უსაფრთხო ზამთარი - კვირის პალიტრა

უსაფრთხო ზამთარი

ნახე! www.ambebi.ge www.kvirispalitra.ge ინტერნეტპრესკონფერენცია

ზამთრის სეზონზე გამათბობელი საშუალებები მომხმარებლისგან დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ამის მიუხედავად, ყოველწლიურად ფიქსირდება გაზის გამათბობლებით გამოწვეული უბედური შემთხვევები. როგორ მოვიქცეთ, რომ ზამთრის სეზონი მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ გავატაროთ? თქვენს შეკითხვებს "ყაზტრანსგაზი" პასუხობს.

სანდრო:

ყველამ ვიცით, რომ უსაფრთხოა ის გამათბობელი, რომელიც ნამწვს ბინის გარეთ უშვებს, მაგრამ სხვა გამათბობლებითაც სავსეა ბაზარი, შეუძლებელია ყველა სასიკვდილო იყოს. რა არის მთავარი წესი, რასაც ეს მოწყობილობა  უნდა აკმაყოფილებდეს?

კატეგორიულად აკრძალულია გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობლისა და წყალგამაცხელებელ ხელსაწყოთა მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომლებიც წვისთვის საჭირო ჰაერს სათავსიდან იღებენ, წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება.

წვის პროდუქტები სათავსში არ უნდა რჩებოდეს.

გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს გაზქურები.

ასევე იკრძალება გაზის ხელსაწყოების გამოყენება, თუ მასზე არ არის დამონტაჟებული ჩამკეტი მოწყობილობა და სათავსში არ არის საკვამლე-სავენტილაციო არხები.

არ დაამონტაჟოთ გამათბობელი იმ ოთახებში, რომლებიც განკუთვნილია ძილისა და დასვენებისთვის.

ანა:

როცა მთელი ზაფხულის განმავლობაში გამათბობელი გამორთულია, ზამთარში, მის გამოყენებამდე რაიმე სახის შემოწმების ჩატარება თუ არის აუცილებელი?

გაზის მოწყობილობა, რომელიც ზაფხულის სეზონზე დიდი ხნით უმოქმედოდ იყო, აუცილებლად საჭიროებს პროფილაქტიკურ მომსახურებას.

მოწყობილობების უმოქმედობის დროს შესაძლოა ონკანის საცხის გაშრობა, რამაც შესაძლოა  გამოიწვიოს გაზის გაჟონვა და უბედური შემთხვევა.

ასევე, ძველი და ხმარებიდან გამოსული გაზის მოწყობილობებით სარგებლობა პროფილაქტიკური შეკეთების გარეშე სახიფათოა.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მიმართავს ყველა აბონენტს, 15 და მეტი დღით ქალაქიდან გამგზავრებისას აცნობონ შესაბამისი რაიონების გაზის ბიზნესცენტრებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი, რათა მოხდეს გაზზე მიერთებული ხელსაწყოების გამორთვა-დახშობა და შესაბამისი აქტის გაფორმება.

ზურა:

ზოგჯერ გასათბობად ჩვეულებრივ გაზქურას ვიყენებთ. ეს სახიფათოა?

ეს კატეგორიულად აკრძალულია, რადგან შეიძლება უბედური შემთხვევა გამოიწვიოს: მოწამვლა, გაგუდვა და ხანძარი.

წვის შედეგად გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რომელიც ოთახიდან  ჟანგბადს გამოდევნის და ადამიანი ჟანგბადის უკმარისობით იგუდება.

ნინო:

თუ ბინაში გაზის სუნი ვიგრძენით, ან ვეჭვობთ, რომ გამათბობლიდან თუ გამაცხელებლიდან გაზი ჟონავს, სანამ დასახმარებლად სპეციალური სამსახური მოვა, როგორ მოვიქცეთ?

თუ სათავსში იგრძნობა გაზის სუნი, სასწრაფოდ შეწყვიტეთ გაზის მიწოდება, დაკეტეთ ყველა ონკანი, გააღეთ ფანჯრები და შემდეგ გამოიძახეთ საავარიო სამსახური. დატოვეთ შენობა.

ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ასანთის ანთება, მოწევა, ელექტროხელსაწყოების ჩართვა-გამორთვა, გაჟონვის შემოწმება ცეცხლით.

თუ იგრძნობა გაზის სუნი სარდაფში, სადარბაზოში, ეზოში ან ქუჩაში, შეატყობინეთ გაზის მეურნეობის საავარიო სამსახურს. თქვენ კი სასწრაფოდ დატოვეთ შემთხვევის ადგილი.

ანა:

რა შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეს ბუნებრივი აირი?

თუ დახურულ სივრცეში ბუნებრივი აირის გაჟონვა ხდება. გარკვეული კონცენტრაციის შემდეგ შეიძლება თვითაალება მოხდეს და თუ ეს არ მოხდა, საკმარისია ასანთის ანთება ან სიგარეტის მოკიდება, რასაც აფეთქება მოჰყვება.

მსგავს აფეთქებას საშინელი ძალა აქვს, შეიძლება სახლიც კი დაანგრიოს.

ზოგჯერ წვის პროცესის დროს ხდება ალის შეწყვეტა, ბუნებრივი აირი აღარ იწვის და ოთახში გროვდება, რაც ასევე სახიფათოა.

სანდრო:

როცა ხარისხიანი გამათბობელი გაქვს დამონტაჟებული, წვისთვის საჭირო ჰაერიც გარედან შემოდის და ნამწვიც გარეთ გაედინება, ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი ხიფათისგან დაზღვეულები ვართ?

მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი გამათბობელი გაქვთ და, მისი დამონტაჟებაც სპეციალისტის მიერ ყველა წესისა და კანონის დაცვით მოხდა, რეკომენდებულია მინიმუმ წელიწადში ერთხელ გამათბობლის შემოწმება და გაწმენდა. ასევე  უნდა შემოწმდეს და გაიწმინდოს წყლის გამაცხელებელიც, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს.