მკვლელი მშობლები! - კვირის პალიტრა

მკვლელი მშობლები!

"ჩვენ ველურები არ ვართ, მაგრამ მივიღეთ დეგრადაციის პირას მყოფი საზოგადოება"

"ბეიბი ბოქსი" - სიცოცხლის ყუთი?!

"ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და ის უნდა გადარჩეს!"

არ ყოფილა შემთხვევა, როცა მამაკაცი ნებით იღებს პასუხისმგებლობას ქალისა და ბავშვის წინაშე... სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები - 2000 წლიდან 2010 წლის ჩათვლით 26 ათასზე მეტი მარტოხელა დედა იძულებული გახდა, შვილისთვის თავისი გვარი მიეცა, რადგან მამებმა მამობის აღიარება არ ისურვეს

"თბილისში და ალბათ, საქართველოს სხვა ქალაქებშიც, სამშობიაროებთან სპეციალური ყუთები, ეგრეთ წოდებული "ბეიბი ბოქსები" დაიდგმება. ქალებს, რომლებსაც სურთ, მოიშორონ არასასურველი ბავშვი, შეეძლებათ მშობიარობისთანავე ამ ყუთში მოათავსონ ჩვილი და არ გაწირონ სასიკვდილოდ, არ მიაგდონ საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, ნაგავსაყრელებზე ან სოფლის საპირფარეშოებში. ყუთებში დაცული იქნება ბავშვის სიცოცხლისთვის აუცილებელი ტემპერატურა. მასში უცხო სხეულის მოთავსებისთანავე სამშობიაროს გადაეცემა სიგნალი, მედპერსონალი პატარას მიაკითხავს და მის მომავალზე იზრუნებს. ასეთი ჩვილების დედები გათავისუფლდებიან სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პატარები კი გაშვილების პროგრამაში ჩაერთვებიან", - ეს იდეა არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ინიციატივით განხორციელდება, მაგრამ მანამდე საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიხვეწოს.  შემაძრწუნებელია ჩვილი ბავშვების ცხედრების რაოდენობის ამსახველი სტატისტიკა. ეს რიცხვი ბოლო წლებში ათეულებს აჭარბებს. სამართალდამცველთა ვარაუდით, სურათი უფრო თავზარდამცემი იქნებოდა, სოფლებში არსებული მდგომარეობის სრულად ასახვაც რომ იყოს შესაძლებელი. ამბობენ, უკანონო ბავშვებს სოფლებში ხშირად უკვალოდ აქრობენო(?!) რა აქცევს ქალს შვილის მკვლელად? "ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა" სცადა მიზეზების დადგენა და ხანგრძლივი კვლევა ჩაატარა. შედეგები საგანგაშოა.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე  23 წლისაა. ცხოვრობს რაიონში. აქვს საშუალო განათლება. გაუთხოვარია, მაგრამ არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად დაფეხმძიმდა. ორსულობა დამალა. იმშობიარა მარტომ, ჩუმად, საკუთარი სახლის საპირფარეშოში. ახალშობილი გადამალა ნაგვის ყუთში. მშობიარობის შედეგად გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღიარა, რომ იყო ფეხმძიმედ, იმშობიარა და მიუთითა, სად გადამალა ბავშვი. ჩვილი გარდაცვლილი დახვდათ. ქალი ცხოვრობს მშობლების სახლში. აქვს კონფლიქტური ურთიერთობა მამასთან, რომელიც ფიზიკურად შეურაცხყოფს მასაც და დედამისსაც. ქალი უმუშევარია, დამოკიდებულია მშობლების შემოსავალზე - ეს არის 200-300 ლარი თვეში.

გამოკითხვის კიდევ ერთი მონაწილე 26 წლისაა. გათხოვილია. ჰყავდა ერთი შვილი, რომელიც დედამთილის თვალწინ, განერვიულებულმა იმის გამო, რომ ბავშვს შიოდა და ტირილს არ წყვეტდა, მეორე სართულის აივნიდან გადააგდო. დედას მხოლოდ ხუთი კლასის განათლება აქვს. ცხოვრობდა გაჭირვებულ ოჯახში. მთვრალი ოჯახის წევრებისგან ხშირად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ელისო ამირეჯიბი, "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" რეგიონული კოორდინატორი: „გამოიკვეთა მკვლელი დედების რამდენიმე კატეგორია. ხოცავენ არა მხოლოდ ჩვილებს, არამედ, ზოგადად, პატარებს, აფექტურ მდგომარეობაში ან წინასწარი განზრახვით.

კვლევების მიხედვით, მკვლელი დედები ცხოვრობენ ოჯახში, სადაც ერთი შეხედვით აღიარებენ რელიგიურ ფასეულობებს, არიან ფსევდოტრადიციული, კონსერვატული აღზრდის სტილის მიმდევრები, მაგრამ მშობლებსა და შვილებს ცუდი ურთიერთობა აქვთ. თვალში საცემია შეზღუდული ინტელექტი და განათლების დაბალი დონე.

ძირითადად, მკვლელები ხდებიან არარეგისტრირებული ურთიერთობისას დაფეხმძიმებული და მიტოვებული ქალები. მკვლელობა არ არის წინასწარგანზრახული - რეაქტიულია და განაპირობებს პანიკა - რას იტყვიან, რომ გამიგებენ?! მკვლელობის მოტივია  არასასურველი ბავშვი.  ასეთია შემთხვევათა 83%.

მკვლელ დედებს შორის ნახავთ 30 წლამდე ასაკის, დამოუკიდებელ, აქტიურ, მტკიცე ხასიათის ქალებსაც, რომელთაც არცთუ საამაყო წარსული აქვთ (ხშირია ნასამართლობა). ამ შემთხვევაში მკვლელობა, ძირითადად, წინასწარგანზრახულია - გეგმავენ მკვლელობას ჩვილის დაბადებამდე. Mმოტივი კვლავ არასასურველი ბავშვია.

ერთ-ერთი ასეთი რესპონდენტი 24 წლისაა, განქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი. მას აქვს არასრული საშუალო განათლება. დააკავეს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის. დაკავების დროს იყო ფეხმძიმედ, რაც დამალა. იმშობიარა ციხის საპირფარეშოში, ახალშობილი  ტუალეტში ჩააგდო, რის შედეგადაც ჩვილი გარდაიცვალა. გაირკვა, რომ მას ყოფილი მეუღლე სცემდა...

არ არსებობს თავშესაფრები მარტოხელა დედებისთვის და ეს საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია. მნიშვნელოვანია მამის პასუხისმგებლობის საკითხიც. ამ პროცესს ხელს შეუწყობს კანონში ცვლილება მამობის იძულებითი დადგენის შესახებ. აქამდე მამაკაცები არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად გაჩენილი შვილების მამობას უარყოფდნენ და არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც დედასა და ბავშვს სიმართლის  დადგენაში დაეხმარებოდა. ახლა მამაკაცებს კანონი აიძულებს, აღიარონ სიმართლე. შესაბამისად, მათ დაეკისრებათ ალიმენტი და მოუწევთ შვილისთვის ქონების გაყოფაც... ერთ-ერთი ასეთი მამა თანამდებობის პირია. დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ შვილისთვის ალიმენტი დაენიშნა - 200 ლარი. როდესაც ის დააქვეითეს, განაცხადა, რომ ხელფასი შეუმცირდა და 20 ლარით შეამცირებინა ალიმენტის ოდენობა(?!).

9 წელია, ამ თემაზე ვმუშაობ და არ ყოფილა შემთხვევა, როცა მამაკაცი ნებით იღებს პასუხისმგებლობას ქალისა და ბავშვის წინაშე. ნახეთ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები - 2000 წლიდან 2010 წლის ჩათვლით 26 ათასზე მეტი მარტოხელა დედა იძულებული გახდა, შვილისთვის თავისი გვარი მიეცა, რადგან მამებმა მამობის აღიარება არ ისურვეს.

სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს რთული შედეგების აღმოსაფხვრელად. ვიცი, რომ "ბეიბი ბოქსებზეც" ერთი ამბავი ატყდება, ამ იდეას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდებიან, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა გაკეთდეს და რაც შეიძლება სწრაფად. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს აწუხებს მთელ მსოფლიოს. ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და ის უნდა გადარჩეს!  მათი სასიკვდილოდ გაწირვა დანაშაულია!”

რუსუდან ფხაკაძე, "ქალთა საკონსულტაციო სახლის" ხელმძღვანელი:

- შვილის მკვლელი მშობლის პრობლემა ღრმა ფსიქოლოგიურ შრეებში იღებს სათავეს. ის აუცილებლად იქნებოდა ოჯახური ძალდობის მსხვერპლი. მისი გარე სამყაროსთან ურთიერთობის მოდელი არის ძალადობრივი. რასაც ბავშვობის დროს თავის ოჯახში ხედავდა, იმავე მოდელით მოქმედებს უკვე საკუთარი ოჯახის შექმნისას. მას ბავშვობაში მშობლების სითბო აკლდა, ან პირიქით - გადაჭარბებულ მზრუნველობას განიცდიდა, რაც ძალადობას უტოლდება: "აქ არ გაინძრე", "ქუდი არ მოიხადო" და ა.შ. უამრავი ფაქტორია, რომელთა შედეგადაც ადამიანს თვითშეფასება უქვეითდება და ფიქრობს, რომ არის არასრულყოფილი, მეორეხარისხოვანი. ასეთი ფსიქოლოგიის პიროვნება, რომელსაც ემატება  ეკონომიკური სიძნელეები, სოციალური თუ პიროვნული პრობლემები, არის რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი და შესაძლოა, ჩაიდინოს მკვლელობა, მათ შორის - შვილისაც.

როდესაც ქალი წარმოიდგენს მარტოხელა დედობის საფრთხეს, შიში იპყრობს. მასში ჩნდება ზღვარგადასული არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც იწვევს ანტისოციალურ ქცევას. ამას ემატება ეკონომიკური პრობლემებიც.

- იგივე მიზეზები იწვევს აბორტების სიმრავლესაც?

- სხვა მიზეზიც ემატება - სოციუმიდან მოწოდებული გზავნილები!

ტელევიზიითა და ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით პირდაპირ მიუთითებენ ახალგაზრდებს, რომ რაც უფრო თავისუფლად შეგიძლია სქესობრივი ურთიერთობა, მით უფრო მაგარი ხარ. არავინ ასწავლის მათ, რომ თავისუფალი ურთიერთობა დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს.A ამიტომაც ადვილად ებმებიან ხაფანგში. ურთიერთობის და მით უფრო - გოგონას დაფეხმძიმების შემდეგ ბიჭი გარბის, იკარგება, მომავალი დედა კი პანიკაში ვარდება. არც ერთი არ არის მზად პასუხისმგებლობის ასაღებად.

ჩვენ ველურები არ ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ისე გაუბრალოვდა ჭეშმარიტი ღირებულებები, რომ მივიღეთ დეგრადაციის პირას მყოფი საზოგადოება. კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩვენი გენოფონდი. ამდენი ომისა და დავიდარაბის, ნარკომანიის თუ სხვა პრობლემათა შედეგად გენოფონდის 80% გოგონები არიან. ამასთან,

მცირეა იმ ბიჭების რაოდენობა, რომელთაც ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება შეუძლიათ. ამას ხელი შეუწყო მამათმავლობის ტენდენციების გავრცელებამაც. ეს პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა თითქოს მისაღებია, რადგან ჩვენ ძალიან ტოლერანტულები ვართ(?!).

შესაძლოა, ადამიანი მამათმავალი იყოს, მაგრამ ამის გაფეტიშება არ შეიძლება. ის გადახრითი  ქცევის ადამიანია და საზოგადოებას თავს არ უნდა აწონებდეს თავისი მდგომარეობით.

სამწუხაროდ, მამაკაცსაც აქვს  სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები და არავინ ეხმარება მათ დაძლევაში, არადა, მან ფუნქცია დაკარგა - ვერც სამშობლო დაიცვა და ვერც ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა შეძლო. შეშინებულია და გაურბის ყველაფერს, მათ შორის - მამის მოვალეობასაც.

ახალშობილთა მკვლელობა

ძველ საბერძნეთსა და რომში ჩვილ ბავშვთა მკვლელობა მოსახლეობის კონტროლის ერთ-ერთ "ეფექტიან" ფორმად ითვლებოდა. იერარქიული სოციალური წყობის კულტურებში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა შვილებს ხოცავდნენ, რათა გენების სიწმინდე შეენარჩუნებინათ.

1966 (ცეცხლოვანი ცხენის) წელს დაბადებული იაპონელი გოგონები წარუმატებლობის მომტანად ითვლებოდნენ და იმ წელს ახალშობილთა მკვლელობის რიცხვი 57%-ით გაიზარდა.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩვილებს ხოცავდნენ და ხოცავენ სხვადასხვა მიზეზით: რელიგიური და კულტურული ფასეულობების გამო, იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე ან ღალატის შედეგად იყვნენ შობილი...

2001 წელს UNISEF-ის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ევროპასა და აზიაში ბავშვების 60% ამბობს, რომ სახლში, მშობლებისა და მომვლელების მხრიდან  ფიზიკურ ძალადობასა და აგრესიას განიცდის. Aამერიკის შეერთებულ შტატებში 1976-2005 წლებში 5 წლამდე ასაკის 3000 ბავშვზე მეტი სწორედ მშობლებმა დახოცეს.

იხილეთ სიუჟეტი PalitraTV.ge-ზე