ID-ბარათები - გაყალბების საუკეთესო საშუალება?! - კვირის პალიტრა

ID-ბარათები - გაყალბების საუკეთესო საშუალება?!

"ახლა ჩვენ გვექნება ვირტუოზულ დონეზე გაყალბებული არჩევნები"

საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წლის ყველაზე წარმატებულ პროექტებში პირველი ადგილი ID-ბარათების პროექტს მიანიჭა. თუ ამ სიახლეს მოახლოებული არჩევნების ჭრილში განვიხილავთ, როგორც ოპოზიციური პარტიები ამბობენ,  მართლაც ხელისუფლების "მიღწევად და წარმატებად" უნდა ჩაითვალოს ახალი ID-ბარათები, რომლებიც არჩევნებზე შეიძლება გაყალბების ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიად იქცეს. თუ რა ტექნოლოგიაა ეს, ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" გენერალური მდივნის მოადგილე, "ეურუნის" უნივერსიტეტის პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:

-  რადგან ID-ბარათებზე დატანილი არ არის მოქალაქის მისამართი, გაყალბების უამრავი მექანიზმი არსებობს. მაგალითად, არჩევნების დანიშვნამდე მოსყიდული პირი საჯარო რეესტრში ორ მოწმესთან (მისთვის სასურველ საარჩევნო უბანში მცხოვრებ ნებისმიერ პირთან) ერთად მიდის და დროებით მისამართზე რეგისტრირდება. ამ შემთხვევაში მოწმეები თავიანთი პირადობის მოწმობით ადასტურებენ ფაქტის ნამდვილობას.

გარდა ამისა, სიების დაზუსტების კომისიის წევრები ამომრჩეველთა რაოდენობის დასაზუსტებლად კარდაკარ დადიან. მოსყიდულ ოჯახს შეუძლია თავის მისამართზე დროებითი მიწერის მექანიზმით მიიწეროს ნებისმიერი პირი.

ამგვარად, რამდენიმე მისამართზე დარეგისტრირებულ პირს შეუძლია თავისი ID-ბარათით იმდენჯერ მისცეს ხმა, რამდენჯერაც სურს. ID-ბარათზე არის ინფორმაციის შეყვანის ორი სისტემა - კონტაქტური და უკონტაქტო. სანამ ამომრჩეველი ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეში მივა, შესაძლებელი ხდება მონაცემებში დისტანციურად ცვლილების შეტანა, ანუ ძველი მისამართის წაშლა და ახალი, სასურველი მისამართის მითითება. ამის შემდეგ გაყალბების ფაქტის დაფიქსირება უბანზე ვეღარ მოხერხდება.

ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ბიომეტრიული სიებია (რომელზეც დატანილი შეიძლება იყოს თითის, თვალის გუგის, სახის ნაკვთების ან სხვა მონაცემები). ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველი 10 მისამართზეც რომ იყოს დაფიქსირებული, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვერ მისცემს ხმას, რადგან უმალ ამოიცნობენ.

- ID-ბარათების პარალელურად რატომ არ გაკეთდა ამომრჩეველთა ბიომეტრიული სია?

- ხელისუფლებამ უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ფული არ ჰქონდა. ივანიშვილმა რომ შესთავაზა, თქვეს, ვერ მოვასწრებთო. ჩვენ შევხვდით ერთი კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ თუკი 8 მილიონ დოლარს გადავუხდიდით, სამ თვეში შეძლებდნენ ამ სიების დამზადებას. უფრო მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში, 1 თვეშიც შეიძლება ბიომეტრიული სიების შედგენა. უკვე გასაგებია, რატომ არის ID-ბარათების პროექტი წარმატებული. არჩევნებამდე მინიმუმ 100 ათას ID-ბარათს დაარიგებენ და აქედან 50 ათასი მოქალაქეც რომ წავიდეს გაყალბებაზე და თითომ ორ ადგილზე მისცეს ხმა, ეს მინიმუმ 100 ათასი ხმაა.

ნურავინ ელოდება, რომ ოქმების გაყალბებით ან ბიულეტენების ჩაყრით შეეცდებიან არჩევნების გაყალბებას. ასეთი რამ აღარ მოხდება. ეს არის უმაღლესი ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც გაყალბება ისე მოხერხდება, რომ ვერავინ დაგიჭერთ. ვის ხელშიც არის სისტემა, ის აყალბებს, სისტემაზე ხელი კი მხოლოდ საჯარო რეესტრსა და შს სამინისტროს მიუწვდება. ერთი ბარათის დამზადება ხელისუფლებას 5-7 ლარი უჯდება. 5-7 ლარად ის იღებს დამატებით მინიმუმ ერთ ხმას, როდესაც ხმების მოსყიდვისთვის  გაცილებით მეტი სჭირდებოდა. ახლა ჩვენ გვექნება ვირტუოზულ დონეზე გაყალბებული არჩევნები.

- გამოსავალი სად არის?

- უნდა მოვითხოვოთ ბიომეტრიული სიების სასწრაფოდ გაკეთება და არჩევნებამდე მოვახერხოთ მოსახლეობასთან სწორად მუშაობა.