, დანიაში - 64%, ბრაზილიაში - 63%.

აშკარაა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ამა თუ იმ ქვეყანაში მოსახლეობის ბედნიერების ხარისხზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.

"გელაპის" მონაცემებით, ყველაზე უბედურები ცხოვრობენ: რუმინეთში, ეგვიპტეში, ლიტვაში, სერბეთსა და პალესტინაში. ამ ჯგუფში ასევე მოხვდნენ: ჩეხეთი, საქართველო, ირლანდია, რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი, მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, უკრაინა, ინდოეთი და სხვ.

არსებობს ქვეყნები, სადაც მოსახლეობას დაბალი ან საშუალო შემოსავალი აქვს, თუმცა მაღალი ეკონომიკური მდგომარეობით გამორჩეულ ქვეყნებთან შედარებით, თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობს. ესენია - სამხრეთ კორეა, ისლანდია, საუდის არაბეთი, არგენტინა, მალაიზია, პერუ, აზერბაიჯანი და სხვ.