"რისი დაწერაც ღირს, ვერაფრით დავწერე, რისი დაწერაც შემიძლია, წერად არ ღირს" - კვირის პალიტრა

"რისი დაწერაც ღირს, ვერაფრით დავწერე, რისი დაწერაც შემიძლია, წერად არ ღირს"

ადამიანი და მწერალი, რომლის დაბადებაც, ცხოვრებაც, შემოქმედებაც და სიკვდილიც "უცნაური" და არაჩვეულებრივი იყო

ჩვენი პროექტის ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") მეორე ნახევარში გადავედით და "როგორც იქნა", აზიელი მწერალიც გამოჩნდა. რიუნოსკე აკუტაგავა (თუმცა, იაპონური ტრადიციის მიხედვით, პირველად გვარი იწერება - აკუტაგავა რიუნოსკე) - ადამიანი და მწერალი, რომლის დაბადებაც, ცხოვრებაც, შემოქმედებაც და სიკვდილიც "უცნაური" და არაჩვეულებრივი იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ არა გენიალური ფილმი "რასიომონი", ასეთი დიდი მწერალი მაინც მოხვდებოდა ჩვენი მკითხველის ორმოცდაათეულში (მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ 20-იანი წლებიდან მას რუსულად ინტენსიურად თარგმნიდნენ, ჩვენში კი რუსულენოვანი წიგნები აქტიურად იკითხებოდა), მაგრამ აკირა კუროსავას კინოშედევრმა, რომელიც 1950 წელს გამოვიდა, საბჭოთა კინოგაქირავებაშიც იყო და საქართველოს ტელევიზიასაც არაერთხელ უჩვენებია, ვფიქრობ, კიდევ უფრო განაპირობა აკუტაგავას სახელის პოპულარობა და ჩვენს პროექტში ადგილის "დაბევება".

ეს ფილმი დასაწყისშივე კიდევ იმიტომ ვახსენე, რომ უკვე ნახსენები აკუტაგავასეული "უცნაურობა", გნებავთ, პარადოქსი, აქაც არის: ვინც იცის, რომ ფილმი აკუტაგავას მოთხრობის ეკრანიზაციაა, ეგონება, რომ ეს არის "რასიომონის კარიბჭე", მაგრამ ამ მოთხრობიდან მხოლოდ უმნიშვნელო ეპიზოდია აღებული, ხოლო მთავარი ლიტერატურული პირველწყარო გახლავთ მოთხრობა "უსიერ ტყეში" (სხვათა შორის, აკუტაგავას 150-მდე მოთხრობიდან შერჩეულ იმ 28-ს შორის, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, ეს ორივე შედევრიც გახლავთ).

აკუტაგავა რიუნოსკე ჩვენებური კალენდრით 1892 წლის 1-ელ მარტს დაიბადა, მაგრამ აღმოსავლური კალენდრით მისი დაბადება დაემთხვა დრაკონის წლის დრაკონის დღის დრაკონის საათს და სწორედ ამიტომ დაარქვეს რიუნოსკე, რომლის პირველი იეროგლიფი დრაკონის აღმნიშვნელია; და აქაც კიდევ ერთი "უცნაურობა" - რომ არა იაპონური ცრურწმენები, ის არა აკუტაგავა, არამედ - ნიიხარა რიუნოსკე იქნებოდა: მამამისი ნიიხარა ტოსიძო შეძლებული რძით მოვაჭრე იყო, ტოკიოს შემოგარენში ვრცელი საძოვრები და ძროხების დიდი ფერმაც ჰქონდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ იგი... 42 წლის ბრძანდებოდა, მისი ახალნამშობიარევი მეუღლე კი - 33 წლისა. საქმე ის ყოფილა, რომ იაპონიაში 30 წელს გადაცილებული მშობლებისთვის ბავშვის ყოლა იმდენად "ცუდ ტონად" ითვლებოდა, რომ მშობლები იძულებული იყვნენ, მეზობლებისათვის განეცხადებინათ, ბავშვი ჩვენი კი არ არის, ვიღაცამ "მოგვიგდოო"! ხოლო, როდესაც ბიჭუნა მხოლოდ ათი თვისა იყო, დედამისს ძველი სენი მოეძალა - ფსიქიატრიულ სამკურნალოში გადაიყვანეს, პატარა ბიჭი კი ჯერ მისმა უშვილო დეიდამ, შემდეგ კი, როდესაც დედა გარდაიცვალა (მაშინ რიუნოსკე 10 წლისა იყო), დედის ძმამ - დაქორწინებულმა, მაგრამ ასევე უშვილო კაცმა წაიყვანა თავისთან და გვარიც თავისი მისცა - აკუტაგავა.

მომავალი მწერლის ბიძა ჩინოვნიკი იყო, საკმაოდ შეძლებული კაცი - ტოკიოს პრეფექტურაში სახელმწიფო მშენებლობებს ხელმძღვანელობდა. შვილად მიღებულ დისშვილს კარგი განათლება მისცა - 1910 წელს ტოკიოს მუნიციპალური საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იაპონიის საუკეთესო კოლეჯის ლიტერატურულ განყოფილებაში სწავლა დაუფინანსა. 1913 წელს კი ევროპული ლიტერატურითა და ინგლისური ენით გატაცებული ახალგაზრდა ტოკიოს უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა ინგლისური ლიტერატურის განხრით - ესეც საკმაოდ დიდი ფუფუნება იყო ბევრისათვის, მაგრამ ლექციებზე სიარული მალევე მიატოვა, - ისინი მისთვის უინტერესო აღმოჩნდა. თუმცა, როგორც თვითონ წერდა, უნივერსიტეტში გატარებული წლები უშედეგო მაინც არ ყოფილა: იქ შეიძინა მეგობრები და მტკიცედ გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.

როგორც ბევრმა სხვა მწერალმა, პირველად საკუთარი ნაწარმოები კი არა, თარგმანი გამოაქვეყნა - ანატოლ ფრანსი თარგმნა. თანაც ეს თავის მეგობრებთან ერთად დაარსებულ ლიტერატურულ ჟურნალში გააკეთა. "სენსიტიო" - ასე ერქვა იმ ჟურნალს და სხვადასხვა მიზეზთა გამო ორჯერ შეწყვიტა არსებობა. სხვათა შორის, მხოლოდ ჟურნალის მესამედ "დაბადების" შემდეგ გაბედა აკუტაგავამ იქ საკუთარი ნაწარმოების დაბეჭდვა და აღიარებაც მაშინვე მოვიდა.

მისი პირველი მოთხრობები: "ცხვირი" და "რასიომონის კარიბჭე" ძალიან პოპულარული გახდა იაპონიაში. კრიტიკოსებმა მაშინვე აღნიშნეს ის, რასაც დღემდე ყველა ეთანხმება: აკუტაგავამ ხიდი გადო ევროპულ და იაპონურ კულტურებს შორის, ერთმანეთისთვის უფრო გასაგები გახადა ისინი; თუმცა, როგორც ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში, მაშინდელ იაპონიაშიც გამოჩნდნენ კრიტიკომანები, რომლებმაც განაცხადეს: ეს ახალგაზრდა იქნებ კარგადაც წერს და უკვე ცნობილი ამბის ინტერპრეტირებულად გადმოცემის უნარიც აქვს, მაგრამ ორიგინალური სიუჟეტის შეთხზვა არ შეუძლია - "ცხვირი" გოგოლის "ცხვირის" ანალოგია, ხოლო "რასიომონის კარიბჭე" ათასი წლის წინანდელი იაპონური ლეგენდაო.

აკუტაგავამ სულ მალე დაამტკიცა, რომ იაპონურ, და არა მარტო იაპონურ ლიტერატურაში სრულიად ახალი სახე გამოჩნდა. თანაც დიდად არ უდარდია ეს შენიშვნები, რადგან მისმა კერპმა, იაპონური ლიტერატურის კლასიკოსმა ნაცუმე სოსეკიმაც კი აღიარა იგი, როდესაც მისწერა: "მე აღფრთოვანებული ვარ. თუკი თქვენ კიდევ ოც-ოცდაათ ასეთ ნოველას დაწერთ, ისეთ მწერლად იქცევით, როგორიც ლიტერატურას ჯერ არ ჰყოლია!"

1916 წელს აკუტაგავამ უნივერსიტეტი დაამთავრა და ინგლისური ენის მასწავლებლის ადგილი მიიღო სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში. ეს მისთვის ნამდვილი ტანჯვა აღმოჩნდა, - თავის საცოლეს სწერდა: "უნდა იცოდე, როგორი ცხოვრება გელის, ჩემი ხელფასი მხოლოდ 60 იენია... საკმარისია მოწაფეთა სახეები დავინახო, რომ მაშინვე ნაღველი მიპყრობს, მაგრამ მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები, როდესაც ჩემ წინ ქაღალდი, წიგნები, კალამი და კარგი თამბაქოა".

ამის შემდეგ აკუტაგავა ჟურნალისტი გახდა, დედაქალაქის გაზეთის კორესპონდენტი, და მივლინებით ჩინეთსა და კორეაშიც იყო 4 თვით (ეს იყო მისი ერთადერთი უცხოური მოგზაურობა), მაგრამ ვერც იქ გაძლო.

ჯანმრთელობის პრობლემებმაც იჩინა თავი, სამ შვილსაც რჩენა უნდოდა და ამიტომ მთელ იაპონიაში ლექციების წასაკითხავად მოგზაურობდა. იძულებული იყო, ქრესტომათიული კრებულების რედაქტირებაზეც დაეკარგა დრო; ესეც და იქნებ დედისგან გენეტიკურად მიღებული ემოციურობაც გახდა საფუძველი, რომ სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე, უფრო ზუსტად კი - თვითმკვლელობაზე, ხშირად წერდა ამაზე... თუმცა, ამავე დროს, არც ამქვეყნიური ამაოებანი იყო მისთვის უცხო: საკუთარ ლიტერატურულ სალონში რჩევა-დარიგებებს აძლევდა ახალგაზრდა მწერლებს, სიამოვნებით დადიოდა ბანკეტებზე, აგროვებდა ძველებურ სურათებსა და ანტიკვარიატს, მუდმივად ჩხუბობდა გამომცემლებთან ჰონორარის გამო; 1923 წელს იაპონიაში მომხდარ საშინელ მიწისძვრასაც უცნაურად გამოეხმაურა, - ადამიანების დაღუპვაზე მეტად ხელოვნებისა და სიძველის ნიმუშების განადგურებაზე დარდობდა... და ამ ყველაფრის პარალელურად თავაუღებლად მუშაობდა.

მაგრამ მაინც: "ცხოვრება უფრო ჯოჯოხეთური რამ არის, ვიდრე თვით ჯოჯოხეთი"; "რისი დაწერაც ღირს, ვერაფრით დავწერე, რისი დაწერაც შემიძლია, წერად არ ღირს"; "ცხოვრება ასანთს ჰგავს: სერიოზულად მოეკიდო მას - სასაცილოა, არასერიოზულად თუ შეხედავ - საშიში ხდება"; "ადამიანის სიცოცხლე ბოდლერის ერთ სტრიქონადაც კი არ ღირს" - ეს აკუტაგავას მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ფრაზებია.

1927 წლის 24 თებერვალს მან საძილე საშუალება "ვერონალის" დიდი დოზა მიიღო... მეგობრებს არ გაჰკვირვებიათ, მით უმეტეს, რომ ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ მათგანს მოთხრობის "ცხოვრება იდიოტისა" ხელნაწერი გადაუგზავნა.

ამ და სხვა მოთხრობებსაც თქვენ მომავალი ორშაბათიდან შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ "50 წიგნის" 28-ე ტომში და თავად შეაფასოთ მწერალი, რომელმაც "ხიდი გადო ევროპულ და იაპონურ კულტურებს შორის".