ვინ დაიხსნა ქართველი მეზღვაურები - კვირის პალიტრა

ვინ დაიხსნა ქართველი მეზღვაურები

"მეკობრეები ტუალეტშიც კი არ გვიშვებდნენ. მხოლოდ ერთს ვითხოვდით - დავეხოცეთ, რადგან თავს ვერ მოვიკლავდით..."

"40-გრადუსიან სიცხეში გემის მოაჯირზე ხელებით მიმაბეს. 8 საათი მზის გულზე ვიყავი, ისეთი დამწვრობები გამიჩნდა, თითქოს ცხელი წყალი გადამასხეს"

"აუტანელი პირობები იყო,  უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით, ვიტანდით ჯოჯოხეთურ წამებას, შიმშილს, წყურვილს, ცემას. 8 თვე ძაღლებივით ვიყავით ჯაჭვით დაბმულნი", - უთხრა ტელეფონით ჟურნალისტებს გემ OLIB'G-ის კაპიტანმა მამედ ზაქაიძემ. 2012 წლის 8 იანვარს  სომალელმა მეკობრეებმა 15 ქართველი  და 3 თურქი მეზღვაური გაათავისუფლეს. როგორც მედია იუწყება, მეზღვაურების გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების ჩარევით მოხდა (კულუარებში გამოსასყიდის სახით გადახდილ რამდენიმე მილიონსაც ასახელებენ).

მალტის დროშით მცურავი გემი  OLIB'G, რომელსაც ჯართი გადაჰქონდა, 2010 წლის 8 სექტემბერს სომალელმა მეკობრეებმა დაატყვევეს და გამოსასყიდად 15 მილიონი დოლარი მოითხოვეს. 2010 წლის ნოემბერში მეკობრეებმა გაავრცელეს მძევლების მიმართვა. დატყვევებული ქართველი მეზღვაურები გემის მფლობელ კომპანიასა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ. ბერძნული მხარე სომალელებს სთავაზობდა, გამოსასყიდის სახით გემი დაეტოვებინათ, რაზეც უარი მიიღეს. საქართველოს საგარეო საქმეთაA სამინისტრო პერიოდულად აცხადებდა, რომ გემის მფლობელი კომპანია მეკობრეებს მოთხოვნილზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა. მალე მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურების ფოტოებიც გაავრცელეს და გამოსასყიდად 9 მილიონი დოლარი მოითხოვეს. ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად დატყვევებულ მეზღვაურთა ნათესავები და სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციებსაც მართაAვდა ბათუმში. უცხოურ მედიაში გაჩნდა ინფორმაციები, რომ მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლების კი არა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით გაათავისუფლეს, ხოლო რუსული ინტერნეტგამოცემები მიანიშნებენ, რომ ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებაში ფული ამერიკულმა მხარემ გადაიხადა ბოლო დროს ავღანეთში დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის ერთგვარ კომპენსაციად.

ქართველი მეზღვაურები შინ 13 იანვარს დაბრუნდნენ.  მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები მძევლად ყოფნის მძიმე პერიოდს იხსენებენ.

გემის OLIB'G-ის კაპიტანი,  64 წლის მემედ ზაქარაძე: "ტყვეობის პირველი 8 თვე ჯაჭვებით ვიყავით დაბმული. გამუდმებით გვცემდნენ და გვაშიმშილებდნენ, წყალსაც კი არ გვასმევდნენ, ესეც არ იკმარეს - ერთ დღეს 40-გრადუსიან სიცხეში გემის მოაჯირზე ხელებით მიმაბეს. 8 საათი მზის გულზე ვიყავი, რის გამოც ისეთი დამწვრობები გამიჩნდა, თითქოს ცხელი წყალი გადამასხეს. ერთმანეთს რომ დაერეოდნენ, ჯავრს ჩვენზე იყრიდნენ - საჭმელს დაგვანახებდნენ, შემდეგ კი ზღვაში გადაყრიდნენ და რამდენიმე დღე მშივრებს დაგვყრიდნენ. 18 ადამიანს გვეძინა კაპიტნის ხიდურზე, იატაკზე დაგებულ პლედებზე. საღამოს ნესტი იყო, დღისით - 40 გრადუსი სიცხე. სველი ტანსაცმელი ტანზე გვაშრებოდა, ერთ მეზღვაურს  სახსრების ტკივილი დაეწყო, მაგრამ წამალს ვინ მოგვცემდა..."

28 წლის მეზღვაური თემურ ვარშანიძე: "გემს 7-8 მეკობრე 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობდა. მეკობრეები ერთმანეთს 12 საათში ერთხელ ცვლიდნენ. მათი სანათესაო გვდარაჯობდა - ძმები, ბიძაშვილები და ახლო ნათესავები, სხვებს არ ენდობოდნენ. ვიდეოჩანაწერის დროს სახე აიხვიეს მხოლოდ იმიტომ, რომ აფრიკის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს არ ამოეცნოთ. ჩვენთან ნიღბების გარეშე იყვნენ".

თემურ ბედინაძისთვის, რომელიც უკვე 42 წელია დაცურავს, ეს მეორე ტყვეობა იყო. პირველად ვიეტნამის ომის დროს დაატყვევეს. მეზღვაურის თქმით, ტყვეებმა ერთმანეთის თანადგომით გადაიტანეს რთული პერიოდი.

"მცირედს იმეტებდნენ -  მაკარონს,  ლობიოს, ორიოდე თავ ხახვს, ცოტა კარტოფილს... ვიტამინი არ მიგვიღია, ამ ყველაფერმა კი გამოგვფიტა. ყველა დაუძლურდა. მეკობრეები ტუალეტშიც კი არ გვიშვებდნენ. მხოლოდ ერთს ვითხოვდით - დავეხოცეთ, რადგან  თავს ვერ მოვიკლავდით..."

სომალელი მეკობრეები

სომალი აფრიკის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა. ამ ქვეყანაში ქაოსი მაშინ დაიწყო, როდესაც 30-წლიანი მმართველობის შემდეგ დიქტატორი საიდ ბარე დაამხეს. მოსახლეობა იძულებულია, თავი გაიტანოს ყველა საშუალებით, რათა შიმშილით სიკვდილს გადაურჩეს. ოკეანის სანაპიროსთან მცხოვრებთათვის ასეთი გზა მეკობრეობა აღმოჩნდა, თავიდან ისინი საერთოდაც არ იყვნენ საშიშნი, ზღვაში მაშინ გადიოდნენ, როდესაც ფული შემოელეოდათ. გემზე ერთი-ორი შეიარაღებული კაცი რომ დაენახათ, მეკობრეები ახლოსაც ვერ ეკარებოდნენ. ყველაფერი 2004 წლიდან შეიცვალა. ამ სარფიან საქმეს თვალი მსხვილმა კარგად შეიარაღებულმა ბანდებმა დაადგეს. დღეს მეკობრეები თავს უკვე ტანკერებს ესხმიან. აქვთ უახლესი შეიარაღება, მათი მეთაAურები უკვე გამოცდილი სამხედროები არიან. ჰყავთ მოიერიშეთა, ტექნიკური და სადაზვერვო ჯგუფები, ხოლო გამოსასყიდის თაობაზე მოლაპარაკებებს დაქირავებული ცნობილი ადვოკატები აწარმოებენ.

სომალელი მეკობრეები მძევლების ნაკლებობას არ უჩივიან, რადგან ადენის სრუტეს ყოველწლიურად 20000 გემი გადის, მეკობრეთა შემოსავალი ყოველწლიურად 150-170 მილიონი დოლარია.