რისთვის ერთიანდებიან მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები? - კვირის პალიტრა

რისთვის ერთიანდებიან მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები?

"ყველა ერთისათვის" - დაახლოებით ასეთია იმ მედიაორგანიზაციების სლოგანი, რომელთა დამფუძნებლები ან ნდობით აღჭურვილი პირები 20 იანვარს მედიაკავშირ "ობიექტივის"  დარბაზში შეიკრიბებიან. ისინი მემორანდუმს წარადგენენ, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელს უკლებლივ ყველა მოაწერს, ვინც თავს არასახელისუფლებო მედიაორგანიზაციის წარმომადგენლად მიიჩნევს. რა შინაარსის არის მემორანდუმი და რას უკავშირდება მედიაორგანიზაციათა ძალისხმევა, ამის თაობაზე პრესის ასოციაციის თავმჯდომარეს ლაშა ტუღუშს ვესაუბრეთ:

- ბოლო დროს არასახელისუფლებო მედიასაშუალებებზე თავდასხმა გახშირდა. პრობლემები როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდვით მედიას შეექმნა. სარეკლამო თანხებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი კი ზღვარს გასცდა, - "ბრალდებები" მართლაც უცნაური იყო, რადგან მთელ მსოფლიოში როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური თუ ინტერნეტმედიისთვის რეკლამა კომერციული შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ განიხილება. ცხადია, მწვავე პოლიტიკური პერიოდი გველის, მალე წინასაარჩევნო პერიოდიც დაიწყება და, ალბათ, არასახელისუფლებო მედიაზე თავდასხმები გამწვავდება. ჩვენ გვესმის, რომ ერთმანეთის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით პარასკევს ახალი მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" "ობიექტივის" დიდ დარბაზში  შეიკრიბება, სადაც წარადგენს მემორანდუმს, რომელშიც აღწერილი იქნება მედიასთან ბოლოდროინდელი ბრძოლა და ასევე მასში აღნიშნული იქნება, რომ მემორანდუმზე ხელმომწერი ყველა მედიაორგანიზაცია ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში ერთმანეთს მხარს დაუჭერს. მოკლედ, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში გავერთიანდებით და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მივმართავთ. მემორანდუმზე ხელის მოწერა შეუძლია ნებისმიერ მედიაორგანიზაციას, რომელსაც სურვილი ექნება.

- ეს გაერთიანება ეფექტიანი იქნება?

- აუცილებლად. ჩვენ ერთად დგომით ბევრ რამეს მივაღწიეთ. გაიხსენეთ თუნდაც ფოტოგრაფების საქმე, "პალიტრამედიაში" შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შემოსვლა. გაიხსენეთ, ხელისუფლების დაუნდობელი ბრძოლა პრესის ჯიხურების აღებისთვის, როცა პრესის რეალიზაციისთვის ალტერნატიულ ფორმებს ვეძებდით. ვფიქრობ, მთავარი შემოტევები წინ გვაქვს და ამიტომაც აუცილებელია ჩვენი ერთიანობა. ამასთან, არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, რაც უშუალოდ მედიაორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობას ეხება. ვფიქრობ, უნდა ვიცოდეთ ყველა მედიაორგანიზაციის მფლობელთა ვინაობა და ისიც, თუ ვინ აფინანსებს მათ. ეს საკითხი კანონით უნდა იყოს დარეგულირებული, კანონპროექტიც ინიცირებულია პარლამენტში და მისი დამტკიცების შემთხვევაში არსებული ვითარება მოწესრიგდება. სხვათა შორის, კანონპროექტი ითვალისწინებს იმასაც, რომ თუკი მედიაორგანიზაციას საჯარო უწყებიდან გადაერიცხება თანხა, ინფორმაცია ამის შესახებ დროულად უნდა განთავსდეს იმავე საჯარო უწყების საიტზე.

დღევანდელ საქართველოში მედიას ბევრი საფიქრალი აქვს და ასეთ დროს თანადგომა საუკეთესო გამოსავალია.