კარგი წიგნის საახალწლო ფასი - კვირის პალიტრა

კარგი წიგნის საახალწლო ფასი

ახლობლებს წიგნზე უკეთესი რა უნდა აჩუქო

"ბიბლუსის" აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით 30-ვე მაღაზიაში ვრცელდება

წიგნი საუკეთესო საჩუქარია! ამ საკმაოდ ცნობილ ფრაზას ხშირად გაიგონებთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მას დაზუსტება აკლია - საუკეთესო საჩუქარი სწორად შერჩეული წიგნია. აქვე ვიღაც შესაძლოა შემედავოს: ჩვენს დროში კარგი წიგნი ძვირი სიამოვნებააო. სრულად ვერც ამაში დაგეთანხმებით, რადგან ის, რაც ახლა "ბიბლუსში" ხდება, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" დიდი საახალწლო ფასდაკლება 12 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვრამდე გაგრძელდება. 20-50%-მდე ფასდაკლება სხვადასხვა გამომცემლობის ასობით წიგნს შეეხო. სწორედ მისაღებმა ფასმა და წიგნების ფართო არჩევანმა განაპირობა, რომ მომხმარებელთა ნაკადი "ბიბლუსის" მაღაზიებში თითქმის არ წყდება.

"ბიბლუსში" 20%-იანი ფასდაკლებით შესაძლებელია წიგნების შეძენა ისეთი პოპულარული სერიებიდან, როგორიცაა "ჩემი რჩეული", "50 წიგნი", "დიდი მხატვრები", "გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები" და სხვა. წელს პირველად "ბიბლუსის" მომხმარებელსა და "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს შეუძლიათ ისარგებლონ წიგნებზე ორმაგი ფასდაკლებით - საახალწლო შეთავაზების თანახმად, "ლურჯი მონეტებით" შესაძლებელია 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ წიგნები სერიიდან "დიდი მხატვრები", "ეს სამყაროა", "ქართული პროზის საგანძური" და "გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები" და დამატებით საახალწლო 20%-იანი ფასდაკლებაც მიიღოთ.

წინასაახალწლოდ "ბიბლუსის" კიდევ ერთი, რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე #44-ში. კომფორტული და მყუდრო გარემოს გარდა, აქ მომხმარებელს ბევრი სიახლე დახვდება.

სიახლე თბილისელ წიგნის მოყვარულებსაც ელოდებათ. სულ მალე, "ბიბლუსის" კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება "გუდვილის" ახალ ჰიპერმარკეტში, ქავთარაძის ქუჩაზე.

ვაჟა-ფშაველას #47-ში მდებარე "ბიბლუსში" კი მომხმარებელს წიგნებისგან აწყობილი ნაძვის ხე დახვდათ. ამ ორიგინალურ ქმნილებას მყიდველებმა "ინტელექტუალური ნაძვის ხე" შეარქვეს. ყველაზე ჭკვიანი, ფერადი და ორიგინალური ნაძვის ხის შესაქმნელად "ბიბლუსის" თანამშრომლებმა 1500-ზე მეტი წიგნი გამოიყენეს.

საახალწლო განწყობა, დიდი ფასდაკლებები და უნიკალური შეთავაზებები "ბიბლუსში" 15 იანვრამდე გაგრძელდება. ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებელი კი მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს სახლიდან გაუსვლელად, ცხელი ხაზის - 248-68-44 მეშვეობით მიიღებს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

ლიზა ნემსაძე, "ბიბლუსის" მომხმარებელი: "უკვე რამდენიმე წელია წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" აქტიური მომხმარებელი ვარ და აქ ხშირად ვყიდულობ  წიგნებს, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე სასაჩუქრედ. ყველა ჩემს ოჯახის წევრს შევუძინე საახალწლოდ წიგნი - უფროსებს მხატვრული ლიტერატურა, პატარებს კი საბავშვო წიგნები. ახლაც მაღაზიები შემოვიარე, მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და 15 იანვრამდე ფასდაკლებით ყველა ის წიგნი ვიყიდო, რომლებიც საოჯახო ბიბლიოთეკის შესავსებად მჭირდება. სხვათა შორის, "ლურჯ მონეტებსაც" აქციის პირველი დღიდან ვაგროვებდი და უკვე გავანაღდე კიდეც "ბიბლუსში". მომავალშიც აუცილებლად შევაგროვებ, ეს დიდი შეღავათია მათთვის, ვინც წიგნის ფასი იცის" (ლურჯი მონეტის შესახებ იხ. გვ 43. - რედ).

ვახტანგ ნამგალაური, "ბიბლუსის" მომხმარებელი: "მეუღლეს საახალწლოდ ვუყიდე წიგნი სერიიდან "კულინარიული შედევრები". ძალიან მოეწონა და დამპირდა, რომ ყველა იმ კერძს მომიმზადებს, რომელსაც ამ წიგნით შევარჩევ. სხვათა შორის, 31-ში ვიყავი "ბიბლუსში" და რომ მეგონა, ცოტა ხალხი დამხვდებოდა, ისეთი ხალხმრავლობა იყო, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ხალხში ისევ ყოფილა წიგნიერების სიყვარული. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საახალწლო შეთავაზებით, ამიტომაც მოვედი "ბიბლუსში" კიდევ ერთხელ. მეგობრის ოჯახში ვართ მიპატიჟებული და მინდა, მათაც საუკეთესო ინტელექტუალური საჩუქრები შევურჩიო. პატარებისთვის უკვე შევარჩიე, ახლა უფროსებისთვის ვარჩევ საინტერესო წიგნებს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ "ლურჯი მონეტების" არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამიერიდან აუცილებლად შევაგროვებ და წიგნების შესაძენად გამოვიყენებ".